გმადლობ, მშვენიერი გაკვეთილებისთვის
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლელა ოჩიაური
გმადლობ, მშვენიერი გაკვეთილებისთვის
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ფოიეში, სამაყურებლო დარბაზს რომ ემიჯნება, თეატრალური დეკორაციაა - პატარა კაფეს ინტერიერი - ორი მოზრდილი მაგიდით - სტუმრებისთვის და სიღრმეში, ერთით - ჭიქებით, სასმელის ბოთლებითა და სხვადასხვა პროდუქტით გავსებული - კლიენტების შეკვეთებისთვის; ძველებური სარკეებით, საკიდებით, ტორშერებით, მანათობელი წვიმებით, ლამაზად მორთულ-განათებული პატარა ნაძვის ხითა და სხვა ნივთებით (რეკვიზიტით), სხვადასხვა დროის ნიშნებს რომ ატარებენ.
არცთუ ძლიერი განათება, სიცარიელე და მყუდროება ინტიმურ, უშფოთველ ატმოსფეროს ქმნიან და ცუდს თითქოს არაფერი მოასწავებს, მით უფრო, რომ შობის წინა დღეა - დღესასწაული და წესით - სადღესასწაულო განწყობა. თითქოს არასდროს არაფერი არღვევს ამ პატარა კაფეს მყუდროებას. აქ დრო თითქოს გადის და არც გადის. არ იცვლება. აქ არასდროს არავინ შემოდის, არც ცხოვრების სხვა ნაკადების არსებობა იგრძნობა და გვერდით მაგიდაც ყოველთვის ცარიელია.
ასეთ გარემოში წარმოადგენენ ქეთი დოლიძის ახალ სპექტაკლს (დიდი პაუზის შემდეგ) „უფრო ძლიერი“, ავგუსტ სტრინდბერგის პიესაზე, რომელიც შვედი დრამატურგის სხვა ნაწარმოებებისგან განსხვავებით, საქართველოში პირველად დაიდგა. სცენოგრაფი და კოსტუმების მხატვარია - სოფო-მარიამ ქორიძე, მუსიკალური გამფორმებელი - ანი მურღულია, რეჟისორის ასისტენტი - ელა კაზარიანი.
რეჟისორისა და სცენოგრაფის გადაწყვეტილებით, ფოიე მთლიანადაა მოქმედებაზე „მორგებული“ და იქ არსებული ობიექტების ნაწილი დეკორაციის ნაწილადაა ქცეული. მოქმედებაში ჩართულია დარბაზში შესასვლელი ორი და კულისებში გამავალი კარები. მაყურებლების სკამები ნახევრადწრიულადაა განლაგებული და მაქსიმალურად მიახლოებული სამოქმედო არესთან. ავანსცენასთან. მოქმედება, ძირითადად, სწორედ ავანსცენაზე იშლება და „პოსტ სკრიპტუმით“ - პროსკენიუმზე სრულდება. ამგვარი სიახლოვით, მაყურებელიც ამბის უშუალო გამზიარებელი, თანამონაწილეა. ჩართულია მოქმედებაში, მიახლოებულია ისე (ფილმის ახლო ხედვით), რომ არც ერთი დეტალი და ნიუანსი, მსახიობების არც ერთი სიტყვა, გამომეტყველებისა და მიმიკის ცვალებადობა, სუნთქვის სიხშირე მხედველობიდან არ ეპარება.
შობის წინა დღეა და ამ კაფეში მიდიან ელეგანტური, მოხდენილი, ლამაზი, ლამაზად და მდიდრულად ჩაცმული ქალები (ფერად ქაღალდებში შეფუთული და ბაფთებით გაკრული საჩუქრებით ხელში), რომლებსაც ამ საოჯახო დღესასწაულზე წასასვლელი ან თავშესაფარი თითქოს და რატომღაც არსად აქვთ. ან სხვაგან არსად სურთ წასვლა. მიზეზი - შემდეგ გაირკვევა. ეს კოლოფებიც შემდეგ გაიხსნება და იქიდან, როგორც ჯადოსნური ყუთიდან, საჩუქრებთან ერთად ბევრი საიდუმლო ამოვა.
