გემრიელად მიირთვით?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
გემრიელად მიირთვით?
გულზე ხელი დაიდეთ და თქვენთვის თქვით: რამდენჯერ გაგივლიათ ფიქრში, რომ ერეკლე დეისაძე არასერიოზული მწერალია, რამდენს გიფიქრიათ, რომ ის საერთოდ არ არის მწერალი? დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი დღესაც არ აღიქვამთ მას (მისი სკანდალური იმიჯის გამო) და მის შემოქმედებას (მისი პროვოკაციულობის გამო) სერიოზულად. არადა, ახალგაზრდა მწერალი წერს სიმართლეს, პირდაპირ და შეულამაზებლად, მოგვითხრობს ამბებს, რომელიც შეთხზული კი არ არის, არამედ ზედმიწევნით რეალურია და ამას აკეთებს ოსტატურად, ორიგინალური ფორმითა და მხატვრული ხერხებით.
2014 წელს, სპეციალურად ბათუმის მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალისთვის დაწერილი ტექსტი (რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, მსახიობი თეონა ლეჟავა, ბათუმის დრამატული თეატრი), უკვე მეორედ დაიდგა, რადგან ახალბედა რეჟისორმა და გამოცდილმა მსახიობმა ლექსო ჩემიამ მასში მწვავე და დღესაც აქტუალური პრობლემები დაინახა. სამწუხაროდ, ერეკლე დეისაძის შიგადაშიგ იუმორითა და გულწრფელი წუხილით დაწერილი ამბავი, ერთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალის მონოლოგი, საყოველთაო ტრაგედიაა, არა მხოლოდ მოქმედი პირის, არამედ პირველ ყოვლისა, საზოგადოების, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს ქალის მიმართ ჩადენილ ძალადობას. საზოგადოების ასეთი დამოკიდებულება უფრო დიდ ტრაგედიად მიმაჩნია, ვიდრე ერთი მსხვერპლი, რადგან გლობალური მოძალადე საზოგადოების სახით უფრო საშიშია.
დიახ, ამ აქტუალურ პრობლემაზე ლაპარაკობს ერეკლე დეისაძე და ეს ამბავი ლექსო ჩემიამ, რეგიონის თეატრიდან კიდევ ერთხელ საინტერესოდ, ორიგინალურად და ზუსტი აქცენტებით გააჟღერა.
ლექსო ჩემია მესხეთის დრამატული თეატრის ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული მსახიობია, პარალელურად ის რეჟისურის პროფესიას ავთანდილ ვარსიმაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე ეუფლება და ასევე პარალელურად, კურატორობს საქართველოს თოჯინების თეატრების გაერთიანებაში შემავალ ახალციხის თოჯინების თეატრს, სადაც მან ერთი თოჯინური სპექტაკლი - ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ უკვე განახორციელა. ერეკლე დეისაძის მონოპიესა (გნებავთ მოთხრობა-მონოლოგი) დამწყები რეჟისორისთვის მეორე მცდელობაა თანამედროვე ქართულ სათეატრო რეჟისურაში დამკვიდრების. აღსანიშნავია, რომ „გემრიელად მიირთვით“ რეგიონის თოჯინების თეატრში დაიდგა, ზუსტად იმ პერიოდში, როცა მესხეთის დრამატული თეატრის შენობას რეაბილიტაცია უტარდება და ახალციხის დრამატული თეატრი ახლა საგასტროლო წარმოდგენებზე უფროა ორიენტირებული. პატარა ქალაქის პატარა თოჯინების თეატრმა კი დრო იხელთა და თეატრს მონატრებულ მაყურებელს საღამოს სპექტაკლი შესთავაზა, რითაც ერთი მხრივ, თოჯინების თეატრმა შემოქმედებითი და სარეპერტუარო არეალი გააფართოვა, ხოლო მეორე მხრივ, მოიზიდა უფროსი თაობის მაყურებელი, რითაც ეცდება მაყურებლის სეგმენტის გაფართოებას. იმათ გასაგონად, ვისაც თოჯინების თეატრი მხოლოდ საბავშვო თეატრი გონიათ, ვიტყვი, რომ ეს ასე არ არის და მხოლოდ უახლოეს წარსულში (საბჭოთა კავშირის პერიოდში) მიიჩნეოდა ასე. ქართული თოჯინების თეატრის ხელოვნება, რომელიც დრამატულ თეატრზე უფრო ძველია, სწორედ უფროსებისთვის იყო განკუთვნილი, დრამატულ თეატრსაც არაერთხელ მიუმართავს (გნებავთ უსესხებია) პარამიმიკური ფორმებისთვის (ჩრდილები, მარიონეტები, სხვადასხვა ზომის და ფორმის თოჯინები). სასიხარულოა, რომ საღამოს სპექტაკლები უფროსი მაყურებლისთვის არა მხოლოდ თბილისის და ქუთაისის თოჯინების, არამედ უკვე მეორე რეგიონის თეატრშიც იმართება, რაც თოჯინების თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელის ნიკოლოზ საბაშვილის დამსახურებაა. აქვე იმასაც დავძენ, რომ ლექსო ჩემიას სპექტაკლით გაიხსნა რეაბილიტირებული თეატრი, თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის შემდეგ.
