top of page

გიორგი გაგნიძე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

272910223_3221798151372369_1410458019498819764_n.jpg
272961541_629658198321193_1303665030047396423_n.jpg
272447540_462217758955300_2158993862522641537_n.jpg

გვანცა ღვინჯილია

გიორგი გაგნიძე

პორტრეტი

 

გიორგი გაგნიძე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მომღერალია, გენიალური ბარიტონი, რომელმაც მსოფლიოს საოპერო სცენები უკვე დიდი ხანია დაიპყრო. ვეცდები სხვადასხვა კუთხიდან დაგანახოთ მისი პიროვნული თუ შემოქმედებითი პორტრეტი.

გიორგი გაგნიძის ბიოგრაფიის ძირითადი ხაზები

მომღერლის შემოქმედებითი ცხოვრების ტრიუმფული სვლა მსოფლიოს საოპერო სცენებზე მუდამ დარჩება პრესის პირველხარისხოვანი ინტერესის საგანი, მაგრამ არანაკლებ საინტერესო ამ გზის დასაწყისია.

იურიდიული დაუსწრებელი ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ გიორგი გაგნიძემ კონსერვატორიაში ჩააბარა. იმხანად ვერც კი წარმოიდგენდა რა საჩუქარს უმზადებდა მას განგება. სტუდენტის დახელოვნებაში მონაწილეობდნენ პედაგოგიური ნიჭით დაჯილდოებული უფროსი კოლეგები _ დიზი ხელაშვილი, ნანა ასკურავა, საქართველოს სახალხო არტისტი თამაზ ლაფერაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და შემდგომ ასპირანტურაც. კონსერვატორიაში ჩაბარების დღიდან გიორგი გაგნიძემ დიდი მიზნისკენ აღებული გეზის გამო ცხოვრების სტილი შეცვალა. გამოიმუშავა ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა ცხოვრების კრედოდ აქცია. უდიდესი როლი მის პროფესიულ ჩამოყალიბებაში ითამაშეს გურამ მელივამ, რობერტ სტურუამ და ჯანსუღ კახიძემ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებიდან დაწყებულ შემოქმედებით თანამშრომლობას კონცერტმაისტერ ვიქტორია ჩაპლინსკაიასთან. მათ ერთობლივად მოამზადეს მრავალი კონცერტის პროგრამა, პ. ჩაიკოვსკის და ს. რახმანინოვის მონოგრაფიული საღამოები, საერთაშორისო კონკურსების პროგრამები და სხვა.

ჩვენი ქვეყნის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმძიმეს 90-იან წლებში სწორედ ქართულმა კონსერვატორიამ და ქართულმა ვოკალურმა სკოლამ აღზარდა გიორგი გაგნიძე. გასაოცარია და თბილისის საოპერო სცენაზე 23 წლის ახალბედა ვოკალისტი 13 მთავარ პარტიას მღეროდა. ისიც სიმბოლურია, რომ მისი დებიუტი ქართულ საოპერო თხზულებას უკავშირდება (მურმანის პარტია). ამხელა რეპერტუარი დამწყები მომღერლის სერიოზული განაცხადი იყო და უდიდეს არტისტულ ენერგიაზე მიუთითებს, რომლის გახარჯვაც 13 პერსონაჟად გარდასახვას სჭირდებოდა. ასე რომ, ჩვენი ეროვნული სიამაყე _ გიორგი გაგნიძე „სახლშიც ვარგოდა“ და როდესაც მსოფლიოს სცენების „მოსანადირებლად“ გაეშურა, იქაც ერის ღირსეულ დესპანად დარჩა. შემთხვევით არ გადასცა მას ქართულმა თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული სცენის დესპანის წოდება.

გიორგის კარიერაში უდიდესი წვლილი შეიტანა ჯანსუღ კახიძემ, რომელსაც  გარდა გენიალური სადირიჟორო ელვარებისა, გამოარჩევდა ერთი საგულისხმო თვისება _ ბუნებით  ბოძებულ ნიჭიერებას, ზრდის პოტენციალს იგი საფუძველშივე ხედავდა ხოლმე და მუსიკაზე  ფანატიკურად შეყვარებული, თვითშემეცნების წყურვილით სავსე ახალგაზრდებისთვის გაათმაგებული ძალით მუშაობდა. ჯანსუღ კახიძემ, რომელსაც გიორგის გაბრწყინებაში ეჭვი არ შეჰპარვია, მომღერალს უდიდესი წარმატება უწინასწარმეტყველა და საზღვარგარეთ წასვლისთვისაც შეაგულიანა. ფაქტობრივად, გიორგი გაგნიძის მსოფლიო სასცენო ნათლობა ჯანსუღ კახიძეს უკავშირდება. გიორგი გაგნიძესთან პირად საუბარში უდიდეს სიყვარულს ამოიკითხავთ კონსერვატორიის და თბილისის ოპერის თეატრისადმი.

