გამოცხადებელი სიყვარულისა და გამოუცხადებელი სიკვდილის ქრონიკა
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გამოცხადებელი სიყვარულისა და გამოუცხადებელი სიკვდილის ქრონიკა
ლელა ოჩიაური
სანამ პანდემიის გამო ჩაკეტილი სამყარო და მათ შორის, თეატრები გაიხსნებოდნენ, მათგან ზოგიერთმა მოახერხა და არ გაჩერდა. თბილისშიც, საქართველოს სხვა ქალაქებშიც, სახელმწიფო თუ დამოუკიდებელმა დასებმა იმუშავეს და შედეგად, ერთი, ორი თუ რამდენიმე სპექტაკლით შეავსეს ქართული თეატრისაც და საკუთარი რეპერტუარიც.
ოზურგეთის თეატრისთვის კარის გაღება ამ ვითარებაში, სხვა თეატრებზე მნიშვნელოვანი
იყო, რადგან ის კოვიდამდე ბევრად ადრე ჩაირაზა, ოღონდ, სასიამოვნო დ სასიხარულო
მიზეზით - რემონტის, ფაქტობრივად, თავიდან აშენების გამო და სრულად განახლდა,
გარდაისახა და ახალი ცხოვრებაც დაიწყო. განახლებულ შენობაში ახალი რეპერტუარით.
ოზურგეთის თეატრმა ცხოვრება რამდენიმე სპექტაკლით განაახლა.
ერთ-ერთი იოანე (ვანო) ხუციშვილის „3+3“ იყო, მანანა დოიაშვილის პიესაზე, რომლითაც მცირე სცენაც გაიხსნა და რომლითაც ახალი თაობის დრამატურგების გამორჩეული წარმომადგენლის,, უახლესი ქართული დრამატურგიის გამორჩეული ნაწარმოები თეატრში დაბრუნდა, დაწერიდან ოცზე მეტი წლის შემდეგ.
აღმოჩნდა, რომ ეს, თითქოს აბსურდული, ყოფითი, განზოგადებული, მისტიკურიც შეიძლება ვთქვათ და დეტექტურიც, ისტორია, ფსიქოლოგიური დრამა, უფრო ზუსტად, ტრაგედია, მრავალშრიანი და ღრმა, მოკლე, თუმცა მოცულობითი/ტევადი პიესა ბევრად მეტად პასუხობს დროსა და პრობლემებს, რომლებიც ადამიანებს დღეს აწუხებთ, ვიდრე ბევრი „თანამედროვე“ ტექსტი და ბევრად თანადროულია, ვიდრე უშუალოდ „დღევანდელობაზე“ დაწერილი ნაწარმოებები, რომლებიც ხშირად, საკუთარივე ფორმატსა თუ ჩარჩოებს ვერ სცდებიან. ვერ „ერევიან“ საკუთარ ჩაკეტილობას.
1996 წლის შემდეგ (როდესაც მანანა დოიაშვილის ეს პიესა გამოქვეყნდა) სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა. ადამიანებიც შეიცვალნენ და ცხოვრების, რეალობის, სამყაროს მიმართ დამოკიდებულებებიც შეიცვალა. ბევრი რამ მოხდა და ბევრი რამ სხვაგვარად გამოჩნდა. და „3+სამმა“ ახალი ჟღერადობა და დატვირთვა შეიძინა.
დრომ და გარემოებებმა უფრო მძიმე პრობლემებით გაავსეს სინამდვილე და დაღი დაასვეს ადამიანებს. აქედან გამომდინარე და ამ კონტექსტში, მათაც, რომლებიც პიესაში მოქმედებენ. მათი ცხოვრების, ურთიერთობისა და ნამოქმედარის, მათი „თავგადასავალის“ განვითარებაცა და შედეგიც სხვაგვარად გამოჩნდა.
