top of page

დროის მოლოდინი და იმედის განცდა / თავი ხომ არ ჩამოვიხრჩოთ?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

320214613_1220568665221855_5397248234192619115_n.jpg

ნუცა კობაიძე

გოდოს მოლოდინში

დროის მოლოდინი და იმედის განცდა / თავი ხომ არ ჩამოვიხრჩოთ?

 

დაკვირვებული ვარ, როცა სხვისი შთაბეჭდილების ზეგავლენით შექმნილი განწყობით  მივდივარ სპექტაკლზე, გამოფენაზე, კინოში ან ნებისმიერ ღონისძიებაზე, მოლოდინი თითქმის არასდროს მიმართლდება, პირიქით - ხშირ შემთხვევაში სულ სხვა შეფასებას ვაკეთებ. ასე წავედი, სკეპტიკურად განწყობილი მე, თეატრ ათონელზე „გოდოს მოლოდინის“ სანახავად...

აფიშა წარმოდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შეიძლება სწორედ მან განაპირობოს მაყურებლის მოყვანა სპექტაკლზე. აქამდე თეატრები ყურადღებას არ აქცევდნენ ამ დეტალს. დღეს მიხვდნენ, რომ გრაფიკული დიზაინი, თუ ფოტო-ვიდეო მასალის ხარისხი ადამიანებს ზოგჯერ იმაზე მეტად აინტერესებთ ვიდრე - თვითონ პროდუქტი. სოფო ქელბაქიანის სპექტაკლების აფიშები გამოირჩევა ესთეტიკური, დამაინტრიგებელი ვიზუალით - იქნება ეს უნიტაზზე ჩამომჯდარი ფრეკენ ჟული („ფრეკენ ჟული“ - ფოტო: ლეკო ჭყონია) თუ ნეფე-პატარძალი - ვლადიმირი და ესტრაგონი („გოდოს მოლოდინში“ - ფოტო: ნატა სოფრომაძე).

მარტივი, გაცვეთილი სცენოგრაფიის - ცელოფნის ფარდები, ზებრა ავეჯი, მაცივარი და დაბლა დადგმული ტელევიზორი - ფონზე აღსანიშნავია სცენის შუა გულში დამონტაჟებული კედელი ეკრანით და პოსტერებით.  პირველ მოქმედებაში ეკრანზე ჩანს უდაბნოს პეიზაჟი, რამაც გამახსენა გიორგი აფხაზავას სპექტაკლი „ბედნიერი დღეები“ (სემუელ ბეკეტი). დიდი ალბათობით დამთხვევაა, თუმცა საინტერესო. ორივე შემთხვევაში ორი ადამიანი მუდამ რაღაცის მოლოდინშია და ეს რაღაცა უკეთესი მომავალია, იმედი გადარჩენის. ორივეგან უდაბნო ტრაგიკული მდგომარეობის მეტაფორაა.  მეორე მოქმედებაში ეკრანზე გაშიშვლებული, შემზარავი, ნისლში გახვეული ტყეა, რასაც ტრიერის „ანტიქრისტესთან“ მივყავარ, სადაც სასოწარკვეთილი წყვილი ასევე ხსნას ეძებს.

კედელზე გაკრული პოსტერები, პირდაპირი გამოძახილია სპექტაკლში განვითარებული მოვლენების:

  • ინგმარ ბერგმანის გმირები „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“, ზუსტი პარალელია გიორგი ხურცილავას და ანასტასია ჭანტურაიას პერსონაჟებთან.

  • ფიოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“ და „გოდოს მოლოდინში“ - პარალელია ღმერთთან.

  • ვუდუს კულტურით ცნობილი, ნეო-ექსპრესიონიზმის (ამ მიმდინარეობამ ადამიანის ფიგურა დააბრუნა თანამედროვე ხელოვნებაში) ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, ჟან-მიშელ ბასკიას გრაფიტის სტილში შესრულებული შავკანიანი მამაკაცი გვირგვინით, რითაც ის დაჩაგრულ, მსხვერპლად ქცეულ ადამიანებს სამეფო საზოგადოებას უტოლებს, იდეალების ნგრევის და სიკვდილის ილუსტრაციაა.

  • შექსპირის „ჰამლეტი“ და იქვე ცნობილი ციტატა „To be or noT To Be” ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ციტატაა ბეკეტთან მიმართებაში.

  • ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს „BIRDMAN” და ფელინის „რვანახევარი“- აქ არცერთი აფიშა/პოსტერი არ არის უბრალოდ გაკრული. ყველა მჭიდრო კავშირშია სცენაზე განვითარებულ მოვლენებთან.