ქართველმა ბარიტონმა მსოფლიოს დაანახა ქართული ვოკალური სკოლის ერთი ასეთი თვისება _ ჩვენი მომღერალი კონსერვატორიაში იმგვარადაა აღზრდილი, რომ საზღვარგარეთ წასვლისას ფლობს არა მხოლოდ ფართო რეპერტუარს და პროფესიულ უნარებს, არამედ  პროფესიული ზრდის დიდი პოტენციალიც გააჩნია.

ამგვარად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ და თბილისის საოპერო თეატრმა მომღერლის ჩამოყალიბებაში კოლოსალური როლი ითამაშა. სწორედ ამ ორი უძველესი სამუსიკო კერის ღირსებები წარმოაჩინა მან საზღვარგარეთ; თბილისიდან უკვე სრულიად ჩამოყალიბებული მომღერალი გაემგზავრა, მსოფლიოს სცენებმა კი ქართული ვოკალური სკოლის კიდევ ერთი მარგალიტი შეიძინა. ქართული ვოკალური სკოლა რომ უკვე ათწლეულების მანძილზე ამარაგებს მსოფლიოს და ჩვენი ვოკალისტები სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობენ, ეს აღარავისთვისაა სიახლე. მათ დიდი ხანია აღარ ეკითხებიან რომელ `ჯორჯიაზეა~ საუბარი, რადგან ჩვენი ვოკალური სკოლის წყალობით საკმაოდ ცნობადი ქვეყანა ვართ მსოფლიო საოპერო რუკაზე.

1995 წელს თბილისის მუსიკოს-შემსრულებელთა რესპუბლიკურ კონკურსში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ გიორგი გაგნიძე კიდევ რამდენიმე კონკურსის ლაურეატი გახდა: ლეილა გენჯერის საერთაშორისო კონკურსი (2000), ელენა ობრაზცოვას სახელობის კონკურსი (2001), `ვერდის ხმების~ საერთაშორისო კონკურსი (2005), რომლის  ჟიურის თავმჯდომარემ ხოსე კარერასმა და კატია რიჩარელიმ გიორგის გრან პრი გადასცეს. სწორედ აქედან დაიწყო გიორგი გაგნიძის საერთაშორისო აღიარება.

2005 წლიდან იგი ვაიმარის ნაციონალური ოპერის სოლისტია, 2007 წელს მას იწვევენ `ლა სკალაში~ სეზონის გახსნაზე „ტრავიატაში“ მონაწილეობის მისაღებად. 2009 წელს შედგება მისი პრემიერა მეტროპოლიტენ ოპერაში სკარპიას პარტიით ლორინ მააზელის დირიჟორობით, რაც მსოფლიოს 56 ქვეყანამ იხილა ცოცხალ ეთერში. ასე თანდათან იპყრობდა გიორგი გაგნიძე მსოფლიოს სცენებს: „კოვენტ გარდენი“, მადრიდის სამეფო თეატრი, პარიზის ბასტილიის თეატრი, ბერლინის „დოიჩე ოპერა“, ვენის, ბერლინის ოპერები, მიუნჰენის „შტადს ოპერა“, სან ფრანცისკოს და ლოს ანჯელესის ოპერის თეატრები, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა, ტოკიოს ნაციონალური თეატრი, „არენა დი ვერონას“ ფესტივალი... მასთან თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ უდიდესი შემსრულებლები და დირიჟორები: ჯანსუღ კახიძე, ლორინ მააზელი, ზუბინ მეთა, ჯეიმს ლივაინი, ფაბიო ლუისი, ჯეიმს კონლონი, პლასიდო დომინგო, დანიელ ორენი, ნიკოლა ლუიზოტი, ჯანანდრეა ნოზედა, ჯანკარლო დელმონაკო, პიტერ შტეინი, ლილიანა კავანი ხოსე კარერასი, რობერტო ალანია და სხვები. 

დღეს, როდესაც მსოფლიოს საოპერო თეატრები ეპაექრებიან ერთმანეთს, საოცნებო სცენებად მაინც რჩება „ლა სკალა“ და „მეტროპოლიტენ ოპერა“. გიორგიმ პროფესიული და პიროვნული თვისებების გამო ორივე დაიპყრო. მან „მეტროპოლიტენ ოპერის“ 100-ზე მეტ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და სამართლიანად იქცა ამ თეატრის ისტორიის განუყოფელ ნაწილად.