ცხადია, იოანე ხუციშვილსაც საკუთარი ხედვა, ბიოგრაფია, მოვლენების თავისთავადი აღქმა და დამოკიდებულებები აქვს, რამაც განაპირობა, ჯერ ერთი, პიესის არჩევა და მისი პრობლემატიკით დაინტერესება, დაწყებული - პერსონაჟების სახეების (ვიზუალიდან დაწყებული, ხასიათების თავისებურებების გამოკვეთითა და თვისებების აქცენტირებით) სწორედ ასეთად ჩამოყალიბება და მსახიობებთან ერთად, ამგვარი წარმოდგენა; მეორეც - გარემოს, ატმოსფეროს, სცენური რეალობის ასეთ სტრუქტურასა და კონსტრუქციაში მოქცევა; მესამე - ამგვარი გამომსახველობითი ხერხების, სტილური გადაწყვეტის ასეთი არჩევანი და თხრობის, მოვლენათა ჯაჭვის ამ სისტემაში აწყობა; და ბოლოს ფინალის, შეიძლება ითქვას, მკვეთრი შეცვლა, გამძაფრება და ჩაბნელება, რასაც სრულიად სხვა აქცენტები, მიმართულება და სათქმელი მოჰყვა.
მანანა დოიაშვილის პიესა, ისევე, როგორც ვანო ხუციშვილის სპექტაკლი ერთ ჩვეულებრივ დღეს (როგორიც ალბათ ყველა დღეა ამ ოჯახში და ბევრ სხვა ოჯახში, ვინც უნდა ცხოვრობდეს იქ და როგორც უნდა ცხოვრობდეს) იწყება. დების - ბაუკისა და ჯოჯის შორის დიალოგით. ყოფითად, მაგრამ არა მშვიდად და იდილიურად (როგორც ბევრი დილა ბევრთან და სხვაგან).
ალბათ არც ეს დიალოგია პირველი, რომელიც დებს შორის იმართება. ყველაფერი უკვე და ბევრჯერ ნათქვამია. ერთი და იგივე, ალბათ, ერთი და იგივე. შეიძლება, სხვადასხვა ვნებით, ყოველ ჯერზე, რადგან დრო გადის და არაფერი იცვლება. 25 წელია.
პიესისა და სპექტაკლის პერსონაჟები (მათი სახელები - არარსებული და თითქოს ძველქართული ჟღერადობის, დასაწყისშივე ქმნიან გაუცხოებისა და დაფიქრების პირობას, თითქოს, რაღაც ბუნდოვან, დაშიფრულ მინიშნებას გვაძლევენ, როგორც ყველაფერი სპექტაკლში, დასასრულამდე და მის შემდეგაც) და მონაწილე მსახიობები - ამ ფორმითა და ამ თანმიმდევრობით არიან წარდგენილი: ბაუკი - წელს ქვემოთ მოწყვეტილი - თამარ მდინარაძე, ჩეტი - ბაუკის ქალიშვილი - ციცი ბუცხრიკიძე, ჯოჯი - ბაუკის და - შორენა გვეტაძე, გვეძი - ბაუკის ქმარი - ვახო ჩხარტიშვილი, დორე - ჩეტის საქმრო - ნიკა ძნელაძე. და არის კიდევ ერთი, რომელიც არ ჩანს, რომელიც „მოქმედი პირნი და შემსრულებლების“ ჩამონათვალში არაა, მაგრამ, რომელსაც ხშირად ახსენებენ და რომელიც იგულისხმება. რომელიც თან არსებობს და თან არ არსებობს. 3+3. ოღონდ ეს 6, სინამდვილეში, 5-ია. შეცვლილი და ჩანაცვლებული.
როგორც ვხედავთ, აქ ყველა ბაუკიზეა „მორგებული“, მის გარშემო ტრიალებს, თვით გვეძიც კი, რომელიც ბაუკის არა მოქმედი, არამედ ყოფილი და უკვე სხვისი ქმარია. რომელიც 25 წლის წინათ, ერთ მშვენიერ დღეს, სახლიდან წავიდა, აფთიაქში და შინ - ოჯახთან აღარ დაბრუნებულა. ისე, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ბაუკი კი ელოდება მის დაბრუნებას, მართალია, არ იცის, ცოცხალია თუ არა, მაგრამ სიკვდილის არ სჯერა. რადგან „კეფასთან მის სუნთქვას გრძნობს“ და სანამ გრძნობს, სჯერა, რომ ცოცხალია. სჯერა და ელოდება. 25 წელი. მთელი ცხოვრება.