ლექსო ჩემიას სპექტაკლის „გემრიელად მიირთვით“ სიუჟეტურ ქარგაზე არაფერს ვიტყვი, ეს სპექტაკლი მაყურებელმა თავად უნდა ნახოს და უკეთესიც კი არის თუ მცირე მოცულობის ერეკლე დეისაძის ტექსტს წინასწარ არ წაიკითხავს, რადგან სცენაზე მსახიობ ანა ხუბუტიას მიერ მოთხრობილის და მის ირგვლივ განვითარებული მოულოდნელი მოვლენების შოკისმომგვრელი ეფექტი არ დაიკარგოს. სჯობს მაყურებელი ალალად გაყვეს მსახიობის მოყოლილ ამბავს.
„გემრიელად მიირთვი“ არ არის წმინდა დრამატული სპექტაკლი. რეჟისორი სხვადასხვა სათეატრო სახეობას იყენებს, როგორც გამომსახველობით საშუალებას - ცოცხალ მსახიობთან ერთად, მისი პარტნიორი თოჯინაცაა, რეჟისორი ასევე მიმართავს ჩრდილების თეატრის ელემენტების გამოყენებასაც, ინტერაქციას, რითიც მაყურებელი უშუალო მონაწილე ხდება წარმოდგენის.
ლექსო ჩემია, როგორც რეჟისორი არაერთ ხრიკს იყენებს. მაგალითად, ის ცდილობს არ მოადუნოს მაყურებელი, მუდმივად ინტრიგის ქვეშ ამყოფოს და მაქსიმალურად აარიდოს თავი მონოსპექტაკლისთვის დამახასიათებელ მონოტონურობას და მოწყენილობას. რეჟისორი თანაბრად, ერთმანეთის მონაცვლეობით მიმართავს რეალისტური თეატრისთვის დამახასიათებელ სტილს და მხატვრულ ენას, მეტაფორებს, პირობითობას. პიესას ერთი მოქმედი გმირი ყავს, სხვა პერსონაჟების შესახებ კი თავად მთავარი გმირი მოგვითხრობს. ლექსო ჩემია კი მათ სხვადასხვა ფორმით აცოცხლებს. მთავარი გმირის ქმარი - ფიტულია, საფრთხობელას პრინციპით აწყობილი თოჯინა (რაც არ არის შემთხვევითი და რეჟისორის გამიზნული ჩანაფიქრია), რომელსაც თოჯინის ტარების დიდი გამოცდილების პატრონი მსახიობები: ცირა ტაბატაძე, მაია თორდუა, ლია გელაშვილი და მიხეილ ბერიძე აცოცხლებენ, ისინი სხვა ეპიზოდებშიც ჩნდებიან მეზობელი ქალის, მთავარი გმირის დაქალების თუ დედის ამპლუაში. ამ მცირე ეპიზოდებში ისინი ახერხებენ პერსონაჟების ხასიათის და ტიპაჟების მკვეთრად წარმოჩენას.
ლექსო ჩემია არც პირდაპირ და არც ირიბ ინტერაქტივზე ამბობს უარს. პირიქით, ის ინტერაქციის პრინციპზე აგებს წარმოდგენას და ცდილობს დარბაზში მსხდომთა კონტროლს და უნდა აღინიშნოს, რომ ის დასახულს მიზანს წარმატებით აღწევს. ცნობილია, რომ პირდაპირ ინტერაქტივს თეატრის მაყურებელი საქართველოში (მგონი საზღვრებს გარეთაც) არ სწყალობენ. მაყურებელს ირიბი, არაშემხებლობითი ინტერაქტივი ურჩევნია, მსახიობმა ანი ხუბუტიამ კი ისე აიყოლია დარბაზში მსხდომნი, რომ წარმოდგენის ბოლომდე აქტიურ პოზიციაში ამყოფა, ჩემდა გასაკვირად, მაყურებელი მსახიობის დასმულ კითხვებსაც პასუხობდა და ინიციატივასაც იჩენდა მსახიობთან პირდაპირ საკომუნიკაციოდ. თეატრში ერთ-ერთი მთავარი სწორედ კომუნიკაციაა, რაც დამდგმელ ჯგუფს ნამდვილად გამოუვიდათ.
