„ფრეკენ ჟული“ ათონელის თეატრში
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მაია კიკნაძე
„ფრეკენ ჟული“ ათონელის თეატრში
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც სტრინდბერგმა აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო, „ახალი დრამის“ შემქმნელის იბსენის შემოქმედება საქვეყნოდ იყო აღიარებული. ცნობილია, რომ იბსენს თავის სამუშაო ოთახში ზეთით შესრულებული სტრინდბერგის სურათი ეკიდა, რომლის გარეშეც, არ შეეძლო მუშაობა.
ავგუსტ სტრინდბერგის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ საზოგადოებაზე, მათ შორის, მწერლებსა და ხელოვანებზე. მისი მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: წერდა რომანებს, პიესებს, ხატავდა, გატაცებული იყო თეატრით, თავისუფალი სიტყვისათვის იბრძოდა, რის გამოც კანონთანაც ჰქონდა პრობლემები. მისი ცხოვრება და შემოქმედება გამუდმებულ სკანდალებთან იყო დაკავშირებული. რას არ ეძახდნენ: პარანოიკი, ალქიმიკოსი, ათეისტი, შეშლილი. თავისი შეხედულებებისა და ფემინისტურ მოძრაობასთან დაპირისპირების გამო, ქალთმოძულეს სახელიც კი შეარქვეს. ამ სახელის დამკვიდრებას მისმა დრამატურგიამაც შეუწყო ხელი, განსაკუთრებით კი ნატურალისტურმა პიესებმა: „მამამ“ და „ფრეკენ ჟულიმ,“ რომლებმაც ევროპული თეატრების სცენები მოიარა. ეს პიესები (არა მარტო) სხვადასხვა დროს ქართულ სცენაზეც იდგმებოდა (თემურ ჩხეიძის, დათა თავაძის რეჟისორობით).
გასული წლის დეკემბერში, სტრინდბერგის გვარი კვლავ გამოჩნდა ქართული თეატრის აფიშაზე. ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორმა, სოფიო ქელბაქიანმა თეატრი ათონელზე, პიესა „ფრეკენ ჟული“ წარმოგვიდგინა. პიესა თარგმნა დავით გაბუნიამ (პირველი თარგმანი ეკუთვნის აკაკი ბრეგაძეს).
თავიდანვე აღვნიშნავ, რომ რეჟისორმა სოფიო ქელბაქიანმა, დამდგმელ ჯგუფთან ერთად, პიესის საინტერესო ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყურებელს, რასაც ხელი შეუწყო რეჟისორის მიერ სწორად გათვლილმა სათეატრო ფორმამ, მიზანსცენებმა, კარგად გამართულმა დიალოგებმა, საინტერესო დეკორაციამ, ზუსტად შერჩეულმა მუსიკალურმა მხარემ (სანდრო ჩინჩალაძე/TeteNoise) და მსახიობთა მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ.
„ფრეკენ ჟული“ სტრინდბერგმა 1888 წელს დაწერა. პიესამ იმ დროინდელ საზოგადოებაზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა. გრაფის ქალიშვილისა და მსახურს შორის სქესობრივმა ურთიერთობამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
სპექტაკლში (პიესაში) მოქმედება გრაფის ოჯახში ვითარდება. აქ სულ სამი პერსონაჟია წარმოდგენილი. მსახიობები: ანასტასია ჭანტურაია (ფრეკენ ჟული), თაკი მუმლაძე (მოსამსახურე კრისტინი), ირაკლი გოგოლაძე (ჟანი), ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებულ პორტრეტებს ქმნიან. პერსონაჟის ხასიათები, განზრახვები, სურვილები, ვნებები სრულად წარმოაჩენენ დღევანდელი საზოგადოების სახეს. სპექტაკლში სიძულვილი და სიყვარული ერთმანეთშია არეული, წარსული და აწმყოც ერთმანეთშია გადახლართული, ვინაიდან აწმყო წარსულის გამოძახილიც არის...