ეს ამბავი არ „თამაშდება, როგორც ბანალური მელოდრამა“, როგორც შეიძლება, ერთი „შეხედვით“ მოგვჩვენებოდა ან გვგონებოდა, სიუჟეტიდან თუ დრამატურგიული სქემიდან, „ჟანრის კლასიკიდან“ გამომდინარე. ძალიან უცნაური და პირქუში პიესა და სპექტაკლია. არაერთი მიზეზით, წინაპირობით, მოვლენების მსვლელობის მიხედვითა და შედეგით.
ამბის წინაპირობა თუ საფუძველი კი ასეთია. ბაუკი 25 წელია, მშობიარობისშემდგომი ტრავმის მიზეზით, ეტლში ზის. მის გარეშე დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. შუახნისასაც ვერ იტყვი. თუმცა, უცნაურად გამოიყურება, თავზე ჩაჩისმაგვარი, სტილიზებული ქუდით, მონაზვნისა თუ საქორწილო კაბის მსგავსი სამოსით. დროის ჩარჩოდან ამოვარდნილი და განყენებული. მოხუცი არაა, მაგრამ მოხუცს ჰგავს, ფიზიკურად მოტეხილი და ფსიქიკაშერყეულია. სიმარტოვის, დარდის, ბრაზის, საკუთარ თავსა და გარშემომყოფებთან (რომლების რიცხვიც, წლებია, მხოლოდ ორი ადამიანით ისაზღვრება) კონფლიქტით, წინააღმდეგობებით, სიგიჟის ზღვრამდე მისული. გატანჯულია შინაგანი და გარე ორთაბრძოლებით. სიყვარულით, მოლოდინითა და იმედით. ამაში უცნაური და გასაკვირი თითქოს არაფერია. მოლოდინი, მოთმინება და იმედი, თუნდაც ყავლგასული, შეიძლება, აბსურდულიცა და უაზროც, აკვიატებულიც, გარკვეულ მიჯნამდე, მაინც „დასაშვები“ და გასაგებია.
ბაუკი 25 წელია, სახლიდან არ გასულა. თუ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ. და ისედაც. მისი სამყარო ჩაკეტილია. კედლებით. შიდა და გარე ბარიერებით. გარემოებების მსხვერპლია და საკუთარი თავისვე, ვნებების, სურვილების, დანგრეული ცხოვრების, უკვე ვეღარასდროს ასახდენი ოცნებების მონა. ქალი, რომელსაც უყვარდა, რომელიც უვარდათ და აღარ უყვართ.
საშიშია ასეთი ქალი და ასეთი სიყვარული. საშიშია ბაუკის ძალა და გავლენა. ყველაფრის მოსპობა შეუძლია და თვითგანადგურებაც, რასაც 25 წელია მეთოდურად აკეთებს და რა პროცესის, უკვე გამოკვეთილ და განსაზღვრულ შედეგს ვხედავთ. სწორედ აქ, ამ წერტილში მთავრდება ერთი ამბავი და მეორე და მთავარი იწყება.
თამარ მდინარაძე ძალიან ზუსტი ხერხებით, უმცირესი შტრიხებით, ნიუანსებითა და ტონების გრადაციებით ქმნის ამ რთული ხასიათის, ერთდროულად, ფსიქოლოგიურ და განზოგადებულ სახეს, მეტყველად გამოხატავს მის ყველა განწყობასა და მასში მიმდინარე პროცესებს. ის უკვე ზღვარს მიღმაა და სხვისი დამორჩილება, სხვაზე ბატონობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ტერორი აურჩევია ცხოვრების წესად. მორალური დათრგუნვის მცდელობა. ბრალდებები. უსასრულო (და, შეიძლება ითქვას, უმიზეზო ან იქნებ, მიზიზიანი და ქვეცნობიერი) ბრალდებები და დანაკარგის, ხელმოცარულობისთვის კომპენსაციის უპირობო მოთხოვნა.
