გაუგებრობა - სამყაროში მოვლენილი ადამიანის სასტიკი ხვედრი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
მაკა ვასაძე
გაუგებრობა - სამყაროში მოვლენილი ადამიანის სასტიკი ხვედრი
ფრანგი ეგზისტენციალისტი მწერლისა და დრამატურგის ალბერ კამიუს პიესა „გაუგებრობა“ სამყაროში ადამიანის არსებობის აბსურდულობაზეა, სამყაროში სადაც სასტიკი ბედისწერა განსაზღვრავს ყველაფერს, სადაც ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით, სადაც ყოველი ადამიანი აბსოლუტურ მარტოობას განიცდის.
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნანუკა ხუსკივაძის დადგმული სპექტაკლი „გაუგებრობა“ ადამიანისა და სასტიკი ბედისწერის შეტაკებაა, რომელშიც ყველა მოქმედი პირია ჩათრეული. ქალიშვილი მარტასა (ანა ტყებუჩავა) და დედას (ლიკა კევლიშვილი), რომლებიც უსახო, პირქუშ პატარა სოფელში ცხოვრობენ სურთ გაუსაძლის ცხოვრებას დააღწიონ თავი და ზღვისპირა, მზიან ქვეყანაში გადასახლდნენ. მიზნის მისაღწევად მათ ფული სჭირდებათ. თანხის დასაგროვებლად ისინი სასტუმროს მდგმურებს კლავენ და გვამებს ადიდებულ მდინარეში აგდებენ. დედა და და ვერ ცნობენ საკუთარ შვილსა და ძმას, გაქურდვის მიზნით მასაც გამოასალმებენ სიცოცხლეს.
რეჟისორი სპექტაკლის დასაწყისშივე შემზარავ ატმოსფეროს ქმნის. ნახევრადჩაბნელებულ სცენაზე სამი შავი პოლიეთილენის პარკში გახვეული გვამია, რომელთაც თეთრი სუდარა აქვთ გადაფარებული, იქვე ორი შავებში ჩაცმული სხეულია, მუსიკალური ბგერებით შექმნილი შემზარავი ხმაურის ფონზე, ისინი ნელ-ნელა „ცოცხლდებიან“, დგებიან, გვამს მხრებსა და ფეხებში ჩასჭიდებენ ხელს და სცენის ბოლოსკენ მიათრევენ, იქ კარია გახსნილი, რომელიც ასოციაციურად ჯოჯოხეთის კარიბჭეს მოგაგონებს (სცენოგრაფია და კოსტიუმები - ნუცა ჭყონია). კაცი (მსახური - ნოდარ ცერცვაძე), რომელიც ბოროტი დემონის მსგავსია, გვამს ჩამოართმევს და უჩინარდება. ყველაფერი ეს, მონოტონურ რიტმში, სამჯერ მეორდება და მაყურებელს ავისმომასწავებელ განცდას უქმნის.
ნანუკა ხუსკივაძემ პიესა დაამონტაჟა, ტექსტიდან ზოგიერთი რამ ამოაგდო, დატოვა ის, რაც რეჟისორის კონცეფციას ნათლად გამოხატავს. მარტოობა, კამიუს მიხედვით აბსოლუტურია: ადამიანებს შორის ყველა ადამიანური კავშირი ისეა გაწყვეტილი, რომ დედასაც კი შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შვილის მკვლელობაში. სწორედ მარტოობა, ადამიანებს შორის კომუნიკაბელურობის შეუძლებლობა, გაუცხოება, სიცოცხლის აბსურდულობა სპექტაკლის მთავარი სათქმელია.
პიესასა და სპექტაკლში, საზოგადოებისთვის ინდივიდის, პიროვნების ცხოვრება არის სრული „გაუგებრობა“, აბსოლუტური აბსურდი. ადამიანები პრინციპულად მარტოსულები, ჩაკეტილები, განწირულები არიან ურთიერთგაუგებრობისთვის. თითოეული ადამიანი მთელი სამყაროა, მაგრამ ეს სამყაროები არ ურთიერთობენ ერთმანეთთან. ადამიანთა კომუნიკაცია მხოლოდ ზედაპირულია და სულიერ სიღრმეებამდე ვერ აღწევს. ეს არის სამყაროსა და ადამიანის ეგზისტენციალური კონცეფციის მოდელი.
ნანუკა ხუსკივაძის სპექტაკლში თითოეული პერსონაჟი უბედურია და მათ შორის არსებული „გაუგებრობა“ ტრაგიზმამდეა აყვანილი. ექსპოზიციის შემდეგ, იორეკ ჩიტაშვილის ჟანისა და ელენე დარჩიას მარიას სცენა თამაშდება. ამ ორ პერსონაჟს შორის გამართული დიალოგიდან მაყურებელი იგებს, რომ ჟანი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა, რათა დედას და დას დაეხმაროს და ხელი გაუმართოს. მსახიობები თამაშობენ შეყვარებულ ცოლ-ქმარს, ჟანი არ აპირებს საკუთარი ვინაობა თავიდანვე გაუმჟღავნოს დედასა და დას. მარიას ცუდი წინათგრძნობა აქვს და არ უნდა ქმრის მარტო გაშვება. ამ სცენაში ახალგაზრდა მსახიობები ოსტატურად, ყოველგვარი გადაჭარბების, პათეტიკის გარეშე ერთმანეთისადმი სიყვარულს, მზრუნველობას გამოხატავენ. ელენე დარჩიას მარია აფორიაქებულია ცუდი წინათგრძნობით, მას არ სურს ქმრის მარტო გაშვება. არც ის მოსწონს, რომ ჟანი არ აპირებს ვინაობის თავიდანვე გამჟღავნებას. ჟანი თავისას გაიტანს და სასტუმროში მარტო მიდის.