გიორგი გაგნიძე – კოლეგა

გიორგი გაგნიძე  უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსების თვალში; აი რა შეფასებებს აძლევენ მას კოლეგები:

პლასიდო დომინგო _ „ძალიან გამიმართლა, რომ საქართველოში საუკეთესო ხმის პატრონ მომღერლებს ვიცნობ და გიორგი ერთ-ერთი მათგანია. ის ძალიან დიდი მომღერალია“;

დანიელ ორენი _ „ისეთი საოცარი საოპერო მომღერლის ხმაში, როგორიც გიორგი გაგნიძეა, უამრავი ფერი ჟღერს, ამიტომ ვაფასებ მას, ჩემი აზრით, ის დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო ბარიტონია“;

რობერტო ალანია _ „დიდ გულთან ერთად დიდი და საოცარი ხმა აქვს, ჩემთვის ყოველთვის პატივია მასთან ერთად სცენაზე დგომა“;

ილიას ცემპედონისი (პარიზის ნაციონალური ოპერის კასტინგ დირექტორი) _ „იაგოს როლი ბარიტონის ერთ-ერთი რთული პარტიაა, მსოფლიოში სულ 3 ბარიტონია, ვისაც მისი შესრულება შეუძლია, მათ შორისაა გიორგი. მას მოაქვს განსხვავებული ტრადიცია, თქვენი ქვეყნის, რომელიც მე ძალიან მიყვარს“;

ვიოლეტა ურმანი _ „ძალიან დიდხანს ვეძებდით ასეთ ამონასროს, ჩვენ გვიმღერია მეტროპოლიტენში, მადრიდში; ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია გიორგი გაგნიძესთან ერთად სცენაზე დგომა“.

მომღერლის მოღვაწეობის შეფასება მსოფლიოს პრესაში

გიორგი გაგნიძის წარმატებებს ცხადყოფს მცირე ამონარიდიც პრესიდან:

,,რიგოლეტო იგებს ჯეკპოტს! რადგან მას გაგნიძის მეტალივით ძლიერი ხმა ასრულებს“ („ნიუ-იორკ ტაიმზი“);

„ერთი დღის მანძილზე რომ ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანად გარდაისახო, ეს მოითხოვს როგორც დიდ პროფესიონალიზმს, ასევე დიდ ადამიანურ ენერგიას. ალფიოს და ტონიოს როლებით გიორგი გაგნიძე ძლევამოსილ ბარიტონად წარმოჩინდა. თუკი მისი ალფიო თავდაჯერებულია, მისი ტონიო სრულიად გატეხილი და შეძრული ჩანს“  („ნიუ-იორკ ტაიმზი“);

,,შთაბეჭდილება გრჩება, რომ ვერდიმ მამა ჟერმონის როლი გიორგი გაგნიძისთვის შექმნა, მისი გამოჩენისთანავე იგრძნობა, როგორ უნდა შესრულდეს ვერდი („ნოიე მერკერი“);

,,სპექტაკლის საუკეთესო ნაწილი გიორგი გაგნიძის ამონასრო იყო“ („ინ ჯორნალე“);

,,გიორგი გაგნიძის დებიუტი, როგორც მუსიკალურად, ასევე დრამატულად, ძალიან დამაჯერებელი იყო. მისი უნიკალური შესრულება მიგახვედრებს, თუ რატომ სურდათ ვერდისა და ბოიტოს ოპერა ,,ოტელოსთვის“ ,,იაგო“ ეწოდებინათ („ვაშინგტონ პოსტი“); 

პრესიდან ამონარიდებს გიორგი გაგნიძის შესახებ და თავად მომღერლის შოკისმომგვრელ, გრანდიოზულ საოპერო რეპერტუარს შეგიძლიათ გაეცნოთ მის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე _ https://georgegagnidze.com

საშემსრულებლო სტილი

გიორგი გაგნიძის  შესრულება სავსეა არტისტიზმით, შინაგანი ტექნიკით, გონიერებით. მისი ხმა ეროვნული საგანძურია, რომლის პატრონი უაღრესად სადა, შინაგანი მშვიდობის მატარებელი, სიბრძნით სავსე ხელოვანია. გიორგის სიმღერა გვაოცებს კულმინაციების გასაოცარი შეგრძნებით, ფერადოვნებით, ფორმის და დრამატურგიის ფლობით. იგი გრძნობს როლის ყოველ წახნაგს; პერსონაჟის ფსიქოლოგიას და სასცენო ჟესტებს დრამატურგიულ ამოცანას უქვემდებარებს. მის ლირიკულ, ხავერდოვან, პერიოდულად დრამატულ ბარიტონს უდიდესი ენერგეტიკა შემოაქვს სცენაზე, რაც გადამდებია სხვა მომღერლებისთვის და აუდიტორიისთვისაც. გასაოცარია გაგნიძის „პიანო“, რომელიც ჰგავს არა „სიჩუმის ჩამოწოლას“, არამედ, ყოველ ჯერზე, ბუნების იდუმალებით მოცულ რომელიღაც ფერს. ყველაზე გასაოცარი კი მომღერლის წამიერი გარდასახვებია მყისიერად რომ აისახება გამომეტყველებაში, თვალებიდან გამოტყორცნილ სხივში, მკლავების, მაჯების მოძრაობასა და მიმიკაში. ამ თვისებების გამო გიორგი გაგნიძემ თბილისური იუბილეს დროს თვით ნეაპოლური სიმღერა აქცია ბალადად. ყოველი მათგანის „შინაარსი“  მისთვის ჩვეული დრამატიზმის, ლირიკის და ექსპრესიის შერწყმით გაგვაცნო. 