ის, რაც არ იცის ბაუკიმ და რასაც შემდეგ გაიგებს, მაყურებლისთვის უფრო ადრე ხდება ცნობილი. და რადგან ვიცით, შეიარაღებულიც ვართ და მით უფრო აბსურდული გვეჩვენება, რაც ხდება. მაგრამ ფინალისკენ, როდესაც რეჟისორის ჩანაფიქრით, პროცესების მართვის სადავეები ჯერ ბაუკისა და შემდეგ ყველას ხელიდან ეცლება. მოქმედებაში სხვა ძალები და კანონზომიერებები ერთვებიან და თავიანთ წესრიგს ამყარებენ. მაყურებელიც კი ამ თამაშის, ამ დაუჯერებელი „სპექტაკლის“ მახეში გაბმული აღმოჩნდება და მის მსხვერპლადაც იქცევა.
მახეები დასაწყისიდანვე დაგებულია და მოქმედებს. ჩვენც უნდა „დავიჯეროთ“, რომ სიძემ, ერთადერთი დის ქმარმა, 25 წლის (25!) განმავლობაში ერთხელაც ვერ მოახერხა ხეიბარი ცოლისდის ნახვა და გაცნობა. მასთან ერთხელ მაინც მისვლა. მერე რა, რომ გემის კაპიტანია.
ჩვენ კიდევ ბევრი რამ უნდა დავიჯეროთ, ან პირიქით, წარმოვიდგინოთ, დავუშვათ ან არ დავუშვათ. არის რაღაცეები, რასაც გონება არ იღებს და გული არ ემორჩილება. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება, შენ თვალწინ. შენ გვერდით და სხვა გზა აღარ გაქვს, უნდა მიჰყვე და მიიღო, როგორც არის.
ბაუკი სპექტაკლისა და მოვლენების ცენტრალურია ფიგურაა, მაგრამ, აღმოჩნდება, რომ ეს გავლენა დანარჩენებზე, მხოლოდ მისი სურვილია, მისი ახირება და ცხოვრება მის გარეშე მიდის. 3+3 არც რეალობაა და არც სინამდვილეს შეეფერება.
ჯოჯი - შორენა გვეტაძე - ახალგაზრდა, ლამაზი, მოხდენილი ქალია. ალბათ ყველაზე მეტად მოგებული ცხოვრებაში და თითქოს ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ არაა. მსახიობი ქმნის ამ წინააღმდეგობრივი ბუნების, არამარტივ და არასქემატურ სახეს, მუდმივ ორჭოფობაში მყოფ ადამიანს, თითქოს მზრუნველს, მოყვარულს, ერთგულს, რომლისთვისც საკუთარი საქციელის გამართლება და მიზნის მიღწევა ყველა ხერხითაა დასაშვები.
ბაუკის ქალიშვილის ჩეტის როლს ციცი ბუცხრიკიძე ასახიერებს. მას, ფაქტობრივად, ორი როლის თამაში უწევს, საკუთარისა და ბაუკის. მას უწევს იყოს სხვანაირი დედასთან, დეიდასთან, საქმროსთან, გვეძითან - შეიცვალოს გარეგნობაც კი და ყველასთან იყოს ისეთი, რასაც მისგან ახლობლები ითხოვენ. რასაც თითოეული ელოდება მისგან. რითაც ჯოჯოხეთად და წამებად უქციეს ცხოვრება.
გარკვეულ დრომდე, ჩეტის საქმრო - დორე - ნიკა ძნელაძის შესრულებით, მხოლოდ საკუთარი თავითა და გარდაცვლილი ბავშვობის მეგობრის ხსოვნით შეპყრობილი და ჩეტიში შეყვარებული ახალგაზრდა კაცია. როგორც ახალგაზრდების დიდი ნაწილი, განსაკუთრებული უიმედობით, განცდებითა და ტკივილებით, ილუზიებში მცხოვრები, დარდიანი. ისიც, ბაუკივით, წარსულის ტყვეობაშია, აწმყოში - პასიური და ამიტომაც, ადვილად იქცევა, კარგად დაგეგმილი, თუმცა, ცუდად გათვლილი, გათამაშებული ტრაგედიის ერთ-ერთ მონაწილედ და ასეთივე მსხვერპლად.
