top of page

„ღია შუშაბანდი“ მესხეთის თეატრში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

84138384_1533935993427380_1633553457703026688_n.jpeg

გუბაზ მეგრელიძე

ღია შუშაბანდი მესხეთის თეატრში

შადიმან შამანაძის პიესა „ღია შუშაბანდი“ დიდი ხანია ქართული სცენიდან არ ჩამოდის. თავის დროზე მან საქართველოს თითქმის ყველა თეატრი მოიარა და ახლაც, დროდადრო იდგმება. ამჯერად, მესხეთის თეატრმა თავისი ვერსია შემოგვთავაზა.

რეჟისორმა კახა გოგიძემ კომუნისტური პერიოდის ყოფის გამომსახველი ტექსტის ნაწილი თანამედროვე ტერმინოლოგიით შეცვალა. სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია მატერიალური გაჭირვებაში ჩავარდნილი ინტელიგენტი ოჯახის ბედი და მორალური მდგომარეობა, მშობლებისა და შვილთა განსხვავებული თვალთახედვა არსებული ვითარებისადმი და გამოსავლის ძიების გზები. მოქმედების მსვლელობისას ისმის პოპულარული ანსამბლ „ბითლზის“ სიმღერა („როდესაც მე 64 წლის ვარ“), რომელიც ახალგაზრდობაში დათიკოს (ანდრია ვაჭრიძე), ახლა კი ამირანს (მალხაზ შაყულაშვილი) უყვარს, რაც ერთ დროს მამის სულიერი სამყაროს ნაწილი იყო, ახლა კი ამირანისთვის გართობის ელემენტად ქცეულა. რეჟისორი კახა გოგიძე ყურადღებას თაობათა ამ განსხვავებულ თვალთახედვაზე ამახვილებს. სწორედ ამაშია მათი ოჯახური დრამაც _ მატერიალური სიდუხჭირეც, ხასიათების შეუთავსებლობაცა და საზოგადოებრივი გაუცხოებაც.   

მოქმედება პიესის მიხედვით, ძველ და გაურემონტებელ ბინაში მიმდინარეობს, სადაც დროს გაჩერებაზეც უმოქმედო საათი მიუთითებს (სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი ნანა ყორანაშვილი). ოჯახის წვერებს შორის უთანხმოება მატერიალური სიდუხჭირისა და აქედან გამომდინარე დაძაბული ურთიერთობების გამო იქმნება. მაყურებელიც ამ გარემოს თავდაპირველად ოჯახის დიასახლისის, გიულის (მანანა ბერიძე) მიერ იატაკზე ტარაკნების წამლის მოსხმითა და შვილის ამირანის (მალხაზ შაყულაშვილი) გაღვიძებით აღიქვამს. პირველი კონფლიქტიც იატაკზე დაგდებული 5 ლარიანის პოვნის შემდეგ იწყება, რადგან გახარებული დედა ფულს ჯიბეში იდებს, ხოლო ამირანის მიერ დანაკლისის ძებნის დროს უკმაყოფილოდ, გარკვეული იმედგაცრუებით ეუბნება ძირს ეგდოო. მსახიობ მარინა ბერიძის გიული ოჯახის ყოველდღიურობაზე მზრუნველი ქალია, რომლის ენერგიულ გარჯას ვერავინ ხედავს ნაკლოვანებებზე მითითების გარდა. ამ მდგომარეობას იგი შეჩვეულია და ყურადღებას არ აქცევს, რადგან მისთვის მთავარი მამა-შვილის დაძაბული ურთიერთობის განეიტრალებაა. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურადაა განწყობილი ოჯახის წინსვლისთვის და რემონტის გაკეთებაზეც ფიქრობს, ოღონდაც ფულს ქალიშვილ ყამარს (ჯუნა თუმანიშვილი) მორიდებით სთხოვს, თუმცა უშედეგოდ. გიული მეუღლის (ანდრია ვაჭრიძე) უხეშ და დამამცირებელ დამოკიდებულებასაც იტანს, რადგან მისი აგრესიის ეშინია და მორიდებით ელაპარაკება. შინაგანად დაღლილია, მაგრამ ცდილობს მოჩვენებითი კარგი განწყობით ვითარება განმუხტოს. გიული შეჩვეულია შვილების `შაყირს” და ყურადღებასაც აღარ აქცევს, თვითმკვლელობაზეც საუბრობს, მაგრამ აბაზანიდან გამოსვლის დაგვიანების გამო შვილების შეშფოთებული რეაქციით გაკვირვებულია და სიამოვნებს კიდეც, რომ მისი ბედი ფარულად ანაღვლებთ. უხერხულობას გრძნობს მეზობელთან წყლის ჩასვლისა და რემონტის გაფუჭების გამო და ჩხუბის თავიდან ასაცილებლად ანაზღაურებასაც ჰპირდება, ოღონდ თვითონაც არ იცის რა საშუალებებით. აღარ ფიქრობს თავმოყვარეობის დაცვაზე და ოჯახის წვერთა ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. ამ ფონზე კი ირონიულად აღიქმება ყოველ სატელეფონო ზარზე დედის გარდაცვალების მოლოდინი და უადგილო შეცხადება, რომლის სანახავადაც წასვლას ვერ ახერხებს. მსახიობი კარგად ახერხებს ამ შინაგანი ცვალებადობების ჩვენებას.