„უფრო ძლიერი“ მონოლოგადაა (სულ 3-3,5 გვერდი) დაწერილი და ჟანრობრივადაც ასე განისაზღვრება - დრამატული მონოლოგი. მართალია, მოქმედი გმირი - ორია - მისის (ქალბატონი) X და მის (ქალბატონი) Y. უბრალოდ, აქედან ერთი ლაპარაკობს, მეორე კი დუმს. ზის, უსმენს და დუმს. და მხოლოდ მიმიკებით ან მოძრაობით ცდილობს დიალოგში ჩაბმასა და მოქმედებაში ჩართვას. თეატრალურ წრეებში ითვლება, რომ მსახიობ(ებ)ისთვის სათამაშოდ ერთ-ერთი რთული პიესაა (რადგან მასში ორი, მაგრამ რეალურად, ერთი პერსონაჟია, თან, ქმედებითაც და არსითაც მეტის გამოხატვაა საჭირო, ვიდრე სიტყვები ამბობენ) და ერთ-ერთი რთული დასადგმელად, იგივე მიზეზით. და იმის გამოც, რომ შეზღუდული სივრცე, ამ სივრცის ერთგვარობა, დროისა და მოქმედების არეალის მოხაზულობა, მოვლენების შესაძლო განვითარების „ჩაკეტილობა“ რეჟისორებსაც ბევრ წინაღობას უქმნის.
ქეთი დოლიძემ ორივე ქალბატონს - X - თამრი (თამარ) ბზიავა, Y – ირინა გიუნაშვილი - მისცა „სიტყვა“. მდუმარეც აალაპარაკა. მესამე პერსონაჟიც - მიმტანი - ცოტნე მეტონიძე - დაამატა და ამით მოქმედება უფრო გააცოცხლა, ქმედითად აქცია. ამოცანა იმითაც გაართულა, რომ ერთი - Y - ქართულად აამეტყველა, მეორე - X - ინგლისურად, ერთი და იგივე ტექსტი ათქმევინა და ერთი და იგივე ამეორებინა - სხვადასხვა აქცენტით, ინტონაციითა და დამოკიდებულებით. და როგორც პიესაშია - მოვლენები ნელ-ნელა განავრცო და გაართულა, დაანაწევრა, როდესაც „დუალისტურ“ მონოლოგად თუ მონოლოგებად ააწყო და X-ისა და Y-ის ადგილების ცვლა დაიწყო. გახლეჩილი სამყაროს მეტაფორა სწორედ ამ ორი ქალის ჩუმ მტრობასა და დაპირისპირების მიზეზშია. ბანალური სასიყვარულო „სამკუთხედი“ სიცოცხლის მძაფრი შეგრძნებების ინტენსიური ნაკადის სიმბოლოდ და კარგ „საპროგრამო“, სამოქმედო გაკვეთილად გარდაიქმნება.
სპექტაკლში მოქმედების ადგილი არ იცვლება. ქალბატონები კაფეში შედიან და პირობითად, ტოვებენ მას. მიმტანი შუქს ანთებს/აქრობს და მუსიკას რთავს/თიშავს. კლიენტებს ემსახურება და დუმს. არც მონოლოგში ერევა და წიგნს კითხულობს მაშინ, როდესაც X და Y ერთმანეთს ეპაექრებიან.
ანი მურღულიას შერჩეული, გამოყენებული მუსიკალური თემები და მელოდიები, უნისონში ჟღერენ და ზუსტად ესადაგებიან მოქმედებისა და ვითარების გამომსახველობას. მუსიკა ზოგჯერ მონოტონური და თავმომაბეზრებელია, შემდეგ ინტენსივობას, ჟღერადობასა და ტემპო-რიტმს იცვლის, ზოგჯერ ფრაგმენტულად ჟღერს და ბოლოს კულმინაციას აღწევს, როდესაც მოქმედება აღწევს კულმინაციას.
