შიშის არსებობამ არ უნდა შემაშინოს
შიშის არსებობამ არ უნდა შემაშინოს
მსახიობ გივიკო ბარათაშვილს ესაუბრება ანასტასია ჩერნეცოვა
გივიკო ბარათაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია, იგი ერთ-ერთი ცნობილი ახალგაზრდა ქართველი არტისტია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა თაობის რეჟისორებთან. შექმნილი აქვს ოცზე მეტი როლი სხვადასხვა თეატრში და რამდენიმე კინოროლი . 2022 წელს „წინანდლის პრემიის“ ლაურეატის წოდება მოიპოვა კონსტანტინ ტრეპლევის მხატვრული სახის შექმნისთვის სპექტაკლიდან „თოლია“, რომლის რეჟისორი დავით დოიაშვილი გახლავთ (ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი).
გივიკო ბარათაშვილი მსახიობთა ოჯახიდანაა. მამა- გრიბოედოვის თეატრის მსახიობი -არჩილ ბარათაშვილი; დედა- მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი - ხათუნა ბერძენიშვილი; გივიკოს წინაპრები დიდი ბებია- საქართველოს სახალხო არტისტი - თამარ ჭავჭავაძე იყო, ხოლო დიდი ბაბუა- საქართველოს სახალხო არტისტი - პიერ კობახიძე. ქართული თეატრის საბჭოთა ეპოქის ვარსკვლავების შთამომავლთაგან მხოლოდ გივიკომ არ დაუკავშირა კარიერა თეატრს, მისი ბიძაშვილები - რეჟისორები - ელენე და გურამ მაცხონაშვილები არიან. ასევე გივიკოს ბებია- ლიკა ჭავჭავაძე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო ; ბაბუა- გივი ბარათაშვილი ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, სცენარისტი,
გრიბოედოვის თეატრის დირექტორი გახლდათ ;
თეატრალური ოჯახის წარმომადგენელი ხართ, მაგრამ ბავშვობაში, როგორც ვიცი, თეატრმა „არ მოგწამლათ“ და არც ფიქრობდით სამსახიობო კარიერაზე. 22 წლის ასაკში კი უეცრად მიიღეთ გადაწყვეტილება და გახვედით შემოქმედებით ტურებზე. რამ გიბიძგათ ამისკენ? და რატომ ვერ მოხვდით თეატრალურში? როდის მიხვდით, რომ სწორი არჩევანი გააკეთეთ?
რამ მიბიძგა… ეს იყო ქაოსური, ოღონდ მნიშვნელოვანი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, მე ვიყავი ძიების პროცესში, არ ვიცოდი რა მინდოდა, გულწრფელი რომ ვიყო, ახლაც არ ვიცი ეს ის არის თუ არა ზუსტად, სადაც მთელი ცხოვრება უნდა ვიყო, მაგრამ ჯერჯერობით ერთგვარი თავშესაფარია ჩემი და კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ არაფერს არ გამოვრიცხავ. იმ პერიოდში 20-დან 22 წლამდე ბევრი რამ ვცადე, ზოგ საქმეს პარალელურად ვაკეთებდი, ხან მემონტაჟე ვიყავი, ხან ფოტოგრაფი და ა.შ. თეატრალურში მინდოდა კინოსაოპერატორო სპეციალობაზე ჩაბარება, ერთ წელს მობილობის ქულა არ მეყო და ვერც გამოცდაზე ვერ გავედი, შემდეგ წელს კი ისე მოხდა, რომ არავინ არ აიყვანა ჯგუფი. ორი წელი დავკარგე, უკვე 22 წლის ვიყავი, პარალელურად ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობდი კინომცოდნეობაზე და ამ პერიოდში მინდოდა თეატრალურში ჩაბარება, სხვა ფაკულტეტზე მაინც, შემდეგ რომ უფრო მარტივად გადამეტანა საბუთები.
