top of page

გასაჭირიდან „ბედნიერებამდე“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

342160090_244625988056262_7685695410044582173_n.jpeg

თამარ ქუთათელაძე

გასაჭირიდან „ბედნიერებამდე“

 

ახალგაზრდა ქართველ რეჟისორთა შორის საბა ასლამაზიშვილი ერთ-ერთი თითქმის ყველაზე აქტიურია. მან  მოხერხებულად ალღო აუღო თანამედროვე  მაყურებლის გემოვნებას, შეძლო მათი ეფექტური მართვა და უამრავი თანამოაზრე შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალგაზრდა რეჟისორის  მრავალრიცხოვანი სპექტაკლები ყოველთვის განსხვავებულია ჟანრობრივად, თემატურად თუ  ხარისხობრივად, საზოგადოება მუდამ ინტერესით ელის მის ყოველ ახალ ოპუსს. მისი სპექტაკლები თამამია, კონცეფციურად გამოკვეთილი, ლაკონური და სხარტი. ახალგაზრდა რეჟისორს კრიტიკის მიმართაც არ გააჩნია აგრესია, გაგებით ეკიდება განსხვავებულ მოსაზრებებს, შესაძლოა ითვალისწინებს კიდეც მათ, რაც სავარაუდოდ მისი შემოქმედებითი ზრდის პროცესშიც ერთ-ერთ პოზიტიურ როლს შეასრულებს. რეჟისორი გრძნობს თანადროული საზოგადოების უსასრულო ფერიცვალებებს, მათ მიზანსწრაფვებს და გაბედულად უჩვენებს სცენიდან ჩვენი აპოკალიფსური ეპოქის მორევში მოხვედრილი ადამიანების დეგრადაციის პროცესს, მის მასშტაბსა თუ საკუთარი ღირსების დასაცავად გაღებულ მსხვერპლს.

დედაქალაქის მაყურებელმა საბა ასლამაზიშვილის მიერ ორ რედაქციად წარმოდგენილი დავით კლდიაშვილის „უბედურების“ შემდეგ (კაჭრეთის ნაგავსაყრელი და ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი) იხილა ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე საკრალური დრამატურგის ორი ყველაზე დადგმადი პიესა. ილიაუნის თეატრში ნაჩვენებმა „დარისპანის გასაჭირის“ მარიამ კალატოზიშვილის მიერ შექმნილმა უჩვეულო დეკორაციამ, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

      

სცენის შუა ნაწილში დაფენილი თხელი და ფერადი ბალიშები, რომლებზეც მსახიობები რბილად,  ქურდულად, ერთმანეთის მალულად დაიპარებიან საკუთარი მიზნების მისაღწევად და მოწინააღმდეგის ჩამოსაცილებლად, განსხვავებულ ასოციაციას იწვევს (მაყურებელიც თანაშემოქმედია და მას საკუთარი დასკვნის უფლება გააჩნია). ეს ბალიშები მრავალფუნქციურია. ისინი კომფორტის მოყვარე საზოგადოების ფუჭი საქმიანობის, პრობლემის მოსაგვარებლად  დაბნეულობისგან თავგზააბნეული ადამიანების უაზრო ფაცი-ფუცის, მაგიდის, ნაქურდალის ფუნქციასაც ასრულებს. ეს ფერად-ფერადი ბალიშები უკიდეგანო გასაჭირიდან „ბედნიერების“ მაძიებელი, თავადაც დაშლილ-გაუცხოებულ ადამიანთა საცხოვრისის, დაშლილი „რუბიკ-კუბიკის“ ფირფიტების შთაბეჭდილებასაც ტოვებს. მასზე  დამნაშავეებივით დაიპარებიან საქმროს მოსაპოვებლად ლამის ხელჩართულ ომში ჩაბმული, მაჭანკლის პროფესიაში ჯერ კიდევ გაუწაფავი მშობლები, უიღბლო ქალიშვილები თუ საკუთარი ბედნიერებისა თუ მცირედი გამორჩენისთვისაც გარჯილი მარტოხელა ქალბატონები.

         

