top of page

„ფოთის თეატრის სერიალი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

398843300_844187981045659_7122803193606755232_n.jpg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„ფოთის თეატრის სერიალი“


ალექს ჩიღვინაძის პიესა „მარინა რევია“ მეორედ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრში დაიდგა, სადაც იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა რამაზ იოსელიანმა მიიწვია ახალგაზრდა რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე. პრემიერა 2019 წლის 17 აპრილს გაიმართა.

 

რამაზ იოსელიანი აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარი მიზანი იყო დადგმულიყო თანამედროვე დრამატურგის შემოქმედება - სადაც აღმოაჩენდა ახალ საინტერესო პერსონაჟებს. ასევე, სამხატვრო ხელმძღვანელის სურვილი იყო, რომ სპექტაკლში მთავარი როლის შესასრულებლად მოეწვიათ ქუთაისის თეატრიდან მსახიობი ენდი ძიძავა. ამით, მსახიობებს შესაძლებლობა მიეცემოდათ ემუშავათ სხვადასხვა სკოლისა და ტექნიკის მქონე მსახიობებთან ერთად, რაც ერთგვარ კოლაბორაციას გულისხმობს.


პიესაში ოთხი პერსონაჟია: მარინა რევია, შოთა - ნათია ნათაძეები და ნატა დვალი, მაგრამ ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლში სცენაზე გაცილებით მეტი მსახიობი დგას, რადგან რეჟისორმა განსხვავებული ინტერპრეტაცია მოუძებნა ჩიღვინაძის პიესას.


სპექტაკლში მოქმედება გადასაღებ მოედანზე ხდება, რაც ასახულია სცენოგრაფიაზე. სპექტაკლის მხატვარი ანანო დოლიძეა, რომელმაც სპექტაკლის გაფორმებისას, ფაქტობრივად ორ მხარეზე იზრუნა, როგორი უნდა ყოფილიყო სახლი სცენაზე და ამავდროულად გადასაღებ მოედანზე. სცენაზე მაქსიმალურად ხაზგასმულია ძველებური ბინის ელფერი, დაძველებული, დაზიანებული ფანჯრები, დამტვრეული ტექნიკა, ავეჯი და დაზიანებულ კედელზე ჩამოკიდებული სურათი. გარდა ამისა, სცენაზე დგას ორი მონიტორი, სადაც ჩანს ყველაფერი, რაც გათამაშებულია. სპექტაკლში აშკარად ჩანს ნატურალიზმის ელემენტები, რაც უპირველესად სცენოგრაფიაში ვლინდება. საცხოვრებელი სახლი ისეა მოწყობილი, რომ ყველა დეტალს აქვს თავისი ფუნქცია, რომ შეიქმნას ძველებური და გაჭირვებული ოჯახის ატმოსფერო. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ნატურალიზმის სცენაზე დანახვა რთულია, სპექტაკლის სხვა კომპონენტები ამის საშუალებას არ იძლევა, მათ შორის, რეჟისორის გადაწყვეტაც. თითოეული მოქმედება გადაღების პროცესში მიმდინარეობს.


სპექტაკლის მსვლელობისას ჩნდება კითხვა თუ რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა პიესის გაცოცხლება ამგვარი ინტერპრეტაციით? სპექტაკლის რამდენიმე ეპიზოდი მეორდება, ჩაშლილი კადრის მიზეზით - მიზანსცენები ორჯერ მეორდება. მიუხედავად იმისა, რომ პიესის სიმძაფრე და სიმძიმე სპექტაკლსაც თან სდევს და მთავარი ფაბულა შენარჩუნებულია, მაინც გაცილებით მსუბუქად და მარტივადაა გადმოცემული სათქმელი. წარმოდგენაში გადაღების სასცენო ჭრები მაყურებელს წყვეტს მთავარი ამბიდან, რაც გარკვეულ გაუგებრობას იწვევს. გადაღების მოედანზე მყოფი მსახიობები სხვადასხვა ემოციურ მდგომარეობას აღწევენ, თუმცა სპექტაკლის ამგვარი ფორმა ხელს უშლის, კონკრეტულ სცენაში, მივიდნენ კულმინაციამდე და გვაფიქრებინებს იმას, რომ მათი ამოცანა შუაში წყდება და პატარ-პატარა შესვენებების შემდეგ გრძელდება, ეს კი, რასაკვირველია, აისახება საერთო შედეგზე.
მარინა რევია სახლში დაბრუნებისთანავე ძალიან შინაურულად იქცევა, რაც მაყურებლისთვის ერთგვარი ინტრიგაა. ყველაფერს ათვალიერებს და ისე ეპყრობა ნივთებს, თითქოს დილით გავიდა სახლიდან და საღამოს დასალაგებელი დახვდა. დასაწყისში ერთ-ერთ სცენაში სავარძელს, რომელსაც ცალი ფეხი მოტეხილი აქვს და შესაბამისად არაპროპორციულად დგას, რევია წიგნს უდებს, რომ გათანაბრდეს, გასწორდეს და გამყარდეს. სწორედ ამ სცენაში იკითხება რეჟისორის მთავარი სათქმელი, რომ წლების შემდეგ დაბრუნებული დედის მისია სახლში არეულობის დალაგებაა.