დედაჩემის იდეა იყო სამსახიობოზე ჩამებარებინა, თანაც იმ პერიოდში ჩემი მეგობარი აბარებდა მანდ, ვიფიქრე, ერთად გავიდოდით შემოქმედებით ტურებზე, ოღონდ მე მხოლოდ ორი კვირით ადრე მოვემზადე და ისე გავედი. პირველი- ორი ტური გავიარე და შემდეგ დაბალი ქულა ავიღე. ზუსტად არ ვიცი თუ რატომ არ ამიყვანეს, მაგრამ ერთ-ერთ ტურში იკითხეს, დარწმუნებულნი ვართ თუ არა ჩვენს არჩევანში და მხოლოდ მე ვთქვი რომ ზუსტად არ ვიცოდი, მაგრამ მთავარია გულწრფელი ვიყავი, შეიძლება ეს სულაც არ იყო მიზეზი, მაგრამ ვერც ვიტყვი, რომ გამოცდაზე ვბრწყინავდი, უკმაყოფილო ვიყავი საკუთარი თავით. შემდგომ გავიგე, რომ ილიაუნიში სამსახიობო პროგრამა იყო და იქ დავიწყე სწავლა. დრო გადიოდა, ვხვდებოდი რომ ჯერჯერობით მომწონდა, მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლდა ბევრი იმედგაცრუება. ვერ ვაკმაყოფილებდი საკუთარი თავის მოთხოვნებს, ეს ისეთ სტრესს წარმოშობდა, რომ ერთხელ-ორჯერ პაუზაც კი ავიღე. მივხვდი, რომ ძალიან რთული პროფესიაა, პრინციპში, როგორც ყველა დანარჩენი, თან რთულია, როცა გარემო პირობები ხელს არ გიწყობენ პროფესიის შესწავლაში. უნივერსიტეტი არაა პროფესიის სათანადო შესწავლის გარანტი და ეს არის ტრაგედია. დღემდე მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ პროფესია ხელში სათანადოდ არ მიჭირავს, დაკარგული ბავშვივით ვარ ამ პროფესიაში და რაღაცეებს ჩემით ვსწავლობ. დავამთავრე უნივერსიტეტი, მოვხვდი იმ თეატრში, რომლისკენაც მიმიწევდა გული. აქ მოსვლისას ახალი სტრესი გამიჩნდა. უნდა დამეკმაყოფილებინა ამ თეატრის კრიტერიუმები, მივხვდი, რომ ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგი გარემო შეგვიქმნა მე და ტასო ჭანტურაიას.
თქვენი აზრით, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქართული სამსახიობო სკოლა ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს?
პირველ რიგში უნდა ასწავლიდნენ პროფესიონალები, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე და სტუდენტები, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. შეიძლება იყო კარგი რეჟისორი, მაგრამ ცუდი პედაგოგი. საერთოდ, პედაგოგობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესიაა.
არაერთხელ გითქვამთ, რომ ტრეპლევი თქვენი საოცნებო როლი იყო. მესმის, თითქმის ყველა ახალგაზრდა მამაკაც მსახიობს სურს ამ როლის შესრულება, მაგრამ თქვენს შემთხვევაში რა იყო ამ სურვილის გამომწვევი ?
პირველ რიგში პიესა. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი პიესაა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს, არცერთ პიესას ისე არ უმოქმედია ჩემზე, როგორც „თოლიას“. ჩემთვის მედვედენკოც ძალიან საინტერესო პერსონაჟია, მაგრამ ტრეპლევს უფრო მეტი შრე აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის რომ პერსონაჟმა აღმოაჩენინოს ისეთი რამ, რაც ჯერ არ უნახავს საკუთარ თავში. არ არსებობს მე „ვიღაც უნდა ვითამაშო“, ყველაფერი არსებობს ჩვენში, რაც უნდა ამოვქაჩოთ. ტრეპლევი სწორედ ის პერსონაჟია, რომელშიც ბევრი რამ ამოსაქაჩია.
„თოლიას“ სამი წლის განმავლობაში დგამდით, სპექტაკლზე მუშაობისთვის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. რა ცვლილებებს განიცდიდა თქვენი ტრეპლევი ამ დროის მანძილზე? საერთოდ, როგორ ქმნიდით ამ პერსონაჟს და პრემიერის შემდეგაც თუ მუშაობთ როლზე?