სპექტაკლის დასაწყისში მკვეთრი სინათლე ანათებს სკამზე მიყუდებულ, ლამის მაშველ რგოლად გააზრებულ გიტარას, რომელსაც ექსპოზიციურ მონაკვეთსა თუ ფინალში სევდიანად აამღერებს თავადაც სიყვარულს მონატრებული ლილი ხურითის წითელმოსასხამიანი, ექსტრავაგანტური მართა. სპექტაკლში ეს ხაზი  მკრთალი, მაგრამ შესამჩნევია. გასაჭირისა და სიღარიბისგან გონდაკარგული ახლობლები უახლოესი სისხლით ნათესავის მიმართ იმდენად გაუცხოებულან, რომ მართას ძმისშვილის სახელი დავიწყებია.  სავარაუდოდ, ისიც  მცირე სარგებელს დახარბებული, ნათლულისა თუ მეზობლის „გასაბედნიერებლად“ გაცილებით  თავგამოდებით იღწვის, ვიდრე ძმისშვილისათვის, რომლის მოულოდნელ სტუმრობასაც თითქმის ღიად აპროტესტებს. ქალიშვილის გათხოვების მარათონში, ორ მტრულ ბანაკად გადაქცეული, სასოწარკვეთილი მშობლები, მხოლოდ სპექტაკლის მიწურულს, მერკანტილური  სასიძოს დაკარგვით გაწბილებულნი ახერხებენ გაიაზრონ მათი ტრაგიკომიკური ყოფა და თანაგრძნობით მიუსამძიმრონ ერთმანეთს საკუთარი სამარცხვინო მდგომარეობა.  მრავალრიცხოვანი ქალიშვილების რჩენისაგან თავდახსნის ტვირთის შემსუბუქების ორთაბრძოლით გაწამებული მშობლის როლების ამსრულებელი მსახიობები სამწუხაროდ ახალ გააზრებას ვერ ჰმატებენ (მსახიობი სლავა ნათენაძე და მაია ხორნაული) დავით კლდიაშვილის სახელოვანი თეატრის სამსახიობო გალერეას.

         

სცენის ცენტრში გაჭრილ სარდაფსა თუ მიწისქვეშეთში  ჩაყუდებული ხის კიბიდან სცენას ევლინება არცთუ ახალგაზრდა, თამამი, საფუძვლიანად გამელოტებულ ოსიკო. ამ სახის გადაწყვეტა სპექტაკლის ერთ-ერთი ორიგინალური, ადრეული სპექტაკლებისაგან სრულიად განსხვავებული ვარიაციაა. რეჟისორმა წარმოდგენიდან „გააქრო“ ახალ რეალობაში მართლაც ზედმეტ პერსონაჟად გადაქცეული ონისიმეს მხატვრული სახე, ადრეული დადგმებისთვის ეს აუცილებელი, უკიდურესად საჭირო, მარჯვე პერსონა. ოჯახის ბედნიერების გარანტად ქცეული ოსიკოს სარგებლიანი პარტია, სავარაუდოდ მშობლიურ ოჯახში გამართული თათბირის გადაწყვეტილებით,  არცთუ ნისიად  უნდა უზრუნველეყო ნდობით აღჭურვილ, მოხერხებული ონისიმეს. სწორედ მას უნდა დაეცვა ოსიკო  გასათხოვრად წამოჩიტული ქალიშვილების მშობელთა ჯარის შეტევის, არახელსაყრელი საცოლის  ცდუნებისგან.

      

წარმოდგენაში გამოკვეთილია მსახიობ თორნიკე კაკულიას მიერ განსახიერებული ღატაკი, თავადაც გასათხოვრად განწყობილი, კარდაკარ მოწანწალე,  არასრულფასოვანი, უკვე გვარიანად მოწიფული სასიძოს ექსცენტრული სახე. იგი უხვად ურიგებს დამხვდურთ მათრობელა, დაშაქრულ ნუგბარებს, ფუჭ იმედებს და არტისტულად, ამაყად, თავმომწონედ ეგუება შემოთავაზებულ თამაშის წესებს. მას არ სჭირდება მაჭანკალი. იგი დამოუკიდებელი, თავზეხელაღებული თაღლითია,  საკუთარი თავის მაშვალი, საკუთარი ბედის პატრონი და ხვავიანი მზითვით დატვირთული საცოლის მაძიებელი, დაუზარლად, ხალისით დაწანწალებს სოფელ-სოფელ, შუკა-შუკა. ქალთა მონადირების ხელოვნებაში განსწავლული ეს ურცხვი, თავისი პრივილეგირებული მდგომარეობით გათავხედებული მასხარა, თითქმის შვილის ტოლა გოგონების პირისპირ, ენერგიულად აფრქვევს თავის საეჭვო გამოცდილებას, ხოლო სპექტაკლის მიწურულს მშვიდად, დემონსტრაციულად, ირონიულად აცხადებს - დანიშნული მყავსო. აშკარაა რომ ეს ოსიკო, როგორსაც თამაშობს მსახიობი თორნიკე კაკულია, უკეთესი პარტიის მოსაპოვებლად, არასდროს იტყვის უარს მრავალგზის შეცვალოს თუნდაც უკვე დანიშნული საცოლე.

     

სპექტაკლში მონაწილე ქალიშვილები, უკეთეს დროში ბევრად ღირსეული სატრფოსთვის განკუთვნილნი, ამჯერად, ბედის ირონიით, იძულების წესით, მორჩილად თანხმდებიან მონაწილეობას მშობლების დაგეგმილ ყალბ რიტუალში, ბეჯითად ასრულებენ საკუთარ როლებს, უფროსების რჩევებს.