რეჟისორმა სოფიო ქელბაქიანმა სპექტაკლისთვის შესაფერი პირობები შექმნა, მასვე ეკუთვნის სცენოგრაფიაც. თეატრში არსებული გარემო, სივრცე და სცენის განათება, რომლის შესახებაც სტრინდბერგი პიესის შესავალში წერდა, სპექტაკლის ფორმას მოუხდა.
სპექტაკლის მოქმედება სამზარეულოში ვითარდება, სადაც გრძელი მაგიდა, რამდენიმე სკამი, ღვინის ბოთლები და ჭურჭელია მოთავსებული. ოთახში, განათების მიუხედავად, შავი ფერი დომინირებს. პერსონაჟთა ჩაცმულობაშიც კი ძირითადად შავი ტონები სჭარბობს (კრისტინის პიესის მიხედვით ღია ფერის ჩითის კაბა აცვია). სცენის მიღმა თუ იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულს ზეიმობენ, მაყურებლის თვალწინ (თუ მაყურებელთან ერთად), ტრაგედია უნდა გათამაშდეს.
სცენის მარცხნიც შუშის მინისაგან გამოყოფილი გამჭვირვალე „ოთახია“. იქ წარმოდგენილი ეპიზოდები, რომლებიც სპექტაკლის ესთეტიკას ერგება, ძირითად მოქმედებას ერთვის თან. იქნება ეს კრისტინის ძილი თუ ფრეკენ ჟულის ცეკვა. მხოლოდ კრისტინის (დრამატურგი) მიერ ტექსტის (იგულისხმება წინასიტყვაობა) წაკითხვა, როგორც ეს არის წარმოდგენილია, ძალზედ ზედაპირულია, შინაარსსა და სიღრმეს მოკლებული, ჩემის აზრით არაფერს მატებს სპექტაკლს. (ზედმეტად მიმაჩნია).
ტექსტი, რომელიც სტრინდბერგმა პიესას დაურთო, თეატრის თეორიაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ეს წინასიტყვაობა, ამავე დროს რეჟისორის დამხმარეც არის და მას კონცეფციის შემუშავებაში გარკვეულ მითითებებს აძლევს.
სტრინდბერგის მიერ წარმოდგენილ პერსონაჟებს, მსახიობები საკუთარ ინდივიდუალურ შტრიხებს მატებენ და სიყალბისა და პათეტიკის გარეშე, თითქმის „უგრიმოდ“ და თანამედროვე ენით, საინტერესოდ შესრულებულ სახეებს გვთავაზობენ. ეს პირველ რიგში ეხება თაკი მუმლაძის შესრულებას კრისტინის როლში. მსახიობი ბუნებრივი მეტყველებითა და ხერხებით, პერსონაჟის სახასიათო სახეს ქმნის. ის წარმოგვიდგენს მსახური ქალის პრიმიტიულ სახეს, მაგრამ ქალის, რომელიც მხოლოდ ოჯახის შექმნასა და ჟანთან დაქორწინებას ფიქრობს. თავის მომავალს, ის ჟანის სამსახურს და ქმრის გარანტირებულ პენსიას უკავშირებს. კრისტინი ამავე დროს მორწმუნეც არის, ფარისევლობს კიდეც, ვინაიდან საჭმელს იპარავს. თუმცა სჯერა (ან უნდა სჯეროდეს), რომ ქრისტე მის ცოდვებს გადაიბარებს და სიღარიბე მას სასჯელისაგან იხსნის. ვინაიდან, მღვდელი პიესაში არ არის და სტრინდბერგი მორალს არ ქადაგებს, ეს ფუნქცია მან მსახურ ქალს გადააბარა. თაკი მუმლაძის მონოლოგი, რომელიც რელიგიურ თემებს ეხება, მსახიობის შესრულებაში ყველაზე საინტერესო ეპიზოდია, სწორედ მსახიობის ბუნებრივი მეტყველების წყალობით, მის საუბარს ცინიკური ჟღერადობა აქვს.