პიესაში ხომ პირველ და მეოთხე მოქმედებებს შორის ორი წელიწადი გადის. ზუსტად ისე მოხდა რომ თეატრში მოსვლისას ტრეპლევისხელა ვიყავი. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ვარსებობ და ამ პროფესიაში რაღაცას წარმოვადგენ. ტრეპლევსაც ხომ თავიდან ძიების პროცესი აქვს, იგი საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს, შემდეგ კი თითქოს წარმატებული ხელოვანია, მისი ნაწარმოებები იბეჭდება . ჩემს შემთხვევაშიც ეგრე იყო, სხვადასხვა სპექტაკლში ვითამაშე, უკვე შემამჩნიეს. პერსონაჟის ორივე მდგომარეობა განვიცადე და უფრო გამიმარტივდა როლზე მუშაობა. ამას რომ შევეშვათ, პიესა კიდევ რამდენჯერმე წავიკითხე და უფრო სიღრმისეულად გავიაზრე და ამანაც დამეხმარა.
პრემიერის შემდეგაც, რა თქმა უნდა, ვმუშაობ როლზე, შეიძლება გამიზნულად არ დავჯდე და არ ვიფიქრო, მაგრამ აღმოჩენები მაინც გრძელდება, თუნდაც სპექტაკლის დროს ან ტექსტის გამეორებისას შეიძლება სხვაგვარად აღიქვა შენი პერსონაჟის სიტყვები. ზოგჯერ შეიძლება მექანიკაში გადახვიდე, რაც ძალიან საშიშია, არ ვიცი, ცუდია თუ კარგი. ერთი მხრივ, საკუთარ თავს ზოგავ ემოციურად, მაგრამ ამავე დროს ბევრი რამ იკარგება, მაგალითად, ინტონაციურად გახსოვს თუ რას აკეთებ ამა თუ იმ მომენტში, შესაძლოა საკუთარ თავსაც დაუსვა კითხვა - „რატომ გავაკეთე ასე?“, მაგრამ არ გახსოვს თუ როგორ მიხვედი ამ მექანიკამდე.
კარგია რომ „თოლია“ ძალიან ხშირად არ ინიშნება, წინააღმდეგ შემთხვევაში სპექტაკლი რუტინულობაში გადავიდოდა, რაც სპექტაკლის ხარისხს საფრთხეს შეუქმნიდა.
კი, ამ შემთხვევაში თეატრმაც და მსახიობებმაც უნდა დაიჭირონ „ოქროს შუალედი“. მაგალითად, „მე გადმოვცურავ ზღვას“ თვეში ბევრჯერ ინიშნება, მეათე ჯერზე არც გადაცურვა და არც არაფერი გინდება. მაგაზე უნდა ვიმუშაოთ. აბსოლუტურად მესმის, რომ სპექტაკლს უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს და მსახიობებისთვის გამოცდილების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საუბარი მაქვს იმაზე, რომ ბევრი დღე ზედიზედ გვიწევს თამაში. ხომ უნდა მოგენატროს სპექტაკლი და დაგიგროვდეს სათქმელი, რათა შენი როლი უფრო სავსე იყოს. „თოლიას“ შემთხვევაში, სპექტაკლის დროს შეიძლება სხვა რაღაცამ გამოხეთქოს, რაც ცხოვრებაში დამიგროვდა და დაცლის საშუალება მომეცემა, მსახიობის პროფესია სწორედ იმითაა საინტერესო, რომ ყოველ ჯერზე, რაც არ უნდა სპექტაკლი მათემატიკური სიზუსტით დადგმული იყოს, მაინც სხვანაირად თამაშობ.
როგორ ცდილობთ პროდუქტიულობის შენარჩუნებას რუტინულობაში, მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღე ზედიზედ გიწევთ ერთსა და იმავე სპექტაკლში თამაში?
აქ უკვე პასუხისმგებლობის ამბავია, მაყურებელი არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. იცი რომ 500 ადამიანი მოდის შენს სანახავად, ამაში არც ისეთ პატარა თანხას იხდის. რაც არ უნდა ვიწუწუნო იმაზე, რომ დღეს მეათე სპექტაკლს ვთამაშობ ზედიზედ, მაინც მაქსიმალურად ვდებ ენერგიას.
სპექტაკლზე „მე გადმოვცურავ ზღვას“ მუშაობისას რა გამოწვევების წინაშე იდექით?