       

უჩვეულოდ მომხიბლავი, ტანადი, მოკრძალებული მაშიკო თვალაბეიშვილის მიერ განსახიერებული, მისი შინაგანი მდგომარეობისთვის შეუფერებელი რეალობით დარცხვენილი, სახეალეწილი ჰარმონიკჩამოკიდებული კაროჟნა, დაბნეული ადევნებს თვალყურს მის თვალწინ გათამაშებულ ბაკხანალიას. მისთვის გაუგებარი და უხერხული მდგომარეობით დამუნჯებული, ჯერ კიდევ სრულიად ნორჩი ქალიშვილი,  მთელი სპექტაკლის მანძილზე ერთ წერტილში გაქვავებულივით  ატუზული, მხოლოდ ხელის წაბიძგებით თუ ამოძრავდება ხოლმე. საყვარელი მამის გაუსაძლისი მზრუნველობისგან თავდახსნის მიზნით, ლამის ცრემლმორეული ასრულებს, მისთვის გაუგებარ, სატრფოს მიერ შეთავაზებულ უცნაურ,  ვნებიან  მოძრაობებს.

     

დასამახსოვრებელ სახეს ქმნის სცენაზე ნინო ყიფშიძე. სიცოცხლისმოყვარე, არტისტული, მუდამ სარკაზმულად მომღიმარი ნატალიაც, დედის გასაჭირისადმი თანაგრძნობითაა გამსჭვალული. ლაღი, თამამი გოგონა მოჩვენებითი თავშეკავებით ცდილობს ბეჯითად გაითამაშოს მაია ხორნაულის პელაგიას დაჟინებული ბრძანებების თვინიერი შემსრულებლის როლი. მეამბოხე, თავისუფლებისმოყვარე, ურჩი ქალიშვილის ცელქობებით გაბეზრებული დედა, მისი მოთვინიერების მიზნით, არაერთხელ, ღიად უმასპინძლდება შვილს მწარე გასილაქებით. თუმცა, ოსიკოს მიერ კედელთან მიმწყვდეული ნატალია აღშფოთებას ვერ მალავს ე.წ. სასიძოს თავხედურ არშიყზე. იქმნება შთაბეჭდილება რომ ცოტაც და ამ თამამ, უცერემონიო გოგონასაგან ჰომერულ ხარხარს მოისმენს მაყურებელი და საჯაროდ, ხმაურიანად შემოაძარცვავს მყიფე ნიღაბს საკუთარი ნებით აუქციონზე გამოსულ უღირსებო მასხარას. სპექტაკლი მთავრდება ტრადიციულად. პრობლემის მოსაგვარებლად გახარჯულ გმირთა გასაჭირი, უზენაესის მიერ კვლავ  შეუსმენელი რჩება. მშვენიერი, კენტად დარჩენილი ქალიშვილები კი, არცთუ დიდი სინანულით ემშვიდობებიან მშობლების სანუკვარ „იმედს“, რომელსაც  უმალ შთანთქავს მარად უძღები მიწისქვეშეთი.

       

დარისპანისთვისაც სასურველად, „ბედნიერად“ ვითარდება მოვლენები ფილიპე ბარბაქაძის კარმიდამოში გათამაშებულ წვეულებაზე. საბა ასლამაზიშვილის მიერ მესხეთის დრამატულ თეატრში დადგმული „ირინეს ბედნიერებაც“ რეჟისორის ნებით კვლავ ჩვეულ კუპიურებს დაემორჩილა. ამჯერად სცენიდან  გაქრა ადრეული სპექტაკლებისთვის დამახასიათებელი, ტრაგიკული მოვლენების მაპროვოცირებელი, გარემომცველი საზოგადოების სახეები. გარდა ამისა, ფილიპე ბარბაქაძისა და სამსონ სალამთაძის შემსრულებლად, ერთი და იგივე მსახიობი მანუჩარ გოგოლაური ვიხილეთ. პირობითობის ხერხებით შესრულებული სანახაობა დოლის ტემპო-რიტმის თანხლებით, გმირთა შინაგანი განწყობის, ბრძოლისა თუ დიალოგის ფუნქციას დაექვემდებარა. ფილიპე ბარბაქაძის სიხარული აქ უსაზღვრო, მაგრამ ნაჩქარევი აღმოჩნდა. თუმცა, მდიდარი და სახელოვანი გვარიშვილი სასიძოს უეცარი წინადადებით თავგზააბნეულ, საოცნებო ბედნიერების აპოგეაში მყოფ მამას, არაფრად უღირს მშობლის სიხარბით შეშფოთებული, მუხლებში ჩავარდნილი თავზარდაცემული ქალიშვილის ვედრება.