გვეძის - მოვლენებისა და კონფლიქტის მთავარი მიზეზის - როლს ვახო ჩხარტიშვილი ასრულებს. სწორედ მის გამოა, ყველაფერი, რაც წარსულში მოხდა, რაც აწმყოშია და რითაც ეს, თიქოს მთვლემარე, ერთგვაროვანი, შინაგანად მშვიდი ადამიანი „ბედისწერის“ ფუნქციის შემსრულებელი ხდება. მსახიობი ქმნის თითქოს ნეიტრალური და ამავე დროს, „სურვილის არაბუნდოვანი ობიექტის“ პასიურად აქტიურ სახეს.
ჩანაცვლება, წარმოსახვა, თამაში, როლების განაწილება, მორგება - ესაა კიდევ, რაც ყველას აერთიანებს და ერთმანეთს ამსგავსებს. თამაში, რომელიც ტყუილსა და თვალთმაქცობას ეყრდნობა და ბოლოს საბედისწეროდ სრულდება.
„რაზეა“ იოანე ხუციშვლის სპექტაკლი, ვისზეა. ადამიანის სამყაროს, ბუნების, ფსიქოლოგიის, ურთიერთობების რა, რომელ შავბნელ ჯურღმულებში და ლაბირინთებში შევყავართ?
იოანე ხუციშვილის სპექტაკლი, როგორც ვთქვი, მცირე სცენაზეა წარმოდგენილი. პატარა დარბაზში. უშუალოდ სამოქმედო არე მის ცენტრშია მოქცეული. ეს პატარა ადგილი, ნაწილებად დაშლილი ფიცარნაგის რამდენიმე „ყუთითაა“ შემოსაზღვრული. მათი განლაგება ლაბირინთის ფრაგმენტებს წააგავს და თხელი, გამჭვირვალე ფარდებითაა გატიხრული. ესაა და ეს. (თეო კუხიანიძის სცენოგრაფია - ზუსტ და შესატყვის ატმოსფეროსა და განწყობას ქმნის და სიღრმისეულად აჩვენებს იმ სახასიათო და ემოციურ მდგომარეობას, რომელიც სპექტაკლს პირობით განზომილებაში აქცევს). მსახიობები ინტენსიურად და დაუღალავად, აქეთ-იქით სწევენ ფარდებს, რაც მოქმედების ადგილებისა (ძირითადად, ბაუკის სახლი, ჯოჯის ბინაც და საცხოვრებლის მიღმა სხვა გარემოც) და ეპიზოდების ცვლას გამოხატავს, და ამავე დროს, სამყაროს ჩაკეტილობასა და ეფემერულობას უსვამს ხაზს.
ამ ადამიანების ცხოვრება კედლებით შემოსაზღვრულობა და კარჩაკეტილობა მაშინაც კი არ ირღვევა, როდესაც მოქმედება ერთი ადგილიდან მეორეში გადადის ან თითქოს გარემომცველ სამყაროში, კარს მიღმა ინაცვლებს. რადგან, სინამდვილეში, მოქმედების ადგილის შეცვლითაც არაფერი იცვლება.
გარე სამ კედელს უშუალოდ მაყურებელი ქმნის. მეოთხე - შიგნითვე ჩაკეტილია და ფინალამდე ასეთად რჩება. მხოლოდ დროდადრო აღწევს იქიდან, სიღრმიდან ადამიანის ხმა და პიანინოზე ცოცხლად, ექსპრესიულად, ნერვიულად დაკრული მაჟორული, არცთუ ჰარმონიული მელოდია (სპექტაკლის მთავარი მუსიკალური თემა) თამარ მდინარაძე - ბაუკის შესრულებით (მუსიკალური გაფორმება გიორგი ჯიქიას ეკუთვნის, რომელიც, ისევე, როგორც თეო კუხიანიძე - მხატვარი, იოანე ხუციშვილის მსახიობი და მისი ყველა სპექტაკლის კომპოზიტორი და მუსიკალური გამფორმებელია, რომელიც მკაფიოდ გრძნობს და შესაბამისად გადმოსცემს იდეურ-ფსიქოლოგიური ჩანაფიქრის არსს). ეს მუსიკა დროდადრო არღვევს ზოგჯერ სამარისებულ სიჩუმეს და ხან ხმაურს ერევა.