ჩემთვის ყველაზე სანერვიულო ვოკალური ნაწილი იყო. მანამდე კი ვიყავი „მუსიკის ჰანგებში“, იქაც ვმღეროდი, მაგრამ იქ ერთი მუსიკალური სცენა მაქვს. „მე გადმოვცურავ ზღვაში“ კი 15 სიმღერის შესრულება მიწევს. ბევრი ვიმუშავეთ ამ როლზე, განსაკუთრებით კი ჩვენს მუსიკალურ ხელმძღვანელთან, მანანა მორჩილაძესთან. ასევე ქორეოგრაფიულ ნაწილში კოტე ფურცელაძემ იმუშავა ჩვენთან დაუზარლად.
ერთმანეთის პარალელურად ქმნიდით ოსვალდისა და ტრეპლევის მხატვრულ სახეებს. ორივე პერსონაჟი ხელოვანია და ორივეს დედასთან ურთიერთობაში გარკვეული ბზარი აქვს. ამ ორ როლზე მუშაობისას პერსონაჟთა გარკვეულმა მსგავსებამ ხელი ხომ არ შეგიშალათ?
მაგაზე ძალიან ვნერვიულობდი, ერთი პერიოდი საკუთარ თავში იმაზეც კი ვფიქრობდი რომ რომელიმე როლზე უარი მეთქვა. ვფიქრობდი, რომ არც ერთი როლისთვის არ მქონდა სათანადო მზაობა, მითუმეტეს, ორივეზე ერთდროულად უნდა მემუშავა, თან ისე, რომ ერთმანეთს არ დამსგავსებოდნენ. ეს გამოცდილი მსახიობისთვისაც კი რთულია. ორივე როლზე სამწლიანი მუშაობა დამეხმარა, რადგან ერთი პერიოდი აჭრილი ვიყავი და არ ვიცოდი რა რომელ პერსონაჟში მეცადა და ზოგჯერ ერთმანეთში მერეოდა. შემდეგ პლასტიკაში დავიწყე ძიება, ვეცადე რომ ეს ორი პერსონაჟი ამით განმესხვავებინა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ ეს მთლად სწორი მიმართულება არაა, რაც არ უნდა შორიდან ჰგავდნენ ერთმანეთს ეს პერსონაჟები, აზრს ბოლომდე თუ დაატან და სიღრმისეულად გაიაზრებ ორივე პიესას, ისინი არ დაემსგავსებიან ერთმანეთს.
თეატრალურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია დავით დოიაშვილის „თოლიაში“ ტრეპლევისა და არკადინას კოცნის სცენამ. გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ აქ ადგილი აქვს ფროიდისეულ „ოიდიპოსის კომპლექსს“, ხოლო ზოგი ფიქრობს, რომ ეს გმირის აფექტური მდგომარეობაა. მაინტერესებს, თქვენს შემოქმედებით ჯგუფს რა ჩანაფიქრი ჰქონდა აღნიშნული სცენის დადგმისას ?
ყველაფერი ერთადაა, რაც თქვით. საერთოდ, ამ სცენით დავიწყეთ სპექტაკლზე მუშაობა, ეგ კოცნა რეპეტიციებზე გაჩნდა და გამოხატავდა ტრეპლევის სასოწარკვეთილ მდგომარეობას, ეს არ იყო სექსუალური ლტოლვა, არამედ დაგროვილი ემოციების გადმონთხევა. ტრეპლევს ტრიგორინმა ორი საყვარელი ქალი წაართვა, თანაც ის მასზე წარმატებული ხელოვანია და კიდევ მრავალი ფაქტორია, ამ კრიტიკულ მომენტში კი ყველაზე მეტად დედის ყურადღება სჭირდებოდა, რომელიც ბავშვობიდანვე აკლდა, არკადინას კი არაფერი არ უტოკდება ამ სცენაში, ეს კოცნა კი ამ პერსონაჟების ერთგვარი შეხების წერტილი გახდა.
ტრეპლევის შემდეგ რომელი როლია თქვენთვის საოცნებო?