ჩიკვაიძის გადაწყვეტით თხუთმეტი წლის განშორებულ დედას ვერ შეამჩნევთ, რომ შვილები მოენატრა, პირიქით ის გაღიზიანებული ბრუნდება. გაუგებრობიდან კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაში მოხვდა. შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, რომ ფოთის თეატრის სპექტაკლში პერსონაჟები ერთმანეთის მიმართ გაცილებით ჰუმანურები და ემპათიურები არიან - განსხვავებით სამეფო უბნისა და მარნეულის თეატრებისგან. სპექტაკლის გმირები ერთმანეთთან ისე საუბრობენ თითქოს არაფერი მომხდარა - გაურბიან მთავარ საკითხზე საუბარს.


მარინა რევია ოჯახში ძალიან სწრაფად იბრუნებს საკუთარ როლს და საერთოდ არ გრძნობს თავს უცხოდ, შვილების მიმართ ავლენს სიმკაცრეს. შვილებისთვის დედას მშობლის ფუნქცია დაკარგული აქვს, როგორც შენიშვნების მიცემისა და ჩხუბის უფლებაც.


ნათიას როლს ახალგაზრდა მსახიობი ნინი გოშაძე ასრულებს. მისი შექმნილი პერსონაჟი ბუნდოვანია, რადგან სპექტაკლში არ ჩანს დამოკიდებულება დედის მიმართ. ის მისდამი თან ემპათიურია და თან აგრესიული. ცხადია, რომ მსახიობი თავის პერსონაჟთან წინააღმდეგობაშია და მის გამართლებას ცდილობს. თავად მსახიობიც და პერსონაჟიც მომხდარს, ყველაფერს აბრალებს დედას - მარინა რევიას. მიუხედავად იმისა, რომ ნათიამ იცის თუ რა მოხდა სინამდვილეში, მაინც არ ცდილობს მის გაგებას და ეძებს მიზეზებსა და არგუმენტებს, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა რევიას დაშვებულ შეცდომებს დააბრალოს. მარინა რევიამ ბავშვები დილიდან საღამომდე მარტო დატოვა, სახლში დაბრუნებულს კი უბედური შემთხვევა დახვდა. რევიამ ეს ნაბიჯი გამოუვალი მდგომარეობის გამო გადადგა, რადგან სამსახური მისთვის მნიშვნელოვანი იყო შვილების გასაზრდელად და მათ გამოსაკვებად. ერთის მხრივ, შეიძლება მისი დამოკიდებულება ბუნდოვანია, მაგრამ მეორე მხრივ რეჟისორის გადაწყვეტა საკმაოდ გასაგები და მისაღებია, რადგან ნინი გოშაძის შექმნილ ნათიას ოჯახის რჩენა ძვირად უჯდება - მენტალობისა და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარჯზე. ნათია არ არის მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობის მიზნით დასაქმებული პირი, არამედ ის არის მეძავი, რაც, რა თქმა უნდა, მისთვისაც სტრესულია. მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ფსიქიკურად გაღიზიანებულია, რაც ოჯახის წევრებისადმი აგრესიით ავლენს. მისი ცხოვრების ამგვარად წარმართვას კი აბრალებს, არა საკუთარ თავს, არამედ დედას და თვლის, რომ ამჟამინდელ მდგომარეობაში სწორედ მშობლის წარსულში დაშვებულმა გამოუსწორებელმა შეცდომებმა აღმოაჩინა. სპექტაკლის ბოლო ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენაა, სადაც მაყურებელი ხედავს როგორ იცვლება სახლი სტრიპტიზ კლუბში. ახალგაზრდა ქალების თავაშვებული და ვნებიანი ცეკვა გამოხატავს მათ მდგომარეობას - თვალშისაცემი კონტრასტი. ნათია ცეკვავს გაცილებით გამომწვევად და ვულგარულად, ვიდრე ეს შეიძლება ჩანდეს ნატას პერსონაჟთან. ნათიას პერსონაჟი ქვეცნობიერად და შინაგანად იმდენად დაბინძურებულია, რომ სხეულის მოძრაობაშიც გამოიხატება - ჩანს, რომ პროფესიონალი სტრიპტიზ მოცეკვავეა.


ნიკა ჩიკვაიძის გადაწყვეტაში ცეკვა გაცილებით ორგანული და მორგებულია ატმოსფეროსა და მოცემულობას, ვიდრე ეს პიესაში. ენდი ძიძავას მარინა რევია ძალიან თამამი და უშუალოა ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებაში. მისი შექმნილი პერსონაჟი საკმაოდ თავმოყვარე და პრინციპულია. მიუხედავად იმისა, რომ სახლში ახალი დაბრუნებულია და თითქმის არ იცნობს გაზრდილ შვილებს ის საკმაოდ ამაყად ბრუნდება სახლში. ცდილობს დაკარგული ძალაუფლება აღიდგინოს და გაიმყაროს, დაიბრუნოს საკუთარი თავის რწმენა, შვილებისგან პატივისცემა და ოჯახის უფროსის სტატუსის მოპოვება. წლების წინ ჩადენილ დანაშაულს თან ატარებს სიცოცხლის ბოლომდე, ამიტომ ის ძლიერი ქალია, ძლიერი დედა. მისი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ადანაშაულებს ჩვილის მკვლელობაში, თუმცა მისთვის ბევრად ტრაგიკულია ფაქტი, რომ ეს ყველაფერი სრულიად შემთხვევით და გაუაზრებლად მოხდა - ბავშვური თამაშის მსხვერპლი აღმოჩნდა. პიესის სიუჟეტი ჰგავს კაენისა და აბელის ამბავს. თითქოს ადამიანებს დაბადებიდანვე მოსდევთ პირველქმნილი ცოდვა, როგორიცაა შური, ამპარტავნება, სიძვა და ასე შემდეგ. ნათიას და შოთას, საკმაოდ პატარა ასაკში, გაუაზრებლად შემოაკვდათ თვეების ბავშვი საკუთარი სისხლი და ხორცი. რევიასთვის, როგორც დედისთვის ეს ორმაგი ტრაგედიაა. მას ორი სტატუსი აქვს: შვილმკვდარი დედა და მკვლელი შვილების დედა. ის ვერ დააღწევს თავს ამ ცხოვრებისგან გამოტანილ საბედისწერო განაჩენს. მას შვილები ამას ვერ გაუგებენ, მათ არ განუცდიათ და არ უგემიათ ჯერ ისე მწარე ცხოვრების სიმძაფრე როგორიც მას. ისინი ახალგაზრდები არიან, თუმცა არც ისე მარტივად გაუვლიათ ბავშვობის წლები. მათ გაიარეს ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი ობლად, უდედოდ. მათ აღარ სჭირდებათ დედა, მათთვის ახლა მშობელი ტვირთია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე უნდა ზიდონ. ისინი ვერ იღებენ დედას, როგორც მშობელს და ვერ უბრუნებენ იმ სითბოს და „გადასახადს“, რაც მათ არ ჰქონიათ.