ქალებს ერთნაირი კოსტუმები აცვიათ (მცირეოდენი განსხვავებებით), როგორსაც XIX საუკუნეში ატარებდნენ - ხავერდის პალტოები, ელეგანტური საღამოს კაბები, ბეწვის მოსაცმელებიც ერთნაირი აქვთ და მოქარგული ხელჩანთებიც. ამით მთავრდება მსგავსება. როგორც შინაგანი, ასევე ფიზიკური. ერთი შავთმიანია და მეორე - წითურთმიანი. სხვადასხვა ფსიქოტიპისა და ფსიქოლოგიის, ბუნებისა და მდგომარეობის, ბედისა და ცხოვრების წესის. და არა „საკუთარ თავებს“, არამედ ყველა დროისა და ჩვენი თანამედროვე ქალების (ბევრი ქალის) კრებით, განზოგადებულ პორტრეტს წარმოადგენენ. ქმნიან მარტოხელა და მარტოსული ადამიანების სახეებს, რომლებმაც იციან, რომ მარტო არ არიან და ისიც იციან, რომ ასეთი ერთად ყოფნა არაფერს ნიშნავს, რადგან ამგვარ ერთად ყოფნას ვიღაც სხივისი ერთად ყოფნა, წილში შესვლა და თანაზიარობა ახლავს.
ირინა გიუნაშვილის - მშვიდი, აუღელვებელი, ირონიული, სარკასტული ქალბატონი Y-ის ტექსტს თამრი ბზიავა ექსპრესიულად, ენერგიულად, მძაფრი აქცენტებით, აგრესიულადაც, ინგლისურად წარმოთქვამს და პირიქით - ინგლისურად წარმოთქმულ მონოლოგს ირინა გიუნაშვილი ქართულად „თარგმნის“ - სარკისებურად ირეკლავენ ერთმანეთის სათქმელს და ამ სიტყვიერ დუელში ორივეს პირადი ცხოვრების, განცდების, გრძნობების ფრაგმენტები და მთავარი სათქმელი იკვეთება. ხან ერთია ბრალმდებელი და ბრალდებული და ხან მეორე. ხან ერთია თავდამსხმელი და ხან მეორე - თავდასხმის ობიექტი.
მწარე ირონიით, სხარტად და ხისტად გასროლილი მოკლე ფრაზებითა წარმოთქმული მონოლოგების შიგნით მძაფრი ტკივილი და განცდები იმალება. X და Y, Y და X დიდი ხნის დაგროვილ თემებზე ესაუბრებიან ერთმანეთს და საკუთარ თავსა და ერთმანეთს ამხელენ. თუმცა ორივემ ყველაფერი იცის და ვინ იცის, უკვე მერამდენედ ატყობინებენ ერთმანეთს ამ ცოდნას. ერთობლივად კი აჩვენებენ - ქალის შინაგან, ემოციურ მდგომარეობასა და ქალების ბედს გულგრილ და პრაქტიკულად, მოძალადე, წინააღმდეგობრივ, საკუთარი წესებითა და კანონებით მოქმედ საზოგადოებაში.
მონოლოგების ერთი ნაწილის წარმოთქმის შემდეგ, ჯაჭვის ახალი რგოლი იკვრება. შემდეგ მოქმედება ჩერდება/პაუზდება და ახალ შრეზე გადადის. ყოველი მორიგი გასვლა/შემოსვლა რამდენჯერმე მეორდება. სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა ეტაპზე იშლება. (კინოში უკან გადახვეული და თავიდან დატრიალებული ფირის, ერთი დუბლის მეორეთი შეცვლის ეფექტი). და ერთი და იგივე სივრცეში, ოღონდ მოვლენებში ღრმად და ღრმად შესვლით, ბევრი საიდუმლოსა თუ დაფარულის გამჟღავნებით, აღიარებების რიგით მიედინება. შეიძლება, ეს ერთის შინაგანი მონოლოგიც იყოს, გაორებული და საკუთარ თავშივე დაკარგული ადამიანის წუხილი, რომლისთვისაც ცხოვრება განსაცდელია და ყოველდღიური გამოცდა.