როდესაც გიორგი გაგნიძის ვოკალურ შესაძლებლობებს ვაანალიზებთ, ადვილად ვხვდებით რა ხიბლავს მსოფლიო საოპერო სცენების ერთგულ მაყურებელს. გიორგი გაგნიძე მისთვის ჩვეული ოსტატობით ახდენს ხოლმე საოცარ გარდასახვას და რეალურად დაგვანახებს ბარიტონის ხიბლს, რომელიც მის „ტენორულ ბუნებაშიცაა“. დიახ, გიორგის ბარიტონი ერთგვარად ტენორის სირბილეს, მოქნილობას და სპეციფიკასაც მოიცავს, რაც მომღერლის ხმის უნიკალობაზე მეტყველებს. გიორგი ფლობს ბარიტონის ტემბრული შესაძლებლობების გაფართოების უნარს. მის იშვიათ ხმას შეუძლია სინაზის, ლირიკის, დრამატიზმის და ჰეროიკის ერთობლიობაში მოცვა. გასაოცარი და დასამახსოვრებელი იყო მომღერლის ვირტუალურ მსმენელთან შეხვედრა 2020 წლის 25 ოქტომბერს, როდესაც კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეანალიზებინა მისი ხმის მასშტაბი და უნიკალობა, შესრულების მსოფლიო სტანდარტები. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიორგი გაგნიძის სასცენო მოღვაწეობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტით მან თითქოს განვლილი ცხოვრების და მოღვაწეობის ანგარიში ჩააბარა საკუთარ ალმა-მატერს და ქართულ საზოგადოებას. კონცერტზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მისი ხმის, სასცენო არტისტიზმის და მუსიკალობის საიდუმლო. გაჟღერდა სწორედ ფართო მასებისთვის მისაწვდომი, თუმცა მხატვრული თვალსაზრისით ღირებული ნეაპოლური სიმღერები, რამაც ჩვენს გაუდაბურებულ ყოფაში, გონების განტვირთვის და თერაპიის ფუნქცია შეასრულა. გიორგი გაგნიძის უბადლო შესრულებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ნეაპოლური სიმღერის ფენომენი სრულებითაც არაა ზედაპირული ან გასართობი შინაარსის ხელოვნება. შემთხვევით არ მღეროდნენ ამ სიმღერებს ცნობილი მომღერლები: ენრიკო კარუზო, ბენიამინო ჯილი, ფრანკო კორელი, ჯუზეპე დი სტეფანო, მარიო ლანცა, ლუჩანო პავაროტი, მარიო ტრევი, სერჯო ბრუნი, მარიო აბატე, რობერტო მუროლო, რენატო კაროზონე... და ამ სიას შეემატა ქართველი მომღერალი - გიორგი გაგნიძეც. გიორგი გაგნიძეს ბრწყინვალე აკომპანირებას უწევდა ვიქტორია ჩაპლინსკაია. ნეაპოლურ სიმღერებს სწორედ ამ ორი მუსიკოსის ერთ ინტონაციურ ნაკადად ქცეული შესრულება ამთლიანებდა. ნეაპოლური სიმღერების ემოციური წახნაგების წარმოჩენისას კონცერტმაისტერის მდიდარი პალიტრა გიორგი გაგნიძის ფერადოვან ბარიტონთან ანსამბლში უმშვენიერეს ფერწერულ ტილოდ იქცა. მომღერლის ხმის ხავერდოვნება და ვიქტორია ჩაპლინსკაიას ემოციური ელვარებით აღსავსე პიანიზმი სწორედ ის ტანდემია, რამაც ჩვენს თვალწინ ქართველთა მსგავსი იტალიელების ვნებები, ემოციები, ყოფა თუ ტკივილები გააცოცხლა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კონცერტმაისტერს, ვიქტორია ჩაპლინსკაიას მართლაც უდიდესი წვლილი მიუძღვის გიორგის ჩამოყალიბებაში. გიორგისთან შემოქმედებითი თანამშრომლობის მანძილზე იგი მომღერლის მრავალი წარმატების თანამონაწილეა.