ანა ტყებუჩავას მარტა, თამაშობს ქალს, რომელსაც არაფერი სულიერი, ადამიანური აღარ დარჩენია. მკაცრი, ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილი ქალია, - სიტყვა გული არ ახსენოთო, - ეუბნება ჟანს. და-ძმის შეხვედრა ორი გაუცხოებული ადამიანის ურთიერთობაა. ჟანი ცდილობს მარტაში თავისი პატარა და ამოიცნოს, მაგრამ უშედეგოდ. კითხვები რომელთაც მარტა მდგმურის სტატუსში მყოფ ჟანს დაუსვამს, მისი სოციალური მდგომარეობის გამოსარკვევადაა მიმართული, უფრო სწორედ იმის გასარკვევად - აქვს თუ არა ჟანს ფული. ფინალისკენ, როდესაც ჟანის ვინაობა გაირკვევა, უსულგულო მარტა საშინელ სიტყვებს ამბობს, რომ მცოდნოდა ვინ არის, მაინც იმავეს ჩავიდენდიო. დედისგან განსხვავებით, მარტა არ ინანიებს თავის საქციელს: - მე არ ვიყავი ვალდებული ჩემი ძმისთვის მედარაჯაო - წამოიძახებს იგი. მარტასთვის ყველაფერი, რაც მოხდა, არა აბსურდული უბედური შემთხვევაა, არამედ ცხოვრების ფატალური კანონზომიერების დადასტურებაა, სადაც ყველა ერთმანეთისთვის უცხოა და „არავინ არასოდეს იქნება ამოცნობილი“ . მაგრამ მარტაც ვერ აიტანს აბსოლუტური მარტოობის ტვირთს და დედის მსგავსად გადაწყვეტს თვითმკვლელობას. ცხოვრებამ მარტა მონსტრად აქცია. ანა ტყებუჩავა მინიმალისტური ხერხებით, სამსახიობო ოსტატობით ძერწავს მონსტრად ქცეული ადამიანის სახეს.
ლიკა კევლიშვილის დედა, ცხოვრებისაგან დაღლილ, დაქანცულ, გაქვავებულ, უემოციო ქალს თამაშობს. დედა რაღაც მომენტებში თითქოს გრძნობს, რომ ჟანი მისი შვილია და სთხოვს კიდეც მარტას გადაავადონ ჟანის მკვლელობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია დედა-შვილის ურთიერთობა, სცენაში როდესაც ჟანს საწამლავ გარეული ჩაი უკვე დალეული აქვს და ნელ-ნელა კვდება. ლიკა კევლიშვილი და იორეკ ჩიტაშვილი სამსახიობო ოსტატობით გამოხატავენ დედა-შვილის ურთიერთობას. ლიკა კევლიშვილი ანტიკური ტრაგედიის დონის, ცხოვრებისგან გაუბედურებული, გახევებული დედის სახეს ქმნის. დედა სიკვდილს გადაწყვეტს: - როცა დედა ვერ ცნობს შვილს, ეს ნიშნავს, რომ მისი როლი დედამიწაზე დასრულდა.
ადამიანისა და დაუნდობელი ბედის შეჯახება სპექტაკლის კონფლიქტია, რომელშიც ყველა პერსონაჟია ჩართული. გამონაკლისია ნოდარ ცერცვაძის მოხუცი მსახური, რომელიც დაუნდობელი, გარდაუვალი ბედის განსახიერებაა. მსახური ჩნდება სპექტაკლის ყველაზე მნიშვნელოვან სცენებში, მოქმედების განვითარების გარდამტეხ მომენტებში. ის მოისვრის მიცვალებულთა გვამებს ადიდებულ მდინარეში, ის იმყოფება დედასა და მარტას შორის საუბრის დროს, როდესაც გადაწყვეტენ მოკლან და გაძარცვონ ახალი სტუმარი, სწორედ ის აიღებს ჟანის პასპორტს ისე, რომ მარტა ვერ ასწრებს პასპორტში ჩახედვას. ეს პერსონაჟი, რომელიც სპექტაკლის განმავლობაში მხოლოდ ორ მოკლე რეპლიკას წარმოთქვამს, ერთადერთია, ვინც იცის მთელი სიმართლე იმის შესახებ, რაც ხდება და სწორედ მისი წყალობით ამბის განვითარება არა შემთხვევითი ხასიათისაა, არამედ საბედისწერო გარდაუვალობა. სპექტაკლის დასასრულს, მარიას სასოწარკვეთილი ძახილის საპასუხოდ, „შემიწყალე!“ მოხუცი მსახური კვლავ ჩნდება და მტკიცე ხმით ეუბნება: „არა“. სპექტაკლის ეს ბოლო სტრიქონი გამოხატავს ზეცის პასუხს ადამიანის მარადიულ ლოცვებზე მისთვის უკეთესი ბედის წყალობისათვის. გაუგებრობა - სამყაროში მოვლენილი ადამიანის სასტიკი ხვედრია.