რეჟისორი სპექტაკლის ბოლომდე ინარჩუნებს იუმორს და ტრაგიკულ ისტორიას რეფრენად მიყვება კომიზმის ელფერი, რაც მსახიობ ანა ხუბუტიას დამსახურებაცაა, რომელიც რეჟისორის ჩანაფიქრის მაყურებლამდე ეფექტურად მიტანას ახერხებს. მართალია, ცოცხლად სიმღერა სცენაზე მისი (ასე მეჩვენება) ძლიერი მხარე არ არის, მაგრამ მაყურებელთან პირდაპირი ინტერაქტივი მას კარგად გამოსდიოდა, იმდენად, რომ წარმოდგენის ბოლომდე მაყურებელი მიყვებოდა მას, რაც გამოიხატა დასმულ კითხვებზე აქტიურ პასუხებში, მსახიობის მოთხრობილი ამბის მიმართ გამოხატულ დადებით თუ უარყოფით ემოციებში. ფინალურ ეპიზოდში მაყურებლის ჩოჩქოლიც კი შეიმჩნეოდა, იმდენად იყო აუდიტორია ჩართული სცენაზე გათამაშებულ მოვლენებში.
ანუ ხუბუტიამ ერთი კონკრეტული ქართველი ქალის მაგალითზე, გაგვიცოცხლა ასობით (ვიმედოვნებ, რომ ათასობით არა) თანამედროვე ქართველი ქალის ტრაგიკული ისტორია, მეოცნებე და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალიდან, ძალადობის მსხვერპლად ქცეულ ქალამდე, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერას ვერ გრძნობს და ისტორია ვითარდება ლოგიკურ ფინალამდე - ძალადობა შობს ძალადობას! ვფიქრობ, ანი ხუბუტიას შექმნილ მხატვრულ სახეს აკლია ფერები, მოცემულ სიტუაციაში ადეკვატური და ზუსტი შეფასება, ინტონაციის ცვალებადობა, მონოტონური თხრობისგან გაქცევა, გმირის გარკვეული მდგომარეობის (სიხარული, აღტაცება, გაბრაზება, ტკივილი, ტანჯვა...) შესაბამისი გადმოცემა.
სცენოგრაფია, რომელიც ლელა ფერაძეს ეკუთვნის, მოქმედია და დინამიკური, თუმცა მგონია, რომ ის კონტრასტში მოდის სპექტაკლის საერთო გადაწყვეტასთან. ამბავი, რომელიც სცენაზე თამაშდება, ჩვენს დროში ხდება და რეალურია, დეკორაცია კი მხატვრული, ტექნიკურად მოძველებული ხერხებითა და მეთოდებით შექმნილი, ოდნავ ტრაფარეტული, რადგან მხატვრის მეტაფორა დღეს უკვე პლაკატურად გამოიყურება - წითელი ძაფებით შექმნილი სისხლის ეფექტი, სრულად აცდენილად გამოიყურება სპექტაკლის ზოგად გადაწყვეტასთან კომბინაციაში. მხატვრის მიერ შექმნილ მხატვრულ სამყაროში, ყოფითი, მხატვრულად დაუმუშავებელი დეტალი - აბაზანა „იჭრება“, რომელიც ყველაზე ლოგიკურად იცქირებოდა, ისე როგორც რეკვიზიტი და კამერა. სცენოგრაფის ჩანაფიქრით, შავი ფერის კედლები წითელი აბსტრაქტული და ზოგჯერ კონკრეტული დეტალებით სპექტაკლის მთავარი მოქმედი პირის ცხოვრებას ირეკლავს, თუმცა მეტაფორული სცენოგრაფია ეწინააღმდეგება სპექტაკლის საერთო გადაწყვეტის სტილს.
დავით კლდიაშვილს (და არა მხოლოდ მას) მიაჩნდა, რომ ქართველების ყველაზე ორგანული ჟანრი ტრაგიკომედიაა. ერეკლე დეისაძის „გემრიელად მიირთვით“ ახალციხის თოჯინების თეატრის სცენაზე სწორედ ტრაგიკომედიის ჟანრში გათამაშდა, სადაც ერთმანეთს ლოგიკურად, ჰარმონიულად, თანმიმდევრულად ენაცვლებოდა იუმორი და სევდა, კომიზმი და ტრაგიკული მოვლენები. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ სათქმელი, რაც დამდგმელ ჯგუფს ჰქონდა, სწორად შერჩეული ფორმით და საშუალებებით, ნამდვილად მივიდა მაყურებლამდე. სცადეთ თქვენც და ნახეთ ლექსო ჩემიას სპექტაკლი ერეკლე დეისაძის მონოპიესის „გემრიელად მიირთვით“ მიხედვით, ანა ხუბუტიას შესრულებით, საღამოს წარმოდგენაზე ახალციხის თოჯინების თეატრში.