გიორგი გაგნიძე _ მსახიობი

როდესაც მომღერალზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ისინი  მსახიობებიც არიან და შესაძლოა დრამატული თეატრის მსახიობებზე დიდი გამოწვევების წინაშეც დგანან. გიორგი გაგნიძის თამაშის მაღალი ხარისხი თითქოს გვავიწყებს, რომ სცენაზე პირველ რიგში მომღერალია. თამაში-სიმღერის დროს იგი ახდენს ენერგიის და ხმის კოლოსალურ გახარჯვას, მისი გმირი თვითმყოფი ცხოვრებით ცხოვრობს სასცენო სივრცეში და მაყურებელს ადამიანური დრამის პერიპეტიებშიც ახედებს. გიორგი გაგნიძე მხოლოოდენ ელვარე არტისტიზმის და სამსახიობო გარდასახვის ნიჭით დაჯილდოებული ვოკალისტი როდია, იგი შინაგანი მისწრაფებით მსახიობია, რომელიც ცხოვრებაში ყოველგვარი ხელოვნურობისგანაა დაცლილი. მისი საოპერო დადგმების ნახვისას გეუფლება განცდა, რომ პარტიებს  სხვადასხვა არტისტი  ასრულებს, რაც სწორედ გარდასახვის უნარს უკავშირდება; გასაოცარია და ხშირად გაგნიძე წონითაც და სიმაღლითაც კი ვარიაბელურია სცენაზე, ეს არტისტიზმის პიკია. უაღრესად დამაჯერებელია მისი უარყოფითი პერსონაჟების მრისხანება თუ ტრაგედიისგან „დაპატარავებული“ რიგოლეტოს მწუხარება. იგი  შექსპირული ხედვის მომღერალია, რომლის შესრულებაში ასაკობრივი ფსიქოლოგიაც იგრძნობა და ცხოვრების მრავალფეროვნებაც. გიორგი გაგნიძეს ხელეწიფება ყოველ ჯერზე ახალი, სრულიად უნიკალური პერსონაჟი გამოიყვანოს სცენაზე. გებადება განცდა, რომ იგი ყველა იმ როლისთვის დაიბადა, რომელსაც მოცემულ მომენტში ასახიერებს. გიორგი გაგნიძის დინამიკურ თამაშს ეპიკურობას ხმის სიძლიერე სძენს. ცხადია სამსახიობო მონაცემების თვითრეალიზაციაში მას ხელი შეუწყო პედაგოგმაც - საოპერო სფეროს ჟან გაბენად ცნობილმა თამაზ ლაფერაშვილმა.

გიორგი გაგნიძე - შტრიხები პიროვნული პორტრეტისთვის

პანდემიის გამო მასალების მოპოვების პროცესში გიორგი გაგნიძესთან მხოლოდ სატელეფონო კონტაქტის შესაძლებლობა მომეცა. ვესაუბრე დიდი გულის,  გამჭრიახი გონების, შინაგანი არისტოკრატიზმით დაჯილდოებულ მომღერალს. ხანგრძლივი საუბრისას არ დამიკარგავს სუბორდინაციის განცდა და არ გავშინაურებულვარ თანატოლთან, საკუთარ კურსელთან, თუმცა მან თავად შემომთავაზა შენობითი მომართვის ფორმა, როგორც მინიშნება ჩვენს შორის ბარიერის მოხსნაზე. მე ვესაუბრე პირადი განსაკუთრებულობის შეგრძნებისგან თავისუფალ ადამიანს, რომელიც არაფრით მიგანიშნებს, რომ ბედის რჩეულია; არაფრით გაგრძნობინებს, რომ ეს ის მომღერალია, ვისაც ძეფირელი აიდეალებდა, ვისაც ხოსე კარერასმა უდიდესი შეფასება მისცა, ვისაც ყველაზე ძვირად ანაზღაურებად ბარიტონად მიიჩნევენ, ვისაც მეტროპოლიტენ ოპერაში 100-ზე მეტი სპექტაკლი აქვს შესრულებული, ვისი ფოტოც ამავე თეატრის მუდმივმოქმედ გალერეაშია წარმოდგენილი, ვინც ოსკაროსანი დიზაინერი მილენა კანონეროს შექმნილ სკარპიას კოსტიუმს ირგებს, ვინც მსოფლიოს  სცენებს ერთი-მეორის მიყოლებით ფურორით იპყრობს.

მათ ვისაც გიორგი გაგნიძესთან შემოქმედებითი თანამშრომლობის ან უბრალოდ ადამიანური ურთიერთობის ბედნიერება ჰქონია, გააცნობიერებდა, რომ დიდი ადამიანის თავმდაბლობა სულ სხვა თავმდაბლობაა.

