top of page

„ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“

58608443_1345052808959747_33967274521463

„Подарка“ „GIFT“ - მა ჩაანაცვლა... ანუ ფესტივალის „საჩუქარი“ 2019 წლის სიახლეები

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

XXII ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ ყოველწლიურად განსაკუთრებულ სიურპრიზებს უწყობს თავის ერთგულ მაყურებელს, მაგრამ წლევანდელი პროგრამა მაინც განსაკუთრებულია. ფესტივალის გუნდის მუდმივად „ფორმაში ყოფნას“ კონკურენტუნარიანი გარემოც უწყობს ხელს, რომელიც თავად „საჩუქარმა“ შექმნა, ისე როგორც საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების ტრადიცია საქართველოში.

 

წელს ფესტივალის გუნდმა რადიკალურად შეცვალა სარეპერტუარო პოლიტიკა და საგრძნობლად გააფართოვა მონაწილე ქვეყნების გეოგრაფია, ამავდროულად, წელს, ფესტივალმა საკუთარ თავს მაღალი მხატვრული თამასა დაუწესა , რომელიც პრინციპულად დაიცვა, რაზეც მეტყველებს  წარმოდგენილი სპექტაკლები. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იგივე, როგორც ამას ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე ამბობს, „შაგრენის ტყავივით დაპატარავებული ბიუჯეტით. ლარის „საბოლოო დაცემისა და გათახსირების“ პირობებში, რაც სასიკვდილო დარტყმას აყენებს ნებისმიერ საერთაშორისო ფესტივალს და საფრთხეს უქმნის მათი ჩატარების საკითხს, „საჩუქარმა“ შეუძლებელი შეძლო და მოახერხა ქართველი მაყურებელი თანამედროვე სამყაროს თეატრალური მიღწევების რეტროსპექტივა მოეხდინა.

 

წლევანდელ პროგრამაში ვეღარ შეხვდებით რუსული თეატრის შედევრებს. წელს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გუნდმა (ქეთი დოლიძე, სოფო თორთლაძე) ფსონი დასავლეთ ევროპულ თეატრზე დადო და უკვე პირველივე წარმოდგენებიდან ჩანს, რომ მაყურებელს იზიდავს, აინტერესებს და ხიბლავს მაღალი მხატვრული სტანდარტი. წლევადელი ფესტივალის პროგრამაში შეხვდებით მაგი მარენის (საფრანგეთი), კარლოტა ფერერის (ესპანეთი), ვიქტორია ტიერი ჩაპლინის (იტალია-საფრანგეთის კოპროდუქცია), კარლოს მარკერის (საფრანგეთი) და ქეროლინ კარლსონის (აშშ) ნამუშევრებს.

 

 

„როგორ მძულს და როგორ მიყვარს თეატრი“, ანუ „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“

 

რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი არა მხოლოდ მაგი მარენის კომპანიის წარმოდგენამ „May B“ შეავსო მაყურებლით, არამედ ესპანელი რეჟისორის კარლოტა ფერერის სპექტაკლმაც „ეს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ მიიზიდა ქართველი მაყურებელი. სპექტაკლი „ტეატრო დელ კანალ“ და ექსპერიმენტული თეატრალური ლაბორატორია „დრაფტ ინ“ - ის ერთობლივი ნაწარმოებია.

ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლის“ ტექსტის ახლებურ სცენურ ინტეპრეტაციაზე რეჟისორთან კარლოტა ფერერთან ერთად ხოსე მანუელ მორამ იმუშავა და შექმნა ლორკას ტექსტზე დაფუძნებული პრობლემების სრულიად ახლებური გააზრების სისტემა და განსხვავებული აქცენტებით დახუნძლა კლასიკადქცეული ტრაგიკული ნაწარმოები.