თუ დავიჯერებთ, რომ ყველაფერი მეორდება, მაშინ არც ეს, „ამჟამინდელი“, შეხვედრაა „შემთხვევითი“, პირველი და მოულოდნელი. ალბათ ყოველთვის ასე ხდებ(ოდ)ა. ხან ერთი მიდის პირველი და ხან მეორე. შემდეგ რიგითობა ისევ იცვლება, მაგრამ სიტუაცია მოჩვენებითი და ილუზორულია. პირობითია ასეთი ცვალებადობა, რადგან დიალოგი, მონოლოგი, თუ შინაგანი მონოლოგი, შესაძლოა მრავალი დღე, თვე, წელი გრძელდება. ან გაგრძელდეს. რადგან დასასრული არ ჩანს. შეიძლება ასეთი შეხვედრები იშვიათია, მაგრამ, ერთი და იგივე. მოგონებებისა და ბრალდებების, ტკივილიანი „შეხსენებებისა“ და შეფასებების ჯაჭვში ჩაბმული. უწყვეტი ციკლი და ცხოვრების მარადიული წრებრუნვა. მეტაფორა, რომელიც ინახავს და ავლენს მთავარს, რაზეც ეს პიესა საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ავგუსტ სტრინდბერგმა დაწერა და რატომაც და რაზეც დღეს ქეთი დოლიძემ დადგა.
მიმტანიც იცნობს ორივეს და იცის, ვის, როდის და რა უნდა მიართვას, როგორ შეეგებოს და როგორ დაემშვიდობოს. შეკვეთა/კარნახი არ სჭირდება. მოვალეობას (მიართვას, ისევ მიართვას, ჭურჭელი გამოუცვალოს, მიართვას, ისევ მიართვას - ჭიქები - ჩაი, ყავა, სასმელი, კერძები) რიტუალივით ასრულებს და თითქოს ვიღაცის დაგეგმილ-ნაკარნახევით მოქმედებს. ასრულებს „წესს“, აუცილებლად რომ უნდა დაიცვას.
ქალებიც იღებენ, ემორჩილებიან მიმტანის შეთავაზებებსა თუ თავსმოხვეულ ქმედებას - სვამენ - ყავას, ჩაის, ღვინოს, შემდეგ სპირტიან სასმელებს გადაჰკრავენ რამდენჯერმე. თან თავიანთ „მონოლოგ-დიალოგს“, ან დუბლირებულ მონოლოგ-დიალოგს აგრძელებენ.
ცოტნე მეტონიძის აუღელვებელი, გაწონასწორებული, მუდამ თავდაჭერილი პერსონაჟი ერთადერთხელ კარგავს წონასწორობას. ერთადერთხელ არღვევს გარეგნულ თუ მოჩვენებით სიმშვიდეს. ზრდილობას - რასაც კლიენტების მიმართ და იერარქიული ვალდებულებები აიძულებენ. „მოკეტეთ!“ - უყვირის ის, ერთმანეთის გადამფარავ ორ ხმაში მოლაპარაკე მისის X-ს და მის Y-ს და იქცევა ისე, როგორც ყველა (თითქმის) კაცი, როდესაც ქალები ლაპარაკობენ და სიმყუდროვეს (გამოგონილ) ურღვევენ ხოლმე, რომელსაც, როგორც ყოველთვის, აღარ შეუძლია მათი მოსმენა. სწორედ ამიტომაც შემოჰყავს რეჟისორს სპექტაკლში პერსონაჟი, რომელიც პიესაში არ არის, რითაც კიდევ ერთხელ და ნათლად უსვამს ხაზს ფაქტსა თუ პრაქტიკას, თუ როგორ უყურებენ და ექცევიან კაცები ზოგადად ქალებს და განსაკუთრებით, ისეთებს, რომლებიც ან მათი თანასწორი ან უფრო ძლიერები არიან. და რომლებსაც (კაცებს) არც ამის (გარდაუვალი ფაქტის) დანახვა უნდათ, არც აღიარება და არც სინამდვილედ მიღება.