ჩვენ კურსელები ვიყავით და საერთო ლექციებს ვესწრებოდით. ნიჭიერმა, კარგი ხმის პატრონმა, მაგრამ ჯერ ყველასთვის უცნობმა სტუდენტმა თავი დაგვამახსოვრა იმით, რომ ძალიან უშუალო და მეგობრული იყო. ამ ასაკში, როგორც წესი, ყმაწვილი კაცები სოციუმში დამკვიდრებისთვის „მიუწვდომელ უკარებას“ თამაშობენ. ის კი დიდი ბავშვი იყო, ალალი, მიამიტი, მეშჩანური პოზიორობის, არაფრის მომცემი ამპარტავნების გარეშე, სიცარიელიდან რომ იბადება და შესაბამის სიცარიელეს წარმოშობს. ეს ყმაწვილი კაცი, რომელიც სიმაღლის გამო ყველას ზემოდან დაგვყურებდა, პიროვნული თავმდაბლობის გასაოცარი მაგალითი იყო. სხვაგვარად გამიჭირდებოდა მისი დამახსოვრება. ნიჭი და მონაცემები ხომ კონსერვატორიაში არავის უკვირს, ახალგაზრდული მაქსიმალიზმის გამო თავი ყველას ვარსკვლავი ჰგონია.

გიორგი გაგნიძის წარმატებებს მისი პიროვნული თვისებები მართლაც განსაკუთრებულ წონას სძენს. მსოფლიო სცენების დაპყრობის შემდეგაც გიორგი გაგნიძე ისეთივე ალალი და თავმდაბალი დარჩა, როგორიც პირველ კურსზე იყო;

ქართველი ხელოვანების და მეცნიერების კოლოსალურ წარმატებებს უკვე თითქოს  ჩვეულ მოვლენად აღვიქვამთ, მაგრამ პიროვნული სიმაღლის შენარჩუნება ხშირად გვაკვირვებს; გაზომილი სიტყვა-პასუხი, სულიერი სიწმინდე,  ბავშვური მიამიტობა ჩვენს რეალობაში ვაგლახ, რომ დიდ იშვიათობად იქცა.

ასეთია გიორგი გაგნიძე, რომელიც ჯერ კიდევ ოჯახიდან, გასაოცარი მშობლების გარემოში ეზიარა ადამიანობას, ცხოვრების მეგზურად აირჩია მისი წარმატებების შთამაგონებელი, შემოქმედების ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მესაიდუმლე მაია გოგოლაძე და მასთან ერთად ამ ღირებულებებით ზრდის ულამაზეს შვილებს - მარიამსა და დავითს.

თუკი გადახედავთ პრესას, რა შეფასებას აძლევენ გიორგის შემოქმედებას, სრულიად ნათელია, რომ მსოფლიო მას ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად ასახელებს. საგულისხმოა, რომ ტალანტს გიორგი გაგნიძე ღვთის საჩუქრად კი არ აღიქვამს, არამედ მისთვის დაკისრებულ ვალდებულებად, რომელსაც გამართლება სჭირდება. მისი აზრით, თუკი არ ემსახურები უფალს, შესაძლოა ეს ტალანტი წაგერთვას კიდეც, ამიტომ მუდამ უნდა ეცადო ეახლო უფალს, რადგან უფალი სიყვარულია. გიორგი გაგნიძისთვის ბიბლია ღმერთთან კონტაქტის საშუალებაა. „უფალი სიყვარულია, შენ შეგიძლია ბიბლიით იკონტაქტო ღმერთთან, ბიბლია ძველია, მაგრამ ის უფალთან კონტაქტის გზას გაძლევს“ - ჯადოსნური სიტყვებია.

რომ არა პანდემია, სხვაგვარად ვერც შევძლებდი მასთან საუბრის პატივი და სიხარული მრგებოდა. საკუთარ თავს რამდენჯერმე შევეკითხე - იცი ვინ გესაუბრებოდა და ვინ დაგითმო ამდენი დრო? -  მსოფლიოს  უპირველესმა ბარიტონმა და ცრემლები მომერია.

გიორგი გაგნიძის ფიქრები მუსიკაზე, პოლიტიკაზე და არა მხოლოდ... 

გიორგისთვის  მომღერლობა არა უბრალოდ პროფესიაა, არამედ ცხოვრების წესი. ამ სიტყვებში ყველაფერია მოქცეული, რაც ამ 25 წლის მანძილზე მოხდა და რაც მოხდება მომავალშიც. მისთვის საოპერო სპექტაკლი წიგნია, რომელიც ისტორიას სცენაზე აცოცხლებს.

გიორგის შთაგონების წყარო მრავალი მომღერალია, მათ შორის კი ტიტო გობის ცხოვრების და შემოქმედების გაზრება მასტიმულირებელი აღმოჩნდა.