სპექტაკლი მოკლე ამბებად, ასე ვთქვათ, ეპიზოდებადაა დაყოფილი და მათით შეკრული. სცენები წყვილების - დების, შეყვარებულების, ცოლ-ქმრი(ები)ს ცხოვრებიდან, ერთმანეთს მწყობრ და აქტიურ ტემპო-რიტმში მიჰყვებიან. სწრაფად ცვლიან ერთმანეთს, თითქოს პარალელურადაც მიდიან, ერთი და იგივე და სხვადასხვა დროში, ან თანმიმდევრობით. როდის როგორ. იქამდე, სანამ ყველა არ გაერთიანდება. ყველა - ერთის წინააღმდეგ არ შეერთდება, როდესაც ამის დრო მოვა და ახალი რამ მოხდება. მოხდება ის, რაც თითოეულის ცხოვრებას საბოლოოდ გაანადგურებს.
ყველაფერი წარსულადაა ქცეული და მოგონებად და გამჭვირვალე ცისფერი ფარდები, მსუბუქი და ჰაეროვანი, ვერ ახერხებენ დაფარონ, რასაც უცხო თვალი არ უნდა ხედავდეს. ან, რა აზრი აქვს, დაფარვას, როდესაც არავის აღარაფრის შეცვლა აღარ შეუძლია. აღარავის აღარაფრის ატანა, გაძლება და უკან დაბრუნება.
ისინი სულ სიყვარულზე ლაპარაკობენ, წარსულზე, გარდასულზე, მოქმედზე, არსებულზე, არარსებულზე და აღარარსებულზე. ყველაფერს რომ გასდევს და ყველაფერს ერევა. დამთრგუნველზე. უსაზღვროზე. სიყვარული აკავშირებთ და აერთიანებთ. თან მიჯნავთ. სიყვარულს ითხოვენ. იძულებით. ნაძალადევსა და გამოგონილს. დაკარგულსა და მოპოვებულს. სახეცვლილს. რა სისასტიკეა. რა შეუბრალებლობა. არავითარი დანდობა და შეღავათი. არავისთვის.
საშიშია, როდესაც ძალიან გიყვარს და საშიშია, როდესაც არ გიყვარს. ერთნაირი დამანგრეველი ძალა აქვს. ღმერთისა თუ ადამიანების, უღმერთობისა და უსიყვარულობის, ცხოვრებისა და მხოლოდ არსებობის. როდესაც აღარ არსებობს ზღვარი თუ განსხვავება, იმის აღქმა თუ შეგრძნება, რა არის სიყვარული, „საიდან სადამდე“ შეიძლება გიყვარდეს, რას ითხოვდე, ან რას გასცემდე ამ სიყვარულისგან თუ სიყვარულისთვის. თუნდაც, თავისუფლებისთვის, რომლის მიღწევაც ძალიან ძვირად ფასობს. წარმოუდგენლად ძვირად.
ეს ისტორია ვერ გაგრძელდება. უნდა დამთავრდეს. სხვა გზა და გამოსავალი აღარ არსებობს. თითოეულმა და ბედისწერამ ასე ინებეს. მაგრამ აქ არ არიან გმირები, რომლებიც ღმერთებს ებრძვიან და იმარჯვებენ. გამარჯვებული მხოლოდ ბაუკია, რადგან ერთადერთმა გააკეთა ის, რაც ჩაიფიქრა და ინება, თუნდაც, სხვის ხაფანგში მოქცევის შედეგად და საკუთარი სიკვდილის ფასად. გამოცხადებული და გამოუცხადებელი სიკვდილის ქრონიკად.