მომწონს სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება. კომპოზიტორმა ანუშკა ჩხეიძემ The Flower Duet (Lakme) თავისი ინტერპრეტაციით შემოგვთავაზა. მთელი ანტრაქტის პერიოდში გაჟღერებული ეს მძიმე, დამთრგუნველი მელოდია არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და  მახსენებს ამავე რეჟისორის წინა სპექტაკლს - „ფრეკენ ჟული“, წინასწარ რომ იზრუნა ატმოსფეროს შექმნაზე და მუსიკით (Tetenoise) გამოწვეული ემოციით შეგვიყვანა დარბაზში. პერსონაჟები ორივე მოქმედებაში პერიოდულად ღიღინებენ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერას დისნეის ანიმაციიდან „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ – Someday My Prince Will Come - ერთ დღესაც ჩემი პრინცი მოვა - ერთ დღესაც გოდო გამოჩნდება... ეს მუსიკალური პასაჟი თავის დროზე რობერტ სტურუამ გამოიყენა მის ერთ-ერთ საკულტო სპექტაკლში „ნადირობის სეზონი“.

ნანახი ფოტოებიდან/„სთორებიდან“ გამომდინარე, სანამ სპექტაკლზე მივიდოდი, ვფიქრობდი, რა კავშირი შეიძლებოდა ჰქონოდა ამ ყველაფერს ნამდვილ „გოდოს მოლოდინთან“ და თქვენ წარმოიდგინეთ, არც არაფერია შეცვლილი ლილი ხურითის პერსონაჟის - ლაკის მონოლოგის ჩამატების გარდა. ყოველ დღე ერთი და იგივე, საშველი კი მხოლოდ გოდოს გამოჩენაშია, რომელიც არ ჩანს და არც გამოჩნდება.

მსახიობი, რომელიც არ შედის როლში და ისეთია როგორც რეალურ ცხოვრებაში, შესაბამისად არ გარდაისახება სცენაზე - არ არის საინტერესო. სცენაზე მდგარი 4 მსახიობიდან გამოვყოფ ლილი ხურითის (ლაკი) და ბექა ხაჩიძის (პოცო) როლებს. ფაქტობრივად მათ ოსტატობაზე დგას სპექტაკლი. მოსაბეზრებელი უნდა იყოს მთვრალი ლაკის მონოლოგი, მის ეგზისტენციალურ კრიზისზე და ცხოვრების ამაოებაზე, მაგრამ სამსახიობო ტექნიკის ოსტატი ლილი ხურითი იმდენად ორგანულად თამაშობს, მაყურებელი სიცილს ვერ იკავებს. სუპერგმირად გადაცმული, გაშარჟებული კურიერი პოცო ჩანთა/ჩაქუჩით ხელში სანახაობის ვიზუალურ ასპექტს აძლიერებს. პიცის მიტანის შემდეგ კურიერი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში. ის ხომ ნამდვილი გმირია, მან სტაფილოს და ბოლოკის  ანაბარა დარჩენილი ოჯახი იხსნა შიმშილისგან (მაცივარში სხვა არაფერია). სწორედ ეს მსახიობი გადაარჩენს მეორე მოქმედებაში ფანრების სცენას, როცა ჩამქრალ დარბაზში წყვილის (ვლადიმირის და ესტრაგონის) ძალიან გაწელილ, დამღლელ დიალოგს ვუსმენთ. საკმაოდ კომიკური და ხალისიანია კურიერის ჩანთამოკიდებული ბექა ხაჩიძის პერსონაჟი. მნიშვნელოვანი სასცენო მეტაფორაა ჩანთა, რომელიც უზარმაზარ ჩაქუჩად გარდასახა რეჟისორმა. დღევანდელი თბილისი ხომ ამ ჩანთიანების ხელშია: გზაში მყოფთათვის, სამსახურში გაჭედილი ადამიანებისთვის თუ სახლში ჩამჯდარი ინტროვერტებისთვის. კონკრეტულ რეკვიზიტს (კურიერის ჩანთა) იყენებს რეჟისორი დავით დოიაშვილი სპექტაკლში „თოლია“ და მიშა ჩარკვიანი სპექტაკლში „ბუნკერი“. საკითხი დღეს ნამდვილად აქტუალური და პრობლემურია.

რეცენზია იმაზე კრიტიკული გამომივიდა, ვიდრე სპექტაკლიდან გამოსულს მქონდა ემოცია, არადა მთლიანობაში სოფო ქელბაქიანმა შემოგვთავაზა პიესის ნამდვილად საინტერესო ინტერპრეტაცია, რომელიც კარგად მოარგო დღევანდელობას.

bottom of page