top of page

თეატრალური ფესტივალის შუქ-ჩრდილები

news_31761.jpg

ირინა ღოღობერიძე

ფესტივალის შუქ–ჩრდილები

 

თბილისის მეოთხე სართაშორისო ფესტივალის მეოთხე გამოცემას ერთი საერთო და ყველას მიერ აღიარებული მახასიათებელი გააჩნდა – მრავალფეროვნება. ეკლექტურობა, იტყვიან სკეპტიკოსები, მაგრამ მე სწორედ ჟანრული თუ ფორმისეული მრავალფეროვნება ვიგულისხმე.

 

თვითონ ფესტივალიც ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბდა, დაიხვეწა და წარმატებული ევროპული ფესტივალების მეტ–ნაკლებად კლასიკური სახე მიიღო. მაყურებელი, თუ პროფესიონალი უკვე შეეჩვია, რომ ფესტივალი შემოგვთავზებს საერთაშორისო პროგრამის რამდენიმე „დიდ“ სპექტაკლს, საფესტივალო ჟარგონზე თანამდევ სპექტაკლებად მონათლულ მცირე ფორმის და სხვადასხვა ჟანრის პერფორმანსებს, პროგრამას „New”, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმს, ქართული თეატრის შოუ ქეისს, რომელიც წელს გაცილებით უფრო ძლიერი და საინტერესო სპექტაკლებით, პრემიერებით და დისკუსიებით არის გაჯერებული.

 

ამ მწირ და ნაჩქარევად დაწერილ წერილში, სადაც გადაწყვეტილი მქონდა მხოლოდ „ჩემს ფრანგებზე“ ანუ ფილიპ ჟანტის სპექტაკლზე მესაუბრა, მომინდა გაკვრით მაინც შევხებოდი  კოლეგებისა და მათ შორის, ჩემს მიერაც დაწუნებულ ორი მცირე ფორმის სპექტაკლს – „სახლი M” (რეჟ. ლუმინატა ტისუ, ხელოვნების ცენტრი, მოლდოვა) და „მოხუცი ცოლების ზღაპარი“ (რეჟ. თამარ რაბანი, ჯგუფი მაკლატ 209, ისრაელი). დარწმუნებული ვარ ჩემი არჩევანი ყველას გაუკვირდება, მაგრამ ორივეზე ყურადღების გამახვილება ქართულ თეატრში  პერფორმანსის ჟანრისა და ვერბატიმის (ნარატიული) თეატრის პრაქტიკულად არარსებობის გამო გადავწყვიტე.

 

„სახლი M” დოკუმენტურ მასალაზე შექმნილი ვერბატიმია ანუ, როგორც ევროპაში უწოდებენ დოკთეატრია. წარმოდგენის სოციალური თემატიკა სასტიკი და სწორხაზოვანია – იჯახური ძალადობა, რომელსაც ოთხი ქალი გაუცხოებული გულგრილობით თითქოს კი არ ყვება, არამედ აღწერს. სცენაზე ყველაფერი ერთ წერტილში, ერთ ესთეტიკაში არის მოქცეული და გადაწყვეტილი: რამდენიმე ცარიელი ქილა, უხეში დაფა, რომელსაც პერსონაჟები სკამად იყენებენ, ველოსიპედი, რომელიც თხრობის დროს მათი ცხოვრების ბედის ბორბალად იკითხება. მინიმალისტური, პრაქტიკულად სტატიკური მიზანსცენა, მინიმალისტური, ალბათ, მძიმე ცხოვრებაში დამწვარ–ჩაფერფლილი ემოცია, პლასტიკა, ინტონაცია და ამასთანავე  ამბავი, რომელსაც თავისი ეგზიბიციონისტური სისასტიკით, წესით, მაყურებლის გრძნობებზე  უნდა ემუშავა... დოკთეატრის ჟანრი ნამდვილად დაცული იყო, მაგრამ ხარისხის დაცვა „გენდერული თანასწორობის“ ჯილდომიღებულ შემოქმედებით ჯგუფს ნამდვილად ვერ გამოუვიდა.