იოანე ხუციშვილი სპექტაკლის კულმინაცია ფინალია, ამ სიტყვის ყველაზე მძაფრი გამოხატულებითა და თავბრუდამხვევი. ორმაგად თაბრუდამხვევი და ემოციურადაც და ფორმის თვლსაზრისითაც გახსნილი. რადგან არ არსებობს წერტილი. ბევრი რამ უთქმელი და კვლავ დაფარულია, საიდუმლო საიდუმლოდ რჩება. კითხვა უპასუხო კითხვად და ამასთან, პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობად.
P.S. ახალგარემონტებული, რეკონსტრუირებული და მთლიანად განახლებული (ტექნიკური აღჭურვილობის მხრივაც) ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 2021 წლის 14 მაისს (არაოფიციალურად) და 17-ში - ოფიციალურად, გაიხსნა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლით, „მონატრება - ნუ გამაღვიძებ“, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით, ლელა არაბიძის ინსცენირებით. ამ დღეს დასი და საზოგადოება 4 წელი ელოდა.
17-ში გაიხსნა მცირე სცენაც. გაიხსნა იოანე (ვანო) ხუციშვილის სპექტაკლით და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. პრემიერის დღიდან, დანიშნულის გარდა, სპექტაკლის რამდენიმე დამატებითი ჩვენება მოეწყო და მაინც ვერ „მოერია“ ნახვის მსურველთა რაოდენობას. კარგი ნიშანია თეატრისთვისაც და სპექტალისთვისაც.
ამის შემდეგ, ერთი თვე გავიდა და ოზურგეთის თეატრი არ გაჩერებულა. ერთმანეთს მიეწყო საპრემიერო სპექტაკლები - ელენე მაცხონაშვილის თოჯინური „დონ კიხოტი“ (მიგელ დე სერვანტესის რომანის ადაპტაცია); ედუარდო დე ფილიპოს „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“, ოთარ კუტალაძის რეჟისურით; ვაცლავ ჰაველის „ვერნისაჟი“ - რეჟისორი მამუკა ბაბილოძე და დიმიტრი ხვთისიაშვილის „მთავარი როლი“, თამარ ბართაიას პიესაზე.
შემოქმედებითი პროცესი ისევ არ წყდება და გოჩა კაპანაძე, ვასილ ჩიგოგიძის პროექტის (რომელიც გურიის წარსულის მნიშვნელოვანი პერიოდებისა თუ ფაქტების გახსენებას გულისხმობს) ფარგლებში, მუშაობს სპექტაკლზე, გურიის უკანასკნელ დედოფალ სოფიოს შესახებ, თამარ პაპავას რომანის მიხედვით (პრემიერა აგვისტოშია დანიშნული),; რასაც მოჰყვება ნიკოლოზ საბაშვილის „გურიის რესპუბლიკა“, ისტორიულ ქრონიკებზე დაყრდნობით, მისივე ინსცენირებით.
კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც უკვე ჩაშვებულია, „მარი და ჰარის თავგადასავალია“, ერნსტ ჰოფმანის მიხედვით, რომელზეც ვასილ ჩიგოგიძე და ლალი თაბაგარი მუშაობენ და რომლის პრემიერა ახალი სასწავლო წლისა და ახალი სეზონისთვისაა დაგეგმილი.
ამას გარდა. სანამ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსს გამოაცხადებდა და თეატრები მთელი საქართველოდან რეგიონებში საგასტროლო გრანტებს მოიგებდნენ (ან ვერ მოიგებდნენ), ოზურგეთის თეატრს გასტროლებით უკვე ეწვიენ - ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რამაზ იოსელიანის სპექტაკლით, „საბრალდებო დასკვნა“ (ნოდარ დუმბაძის რომანის „თეთრი ბაირაღები“, რობერტ სტურუასა და ლილი ფოფხაძის ინსცენირებით); თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ვახტანგ ნიკოლავას სპექტაკლით, „მაუგლი“ (რადიარდ კიპლინგის მოთხრობებზე). სხვა თეატრებს, სხვა სპექტაკლებით, ოზურგეთში ხელ და გულგაშლილი ელოდებიან.