მას ყველა შესრულებული პარტია უყვარს, მაგრამ ცხადია არსებობს გამორჩეული როლიც _ რიგოლეტო, რომელიც ფეხბედნიერი აღმოჩნდა მსოფლიოს დასაპყრობად. ეს როლი მართლაც მომღერლის თილისმაა. მომღერალი საუბარში გამოგვიტყდა, რომ ყველაზე დიდი დრო ფალსტაფის პარტიის შესწავლას მოანდომა, რადგან ეს ვერდის ურთულესი ოპერაა, რომელშიც კომპოზიტორი თავისივე სტილისგანაა დისტანცირებული. გიორგი გაგნიძეს პროფესიული თვალსაზრისით უდიდეს სიამაყეს გვრის ფრანკო ძეფირელის 95 წლისთავისადმი მიძღვნილ „აიდაში“ მონაწილეობა, რადგან სპექტაკლის მონაწილეთა სია თავად ლეგენდარულმა რეჟისორმა შეადგინა.

მსოფლიო მნიშვნელობის მომღერალი შეშფოთებულია კორონა ვირუსის მიერ შეცვლილი სამყაროთი, რომელმაც ხელოვანების გეგმებში კორექტივები და ერთგვარი დაბნეულობაც კი შეიტანა. წინასწარ გაწერილი გეგმის განხორციელების შესაძლებლობა სრულიად არაპროგნოზირებადი გახდა,  მომღერლის კარიერაში ხანგრძლივი პაუზა კი, მისი აზრით, უარყოფითად აისახება ხმაზე. გიორგი ფიქრობს, რომ  აკრძალვები ხელოვნებას მეტად შეეხო, რაც გადაჭარბებულიც კია და დისკრიმინაციას წააგავს. რეალურად კი განსაცდელის ჟამს ხსნა ხელოვნებაშია.

მომღერალი საინტერესოდ მსჯელობს ხელოვნების ხელშეწყობის და მხარდაჭერის საკითხებზეც. აპოლიტიკური გიორგი გაგნიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკა და ხელოვნება ურთიერთქმედებენ, თუმცა მათი გზები იყოფა. პოლიტიკის როლს ხელოვნებასთან მიმართებაში იგი ხედავს ამ უკანასკნელის მხარდაჭერაში. გიორგი გაგნიძის აზრით, ხელოვნება და მათ შორის საოპერო სფერო, მუდამ უსმენს პოლიტიკური პროცესების მაჯისცემას; განა სწორედ ოპერამ არ აიმაღლა ხმა სოციალურ უთანასწორობასა და ზნედაცემულობაზე, ამიტომაც ექცეოდა იგი მუდამ ცენზურის ქარცეცხლში. `ვისურვებდი უფრო მეტ ჩართულობას პოლიტიკოსების მხრიდან კულტურის პროცესებში, რამეთუ მომავალი მხოლოდ იმ ქვეყნებს გააჩნიათ, სადაც კულტურას დიდი ყურადღება ეთმობა. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უდიდესი ცივილიზაციების გადაშენების ერთ-ერთი მიზეზი კულტურისა და განათლებისადმი ყურადღების მოდუნება იყო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ცნობადობას სწორედ ჩვენი მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები განაპირობებენ“ - ასე ბრძნულადაა ჩამოყალიბებული გაგნიძის პოზიცია ხელოვნებისა და პოლიტიკის გონივრულ კავშირზე.

გიორგი გაგნიძე უდიდესი სიმპატიითაა განწყობილი ჩვენი საოპერო თეატრისადმი და ფიქრობს, რომ ბოლო ხანებში ბადრი მაისურაძის ძალისხმევით ბევრი რამ გაკეთდა. იგი იმედოვნებს, რომ სამომავლოდაც დაეთმობა ყურადღება ახალგაზრდების ოპერის თეატრში მოსვლას.