იმის მიუხედავად, რომ ქეთი დოლიძე და მსახიობები იუმორით, თავისუფალი და ლაღი ინტონაციებით, სატირული ელემენტებით, სიპირქუშისა და დრამატიზების გარეშე აგებენ სპექტაკლის სტრუქტურას, ატმოსფეროს, პერსონაჟების ხასიათებს და მაყურებელშიც ასეთივე შეგრძნებებს იწვევენ, „უფრო ძლიერი“ ადამიანების - ქალ(ებ)ის დრამაა თანამედროვე საზოგადოებაში. იმისგან განურჩევლად, ვინაა ის - მსახიობი, პროფესიადაკარგული, წარმატებული, წარუმატებელი, გათხოვილი, გაუთხოვარი, მარტოხელა თუ მარტოსული.
„უფრო ძლიერი“ ქალების შესახებაა, რომლების პიროვნება და სურვილები წაშლილია სხვის ვნებების, ინტერესების, სურვილების გამო, რადგან, გარკვეულ დრომდე და გადამწყვეტ წუთამდე (ან/და არასდროს), არ ეწინააღმდეგებიან დიდ და წამლეკავ ძალას, რომლის არსებობაშიც ყველა დამნაშავეა, ყველა - ცალ-ცალკე და ერთად, როგორც საზოგადოება, რომელიც თითოეული ასეთი ქალის ბედს განკარგავს. თუმცა ერთმანეთს, ცხოვრებისეულ და პიროვნულ „გაკვეთილებს“ უტარებენ.
ბოლოს, სწორედ სპექტაკლის გადაწყვეტის მხატვრული ხერხის, თხრობის მანერისა და სათქმელის მთავარი მიზნიდან გამომდინარე, ყველაფერი ლოგიკურად იცვლება და გარდაისახება. მის Y და მისის X, ქეთი დოლიძე ჩანაფიქრითა და და სურვილით, ტოვებენ კაფეს - ჩაკეტილი სამყაროს მიკრომოდელს და დროის საზღვრებსაც არღვევენ. კაბებს იხდიან, გველივით იცვლიან „კანს“, იცილებენ, ითავისუფლებენ „საუკუნეების განმავლობაში“ შებოჭილ სხეულებს, თანამედროვე, თავისუფალი სტილის კაბებში რჩებიან, როგორც ნამდვილი ბუნების, შინაგანი მდგომარეობის სიმბოლურ გამომხატველის. და თავდავიწყებით ცეკვავენ, თანამედროვე რიტმულ, ენერგიულ მუსიკაზე.
უკან, სცენის სიღრმეში მათთან ერთად, თავისთვის თუ პარალელურად, ცეკვავს მიმტანიც, რომელიც ამჯერად, უკვე ქალების ნებასა და ძალას ემორჩილება. მათ დაფარულ და გამომზეურებულ შინაგან თავისუფლებასა და ნამდვილ ბუნებას, ნამდვილ სურვილებს, რომლებსაც ისინი, ბევრი სხვა ქალის მსგავსად, შინაგანად და ნამდვილად ატარებენ. იმის დამადასტურებლად, რომ ყოველთვის, ყველაზე ჩიხურ სიტუაციაში და სასოწარკვეთის ჟამსაც კი, უნდა იყო ძლიერი. ყველაზე ძლიერი. მხოლოდ მაშინ შეგიძლია გაიმარჯვო.