სპექტაკლში მოქმედი გმირები გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რასაც პიესაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთის მხრივ ჟანი და კრისტინი, მეორეს მხრივ კი ფრეკენ ჟული, მათ შორის კონტრასტს ქმნის, რაც დაპირისპირების საბაბს იძლევა. ამას თან ერთვის ქალსა და მამაკაცს შორის დაუნდობელი ბრძოლა, რომელიც სპექტაკლის „გამჭოლი ხაზია“. ამ დაპირისპირებასა თუ კონფლიქტში კარგად იკვეთება პერსონაჟთა ღირებულებები და მათი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ.
პიესის მთავარი გმირი ფრეკენ ჟული, 25 წლის ქალია. მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა, საშინელ ტრავმებს განიცდის და ამავე დროს მარტოსულობისა და უიმედობის შეგრძნება აწუხებს. სასოწარკვეთილებამდე მისული, თავის მსახურს თხოვნით მიმართავს: „უბედური ვარ მიშველე! მიშველე თუ ოდესმე მაინც შეგიძლია შველა!“ გრაფის ასული ფრეკენი, ფუფუნებაში გაიზარდა, თუმცა არასწორი აღზრდის გამო, ბავშვობა მისთვის საშინელ მოგონებად დარჩა. ოჯახში ბიჭურად ზრდიდნენ, რათა ყველას სცოდნოდა, რომ ქალი არაფრად ჩამორჩებოდა ვაჟს. მას ასწავლიდნენ მიწაზე მუშაობას, ცხენის მოვლას, ნადირობას, კაცების სიძულვილსაც კი, რაც მას დედისაგან მემკვიდრეობით ერგო.
მამაკაცების ზიზღმა, მეორე მხრივ კი სოციალური თანასწორობის განცდამ, ფრეკენის პიროვნება სულიერად გამოფიტა. მისი სიყვარული ჟანთან, რომელიც განწირულია, ჟულის უფსკრულისკენ მიაქანებს. მსახიობი ანასტასია ჭანტურაია ცდილობს გმირის შინაგანი კონფლიქტებისა და მის გონებაში დალექილი კომპლექსებისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლა, თანმიმდევრულად წარმოაჩინოს. ყველაზე თვალშისაცემი კი ჟანთან მისი უცნაური ურთიერთობაა, რომელიც ერთი შეხედვით ახირებას უფრო ჰგავს, ვიდრე სიყვარულს. ჟული ამცირებს ჟანს, როგორც მსახურს, მაგრამ ამავე დროს საშუალებას აძლევს მას, რომ მანაც დაამციროს, თითქოს ამისაკენ უბიძგებს კიდეც, რითაც საკუთარ თავზეც ძალადობს.
მიუხედავად, მაღალი წარმომავლობისა, ფრეკენი არ ჰგავს არისტოკრატს, მისთვის უცხოა დახვეწილი მანერები, ეტიკეტი და ა.შ. ამდენად მისი პირველი გამოჩენა სცენაზე გაკვირვებასაც კი იწვევს მაყურებელში. მსახიობ ანასტასია ჭანტურაიას გარეგნობა, მისი ჩაცმულობა, სტილი, მკაცრი გამომეტყველება, უხეში მანერები, რომელსაც ფრეკენი სპექტაკლის ბოლომდე ინარჩუნებს, როგორც სტრინდბერგი იტყოდა „ნახევარ ქალის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. სტრინდბერგმა მის სახეში პიესის მთავარი სათქმელი გამოხატა და წინასიტყვაობაში საშინელი სიტყვები უძღვნა. ფრეკენი ტრაგიკული პერსონაჟია. მსახიობი ჭანტურაია ცდილობს, მისი ტრაგედია- წარსულის, აწმყოს და უპერსპექტივო მომავლის, ერთიან ჭრილში წარმოაჩინოს, რასაც მსახიობი წარმატებით ართმევს თავს, თუმცა ზოგჯერ მეტყველებაში იგრძნობა ოდნავი ძალდატანება (ეს ხდება მაშინ, როდესაც ფრეკენი თავს უმწეოდ წარმოაჩენს).