        

ნანა ყორანაშვილის მიერ ირინესათვის შექმნილი კოსტუმით შემოსილი ანანო იაშვილის ირინე, სპექტაკლის პირველ მონაკვეთში ბედნიერი და ლაღი, ნახევრად შიშველი ასრულებს უხვ საცეკვაო ნომრებს. კოსტუმი წარმოაჩენს მსახიობის ეფექტურ აღნაგობას, მის ცეცხლოვან ენერგეტიკას, დაუმორჩილებელ, მებრძოლ ხასიათს.  ანანო იაშვილის  მიერ განსახიერებული ირინე  ისეთია, როგორიც მართას („დარისპანის გასაჭირი“) წარმოუდგება იდეალური გასათხოვარი ქალიშვილი, რომელიც უმალ შეძლებს მონუსხოს ნებისმიერი საქმრო. ირინე საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში თამამია, საკუთარი პიროვნული ღირსების დაცვისათვის დაუღალავად ბრძოლისთვის განწყობილი. მისი მორჩილება მამისა თუ „ქმრისადმი“ მოჩვენებითია, რაც კიდევ უფრო ართულებს მალხაზ შაყულაშვილის აბესალოს ტრაგიკულ ყოფას, საფუძვლიანად ანგრევს მის ისედაც გაუწონასწორებელ ფსიქიკას. მსახიობი მალხაზ შაყულაშვილი თამაშობს არაპროგნოზირებად, გალოთებულ, შფოთიან, გარემომცველ საზოგადოებასა თუ თანატოლებში ყოველგვარი ავტორიტეტისა და თანაგრძნობისგან  განძარცვულ, შეურაცხად აბესალოს.

      

ლექსო ჩემიას პავლე როდამიშვილი ადრეული დადგმებისაგან განსხვავებით, სატრფოსა და საკუთარი ღირსების დასაცავად მებრძოლი ახალგაზრდაა. მსახიობი გამოკვეთს მისი სცენური გმირის მკვეთრ პორტრეტს, რომელსაც ერთგულ სამსახურს უწევს მამაკაცური ღირსებებით გამორჩეული, ინტელიგენტური იერის, მანერებისა და თავდაჭერის ანდრია ვაჭრიძის ვიქტორი. ისიც ადრეული დადგმებისაგან განსხვავებული მხატვრული სახეა.  ორივე მსახიობი წარმოგვიდგენს საზოგადოების კრებით სახეს, თავგანწირულ მოწინააღმდეგეს  ჯერ კიდევ ინერციით შემორჩენილი, მაგრამ გვარიანად შერყეული პრივილეგიებით გათავხედებული,  მტაცებლური ჟინის აბესალოს ექსცენტრული არჩევანისადმი.

     

სპექტაკლში მხატვარ ლელა ფერაძის მიერ შესრულებული დეკორაცია მინიმალისტურია. მის არსებით ნაწილს შეადგენს სცენის მარცხნივ  მდგარი ჩიხტიკოპიანი ქალის კარკასი. მას სანახაობის პირველ მონაკვეთში გრძელი კაბის წინა კალთა მოხსნილი  აქვს. „გაბედნიერების“ შემდგომ კი, კაბას ბოლომდე ხურავს  ანანო იაშვილის ირინე.  იმის გათვალისწინებით, რომ სპექტაკლის კონცეფცია გვთავაზობს მყარი ღირებულებებისა და არჩევანის მქონე, დაუმორჩილებელი, პიროვნული ღირსებებით გამორჩეული ქალის ჯანყს ყალბი ღირებულებების წინააღმდეგ, ხოლო მშობლის მიერ აბესალოზე მისი გაყიდვა, ე.წ. გათხოვება, აღიქმება დეგრადირებული კაცის მიერ ქალის გაბახებად, შებრუნებით გათამაშებული მიზანსცენა გაცილებით ლოგიკური მეჩვენება. სპექტაკლში მკაფიოდაა წარმოჩენილი ირინეს შინაგანი ამბოხი. მსახიობი თამაშობს მხოლოდ ფიზიკურად დამორჩილებული, მოძალადე მშობლის მიერ გასხვისებული ქალის პორტრეტს, რომლის სულიერი დამორჩილებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. მიტაცებული ქალის სულიერი სიმტკიცე, მისი მყარი არჩევანი და დამოუკიდებლობა კი ამწვავებს ისტერიაში მყოფი აბესალოს ფსიქიკურ აშლილობას,  ნაკაცრად აქცევს მას.

    

ქართული თეატრის ბოლო პერიოდში წარმოდგენილი დავით კლდიაშვილისეული პიესები შორდება „ცრემლიანი კომედიის“ ჟანრს და სავარაუდოდ ჩვენი ამჟამინდელი რეალობის გათვალისწინებით, სულ უფრო მეტად ივსება ტრაგიკული ინტონაციებით.

bottom of page