არ მაქვს საოცნებო როლი. ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რისი თამაში მინდა, მაგრამ ვერ მივდივარ კონკრეტულ პასუხამდე. ზუსტად ვიცი, რომ განსხვავებული როლების თამაში მინდა. როდესაც დოიმ „მეფე ლირის“ განაწილებაზე დაიწყო საუბარი, მითხრა, რომ ძმებიდან ერთ-ერთს ვითამაშებდი. თავიდან წავიკითხე პიესა და ვუთხარი რომ ედგარს ვითამაშებდი, დოიმ კი მითხრა, რომ ეს არაა კარგი იდეა, რადგან ერთი მიმართულების როლები დაგიგროვდაო, შესაბამისად ედმუნდის როლი შემომთავაზა, რათა ახალი ვცადო, რაც მხოლოდ წამადგება. შემდეგ კვლავ მივუბრუნდი პიესას და მივხვდი, რომ ეს როლი უფრო მეტად მჭირდება. ედგარის შემთხვევაში, გარანტია გვაქვს, ხოლო ედმუნდის პერსონაჟზე არ გვაქვს, რადგან არ მიმუშავია მსგავს პერსონაჟებზე.
ავთანდილ ვარსიმაშვილის „რიჩარდ მესამეშიც“ სწორედ კეთილშობილი პერსონის როლს ასრულებთ.
ეს ერთგვარი შტამპია, როცა მსახიობის ვიზუალი ყოველთვის როლებს შეესაბამება. თავად უნდა დაარღვიო ეს შტამპი და კარგი რეჟისორი ამაში აუცილებლად დაგეხმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მსახიობი დუნდება და ვერ გამოდის კომფორტის ზონიდან .
საერთოდ, თანამედროვე ქართული თეატრის მავნე ტენდენციაა ნიჭიერი მსახიობების დაშტამპვა, რეჟისორები ხშირად აქცევენ მსახიობებს ერთ კონკრეტულ ჩარჩოში.
რა თქმა უნდა, რეჟისორმა იცის, რომ ეს კონკრეტული მსახიობი რაღაც როლს უფრო მარტივად და მალე გაართმევს თავს, ვიდრე ის, ვისაც მსგავს პერსონაჟზე არ უმუშავია. ამიტომაც, მსახიობი თავად უნდა ეცადოს გაექცეს ამას, რაც ძალიან რთულია.
რეცენზიებში ხშირად წაგიკითხავთ ფრაზა- „რეჟისორმა მსახიობთან სათანადოდ ვერ იმუშავა“, როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო რეჟისორისა და მსახიობის მუშაობაში მსგავსი ფრაზის თავის ასარიდებლად? როგორია თქვენთვის რეჟისორთან მუშაობის საუკეთესო პირობები?
პირველ რიგში, რეჟისორმა უნდა მოიპოვოს მსახიობების ნდობა, მაგის გარეშე საერთოდ არაფერი არ გამოვა, ალბათ უნდობლობის გამო ვერ მუშაობენ სათანადოდ, მსახიობი არ ენდობა რეჟისორს, ან პირიქით და ეს არის კატასტროფა. ვცდილობ ბოლომდე გავყვე რეჟისორს, გადავიქცე ერთგვარ პლასტილინად, რომლისგანაც გამოიძერწება როლი. ერთი შეხედვით, შენ არაფერს აკეთებ, მაგრამ არაა ეგრე, შენ უნდა დაიცალო ყველაფრისგან, ახლიდან უნდა აეწყო და მიანდო შენი თავი მას. ეს ყოველ ჯერზე არ გამომდის, ძალიან რთულია, მხედველობაში არ მყავს ცუდი ან კარგი რეჟისორი, უბრალოდ შეიძლება ადამიანებმა ვერ გაუგონ ერთმანეთს. დიდი ბედნიერებაა როცა გრძნობ ნდობას. ახლა ვმუშაობთ ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორთან, გრიგოლ ნოდიასთან ერთად „ანტიგონეზე“. პირველ რეპეტიციაზე ჩვენთვის თითქოს გაუგებარი იყო თუ რა უნდოდა მას, თან ვგრძნობდით და ვხედავდით მის გულანთებულობას, დღეს კი იქამდე მივედით რომ ერთ სხეულად ვიქეცით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარგი სპექტაკლი გამოვა, მაგრამ მსგავსი ჯანსაღი პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც მსახიობისთვის, ისე რეჟისორისთვის. ეს პროცესი აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაზეც მანამდე მიმუშავია. ჩვენ ვიცით საითკენ მივდივართ, მაგრამ უცებ შეიძლება გადავხიოთ პიესა და თავიდან დავწეროთ.