მეტად საინტერესოა მისი რჩევები ახალბედა დამწყები მომღერლებისთვის, რომლებიც მოწადინებულნი არიან მოღვაწეობა მსოფლიო სცენებზე გააგრძელონ. თავის მომავალ კოლეგებს, რომელთაც მსოფლიოს სცენებზე სურთ შედგომა გიორგი გაგნიძე ურჩევს სოლიდური დრო დაუთმონ ზოგად განათლებას (მუსიკის თეორია, ისტორია, უცხო ენები), რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ უცხოეთში. ახალბედა მომღერლებს გიორგი გაგნიძე ურჩევს დაიცვან ზომიერების გრძნობა ყველა პარამეტრით, რეპერტუარის სწორად შერჩევას პრინციპით - მარტივიდან რთულისკენ, რადგან ხმა გარკვეული ეტაპების გავლას მოითხოვს დატვირთვის მხრივ. გიორგი გაგნიძის აზრით, აუცილებელია სწავლების დაწყება მრავალი ვოკალიზის სიმღერით ბელ კანტოს სტილში და მხოლოდ ამის შემდეგაა დასაშვები რეპერტუარის თანდათანობით გართულება პედაგოგის მეთვალყურეობით. გიორგი ურჩევს ახალგაზრდა მომღერლებს პარტიის შესწავლამდე გაეცნონ ოპერასთან დაკავშირებულ მასალებს, ნაწარმოების შექმნის ისტორიას, შეისწავლონ პერსონაჟი და გამოძერწონ იგი საკუთარ გონებაში. ასევე აუცილებლად მიაჩნია ზედმიწევნით იცოდნენ პარტნიორების პარტიაც და ზოგადად ოპერის მთელი ქსოვილი, რათა გაიაზრონ თითოეული ფრაზა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მზადება საოპერო პარტიის სცენური განსხეულებისთვის. ეს ეტაპებია გასავლელი წარმატებისკენ სავალ ეკლიან გზაზე მწვერვალების დასაპყრობად, სადაც მომღერალი მუდამ უნდა იყოს მზად გამოცდის ჩასაბარებლად მაყურებლისთვის. შედეგი მუხლჩაუხრელი შრომით მიიღწევა ერთი აუცილებელი პირობის - ნიჭის და ხარისხიანი ხმის არსებობის შემთხვევაში.

გიორგი გაგნიძის აზრით, ამ ყოველივეს გარეშე სრულიად შეუძლებელია გზის გაკვალვა საზღვარგარეთ, რადგან მსოფლიოს საოპერო სივრცეში მეტად მარტივად წყდება კონკურენციის საკითხი _ თეატრების კარი პირველ რიგში მათთვის იღება, ვინც უფრო კომპლექსურადაა მომზადებული. მომღერლის თქმით, უცხოეთში სხვადასხვა სკოლის  და სტილის მიმდევარი რეჟისორები არსებობენ, რომელთათვისაც სცენაზე კომპრომისი არ არსებობს. უცხოელი რეჟისორების, დირიჟორების მიდგომა მეტად სერიოზულია, სარეპეტიციო პროცესი საკმაოდ ინტენსიური და დამქანცველი, თუმცა შემოქმედებითი მუხტით აღსავსე; მომღერალს უსწორებენ გამოთქმას, აყენებენ უდიდესი გამოწვევების წინაშე როგორც ვოკალური, ისე სამსახიობო თვალსაზრისით. გიორგი გაგნიძეს ეს პროცესი მინერალური ქვის გაპრიალებას აგონებს ბრილიანტად რომ უნდა იქცეს, სადაც მინერალი ბუნებით ბოძებული ნიჭია, ხოლო გაპრიალების პროცესი პროფესიულ სრულყოფას გულისხმობს.

მომღერალი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, რაც გულისხმობს ჰარმონიას მიზანთან, სურვილებთან,  გარემომცველ სამყაროსთან და პირველ რიგში ბუნებასთან. „მე მსურს ყველა ჩემს კოლეგას მივმართო და მოვუწოდო  _ ვიყოთ მომთმენი, ყურადღებიანი, სხვისი დახმარებისთვის მუდამ მზადმყოფნი. ეს ძალიან ფაქიზი პროფესიაა, ნუ ვატკენთ ერთმანეთ გულს, ვიყოთ, პირველ რიგში, თბილი ადამიანები და უკვე შემდეგ პროფესიონალები“.

გიორგი გაგნიძე - ქართული კულტურის დესპანი მსოფლიოში

სანამ ასე კაშკაშებენ ჩვენი ვარსკვლავები მსოფლიოს სცენებზე, ხიფათით და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ქართულ გენს საფრთხე არ ემუქრება.

სანამ ევროპულ თანამეგობრობას ღირსეულად შევუერთდებით, ამგვარი დესპანები ასრულებენ ევროპულ სამყაროსთან ჩვენი სწრაფი ინტეგრაციის როლს და მნიშვნელოვან წილად უწყობენ ხელს იმას, რომ „ევროპული სახლის“ ორგანულ ნაწილად ვიგრძნოთ თავი. 

და ბოლოს, სიხარულის ცრემლის  და უდიდესი ეროვნული სიამაყის გარეშე შეუძლებელია უყურო საკონცერტო ან საოპერო დადგმების ჩანაწერებს, სადაც დარბაზში მყოფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასობით ადამიანი ტკბება გიორგი გაგნიძის ხელოვნებით, უყურებენ მას და ამით სიმბოლურად გვიყურებენ ჩვენ - საქართველოს.

საქართველოს კულტურის პალატის, თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით 2022 წლის 11 თებერვალს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ გაიხსნება გიორგი გაგნიძის პერსონალური ვარსკვლავი.

bottom of page