ანასტასია ჭანტურაია, განსაკუთრებით საინტერესო სახეს ქმნის, როდესაც ჟანის, თავის მოგონებებს უზიარებს. მსახიობს სწორად აქვს გააზრებული გმირის შინაგანი სამყარო, გზა რომელიც მას სიკვდილთან აახლოებს. იმავეს ვიტყვი ფინალურ სცენაზეც. მსახურისგან უარყოფილი ფრეკენი, როდესაც ცდილობს ჟანთან და საკუთარ თავთან „რაღაცების“ გარკვევას, ის ამაოდ ითხოვს ჟანისაგან დახმარებას, თუმცა ხვდება რომ ეს შეუძლებელია, ამიტომ „გამოსავალს“ თვითმკვლელობაში ხედავს. ფრეკენი თავის სიკვდილით, მასზეც იძიებს შურს. ამდენად, ჟანის იმედი თუ მისწრაფება, ჟულის დახმარებით მაღალ საზოგადოებაში ამოეყო თავი, შეუძლებელი ხდება.
მსახიობი ირაკლი გოგოლაძე, თავის გმირს მთელი სპექტაკლის მანძილზე მიზანდასახულ კაცად წარმოგვიდგენს. ის შესანიშნავ პარტნიორობას უწევს ქალებს, რომლებიც არ უყვარს. ის ორპირი და ფარისეველია, თუმცა მოქნილი და ნიჭიერი. მისთვის არაფერია წმინდა, მხოლოდ თავისი ოცნებების შესრულებაზე ფიქრობს. ამაზე მეტყველებს მისი სიზმარიც, რომელშიც მსახიობი პერსონაჟის ბავშვობისდროინდელ კომპლექსებს ავლენს, მის დამოკიდებულებას მაღალი საზოგადოების მიმართ. ის განიცდის, რომ პლებეია და არ ჰყავს წინაპარი, ამიტომ თავად უნდა რომ მომავლისთვის წინაპარი გახდეს. საყურადღებოა მისი დამოკიდებულება გრაფთან (გავიხსენოთ გრაფის ჩექმების წმენდა) და იმ საზოგადოებასთან, რომელთა წრეში მოხვედრასაც ჟულის დახმარებით ფიქრობს. აქედან გამომდინარეობს მისი მერკანტილური დამოკიდებულებაც. ის გაცილებით მეტს ითხოვს ქალისგან, ვიდრე თვითონ აძლევს მას. როდესაც ჟული გაქცევას აპირებს, სახლიდან მხოლოდ თევზის აკვარიუმი მიაქვს, როგორც ერთადერთი მოგონება. (პიესის მიხედვით ჩიტია, რომლის მინიშნება სპექტაკლში არის ცარიელი გალიის სახით), თუმცა ამის უფლებას ჟანი არ აძლევს, თევზს თავს ჭრის და კლავს, რაც გარკვეულად ფრეკენის სიკვდილზე მიგვანიშნებს.
სპექტაკლში მოქმედება ერთ ღამეში სრულდება... სტრინდბერგი დამდგმელებს არჩევანს სთავაზობს. თუ პიესაში ფრეკენი არ კვდება (ფინალური რემარკა -„იულია მტკიცედ გადის კარში“), წინასიტყვაობაში სტრინდბერგი მის სიკვდილს ათი გარემოებით ხსნის (მშობლების აღზრდა, ცეკვების აღმგზნები ზეგავლენა, მამაკაცის სითამამე, მისი ხასიათი და ა შ.) „ის მსხვერპლია დედის მიერ ჩადენილი „დანაშაულის’’ გამო, ოჯახში შექმნილი დისჰარმონიისა; მსხვერპლია თავისი დროის ცდომილების, გარემოებებისა და საკუთარი არასრულყოფილი ნატურის, რაც დაახლოებით იგივეა, რასაც ადრე ბედისწერას ან სამყაროსეულ კანონზომიერებას ეძახდნენ..“