ამ დადგმაში ხან ჰემონი ვარ, ხან არ ვარ, ხან ყველა ერთ პერსონაჟს განვასახიერებთ, რაღაც რიტუალური სპექტაკლი იქნება.
როგორ ცდილობთ კომუნიკაციის დამყარებას იმ სცენურ პარტნიორთან, რომელსაც კარგად არ იცნობთ, ან იმასთან, ვისთანაც შემოქმედებითი კუთხით არანაირი შეხება არ გქონიათ?
მნიშვნელოვანია პარტნიორი გაიცნო ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი, როცა სიღრმისეულად მუშაობ როლზე, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ნინასა და ტრეპლევის პარტნიორობას. სასცენო პარტნიორზე პირველი ტასო მახსენდება, რადგან მასთან ყველაზე მეტჯერ მიმუშავია, განსაკუთრებით კი „ახალ თეატრში”. „თოლიამდე“ მე და ტასო მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდით ერთმანეთს. მოხდა მნიშვნელოვანი რამ, დოი რამდენიმე კვირით საზღვარგარეთ მიდიოდა და გვითხრა, რომ ჩამოსვლისას ტრეპლევისა და ზარეჩნაიას სპექტაკლის ეპიზოდი უნდა დაგვეხვედრებინა. მერე მივხვდი, რომ ეს მან ჩვენი გაცნობის მიზნით გააკეთა. ამ ორ კვირაში მე და ტასომ ისე გავიცანით ერთმანეთი, მეგონა წლებია ვიცნობდი, იმიტომ, რომ ეს პერიოდი ფაქტობრივად თეატრში ვცხოვრობდით და სულ ვმუშაობდით, მართლაც ტრეპლევად და ზარეჩნაიად ვიქეცით. აი, აქ შედგა ჩვენი ნამდვილი პარტნიორობა. შემდეგ ჩამოვიდა დოი, ვაჩვენეთ ეგ ეპიზოდი, მას ძალიან მოეწონა. მართალია, დღევანდელ დადგმაში თითქმის არაფერია შესული იქიდან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ეს პერიოდი ვიცხოვრეთ ერთად და მაქსიმალურად გავიცანით ერთმანეთი.
ერთ-ერთ ინტერვიუში გითქვამთ რომ მაყურებლის შიში გაქვთ. მაინტერესებს, დაძლიეთ თუ არა ეს ფობია?
არ დამიძლევია, მაგრამ ვისწავლე ამ შიშის მიღება. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს - შიშის არსებობამ არ უნდა შემაშინოს. თანავარსებობ ამ შიშთან ერთად და გარკვეულწილად სიამოვნებას ვიღებ ამ ღელვისგან. შიშს შეიძლება ვერ გააქრობ, მაგრამ შენზე მაღლა არ უნდა დააყენო.
თქვენს სამსახიობო კარიერაში რაიმე კურიოზული ან ექსტრემალური შემთხვევა ხომ არ გქონიათ?
საახალწლოდ მაია დობორჯგინიძემ თავისუფალი თეატრის სცენაზე დადგა „პეპი“. მანდ პეპის მამას ვთამაშობდი. რეჟისორის გადაწყვეტით, პეპის მამა ახალი ზელანდიიდან ჩამოდიოდა თავის მეგობრებთან ერთად და ღრიალით შემოდიოდა სცენაზე. ამ ღრიალისას რამდენიმე წამით გული წამსვლია, არაფერი მახსოვდა. თანაც, შემდეგ ჩემი გრძელი მონოლოგი იწყებოდა. გამოვიღვიძე, საერთოდ ვერ ვხვდებოდი ვინ ვარ, სად ვარ, მაყურებელს რომ შევხედე, წამებში მივხვდი, რომ სპექტაკლში ვთამაშობ, ფრაგმენტულად ვთქვი მონოლოგი და გავედი. აი ეს იყო ექსტრემალური შემთხვევა. რამდენჯერაც ვთამაშობდით ამ სპექტაკლს, სულ მეგონა რომ გული წამივიდოდა. საერთოდ, ყველგან, სადაც დიდი ენერგიის დახარჯვა მიწევდა, სულ მეგონა რომ ცუდად გავხდებოდი.