 

სახელოვნებო ფონდს „თავშესაფარი 2009“, სადაც „მოხუცი ცოლების ამბავი“ დაიდგა, არტპერფორმანსის პლატფორმა აქვს დაარსებული. ამდენად სპექტაკლის ჟანრი თავიდანვე გარკვეული გვქონდა.  ნაირ–ნაირი პერფორმანსი საზღვარგარეთ საკმაოდ მრავლად მაქვს ნანახი, ამდენად, ვფიქრობ, ერთობ საჭირო ხერხს მივაგენი. როცა არაფერი მესმის ან სპექტაკლი მღლის, საკუთარ ამბავს ვთხზავ ხოლმე და უნდა ითქვას, რომ პოსტმოდერნულ, რთული მეტაფორებით გაჯერებულ თეატრზე გაზრდილს, ეს კარგად გამომდის. აქაც ამ ხერხს მივმართე, მით უფრო,რომ ყველამ დანამდვილებით ვიცოდით,რომ სპექტაკლი ხალხური ზღაპრების მიხედვით (მათ შორის ორი ამოვიცანი) იყო შექმნილი. სცენოგრაფია გრიბოედოვის თეატრის პავილიონს  ნამდვილად არ ამძიმებდა. პირობით ავანსცენაზე ორი პატარა მაგიდა იდგა, მთხრობელი ქალი ხან ერთს ხან მეორეს მონაცვლეობით მიუჯდებოდა და ძველ თქმულებებსა და ზღაპრებს, ხშირად მუსიკის თანხლებითაც, გვიკითხავდა. მოულოდნელად განათებული მინის (იქნებ ეკრანის ან უხილავი კედლი?!) მიღმა ყოფითი თეატრის ოდნავ სტილიზებული ესთეტიკით ერთი ჩვეულებრივი საცხობის ცხოვრება გამონათდა. მინისმიღმა ცხოვრება ძველი ზღაპრების ილუსტრაციულ გაგრძელებად ან პარალელურ სამყაროდ წარმოვიდგინე და ყველაფერი თავის ადგილზე ჩადგა, მით უფრო, რომ ჩვენი მთხრობელი და მინისმიღმა მყოფი გოგონა გვიმასპინძლდებოდნენ ზღაპრების ატრიბუტიკით– ტკბილეულით, რძით,რომელიც, როგორც მთხრობელმა აგვიხსნა, თურმე, ოკეანეც ანუ, როგორც გავშიფრე, შესაძლოა უსასრულობაც ყოფილიყო. მინისმიღმა სამყაროში ოჯახი თავის ცხოვრებით ცხოვრობდა. იქ ქსოვდნენ, ჩხუბობდნენ, აცხობდნენ ტკბილეულს, თხოვდებოდნენ, შოკოლადის გამყიდველი გოგონა და მისი მენტალურად დაავადებული, ალბათ, დაიკო  და ბიძა ჩვენთვის უცნობი ამბის ძაფს რთავდნენ, ყალბი ხმით საგანგებოდ შესწავლილ სიმღერებს მღეროდნენ და ჩვენ, მესამე განზომილებად ქცეული და მთხრობელის მონოტონურ რიტმს აყოლილ მაყურებელი  ვფიქრობდით ჩვენსას და მივყვებოდით ფიქრთა დინებას... რა თქმა უნდა კიდევ ერთ, სპეციალური, მაგრამ ამჯერად უფრო კეთილშობილი მიზნით დადგმულ სპექტაკლზე აღმოვჩნდით. არც გამკვირვებია, გამახსენდა უნარშეზღუდულთათვის მოწყობილი ოლიმპიური თამაშები, მენტალურად დაავადებულთა თერაპიისთვის დადგმული სპექტაკლები, ფესტივალები... მაგალითად გრენობლში, მიუნხენში, სადაც  პროგრამაში შეტანილი მსგავსი პერფორმანსები ვნახე და მერწმუნეთ, ეს უპრეტენზიო „მოხუცი ცოლების ზღაპარი“ გაცილებით უფრო საჭირო, ჰუმანურ და თეატრის უკიდეგანო შესაძლებლობების დამამტკიცებელ „პროექტად“ მომეჩვენა, ვიდრე ნებისმიერი ჩვენი თეატრალური თუ თეატრალიზებული მეგაპროექტი.