ამირანი მ.შაყულაშვილის შესრულებით შექმნილი ოჯახური სიტუაციისადმი ნიჰილისტურადაა განწყობილი. მისთვის ყველაფერი უინტერესო ხდება და გამოსავალს ანსამბლ „ბითლზის“ სიმღერის მოსმენაში ეძებს, რომლის ძველი პლაკატი საწოლთან გაუკრავს. მისი დამცინავი საუბრის ტონი საკუთარი ცხოვრების უპერსპექტივობიდან გამომდინარეობს, რომლის შეცვლის საშუალებასაც მამა არ აძლევს მორალური პრინციპებიდან გამომდინარე. ამიტომ თავისი უკმაყოფილების დასაფარად, ის სულ ხუმრობს და ნაძალადევად არტისტობს, რასაც ხაზგასმულად, ირონიული დამოკიდებულებით აკეთებს. თუმცა ხშირად გაფუჭებულ იატაკზე ფეხის ხშირი წამოკვრა აღიზიანებს და მძიმე ყოფას ვერ ეგუება. ბოლოს, მამის ცხოვრებისეული აღსარებისა და მოულოდნელი ინფარქტის შემდეგ, მამა-შვილის ურთიერთობა შემრიგებლური და გულწრფელი ხდება. ამირანი იგებს მამის დრამატულ ცხოვრებას და ხედავს, რომ ასეთ არსებობას იგი ვეღარ გააგრძელებს. 

ყამარი (მაცაცო) მსახიობ ჯუნა თუმანიშვილის შესრულებით უფრო ინფანტილურია, მობეზრებული აქვს ოჯახური კინკლაობა, საკუთარი პირადი ცხოვრებაც არა აქვს და ვერც სტუდენტობის ხიბლით ტკბება. ძმის უსაქმურობისადმი ირონიული დამოკიდებულება აქვს. დედას თითქოს თანაუგრძნობს, მაგრამ არც დაცინვას აკლებს, თუმცა მამასთან კონფლიქტს ერიდება. იგი თვლის, რომ მისი კარგი გარეგნობა უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს, შესაძლოა საერთოდ მამაკაცებისადმი აგრესიულობა აქედანაც იღებდეს სათავეს. მამის ინფარქტის დროს კი გრძნობს მოახლოებულ საშიშროებას და ცდილობს უფრო გაგებით მოეკიდოს ოჯახურ განსაცდელსა და დედასა და ძმას მეტი თანაგრძნობა და სითბო დაანახოს.