როგორ ცდილობთ პროდუქტიულობის შენარჩუნებასა და გამოვლენას, როცა როლზე სამუშაოდ ცოტა დრო გაქვთ ?
მასალა უნდა იყოს შესაბამისი. მაგალითად, ჩეხოვს ერთ თვეში ვერ დადგამ. ვინმემ მსგავსი რამ რომ შემომთავაზოს, ალბათ უარს ვიტყვი, ან ვერსია უნდა იყოს შესაბამისი.ზოგი მასალის დასამუშავებლად ერთი თვეცაა საკმარისი,ზედმეტმა მუშაობამ კი შეიძლება უარყოფითი შედეგი გამოიღოს, აქაც “ოქროს შუალედია“ დასაცავი.
„ჯინსების თაობაში“ ჯაბა კილაძე ჩაანაცვლეთ. რა წინააღმდეგობებს წააწყდით სხვა მსახიობის ჩანაცვლებისას ?
ამ შემთხვევაში ისე უცბად მოხდა ყველაფერი, ვერც გავიგე თუ როგორ ამოვყავი თავი ამ სპექტაკლში. სხვის მაგივრად შესვლა ძალიან რთულია, თანაც , როცა ამ კონკრეტულ როლზე 20 წლის მანძილზე ერთი მსახიობია. სირთულე სწორედ იმაშია, რომ სრულყოფილ პროცესს ვერ გადიხარ და აჩქარებულად გიწევს მუშაობა. მსახიობები კი ძალიან დამეხმარნენ, მაგრამ რაც არ უნდა მოგეხმარონ, საწყის პროცესს ვერ გადიხარ.
საბა ასლამაზიშვილის „მოჩვენებებში“ მამასთან ერთად თამაშობთ. როგორია მასთან ერთად მუშაობა?
ვნერვიულობდი მაგაზე და ვფიქრობდი, რომ შევიბოჭებოდი, მაგრამ მუშაობისას ყველაფერი პირიქით მოხდა. ყველაზე გახსნილი ვარ სწორედ მამაჩემთან პირველ სცენაში. აჩიკო შინაგანად ძალიან მეხმარებოდა რეპეტიციებზე, რათა თავი დაძაბულად არ მეგრძნო, არა და ამის საშიშროება ნამდვილად იყო, მითუმეტეს, მასთან ერთად პირველად ვთამაშობდი.
რაზე ხართ წამსვლელი როლისთვის? და რაზე აუცილებლად იტყვით უარს?
არაფერი მახსენდება ისეთი, რაზეც შეიძლება უარი ვთქვა. ალბათ, ოდესმე დადგება ეს მომენტი. მე პირადად ძალიან მიყვარს, როცა მე ან სხვა საკუთარ თავს სწირავს როლისთვის, შესაბამისად, ბევრ რამეზე ვარ წამსვლელი.
შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა, სადაც მაქსიმალურად გიწევდათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა?
საბა ასლამაზიშვილის „ზაფხულის ღამის სიზმარში“ ბიჭთან ფრანგული კოცნა მქონდა, სპექტაკლის ფინალში კი ავანსცენაზე აბსოლუტურად შიშველი გამოვდიოდი და ვეცემოდი. ვფიქრობ, ეს ერთგვარი მსხვერპლშეწირვაა, მაგრამ ყველაზე მშვიდად ვიყავი მაშინ, როცა ყველაფერი გავიხადე და დავეცი. მივხვდი, რომ ზუსტ ტალღაზე ვიყავი და სანერვიულო არაფერი მქონდა.
კლასიკურ ნაწარმოებზე გიმარტივდებათ მუშაობა თუ თანამედროვე ტექსტზე?
არ მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ალბათ უფრო კლასიკაზე კარგ რეჟისორთან ერთად უფრო მარტივია, მაგრამ ბოლოს ვიმუშავეთ თანამედროვე ავტორის - ივა ფეზუაშვილის „ბუნკერზე“, რომლის სასცენო ვერსია მიშა ჩარკვიანს ეკუთვნის. დიდი სიამოვნება მივიღე ამ ტექსტზე მუშაობისას, რაც დიდწილად ივას და მიშას დამსახურებაა.