 

თუმცა პროფესიას ვერ ვუღალატე და  ამ პერფორმანსების შეფასება  ჩემთვის ერთი პატარა ისტორიით დავასრულე.  გასულ ზაფხულს ვარშავაში პიერ–პაოლო პაზოლინის ცნობილი პიესის „T.E.O.R.E.M.A.T.” (რეჟ. გჟეგორც ჟარზინა) მიხედვით დადგმული სპექტაკლი ვნახე. მთავარ როლს  ვარშავის ეროვნული თეატრის მმართველი (!!!) ასრულებდა. მეორე დღეს, შეხვედრაზე ამ ფანტასტიურ მსახიობს და საზოგადო მოღვაწეს  ჩემი აკვიატებული და  სხვებისთვისაც არაერთხელ დასმული შეკითხვით მივმართე: „რა უნდა ახასიათებდეს მინიმალისტური ესთეტიკით დადგმულ პერფორმანს“. მისი მყისიერი პასუხი დღესაც სიტყვა–სიტყვით მახსოვს – „მიზანსცენის ნატიფი სისადავე, მსახიობთა გამორჩეული ბუნება და დიდი გემოვნება“. ხსებნებულ სპექტაკლებში, განსაკუთრებით კი მოლდავურში, ეს სამი კომპონენტი აშკარად ძალიან მცირე დოზით იყო წარმოდგენილი. სამაგიეროდ ეს ყველაფერი ნათლად იკითხებოდა ფესტივალის ერთ–ერთ ყველაზე საინტერესო და ძლიერ სპექტაკლში „ღმერთების დაცემა“ (ლუკინო ვისკონტის ფილმის მიხედვით, რეჟ.მაია კლეჩვსკა, ოპოლეს თეატრი, პოლონეთი). ადამიანის ძალადობის პირისპირ დგომისა და საკუთარი სარგებლის ძიებით გახელებული ამა ქვეყნის ძლიერთა სისასტიკისკენ დაუოკებელი სწრაფვის მუდამარსებულმა და უნივერსალურმა თემამ განცდითა და უმძიმესი ემოციებით გაჯერებულ საქტემბრის მოვლენების დროს განსაკუთრეული დატვირთვითა და სიძლიერით გაიჟღერა.

 

ფესტივალის დიდ თუ მცირე ფორმის სპექტაკლებზე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა, მაგრამ ფრანგებს ვერ ვუღალატებ და ფილიპ ჟანტის კომპანიის სპექტაკლს „უძრავი მოგზაურები“ ორიოდ სიტყვით მაინც შევეხები.

 

კომპანია 1968 წელს დაარსდა. ამ დროისთის პროფესიით მოქანდაკე ფილიპ ჟანტის თოჟინების თეატრზე რამდენიმე დოკუმენტური ფილმი ჰქონდა გადაღებული და თავს სცენის განათებაში დაოსტატებას ეშურვებოდა. მიაღწია კიდეც, მის მასტერკლასებს განათებაში დიდი წარმატება ჰქონდა, ცნობილი რეჟისორები, როგორიცაა  ბრუკი, ვილსონი, პლაშონი და სხვები ჟანტის თავიანთ სპექტაკლების გასანათებლად იწვწვდნენ. ჟანტი სპექტაკლებსაც დგამდა და არიან მნუშკინის მიერ გამოგონილ თეატრალურ ენას ანუ მსახიობის, თოჯინების, საგნების, ცეკვისა და სხვა თეატრალური ელემენტების შერწყმით შექმნილ სცენურ მეტყველებას სწავლობდა და თავის ხელწერას ეძებდა. 1980–1990 წლებში დაიდგა სპექტაკლები „მრგვალი, როგორც კუბი“, „ზიგმუნდ ფოლი“, „არ დამივიწყო“  და სხვა. ჟანტის კომპანია სახელს იხვეჭს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოგზაურობს. ასე შემოდის მის შემოქმედებაში მუდივი მოძრაობის, ადამიანის პერმანენტული მოგზაურობის თემა.

სპექტაკლი, რომელიც ჩვენს ფესტივალზე ვნახეთ . 1995 წელს შექმნილი მონოსპექტაკლის „უძრავი მოგზაურის“ უკვე მრავლობით რიცხვში ხელახლა 1910 წელს დადგმული ვარიანტია.

 

ჟანტის თეატრი ვიზუალური, არავერბალური თეატრია. მას არც თანმიმდევრული თხრობა ახასიათებს და არც პერსონაჟთა ფსიქოლოგია. სიუჟეტი მას პრაქტიკულად არ სჭირდება, რადგან სცენები ასოციაციური პრინციპით იქმნება, ასევე ქვეცნობიერსა და იმპულსზე დაყრდნობით კეთდება აქცენტები. ჟანტი ვირტუოზულად თამაშობს განათებით, შუქ–ჩრდილებით, მსახიობითა და მისი პლასტიკით, საგნებითა და თოჯინებით. ამგვარად მისი ვიზუალური პერფორმანსები ხშირად შეუთავსებლის შეთავსებითა და ურთიერთდამოკიდებულებით არის შექმნილი. რვა უძრავი მოგზაურის ანუ რვა მსახიობის თანასწორუფლებიან პარტნიორებად გვევლინებიან თოჯინები, მარიონეტები, სხვადასხვა საგნები, შესაფუთი შრაშუნა ქაღალდი, გამჭვირვალე  უკიდეგანო ცელოფანები, გაურკვეველი წარმომავლობის მასალით შექმნილი გაურკვეველი,მაგრამ მეტყველი და ქმედითი აქსესუარებისთვის და ა.შ. ამ ყველაფერს რეჟისორი ყოვლად წარმოუდგენელი განათებით და პლასტიკით აცოცხლებს და ამოძრავებს. ჟანტის სპექტაკლის სიტყვებად ქცევა ისევე შეუძლებელია, როგორც ეფემერულის ხელში დაჭერა. მისი სპექტალების მოყოლა ან გარჩევა მხოლოდ ერთი ფრაზით ან სცენის პრიმიტიული აღწერით არის შესაძლებელი.

 

ვცადოთ შეუძლებელი და ამბავი მხოლოდ მოძრაობით წარმოვიდგინოთ. ერთი პერსონაჟი, რომელიც მუყაოს თუ რაღაც სხვა მასალით გაკეთებული მომცრო გემით ეულ მოგზაურობაში მიემგზავრება, მოულოდნელად შვიდ, ვერავინ ხვდება საიდან აღმოცენებულ  თანამგზავრთან ერთად იწყებს ზღვაში ხეტიალს. გემი წამის მეასედში შესაძლოა კოლოფებად, კოლოფები კი ნიშებად  გადაიქცეს. ნიშები და  მოგზაურთა თავები ბავშვის სხეულზე იქნება მიმაგრებული, ბოლოს ნიშებიც გაქრება და სცენა  უზარმაზარ უდაბნოდ გადაიქცევა, რომელსაც მოსაწყენი პეიზაჟით უკმაყოფილო მგზავრები ჯაჭვით ერთმანეთზე გადაბმული ჩვილებითა და პატარა ბავშვებით დაასახლებენ და  თანამედროვე სამოთხედ  გადააქცევენ.  სამყარო, სადაც ფილიპ ჟანტის მოგზაურთა ოდისეა არის განფენილი ისევე მყიფე და მსხვრევადია, როგორც რეალური სამყარო, როგორც კაცობრიობის ბედი. გეჩვენება კიდეც, რომ მის ხელშეუვლებ პერსონაჟებს  და ჰაერითა თუ  შუქ–ჩრდილებით ამოძრავებულ ირეალურ, ეფემერულ საგნებს  ჰაერში მოგზაურთა წარწერა: მსხვრევადია, FRAGILE  შუქითვე უნდა გაუკეთდეს, რადგან ეს არის დროისა და სივრცის მიღმა მოგზაურობა, რომელიც ოცნებით, სევდით, ბრძოლით,  კონფლიქტებით, სიცილითა და იმედებით არის გადავსებული. ეს მოგზაურობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს გაიტაცებს, ის საკმაოდ გრძელი და დამღლელია (ამჯერად სპექტაკლსაც ვგულისხმობ), მაგრამ მაინც საინტერესოა, რადგან მაყურებლის სიამოვნებისათვის იქმნება.

                                                             

 

                                                                                                    2012 წლის ოქტომბერი

bottom of page