ფიფქია და ერთი ჯუჯა - მარინა რევია
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ნუცა კობაიძე
ფიფქია და ერთი ჯუჯა - მარინა რევია
„მხატვართან ერთად რეჟისორი უნდა ისწრაფვოდეს, რომ ფარდის გახსნისთანავე მაყურებელმა დაინახოს დეკორაცია, სადაც მხოლოდ იმ პიესის თამაში შეიძლება, რომლის სანახავადაც ის მოვიდა“
გორდონ კრეგი
ვეცდები არ დავწერო ის, რაც უკვე დაიწერა და მარტო ჩემთვის მნიშვნელოვან პასაჟებს გავუსვა ხაზი. რეჟისორი არ უნდა ქმნიდეს გარემოს მხატვრის ნაცვლად. სამწუხაროდ, დღეს ხშირად ვხვდებით ისეთ დადგმებს, სადაც შემოქმედებით ჯგუფში მხოლოდ ერთი სახელი და გვარი წერია. რეჟისორმა გადაწყვიტა შეითავსოს მუსიკოსის, სცენოგრაფის, ქორეოგრაფის როლი. არ აქვს მნიშვნელობა ეს ამბიციის გამო ხდება თუ უსახსრობის, სპექტაკლი უკვე ჩანაფიქრშივე განწირულია. მხატვარი ქმნის პირველ განცდას სპექტაკლის დაწყებამდე. რამდენჯერ დავრჩენილვართ დეკორაციით და კოსტიუმებით გაწბილებულნი. საკუთარი დაკვირვებით ამ დროს არც წარმოდგენას აქვს ფასი. „ავტორისა და რეჟისორის მიერ მსახიობთა წინაშე დასმული ამოცანები მხატვარმაც უნდა გადაწყვიტოს თავისებურად. სცენური სივრცის დადგენა მოქმედების განვითარებას უნდა უწყობდეს ხელს... სცენურ სამყაროსა და მსახიობთა განცდებს შორის შინაგანი სიახლოვე უნდა იყოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება აღმოცენდეს სინთეზი, განუყოფლობა“ - ნათელა არველაძე
რომ გაიგოთ რას ნიშნავს კარგი სცენოგრაფი სპექტაკლისთვის, უნდა ნახოთ მარნეულის კულტურის ცენტრში გოჩა ხვიჩიას მიერ შექმნილი სპექტაკლი „მარინა რევია“ (დრამატურგი ალექსი ჩიღვინაძე), რომელიც ტატო გელიაშვილის მხატვრობის გარეშე ნამდვილად ვერ მოახდენდა ამხელა შთაბეჭდილებას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო მოძრაობის თეატრს, რომ მოგვცა საშუალება დედაქალაქში გვენახა ეს წარმოდგენა.
იყო და არა იყო რა...
ჯუჯებმა ფიფქია არ დაასაფლავეს. ის სასახლეში ჩააწვინეს და დატოვეს დაუმარხავი...
მარინა რევიას ბინის ჭერს ჩასასვენებლის სახურავის ფორმა აქვს, რომელიც კარში გადის, თითქოს ამ ოჯახიდან მიცვალებული (ჩვილი ბავშვი) ჯერ არ გაუსვენებიათ. აქვე შენიშვნა - ამას ჩვენ მხოლოდ ერთი კონკრეტული კუთხიდან ვხედავთ. ვფიქრობ ყველა ადგილიდან უნდა შეეძლოს მაყურებელს ასეთი მნიშვნელოვანი დეტალის დანახვა. ციხის სპექტაკლი „ფიფქია და ერთი ჯუჯა“, სადაც მარინა რევიამ ჯუჯის როლი შეასრულა, პირობითია. ზღაპარი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ არ ეხება მხოლოდ ფიფქიას ან მომხიბლავ პრინცს. ბუნების, ტყის ძალა (სპექტაკლში გაკაფული ჭადრები) და 5+1 ადამიანური გრძნობა გაერთიანებულია ერთ მეშვიდე ჯუჯაში, რომელიც ებრძვის უსამართლობას და ბოროტებას. სიმბოლურია ჯუჯის როლი. ჯუჯის, რომლის კარიკატურასაც ტუალეტის კართან მიუჩინეს ადგილი.
საძინებელში შემავალ კედელზე ვხედავთ სახეჩამოხეულ „მადონა ლიტას“ (ლეონარდო და ვინჩი) რეპროდუქციას. ღვთისმშობელი ძუძუს აწოვებს პირმშოს. პიესაში დედა მისივე შეთხზული ამბის გამო - თითქოს ძუძუთი მოგუდა ჩვილი, 15 წლით წავიდა ციხეში.
რეჟისორმა კომპიუტერი (პიესის მიხედვით) ჩაანაცვლა პატარა მაცივარზე შემოდგმული ტელევიზორით და დამსწრე საზოგადოებას თურქული სერიალი გვაყურებინა. დიახ, აქაც ისეა, როგორც თითქმის ყველა ოჯახში - ნატა (ქეთევან აბაშიძე) მთელი ემოციით არის ჩართული სერიალში, ესაუბრება, რეპლიკებს ისვრის, თან ადუღებს ყავას, რომელიც გადმოდის. ნატას ურთიერთობა სერიალის გმირებთან ცოტა გაწელილი და შემაწუხებელიც არის. შეიძლება რეჟისორს სურდა ამ ავადმყოფული დამოკიდებულების გამძაფრება, თუმცა ვფიქრობ, ნახევარ დროშიც მოახერხებდა თავის მოსაზრების დაფიქსირებას.
აქვე აღვნიშნავ სხვა ეპიზოდსაც, როცა მამა (შოთა - ზურა ხაფთანი) შვილს უმზადებს საჭმელს, ის მარტოა სცენაზე, ისმის მხოლოდ კედლის ძველი საათის წიკწიკი. თითქოს მსახიობი დროის გასვლას ელოდება. თუ ეს სცენაც შემოკლდება გაცილებით დაიხვეწება სპექტაკლი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყავა ნამდვილად დუღდება სცენაზე და ერბოკვერცხიც ნამდვილად იწვება. ეს სუნი და შიშხინის ხმა სინამდვილის განწყობას გვიქმნის.
ქეთევან აბაშიძის პერსონაჟი ტრაგი-კომიკურია, მსახიობი კარგად ანაცვლებს ხასიათებს და ადეკვატურ შეფასებებს აძლევს მოვლენებს. მისი გმირი ერთადერთია სპექტაკლში, ვინც ღიმილს ჰგვრის მაყურებელს და მძიმე სიუჟეტიდან დროებით მხიარულ განწყობაზე გადაჰყავს. ზურა ხაფთანის პერსონაჟი უსაქმური, უინტერესო, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანია, რომელიც „სტაიანშიკობის“ იქით ვერაფერში ვერ ხედავს საკუთარ თავს. ძირითადი მისი ჩაცმულობა საცვალი და სახლის ქოშებია. მსახიობი კარგად გადმოსცემს ზოგიერთი ქართველი მამაკაცის ამ ჩვეულ ამპლუას. ორივე მსახიობს ვურჩევდი, ცოტა დახვეწოს მეტყველება და ხმის ტონალობა, დაძაბვის გარეშე რომ გასაგები გახდეს ტექსტი.
ფანჯრიდან გვევლინება მარინა რევია (მარინა ჯოხაძე) და აშინებს ნატას, როგორც მოხუც ვაჭრად გარდასახული დედინაცვალი - ფიფქიას (ეს უბრალოდ პარალელია, ნუ იფიქრებთ ამაზე ბევრს). შეშინებული, დაღლილი, თან ოჯახთან შეხვედრის მოლოდინში აღელვებული, ფართოდ გახელილი, სუფთა, ბავშვური თვალებით შემოდის მარინა ბინაში. დღეს ძალიან რთულია მაყურებელი ჩართო ამბავში, შეიყვანო იმ გარემოში, სადაც კონკრეტული პიესა ვითარდება. მსახიობის ნიჭი სწორედ ამ ზემოქმედების უნარშია. მარინა ჯოხაძე თავისი კოსტიუმით და პერსონაჟის ისტორიით შემოდის და ჩვენ ვხედავთ სამსახიობო გარდასახვას. გარდა ინტერიერისა მსახიობიც იმდენად უშუალოა, იმდენად მართალი, რომ გვგონია ჩვენთან, ჩვენს ოჯახებშია მოსული თავისი „ჯვრით“. თქვენ იცით რა უდევს მარინა რევიას პერსონაჟს ჩანთაში? - არა, რადგან ეს თილისმაა - ნაჭრის შეკერილი თოჯინა, რაც ეხმარება მსახიობს ბოლომდე როლის გათავისებაში, იმ ტკივილის გასისხლხორცებაში, რომელიც ჩვილის გარდაცვალებამ და ორი შვილის მიტოვებამ განაცდევინა. მარინა შემოდის უბრალო ყვავილებით ხელში და ამ ყვავილებითვე „ტოვებს“ ოჯახს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბინას ჩასასვენებელი აფარია ჭერად. დედა თითქოს თაიგულით პანაშვიდზე მოვიდა. ჩემთვის, გადაჭარბებულია მარინა რევიას მიერ შესრულებული ქართული ცეკვიდან მამაკაცის პარტია მკაცრი და უხეში მოძრაობით, რითაც ცდილობს ქალიშვილის და რძლის ჩხუბის შეჩერებას.
შემოსასვლელში, საკიდის თავზე ჰკიდია ივან შიშკინის უხარისხო რეპროდუქცია „დილა ფიჭვნარში“. როგორც „მადონა ლიტა“ ეს უკანასკნელიც თითქმის ყველა ოჯახში ეკიდა გაჭირვების წლებში. ასე ცდილობდნენ ინტერიერის გალმაზებას და ხაზგასმას - ჩვენ ხელოვნება გვესმის. არც ეს ნახატია დანიშნულების გარეშე. პირველ რიგში ამ ნამუშევარში ვხედავთ ბუნებას, იმ ხეებს, რომლებიც გაუჩეხეს რევიას ოჯახს, ზაფხულის მცხუნვარე მზისგან რომ იცავდა, ახლა კი ჩახუთული და მძიმე ჰაერი რომ ტრიალებს. შემდეგი და ყველაზე მნიშვნელოვანი პარალელი ნახატსა და სპექტაკლს შორის არის დათვი სამი ბელით. რევია იხსენებს როგორ ჰყავდა ძაღლი, რომლის სამი ლეკვი გადაუყარა დედამ. ამ ისტორიის გახსენებისას თავსხმა წვიმა შემოდის ღია ფანჯრებში. ცხოველები და ბუნება ლაიტმოტივად მიჰყვება პიესას. ეს ფიფქიას გამოჩენითაც ფიქსირდება. რიცხვი სამი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია: „საწყისი-შუალედი-დასასრული, დაბადება-ცხოვრება-სიკვდილი, წარსული-აწმყო-მომავალი. სამი შვილი, სამი პრინცესა და სამი სურვილი ზღაპრებში“ (რიცხვთა სიმბოლიკა).
ნათია ნათაძე (თათია თათარაშვილი), მარინა რევიას უფროსი ქალიშვილი, ჩემთვის პიესის მთავარი პერსონაჟია და ეს სპექტაკლშიც მკვეთრად ჩანს. უმცროსი ძმისგან განსხვავებით მას ახსოვს ყველაფერი - 15 წელი ისიც იტანჯება უდანაშაულო დამნაშავის ხვედრით, რომელიც ბედისწერამ არგუნა. დედამ დამნაშავის როლი მოირგო, ხოლო ნათიამ - დედის. ოჯახს ის უძღვება, შემოაქვს პურის ფული, ის ზრუნავს ძმაზე და რძალსაც დედამთილივით ექცევა. მარინა რევიას გამოჩენა გარდასახავს ნათიას, ქალიშვილი მუდმივად გაურბის, არ უჩერდება ოთახში, თითქოს სულ მოლოდინშია და ეშინია არ გაახსენოს დედამ ჩადენილი დანაშაული. დედა-შვილის კოსტიუმი, სადა და დახვეწილი, ამ ორი ადამიანის ნათელ მხარეს უსვამს ხაზს, რასაც ვერ ვიტყვით ცოლ-ქმრის ჩაცმულობაზე. მათი პროვინციალიზმი და ცხოვრების მიმართ უინტერესო დამოკიდებულება მკვეთრად გამოხატულია მათსავე სამოსში. ყოველი როლი მსახიობის პიროვნებისგან იქმნება, მან უნდა გააცოცხლოს და დაგვანახოს მისი აღქმული პერსონაჟი, რაც თათია თათარაშვილმა არაჩვეულებრივად მოახერხა. შექმნა ისეთი ხასიათის და ტემპერამენტის მქონე ნათია, როგორიც პიესაში იკითხება. შთამბეჭდავია სცენა, როდესაც ქალიშვილი დედას არ უშვებს სახლიდან - კარზე ატუზული სასოწარკვეთილი მსახიობი თან ვედრებით, თან ბრაზით სთხოვს დედას სახლში დარჩენას. კულმინაციამდე მისული თათია თათარაშვილის პერსონაჟი იწყებს ღრიალს და ნელა იკეცება, ამ დროს ის თავისუფლდება ყველაფრისგან და მაყურებელიც ამოისუნთქავს.
დაობებული კედლები, სათავსოიანი დივანი, პატარა ტუმბო გამოტენილი წამლებით, რომლის გაღების შემდეგ ვალერიანის სუნი ტრიალებს დარბაზში, ხელსაბანის თავზე ძველი სარკის ლაქა, რომლის დაფარვაც ახალმა ვერ შეძლო და უამრავი დეტალი, რის ჩამოთვლასაც აღარ გავაგრძელებ (სხვა რეცენზიებშიც შეგიძლიათ გაეცნოთ), ეხმარება მსახიობებს ნატურალიზმის აღქმაში და რთული ამოცანის ბოლომდე მიყვანაში. მსახიობები მოქმედების სიღრმეში შედიან, აქ ჩანს მათი გუნდური მუშაობა, სწორი პარტნიორობა, რაც სრულყოფილს ქმნის წარმოდგენას.
ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი მარინა ჯოხაძე ამბობს, რომ მას უნდოდა მარინა რევია დარჩენილიყო სახლში. ეს მისი ოჯახია. 15 წელი ამას შეწირა თავი და ყველანაირი დამცირებებისთვისაც კი მზად იყო, ოღონდ შვილების გვერდით ყოფილიყო. ფინალური სცენა, როცა ჭერიდან წყალი ჩამოდის და რევია სახეს უშვერს, ჰგავს განწმენდას, თავიდან დაბადებას, ახალი ცხოვრების დაწყებას. მაგრამ ეს ახალი ცხოვრება სახლში იწყება თუ მის გარეთ ეს უკვე მაყურებლის და მკითხველის გადასაწყვეტია.