ამ ოჯახურ ყოფაში იჭრება მეზობელი, რომელიც აღშფოთებულია მათი დაუდევრობის გამო მისი ბინის რემონტის გაფუჭებით. მსახიობი ცირა ტაბატაძე გარეგნულად „ევროპული“ ტიპის ქალს თამაშობს, მაგრამ სინამდვილეში საკმაოდ აგრესიული, დაუნდობელი ადამიანია და სანტექნიკის გაკეთებაშიც ერკვევა. იგი ირონიულად აფასებს გიულის ფუჭ დაპირებას რემონტის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ გამოსავალს მის მიერ შემჩნეულ ძველებური კაკლის ბუფეტის გაყიდვაში ხედავს, რასაც საუბრის ტონითა და ჟესტიკულაციით გამოხატავს და მრავალმნიშვნელოვნად ეუბნება მოვრიგდებითო. მსახიობი გამოჰყოფს მისი პერსონაჟის პროვინციალიზმს, მოჩვენებით ინტელიგენტობას, რაც მისი მოქმედებით, სინამდვილეში გამომძალველ, საკუთარ კეთილდღეობაზე მზრუნველ ადამიანად წარმოგვიდგება.

ოჯახის უფროსი, მსახიობ ანდრია ვაჭრიძის შესრულებით, პატივმოყვარე ადამიანია. საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად უხეშობს მეუღლის მიმართ და მას სიტყვიერად შეურაცხყოფს. არც მისი საუბარი აინტერესებს რემონტის თაობაზე. გაღიზიანებულია, რომ სახლში ვერაფერი შემოაქვს და ჯავრს ოჯახის წევრებზე სიტყვიერი შეურაცხყოფით იყრის. სტუმართანაც ლანძღავს ამირანს, რადგან შესაფერი ვითარება მოძებნა და შვილიც კამათს ვერ გაბედავს. მისი პიროვნული დრამა შეუმდგარი ცხოვრებაა, რასაც ძალიან განიცდის, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეუძლია და მხოლოდ ინსტიქტურად არსებობს. ამიტომაც თავდავიწყებას, რეალობიდან გაქცევას სმაში ხედავს და ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს ქართული სუფრის ტრადიციებზე, როგორც ეს პიესაშია. მხოლოდ ინფაქტის დროს უბრუნდება რეალობას, შეიგრძნობს ოჯახისადმი უყურადღებობას, სიდედრიც კი წლების მანძილზე რომ ვერ ნახა და ამირანთანაც პოულობს შერიგების გამართლების საშუალებებს. ხვდება, რომ ოჯახის წევრთა გარდა გულშემატკივარი არ ჰყავს, რომლებსაც უსამართლოს ექცეოდა.

სპექტაკლში ორი სტუმარი ერთით არის შეცვლილი და ისიც ჩვეულებრივი მოქეიფეს ნაცვლად, ბომჟად წარმოგვიდგება. კონსტანტინე კახიშვილის სტუმარი ცხოვრებაში დაკარგული ადამიანია, ოღონდაც დათიკოზე უარეს მდგომარეობაშია და დათიკოსაც სწორედ მასზე უპირატესობის საჩვენებლად მოჰყავს ოჯახში.

 

საკმაოდ სახალისოა, როდესაც თითებგამოხეული წინდებით, გაცვეთილი სამოსით მდგომი სტუმარი მობილურ ტელეფონს იღებს და სიმღერებს ისმენს, თუმცა მსახიობს დიდი ადამიანური ტკივილიც მოაქვს.

სპექტაკლის ფინალი რეჟისორ კახა გოგიძეს სხვაგვარად აქვს გადაწყვეტილი. პიესაში მამის გარდაცვალება არ ჩანს. სპექტაკლში კი მისი სიკვდილი გზას უხსნის შვილების მომავალს, რომლებსაც უკვე საკუთარი ცხოვრების მოწყობა დამოუკიდებლად შეუძლიათ. ამის მაჩვენებელია ბინის უკანა კედლის გახსნასა და ცის გამოჩენასთან ერთად აქამდე გაჩერებული საათის ამუშავებაც _ გაჩერებული დრო დაიძრა, რაც მამას შეჩერებული ჰქონდა...

bottom of page