 

დამდგმელმა ჯგუფმა თავიდანვე შეგვამზადა, რომ მაყურებელი არ ნახავდა ლორკას „ბერნარდა ალბას სახლის“ სცენურ ვერსიას, რაც სათაურშიც დაადასტურა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი წარმოადგენს ლორკას პიესის სიუჟეტის მოკლე, მიმოხილვით ვერსიას და სპექტაკლში ჩართულია ხოსე მანუელ მორას და კარლოტა ფერერის ტექსტები, სპექტაკლი მაინც რჩება „ბერნარდა ალბას სახლის“ თანამედროვე გააზრებად. უფრო მეტიც, მოკლე სიუჟეტის თხრობის, ფაქტობრივად პიესის სიუჟეტის შეხსენების პარალელურად რეჟისორი მიდის პერსონაჟთა ხასიათის სიღრმეებში და თითქოს შეუმჩნეველი დეტალებით ხატავს მათ. ეს ხასიათი არა მხოლოდ ტექსტების სცენაზე წარმოთქმაში, არამედ ქორეოგრაფიულ და ვოკალურ გადაწყვეტაშიც ჩანს.

 

სპექტაკლი რამდენიმე თვალსაზრისით იყო საინტერესო. გარდა იმისა, რომ წარმოდგენა მაღალ მხატვრულ სტანდარტს და თანამედროვე თეატრის პარამეტრებს აკმაყოფილებს, წარმოადგენს ერთგვარ მანიფესტს ფემინიზმსა და თანამედროვე თეატრზე, რომელსაც ქალები კი არა, მამაკაცები ასრულებენ. მამაკაცები აღმოჩნდნენ გამტარი იმ გრძნობების, რასაც ძალადობის მსხვერპლი, ერთ სივრცეში ჩაკეტილი ქალები განიცდიან.  სტერეოტიპებს, რომელიც საზოგადოებამ ქალებს დაუწესა, ამ სპექტაკლში მამაკაცები ამსხვრევენ. მამაკაცები ისწრაფვიან და  იბრძვიან თავისუფლების მოპოვებისთვის. ქალი პერსონაჟების ამპლუაში არავის გაკვირვებია მამაკაცი მსახიობების ხილვა, რადგან ისინი ქალებს კი არ თამაშობდნენ, არამედ გვიყვებოდნენ ქალებზე. როგორც პიესაში იბრძვიან სტერეოტიპების დასამსხვერვად, ასევე დამდგელი ჯგუფი იბრძვის თეატრში დამკვიდრებული სტერეოტიპების დასანგრევად, რადგან პერსონაჟების და დამდგმელი ჯგუფის გამოწვევა სწორედ რომ სტერეოტიპების მსხვრევაა. ასე გადაეჯაჭვა ერთმანეთს თეატრი და ფემინიზმი, როგორც სოციალური ინსტიტუციები.

ესპანელი მამაკაცი მსახიობები ესებიო პონცელა, ოსკარ დელა ფუენტე, ქრისტობალ სუარესი, კარლოს დელ ილმო, დავიდ ლიუკი, ჯულია დე კასტრო, გილერმო უექერტი, არტურო პარილა, ალბერტო ველასკო და ხაიმე ლორენტე  წარმოაჩენენს ქალებს, რომლებიც მამაკაცად გაჩენას ნატრობენ.

 

სპექტაკლი თანამედროვე თეატრზე ერთგვარი პროლოგით იწყება და ფემინისტური ეპილოგით სრულდება. რეჟისორი კარლოტა ფერერი თანამედროვე თეატრის არსს, ფუნქციასა და პრინციპებს გვახსენებს და სწორედ ამ გადასახედიდან წარმოგვიდგენს რეჟისორი ქალბატონი მამაკაცის პიესას ქალებზე კაცების შესრულებით.

 

კარლოტა ფერერი მიზანსცენებში სიუჟეტური ფერწერის შედევრების სცენებსაც აცოცხლებს, რომელიც ორიგინალური მხატვრული ტილოებივით დახვეწილი და ესთეტიურია, ისე როგორც მთლიანად სპექტაკლი. აქ ვერ შეხვდებით ვერც ერთ ზედმეტ და უშინაარსო მოძრაობას, ჟესტიკულაციაც კი მკაცრად შემოსაზღვრულია და რაფინირებული.

 

ე„ს არ არის ბერნარდა ალბას სახლი“ არის სპექტაკლი ქალებზე, მათ სწრაფვაზე თავისუფლებისთვის, რომელსაც კაცები ყვებიან. ეს არის წარმოდგენა ფემინიზმზე თანამედროვე აქცენტებით, რომელიც ამსხვრევს სტერეოტიპებს არა მხოლოდ ქალის უფლებებისთვის ბრძოლაზე, არამედ ებრძვის დამკვიდრებულ სტერეოტიპებს თანამედროვე თეატრზეც.

bottom of page