თავდადებულმა დედამ შვილებს აარიდა მკვლელის სახელი, თუმცა ბავშვებს მიაკრა უარესი იარლიყი მკვლელი დედის შვილები. მათ შორის კონფლიქტი საკმაოდ მძაფრი და დაძაბულია. დრომ დიდი უფსკრული წარმოშვა მშობელსა და შვილებს შორის, დრომ დააშორა ერთმანეთს ყველაზე ახლო ადამიანები და დრომ, რომელმაც მოჰპარა დედას შვილები - ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ადამიანის ცხოვრებაში. დრომ მოიპარა ნათიას და შოთას ბავშვობა. აღნიშნულ სპექტაკლში ნათიას პერსონაჟი (მსახიობი - თამარ ჭუბაბრია) სულელის როლშია, მთელი წარმოდგენის განმავლობაში. ეს ყოველივე, ცხადი ხდება ნატას რევიასთან საუბარში, როდესაც თავისი წარსულის შესახებ უყვება, მაგრამ ნათაძეების ოჯახში დატრიალებული სიტუაცია მისთვის უცხო აღმოჩნდება. დედა-შვილს შორის გაჩაღებული ბრძოლა კი მასში დედურ ინსტინქტს აღვიძებს და გამოუვალი მდგომარეობა გაქცევისკენ უბიძგებს - შვილის საკეთილდღეოდ. მისთვის შვილის ამ გარემოში აღზრდა სახიფათო ხდება. ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლში შოთასა და ნატას ბავშვი თითქმის არ ჩანს, მინიმუმამდეა დაყვანილი მისი ტირილის ხმა პირობითია. ამით რეჟისორი თითქოს ხაზს უსვამს თუ რამდენად სულერთია ბავშვი შოთასთვის და ნატასთვის. მათი ცხოვრება ფაქტობრივად არ ვითარდება. შოთას პერსონაჟი კი გამოხატავს რამდენიმე ეპიზოდში შვილის მიმართ მზრუნველობასა და ინტერესს, მაგრამ ეს ყოველივე უფრო მეტად ზედაპირულია. ირაკლი კვერღელიძე ქმნის მამის სახეს, რომელიც დის ხარჯზე ცხოვრობს, გაჭირვებით ნაყიდ საკვებსა და ბავშვის საფენს ისე იღებს, თითქოს ეს მისი დის ვალდებულებაა და არა თავისი. შოთას თითოეულ სიტყვასა და ქმედებაში ჩანს ბავშვობის კომპლექსები და ტრავმები, რომელიც მშობლებისგან მოკლებულ სითბოსა და მზრუნველობას უკავშირდება.


მსახიობი ირაკლი კვერღელიძე მთელი სპექტაკლის განმავლობაში გაურბის ოჯახის წევრებთან საუბარს, თუმცა ბოლო, კულმინაციურ სცენაში, სადაც შოთა სახლში ნაცემი და გაღიზიანებული ბრუნდება, თავის ბრაზსა და აგრესიას ამოიღებს და მთელ ჯავრს დედაზე ანთხევს. სწორედ ამ სცენაში იგებს ნატა მარინა რევიას ციხეში ყოფნის მიზეზს, რომლის გაგებასაც მთელი მოქმედების განმავლობაში ცდილობს. რასაკვირველია, მისთვის ეს ძალიან მოულოდნელია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გამაოგნებელია სიმართლე - თავად არიან მკვლელები საკუთარი დის. ამ ყველაფრისგან კი თავის დაღწევას ცდილობს ნატა და ხმის ამოუღებლად გარბის, შეიძლება სულაც ვერ გაიგო და ვერ მიხვდა, რომ უბედური შემთხვევა იყო და არა განზრახ მკვლელობა, მაგრამ შედეგი ერთი და გამოუსწორებელია. ნიკა ჩიკვაიძის სპექტაკლში ფინალური სცენა მართლაც სერიალის კადრს ჰგავს, ვიზუალურადაც და მსახიობის შესრულებითაც.


საერთო ჯამში, ჩემ მიერ განხილული სპექტაკლი ეხმიანება იმ პრობლემებსა და საკითხებს, რომლებიც მკაფიოდაა დასმული პიესაში, თუმცა ამავდროულად თვალსაჩინოა, რომ რეჟისორს აქვს კონკრეტული საკითხები წინა პლანზე წამოწეული. რეჟისორის ორიგინალური გადაწყვეტა „თეატრი-თეატრში“ მაყურებელს საშუალებას აძლევს დაინახოს მსახიობებს შორის კონტრასტები, ან პროცესი თუ როგორ გარდაისახება მსახიობი პერსონაჟად. გარდა ამისა, რეჟისორის არჩეული თანამედროვე ხერხი, რომელიც ემსახურება სცენისა და ეკრანის ერთმანეთთან შეთამაშებას ერთის მხრივ, მსახიობსა და მაყურებელს პროცესიდან აგდებს, მაგრამ მეორე მხრივ ის ეხმარება დამსწრე საზოგადოებას, რომ მსახიობის თითოეული მიმიკა, ჟესტიკულაცია და ემოცია ნახოს ახლო კადრით.
 

bottom of page