საინტერესოა ის, რომ ლაზარეს პერსონაჟთანაც ბევრი მსგავსება გაქვთ. ერთი თაობის წარმომადგენლები ხართ, გიყვართ რეჩიტატივების კითხვა და თავის დროზე კურიერადაც მუშაობდით.
მართლაც ბევრი მსგავსება მაქვს მასთან. საერთოდ, „ბუნკერი” რომ წავიკითხე, მანდ ყველაზე მეტად მომეწონა მონოლოგი ქართველ რეპერებზე, მთლიანად რომანიც კარგია, მაგრამ ჩემთვის იყო აბსოლუტური შოკი, როცა ასე კარგად იყო გაშიფრული ქართული ჰიპ-ჰოპის მნიშვნელობა ჩვენს რეალობაში. ამ მონოლოგზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მე და მიშამ. მონოლოგი თავისებურად მაშინებდა, შეიძლება ქართული ჰიპ-ჰოპი ჩემთვის ახლო და გასაგებია, მაგრამ ხუთას კაცში შეიძლება მხოლოდ ორმა იცოდეს თუ ვინაა შავი პრინცი და ბებერი, მაგრამ მთავარია როგორ ლაპარაკობ, შენ თუ ინტერესით ჰყვები და ეს მნიშვნელოვანია შენთვის, უკვე საინტერესო ხარ. მიშა, როგორც მე, მეწვრილმანეა და მათემატიკური სიზუსტით უყვარს მუშაობა, ზუსტად იცის რა უნდა და არ ეშინია იმის აღიარება რომ რაღაც არ ვარგა და უმჯობესია ახლის აშენება. მსახიობისთვის ძალიან სასიამოვნოა მასთან მუშაობა. ის ყოველ სპექტაკლს ესწრება და ყოველი სპექტაკლის წინ რეპეტიციას გავდივართ, რათა არ დაირღვეს ეს სიზუსტე.
„ბუნკერზე“ მუშაობისასაც ხომ არ გქონიათ რაიმე ახალი გამოწვევა?
ამ სპექტაკლზე მუშაობისასაც ახალი გამოწვევა მქონდა - ერთი თვის მანძილზე მონობორბალზე ვსწავლობდი მოძრაობას .
არაერთი ჰობი გაქვთ, გიყვართ ფეხბურთი, ჩოგბურთი, ფოტოგრაფიით ხართ გატაცებული და როგორც უკვე ვახსენეთ- რეჩიტატივების კითხვითაც. რაიმე ახალი ჰობი ხომ არ გამოგიჩნდათ ?
ფრისბი მიყვარს ძალიან, მზიურის პარკში ხშირად ვთამაშობ. საერთოდ, სპორტი ჩემთვის ენერგიის აღმდგენია, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
პანდემიის დროს კურიერად მუშაობდით. კიდევ რაში მოსინჯავდით საკუთარ თავს?
პროფესიის მხრივ არ ვიცი, ისე ბევრი რამის სწავლა მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი ძირითადი პროფესიის იქით ვერსად ვერ მივდივარ, დროის ამბავში.
გაქვთ თუ არა რაიმე რიტუალი, რომელსაც სპექტაკლის წინ ასრულებთ?
საგრიმიოროში მიყვარს განმარტოება სპექტაკლამდე ერთი ან ნახევარი საათით ადრე. ბოლო პერიოდია ვმედიტირებ და მედიტაციაც თავისებურად მეხმარება ამ მხრივ.
და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით კრიტიკოსებს?
გულწრფელები იყვნენ თავიანთ რეცენზიებში, კრიტიკოსებსაც ხომ მოსწონთ, როცა მსახიობი გულწრფელია სცენაზე. ხშირად რეცენზიებში საუბრობენ არა მსახიობზე, არამედ პერსონაჟზე, ეს უკვე პიესის ანალიზი გამოდის. ეს იგივეა, რაც არ ილაპარაკო კოსტიუმებზე, სცენოგრაფიაზე, ქორეოგრაფიაზე, მუსიკაზე. ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია.