top of page

„ვაჩუქოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს“

1511065_258800530958464_885161445_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

 

„ვაჩუქოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს!“

 

გ. ერისთვის სახელობის გორის კომედიის ფესტივალი უკვე მეოთხედ ჩატარდა. თუ სადმე კომედიის ფესტივალი უნდა გამართულიყო ალბათ აუცილებლად გორში, გიორგი ერისთავის სამშობლო კუთხეში. მან უკვე საერთაშორისო ფესტივალის  სტატუსი შეიძილა, უკვე ტრადიციად იქცა, მაგრამ ტრადიციულად მრავალი პრობლემების გარეშე მაინც ვერ ატარებს  ფესტივალს. მთავარი და დიდად  მოსაგვარებელი საკითხი დაფინანსებაა. სამწუხაროდ ვერ აღმოჩნდა იმ ფესტივალების რიცხვში, რომელთა დაფინანსება წინასწარ იგეგმება სახლმწიფოს მიერ. მარათალია იგი „Checking Georgia“ პროგრამაში მოიაზრებოდა, მაგრამ მისი დაფინანასების საკითხი მხოლოს დაწყებამდე რამოდენიმე კვირის წინ გადაწყდა:  ძალიან მცირე სახსრებით, მაგარმ ფესტივალი მაინც ჩატარდა. მისი მომზადების პერიოდში სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი. ასე მაგალითად დღემდე უმეტეს თეატრებს არ აქვთ მომზადებული და არ სარგებლობენ სპექტაკლების პასპორტით, რომელიც აუცილებელია საგასტროლო მოგზაურობის დროს და ფესტივალის ორგანიზატორებს ძალზე უჭირთ პროგრამის დაგეგმვა, მაშინაც კი როცა გორის თეატრს სამი სცენა გააჩნია. ამიტომაც ფესტივალის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ზოგი სპექტაკლი დადგმული და მომზადებული მცირე სცენაზე და გათვლილი მცირე დარბაზებისთვის დიდ სცენაზე აღმოჩნდა და  პირიქით. ერთმაც და მეორემაც დიდი უხერხულობა შეუქმნა მსახიობებსაც და მაყურებელსაც. მაგ. სოხუმის კ. გამსახურდის სახ. თეატრის სპექტაკლი „ნაბუშვრები“ დაიდგა და წარმოდგენილი იყო კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის სხვენის მინიმალური ზომის სცენა, გორში კი ამ  სპექტაკლის თამაში თეატრს დიდ სცენაზე მოუწია, ამიტომ დეკორაციის განლაგებამ და მსახიობთა  თამაშმა (გათვლილი უფრო ახლო, მაყურებელთან სათამაშოდ) სულ სხვა, ასე ვთქვათ უარყოფითი ეფექტი შექმნა, თუმცა იმედი მაქვს მაყურებელმა ეს საეროდ ვერ შეამჩნია.  საპირისპირი მოვლენას ჰქონდა ადგილი მესხეთის თეატრის შემთხვევაში, როცა დიდ სცენაზე დადგმული სპექტაკლი გორის თეატრის პატარა სცენაზე ითამაშეს. გორის თეატრის ფესტივალის ორგანიზატორების სასახელოდ უნდა ითქვას (სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, ფესტივალის დირექტორი მარიამ მინდიაშვილი, თეატარის ადმინისტარტორი ნინო ყარალაშვილი და სხვ.), რომ მათ მაინც დიდი წარმატებით

 

გაართვეს თავი ამ და სხვა წარმოშობილი  პრობლემებს. ამ წლების განმავლობაში ისინი ნამდვილი კარგ საფესტივალო პროფესიულ გუნდად ჩამოყალიბდნენ და შესანიშნავად დაგეგმეს ფესტივალის პროგრამა - მაყურებელი დღეში ორ წარმოდგენას ნახულობდა მთელი რვა საფესტივალო დღის განმავლობაში, ხოლო ყოველი სპექტაკლის მერე კრიტიკოსთა ჯგუფი ხვდებოდა შემოქმედებით კოლექტივს და დიალოგის რეჟიმში უზიარებდა თავის შთაბეჭდილებებსა თუ შენიშვნებს.

 

ტრადიციისამებრ ფესტივალი გაიხსნა კოტე მარჯანიშვილის და დაიხურა შოთა რუსთაველის თეატრის სპექტაკლებით. აქ არ შეიძლება საყვედური არ გამოვთქვათ საქართველოს ამ უდიდესი თეატრების მიმართ - თავისთავად  გახსნისა და დახურვის პატივი ძალიან საამაყო და დასაფასებელია, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი რას წარმოადგენენ თეატრების სახელით. შესაძლებელია და ვიზიარებ იმ აზრს რომ გორის მაყურებლისათვის  საინტერესო იყო ნილ საიმონის „ქალები“ (რეჟისორი ც. კობიაშვილი) და ლაშა ბუღაძის „სულიერი არსებები“ (რეჟისორი დ. საყვარელიძე), მაგრამ მათი ხარისხი  და „ხაბდაზმულობა“ აღარ პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს თეატრალური ხელოვნების მიმართ - საკასო სპექტაკლები გათვლი „შინაურ“ მაყურებელზე არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი სრულიად დაშლი, როცა ხვდები რომ ბოლო წარმოდგენა 2-3 თვის წინ იყო ჩატარებული ნამდვილია არ ეკადრებოდა არც ერთ თეატრს და არც გორის კომედიის ფესტივალს. აი, აქ  ძალიან ვინანეთ თეატრმცოდნეებმა, რომ გახსნისა და დახურვის სპექტაკლების (როგორც ფესტივალის არამონაწილე კოლექტივების)  განხილვა არ მოგვიწია. დიახ, ვინანეთ, რადგან არ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენი შენიშვნები და სურვილები გამოგვეთქვა მათ წინაშე. ეს ნათქვამი ასევე ეხება შოთა რუსთაველის თეატრსაც, სადაც მიუხედავად იმისა, რომ პიესა (ლ. ბუღაძე)  და არც რეჟისურა (დ. საყვარელიძე) თავის დროზე არ იმსახურებდა განსაკუთრებული კრიტიკას, გასვლითმა სპექტაკლმა მართლაც რომ მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.

 

გასული წლებისგან განსხვავებით წლევანდელი გორის კომედიის ფესტივალზე წარმოდგენილი თითქმის ყველა სპექტაკლი  ნამდვილად ეხმიანებოდა ამ ფესტივალის

 

 

დევიზს „დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს!“ (იყო გამონაკლისიც -  მაგ. მარტინ  მაკდონას პიესა „ნაბუშვრები“ თარგმნილი ზ. სამადაშვილის მიერ მისი „ობოლო დასავლეთის“ მიხედვით - თუმცა უნდა აღინიშნოს რომ „შავი იუმორით“ დაწერილი ეს  ნაწარმოები, რომელიც ირლანდიელი დრამატურგის პირველი პერიოდის (1997 წ.) შემოქმედებას მიეკუთვნება, „კრიმინალური კომედიის“ ჟანრად არის მონათლული).  როგორც სჩანს ფესტივალში მონაწილე თეატრები მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ორგანოზატორების თხოვნას და მათ რეპერტუარში არსებული კომედიური და ვოდევილური  ჟანრის პიესები ჩამოიტანეს გორში - ამავე დროს რაც ყველაზე სასიხარულოა  ფესტივალში მონაწილეობას ღებულობდა  საქართველოს თითქმის ყველა თეატრი - დებიუტანტი  და ასევე ძალზე გამოცდილი და სახელოვანი რეჟისორების წარმოდგენებით.  შევეცდები მივყვე ფესტივალის მიმდინარეობის ლოგიკას და მოგითხროთ მისი დღეებისა და წარმოდგენილი სპექტაკლების შესახებ.

 

კომედიის ჟანრი ძალიან დიდ საფრთხეს უმზადებს რეჟისორს - არც  ტრაგედიის ან თანამედროვე პიესის შექმნაა  ადვილი  სცენაზე, მაგრამ კომედია ან თუნდაც ვოდევილი რეჟისორისგან მოითხოვს განსაკუთრებული ყურადღებას, რათა  სპექტაკლის შემქმნელებს არ „გაექცეთ“ იმ მთავარი, რაც ასე მომხიბლავს ქმნის ამ ჟანრს, მხოლოდ იუმორის შეგრძნება და ტაქტი განაპირობებს იმას, რომ  სცენაზე არ მივიღოთ დაბალი კულტურისა და „იაფასიანი“  ხუმრობა, ეგ.წ. „კომედი-შოუ“, რაც ძალიან ხშირად იწვევს მაყურებელსა და სპეციალისტებში გაღიზიანებას და უსიამოვნო შეგრძნებას. ამიტომაც სრულიად გასაგებია რომ თეატრმცოდნეთა ყურადღება რეჟისურული ნამუშევრებისკენ იყო მიმართული, თუმცა ამ მხრივ რეჟისორული ხერხების ნოვაციებისა და აღმოჩენების მომსწრენი ვერ გავხდით. ვნახეთ სპექტაკლები, რომელიც მხოლოდ მსახიობთა თამაშზე იყო აგებული  - „დღეები მიქრიან“  რ. კოლიადა, რეჟისორი კ. ხოლოდნიკოვა - კიევის დრამისა და კომედიის თეატრში და ასევე სპექტაკლები, რომელშიც რეჟისორულმა  წიაღსვლებმა დიდი გაოცება გამოიწვია მაგ. უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“ (რეჟისორი რ. შატაკიშვილი) გორის გ. ერისთვის თეატრში, რომელიც „მაკბეტის “ ალქაჯის გამოსვლით იწყებოდა და კალდერონის შეგონებით „ცხოვრება სიზმარიათი“  სრულდებოდა. აქვე მინდა დავამატო რომ ზოგ შემთხვევაში რეჟისორები ისე ადვილად და თვითნებურად ეპყრობიან დრამატურგიულ ტექსტებს, სავარაუდოდ იმ იმედით რომ ვერც უილიამ  შექსპირი და ვერც რაფაელ  ერისთავი (მესხეთის თეატრის სპექტაკლში „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (ტექსტების ავტორი  კ. გოგიძე) სადაც უხვად იყო ინტერედები, ჩამატებული ტექსტები, მაგრამ იგი არ არღვევდა დრამატურგიული მასალის ქსოვილს  და ადექვატურად აღიქმებოდა მაყურებლის მიერ)   ვერ მოედავებათ, საავტორო უფლებებზე რომ არაფერი ვთქვათ), მათ შორის თანამედროვე მწერლებისაც, ეჭვი მეპარება რომ ავტორს მისი პიესის „ინტერპრეტაცია“ ეცნო სცენაზე.  ასე მოხდა სხვათა შორის ნობელის პრემიის ლაურეატის, აწ გარდაცვლილი დარიო ფოს პიესის შემთხვევაში -  „არ გვიხდიან? არ გადავიხდით!“ (მ. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი),  სადაც რეჟისორმა მიკელე პანელამ ისე შეცვალა ტექსტი, რომ პოლიტიკური სატირა უბრალო ვოდევილად  აქცია, პერსონაჟთა ტანსაცმელის გადაცმით, ერთმანეთის „გათამაშებით“, ფსევდოფეხმძიმე  ქალების სცენაზე გაუთავებელი სირბილით და აშ. სხვათაშორის პიესების  მთარგმნელები და გადმომკეთებლებიც თვითნებურად ეპყრობიან დრამატული ნაწარმოებებს სათაურებს. მაგ. მ. მაკდონას „ობოლი დასავლეთი“  ქართულ ვერსიაში „ბანუშვრებად“ (მთარგმნელი ზაალ სამადაშვილი) იქცა, დარიო ფოს „Non si para! Non si para“ რაც „არ გადავიხდით! არ გადავიხდით!“ ნიშნავს.  ავტორმა ამ სათაურში თავისი პროტესტი გამოხატა იმ სოციალური მდგომარეობის მიმართ, რაშიც იტალიის პატარა ქალაქის დიასახლისები აღმოჩნდნენ და ეს ფრაზა  გახდა იმ ბუნტის სლოგანი, რომელიც მთავრობასა და ხალხს შორის მოხდა.  ქართულ ვერსიაში კი ამ პიესა „არ გვიხდიან? არ გადავიხდით!“  გადაიქცა. «Неугомонная бабушка, Или пока она умирала…» გადმოკეთებული ავთო ვარსიმაშვილის მიერ „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“  სახელით მოგვევლინა.

მაგრამ დავუბრუნდეთ რეჟისურას:  რასაკვირველია ფესტივალზე ნაჩვენებ სპექტაკლებს შორის გამოირჩეოდა სამეფო უბნის თეატრის და  თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ერთობლივი პროექტი „სამშობლო“, სადაც ახალგაზრდა დრამატურგთა (მაკა კუკულავა, დათა ფირცხალავა, ალექს ჩიღვინაძე)  და რეჟისორთა (გურამ ღონღაძე, ნინი ჩაკვეტაძე, თათა პოპიაშვილი, სოფო ქელბაქიანი) ოთხი პატარა პიესა გათამაშდა შეასანიშნავი მსახიობების  მონაწილეობით  (ლილი და ნანა ხურითები, ნინო ჭოლაძე, მაგდა ლებანიძე, ალეკო კუბლაშვილი, პაატა ინაური, გაგა შიშინაშვილი, შაკო მირიანაშვილი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები: ანასტასია ჭანტურაია, ბექა  ხაჩიძე, ლევან სარალიძე, ივა ქიმერიძე). ოტივე ეს პიესა  ერთი ხაზით იყო შეკრული - მოქმედება აეროპორტში ხდება, რომელიც უამინდობის გამო დახურულია და სადაც სრულიად შემთხვევით ერთმანეთს ხვდებიან ყოფილი კლასელები, ყოფილი შეყვარებულები, ყოფილი „მამა-შვილი და „ყოფილი“ მეგობრები. 

დავით თურქიაშვილი დებიუტანტი რეჟისორია, ჯერ კიდევ სტუდენტი. „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ (ნ. პტუშკინა, გადმოქართულებული ავთო ვარსიმაშვილის მიერ) ძალზე საინტერესო პიესაა - სიტუაციათა კომედია, რომელიც ვერ იტანს ხანგრძლიობას, დაბალ რიტმას, იგი როგორ წესი სხარტად თამაშდება, მოვლენათა სწრაფი განვითარებით, თუმცა ჭიათურის თეატრის სპექტაკლმა  სულ საპირისპირო შთაბეჭდილება დატოვა. ახალი და ახლი ნიუანსები თუ მოტივები, რომლებიც  სპექტაკლში ჩნდებოდა ლოგიკურად ვერ იყო შეკრული, ამიტომაც მსახიობებს განსაკუთრებით კი მთავარი როლის შემსრულებელი ლილი ხურითი, რომელიც სულ სცენაზე და მასზე აგებული მთელი ქმედება,  იძულებული იყო ერთიდაიმავე მსახიობური ხერხების გამოყენებით ეცადა პერსონაჟის ხასიათის  გამოკვეთა, რამაც ამ პერსონაჟს სქემატურობა შესძინე. სხვა პერსონაჟთა არამოტივირებულმა საქციელმა განაპირობა ის, რომ ჩვენს წინაშე თითქმის არაფერი არ მოხდა: -  ამბავი განვითარდა და დასრულდა ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პერსონჟების ცხოვრებაში რაღაც  შეიცვალა, პიროვნულად მათში, მათ სულში  კი სრულიად არც არაფერი არ მომხდარა.

გამოჩენილი შემოქმედნი  ცდილობენ რეჟისორული ხერხებით გაამდიდრონ სპექტაკლების სანახაობრივი მხარე, უფრო დინამიური და გამომსახველი გახადონ წარმოდგენა. ზუგდიდის თეატრის სპექტაკლი დარიო ფოს კომედია „ქურდი სამოთხეში“ ესეც სიტუაციათა კომედიაა, სადაც რეჟისორმა  სოსო ნემსაძემ  მოქმედება ორ სასცენო მოედანზე განათავსა:  მაყურებელთა დარბაზში - ავანსცენის მსგავსად  და მთავარ სცენაზე. სახეზეა ამ დრამატურგისთვის დამახასიათებელი ილუზორულობა, არსებულისა და არარსებულის შერწყმა - „სიზმრისეული“ ხილვები და პანტომისის ფორმით გათამაშებული ფინალი. რეჟისორი  ფართო ასპარეზს უთმობს მსახიობებს, რომ თავიანთი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოავლინონ, თუმცა მსახიობთა თამაშს ეტყობოდა დაძაბულობა, ნერვიულობა, სპექტაკლს აკლდა სილაღე და თავისუფალი თამაში. როგორც სჩანს  თეატრები არც თუ ისე ხშირად თამაშობენ კომედიებს, ამიტომაც ზოგიერთ სპექტაკლებს აკლდა  „გათამაშება“, იგრძნობოდა ტექსტების არცოდნა და პერსონაჟთა სახელების არევაც კი (მაგ. „ჭირვეულის მორჯულება“).

 

როდესაც რეჟისორულ კონცეფციაზე ვსაუბრობთ  არ შეიძლება არ შევეხოთ ზემოთ  უკვე რამდენჯერმე ნახსენებ უ. შექსპირის „ჭირვეულის მორჯულებას“ (რეჟისორი რეზო შატაკიშვილი), რომელშიც ნათლად გამოიკვეთა რეჟისორის ნაფიქრალი და მის მიერ სპექტაკლის გადაწყვეტის ძირითადი არსი - ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა.  სპექტაკლის მიმდინარეობისას ჩვენს წინაშე იბადება დესპოტი, მაგრამ რატომ შექსპირული სამხიარულო კომედიის ქსოვილში, მაინც გაუგებარი დარჩა არ მხოლოდ ჩემთვის. რეჟისორი აშკარად კარგად მოაზროვნე პროფესიონალი  შემომქმედია და მისი ნამუშევრები მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული თეატრისთვის, თუმცა ისინი ყოველთვის კამათს იწვევს (შეიძლება ასე მოსწონს)  და დიდ დაფიქრებას მოითხოვს მაყურებლის მხრიდანაც.

ასევე გვერდს ვერ ავუვლით გიორგი ქანთარიას მიერ განხორციელებულ სპექტაკლს სოხუმის კ. გამსახურდია სახ. თეატრში - მარტინ მაკდონას „ნაბუშვრები“. როგორც ცნობილია ამ ირლანდიელი  კინორეჟისორის, სცენარისტის, პროდიუსერისა და დრამატურგის პოსტმოდერნისტული შედევრები ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ჩვენი თაობის რეჟისორებში. სულ ცოტა ხნის წინ დავით  დოიაშვილმა დადგა მისი „ბალიშის კაცუნა“ ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრში. „ნაბუშვრები“ ანუ როგორც  ორიგინალშია „ობოლი დასავლეთი“  „ბალიშის კაცუნის“ საპირისპირო ვერსიაა. თუ პირველ მათგანში ძმებს ეზიზღებათ  ერთმანეთი და მზად არიან  ყელი გამოჭრან ან თოფი დაახალონ ერთმანეთს, გვიანეულ პიესაში „ბალიშის კაცუნა“ - პირიქით, ძმებს ისე უყვართ ერთმანეთი, რომ მზად არიან თავი გასწიროს ერთმა მეორესთვის. რასაკვირველი ძალიან ძნელია მიიღო ის სისასტიკე, რაც უფროსმა ძმამ მამის წინააღმდეგ ჩაიდინა ან ახსნა ის ბოროტებები, რასაც უმცროსი ძმა უფროსს უგებდა მახედ. მათ ურთიერთობას ვერაფერი  დაალაგებს, ვერც „მედიატორი“  მამა უელჩი და ვერც მასში შეყვარებული გელინი. სიმართლე მხოლოდ ერთშია - ბავშვობაში ტრავმირებული ორივე ძმა ისევ მოძალადეებად და ბოროტმოქმედებად რჩებიან, მაშინაც კი, როცა კიდევ ერთი ადამიანი მამა უელჩი თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს, თუნდაც იმიტომ, რომ  საკუთარი „რწმენის კრიზისში“ ვერ შეძლო ამ ორი ძმის გაადამიანება და სწორ გზაზე დაყენება. რეჟისორმა შეძლო ჩვენამდე მოეტანა ამ უბედური ოჯახის ტრაგედია, მკაცრი რეჟისორული ხერხებით, ყოველგვარი გადამეტების და გადაჭარბების გარეშე შექმნა „კრიმინალური კომედიის“ სამყარო რაც ასე დამახასიათებელია მარტინ მაკდონასთვის.  ხოლო დიმიტრი ჯაიანის მამა უელჩის სახე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ფესტივალის პროგრამაში.

ფესტივალის აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს „ჩვენი თეატრი“ და მისი წარმოდგენა ქეთევან ჩაჩანიძის „პარადიზო“ (რეჟისორი ირაკლი ხოშტარია, მხატვარი, მეთოჯინე თეა ბახტაძე, ხატია მანჯავიძე, ქორეოგრაფი ლაშა რობაქიძე) - ძალიან ორიგინალური, ყველასგან განსხვავებული თოჯინური წარმოდგენა ძირითადად ტექსტის გარეშე. მსახიობები ილია სონღულაშვილი, ლაშა რობაქიძე, ხატია მანჯავიძე, თეა ბახტაძე და რეალური პერსონაჟები - ელიზბერ ჩხეიძე და სოფიკო ჩხიტუნიძე  ნაღვლიან, სიყვარულისა და მეგობრობის, წარსულსა და უსასრულობაში (სამოთხეში) გადასვლის ისტორიას გვიყვებიან, რომელიც მოხუცთა სახლში ხდება. შოთა რუსთველის სახ. თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა (იური  ფოფოხაძის კლასი) შექმნეს და დაამზადეს ურთულესი ტექნოლოგიების თოჯინები, რომელთა მსგავსი ძნელად მოინახება სადმე. თოჯინების ტარების ეს მეთოდი, როდესაც თვითეულ მათგანს ზურგს „უმშვენებს“ ამავე  პერსონაჟის „თითქოს და განვლილი ცხოვრება და უმძიმესი წლები“ უახლესია და დიდი ინტერესს იმსახურებს.

 

წლეულს გორის კომედიის ფესტივალის საერთაშორის პროგრამაზე წარმოდგენი იყო ორი თეატრი:  კიევის დრამისა და კომედიის თეატრი და ინდონეზიის - Republic of  Performing  Arts რომელმაც თვითონ აღმოაჩინა გორის კომედიის ფესტივალი და საკუთარი ხარჯებით (და არც თუ ისე იაფად) ეწვია ქ. გორს. Republic of  Performing  Arts  ჯაკარტის ერთ-ერთ წამყანი თეატრია, მასში ეროვნული დრამატურგიის გარდა რეპერტუარში ს. მროჟეკის, ა. ჩეხოვის, ე. ოლბის, დარიო ფოს პიესები.

კიევის დრამის და კომედიის თეატრის სპექტაკლი „დღეები მიქრიან“ ცნობილი უკრაინელი დრამატურგის ნ. კოლიადას პიესაა, რომელსაც პირობითა შეიძლება ვუწოდოთ „ქალი და მამაკაცი“. მახსენდება რუსთველის თეატრის სპექტაკლი ბერნარ სლეიდის „წელიწადში მხოლოდ ერთხელ“ მარინა ჯანაშიასა და დავით კვირცხალიას მონაწილეობით, რომელიც მართლაც რომ წელიწადში ერთხელ თამაშდებოდა და რომლის სიუჟეტი და სტრუქტურა თითქმის ესადაგება ნ. კოლიადას პიესას.  რეჟისორი (კ. ხოლოდნიკოვა) მინიმალური ჩარევით არენას უთმობს მსახიობებს  ოსტატობისა და ნიჭიერების გამოვლენისთვის და ამ ორი მსახიობის თამაში (ქალი - ირინა მელნიკი, მამაკაცი - ანატოლი იაშენკო) საკმაოდ შთამბეჭდავ წარმოდგენას ქმნის. მოსკოვის ერთ-ერთი თოჯინების თეატრის ყოფილი მსახიობი ქალი შოუ-ბიზნესში გადაინაცვლებს და პროვინციულ ქალაქში ტურნეს ატარებს. პროდიუსერის მოლოდინში, რომელმაც აქ ჩამოიყვანა სასტუმროს ნომერში უეცრად ყოფილი ქმარი გამოეცხადება, ასევე ამავე თეატრის ყოფილი მსახიობი, რომელმაც მოტყუებით ქალი ამ ქალაქში ჩამოიტყუა მასთან შეხვედრის მიზნით. სწორედ ამ  შეხვედრის შემდეგ იხსნება  ორი ადამიანის გასული და ახლანდელი ცხოვრების დეტალები. ირკვევა, რომ ქალი და კაცი მხოლოდ მაშინ იყვნენ ბედნიერნი, როცა ერთად ქალი დედალ კურღელს და მამაკაცი მამალ კურღელს თამაშობდა თოჯინების თეატრის სცენაზე. რა ბედი ელით ამ ორ ადამიანს, რომლებსაც დღესაც, ამდენი წლის შემდეგ ვერ მონახეს საერთო ენა, პიესის ავტორი და შემქმნელი კოლექტივი მაყურებელს ანდობს თვითონ დაასრულონ ეს ისტორია - ისინი ან ერთად დარჩებიან, ან ისევ დაშორდებიან.

ინდონეზიის თეატრმა რთული ამოცანა დაისახა - წარმოედგინა აბსურდის თეატრის უძნელესი ნიმუში -  ე. იონესკოს „მელოტი მომღერალი ქალი“ თანაც ქართველებისათვის უცხო მალაიური ენაზე (მათ კატეგორიულად უარი თქვეს სუბტიტრირებაზე),  თანაც ისეთი პიესის, რომელიც რომ სწორედ ენის დეკონსტრუქციასა და ადამიანთა შორის არაკომუნიკალურობის დამტკიცებაა. ამ კოლექტივმა შეძლო პრაქტიკულად მინიმალური დეკორაციით (ისიც რაც გორის თეატრის სარდაფებში მოიძიეს) გაეთამაშებინა აბსურდის პიესა თავისი ყველა ნიუანსით და შესრულების უმაღლესი კულტურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მსახობთა (ჯოინდ ბაიუვინანდი, ინ შა ფებრიანტი, ირმან ნიშა, დია ლისტარი, ოპი ანდერესტი, ეკი ლემო) პლასტიკა, ვოკალი, ჟესტიკულაცია და მიმიკა. მიმკა ზოგჯერ გადაჭარბებული, ჰიპერბოლირებული, მაგრამ ორგანული და პერსონაჟის ხასიათთან მიახლოებული. რეჟისორმა (ამიენ კამილი) სმიტებისა წყვილი ეროვნულ სამოსში გამოაწყო, ხოლო მარტენების ოჯახი თანამედროვე კოსტუმებში, მათ დაპირისპირებაში და პაექრობაში ცხადდება მათი ყოფის აბსურდულობა და სპექტაკლის ფინალში ყველაფერი თავიდან იწყება, მაგრამ ამჯერად აბსურდის ამ ახალ ციკლს უკვე მარტენების ოჯახი იწყებს.

 

 

ფესტივალის პროგრამამ ნათლად აჩვენა რომ თეატრებში, ერთი თუ ორი გამონაკლისის გარდა ზოგადად ამაღლდა სპექტაკლების მხატვრულად გაფორმების კულტურა, მაგრამ აქა იქ განსაკუთრებით რეგიონებში  ხშირად დგება სპექტაკლის მხატვრულად გაფორმების - სცენოგრაფიის პრობლემა. იქ სადაც სპექტაკლების გაფორმებაში მონაწილეობენ უკვე გამოცდილი სცენოგრაფები (ოზურგეთის თეატრი -  ლომგულ მურუსიძე, სამეფო უბნის თეატრი და  ჭიათურის თეატრი - გოგი მესხიშვილის დიზაინის სკოლა) სპექტაკლების დეკორაცია, ბუტაფორია თუ პერსონაჟთა კოსტუმები სრულიად ადექვატურია და პასუხობს დრამატურგისა და რეჟისორის ამოცანას, თუმცა ზოგიერთ სპექტაკლებში მხატვრულ გაფორმებაზე ამას ვერ ვიტყვით. ისევ „ჭირვეულის მორჯულების“ მაგალითს მოვიშველიებ - სცენაზე განთავსებულია უამრავი ბუტაფორული წიგნები, უკანა პლანიც უდიდესი წიგნების თაროს წარმოადგენს და წიგნის ფორმის პატარა სცენებიც წარმოდგენის ქმედებაში ჩართული (მხატვრული გაფორმება რეჟისორ  რ. შატაკიშვილს ეკუთვნის), რაც მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს რომ შექსპირმა ბევრი წიგნი დაწერა და არაფერი საერთო არა აქვს პეტრუჩიოსა და კატერინას სიყვარულთან თუ მათ მორჯულებასთან. ძალიან უღიმღმოდ, გაცვეთილად და მოძველებულად გამოიყურებოდა ძალიან ცოცხალი და სახალისო ვოდევილის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ მეტეხის თეატრის სპექტაკლის დეკორაცია (რეჟისორი ნ. ლორთქიფანიძე, აღადგინა კ. გოგიძემ) და აღმოჩნდა რომ ეს ის დეკორაციაა,  რომელიც ოციოდე  წლის წინ აიგო.

სრულიად დარწმუნებული ვარ რომ უნიჭიერეს მხატვარს და დიზაინერ  სიმონ მაჩაბელს, რომელმაც რეჟისორის (მიკელე პანელა)  სურვილით დარიო ფოს პიესა პერსონაჟთა კოსტუმებიც  და გარემოც მალევიჩის ნახატების კოლაჟებით გააფორმა, თვითონაც ძალიან კარგად ესმოდა რომ ამ ყველაფერს არაფერი კავშირი ჰქონდა იმ მოვლენებთან, რაც დრამატული ტექსტის მიხედვით ხდებოდა სცენაზე. მიკელე პანელას მალევიჩის შემოქმედებით გატაცება არ იყო საბაბი იმის, რაც ჩვენ მ. თუმანიშვილის თეატრის წარმოდგენაში ვიხილეთ.

მარიკა კურკელია („ქურდი სამოთხეში“ ზუგდიდი თეატრი), სერგო შივცი („ბეჩავი“ ფოთის თეატრი) არჩილ მაისურაძე („ნაბუშვრები“ სოხუმის თეატრი), სოფო ქორიძე („ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“, ილიაუნის თეატრი) და ლევან როსტომაშვილი („ვინ ვართ ჩვენ?!“  თელავის თეატრი) იმ სცენოგრაფებად მოგვევლინენ, რომელთა მხატვრული გაფორმება სრულიად პასუხობდა ავტორისა და რეჟისორების სათქმელს. ეწ. „რინგი“ „ბეჩავში“ და კულისების მიღმა სივრცე („ვინ ვართ ჩვენ?!“) პერსონაჟთა საპაექრო გარემოდ აღიქვება, სადაც „ხელჩართული“ ბრძოლები მიმდინარეობს. ქურდი მართლა სამოთხესავით მორთულ ოთახში შეიპარება („ქურდი სამოთხეში“), რომელიც სულ მალე „ღალატის ბუდედ“  გადაიქცევა, მაია სხირტლაძის სცენოგრაფია „მგზნებარე შეყვარებულში“ უბრალოა, არაა გადატვირთული ზედმეტი დეტალებით, ორიგინალურადაა მოფიქრებული კარები და მასში შემოსული სტუმრები ახალ მოვლენებად ყოფენ წარმოდგენის მსვლელობას, თუმცა ქმედება შეკრულია და ეს  სამი შემთხვევა მაინც ერთ ამბად აღიქმება. „ნაბუშვრები“ შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი, როგორ ბოროტება და კეთილი, როგორ ურთიერთდაპირისპირება და ბრძოლა-კამათი.  მსახიობებსაც შავ-თეთრ კოსტუმებში გვევლინებიან. მკაცრი, მოღუშული გარემო და ჩაკეტილი სივრცე გამოუვალი მდგომარეობის მანიშნებელია და კარები, რომელიც სცენის სიღრმეში მდებარეობს უმეტესად სიკვდილის ან თვითმკვლელობს მაცნეა. თეთრი კარადები ქანდაკებებით, სასმელით და იარაღით „გამოტენილი“ უფრო უბედურების მომტანია, ვიდრე ნათელი წერტილები ამ სასტიკ  გარემოში. სოფო ქორიძის მიერ შექმნილი გიორგი ერისთავის გარემო („ძუნწი და უჩინმაჩინის ქუდი“)  ძალზე სტილიზებული,  ორიგინალური კოსტუმები პერსონაჟთა ხასიათს უსვავ ხაზს.

 

თანამედროვე თეატრის კიდევ ერთი კომპონენტი მუსიკალური გაფორმება აუცილებლად მოითხოვს სერიოზულ დაფიქრებას თანამედროვე ქართული თეატრში. დიდი ხანია სპექტაკლებისთვის აღარ იწერება მუსიკა, თუ არ ჩავთვლით კომპოზიტორ ნიკა ფასურს, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს სამეფო უბნის („ფრეკენ ჟული“, „კატცელმახერი", „სტრიპტიზი“) თეატრში და კახა ცაბაძე („ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“). ყველა დანარჩენ შემთხვევაში ამ როლს სხვადასხვა ადამიანები ირგებენ და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ რაღაც კატეგორიის ჟღერადობაა, რომელიც როგორც თვლიან რეჟისორები აუცილებლად უნდა ისმოდეს დარბაზში.   მაგალითად ოზურგეთის თეატრის სპექტაკლში „ბოშები“ ბევრი მუსიკაა, მუსიკალური გაფორმება ორგანულია, თუნდაც „роза,  роза  папироза“, მაგრამ მალერის მეხუთე სიმფონის მეოთხე ნაწილი  adagietto-ს  შემოტანა ძალიან უცნაურად გვეჩვენა, რასაკვირველია იგი რაღაც გზით შეიძლება

 

ესადაგებოდეს  კიდევაც გურული ბიჭისა და ბოშა ქალის სიყვარულსა და მათ განშორებას, თუმცა ძალიან დაბალი ალბათობით. არც ვისოცკის „спасите наши души“ გამოდგებოდა „ნაბუშვრების“ რეფრენად, თუმცა იგიც ასე თუ ისე სიუჟეტთან, უფრო სწორედ შეგონებასთან უფრი ახლო ვიდრე პირველ, ზემოდ დასახელებულ შემთხვევაში. უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა კახა ცაბაძის (არანჟირების ავტორი ა. დავლაშერიძე) მუსიკამ, რომელიც ამ სპექტაკლისთვის დაიწერა და მსახიობთა შესრულებით კარგად ჟღერს. მერი ბეროშვილის მუსიკალური გაფორმება „ბეჩავში“ ავსებს და სრულყოფს დრამატულ ქმედებას.

 

და ბოლოს ყველაზე მთავარი - მსახიობი. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალები იმითაა საინტერესო რომ საშუალებას იძლევა ვნახოთ და შევაფასოთ სხვადასხვა სამსახიობო სკოლის წარმომადგენლები, არა მხოლოდ სტანისლავსკის სისტემის მიმდევრები, არამედ ე. გროტოვსკის, მ. ჩეხოვის და ვს. მეირხოლდის, ა. ტაიროვის, ასევა აღმოსავლური თეატრის სუძუკის, კაბუკის, თეატრ ნოს, ინდური  თეატრალური სკოლის წარმომდგენლები. გორის თეატრის სცენებზე ერთმანეთის გვერდით იდგნენ გამოჩენილი,  ღვაწმოსილი მსახიობები და ახლაგაზრდა დებიუტანტებიც. ფესტივალმა დაადასტურა, რომ შეიძლება ვედაოთ რეჟისორებს, თუნდაც მხატვრებსა და სცენოგრაფებს ამა თუ იმ ნაწარმოების  შექმნაში, მაგრამ არასდროს მსახიობს. ამ ათი დღის განმავლობაში არ მქონია შემთხვევა, რომ მსახიობურ  შესრულებაში რაიმე სიყალბე დამენახოს. შესაძლებელია იყო პატარა გადაცდენები, მაგრამ მთლიანობაში გორის კომედიის ფესტივალის მთავარი გამარჯვებული მაინც მსახიობი აღმოჩნდა. თუნდაც რად ღირს ის, რომ შესანიშნავმა მსახიობმა ლილი ხურითმა ორი დღის განმავლობაშ სამ სპექტაკლში ითამაშა და თანაც ბრწყინვალედ: ლ. ბუღაძის „ნავიგატორში“ (რეჟისორი დ. საყვარელიძე) იმერეთის ფესტივალზე და მეორე დღეს ორიც გორში - ერთიდაიმავე დღეს  ნ. პტუშკინას „ზღაპარი იგი, მათრობს და მხიბლავს“ (რეჟისორი დ. უფლისაშვილი, ჭიათურის თეატრი)  „სამშობლოში“ (სამეფო უბნის თეატრი); ან გნებავთ გაბო მდინარაძე, ოზურგეთის თეატრის უხეცესი მსახიობი  გ. ჟორდანიას მიერ განხორციელებულ სპექტაკლ-ბალადაში ნ. დუმბაძის „ბოშებში“, დიმიტრი ჯაიანი, რომელიც სავადმყოფოდან გამოწერის მესამე დღეს  ჩამოვიდა გორის ფესტივალზე და ასრულებდა მამა უელჩის  ურთულეს როლს სოხუმის თეატრის სპექტაკლში „ნაბუშვრები“, დებიუტანტი მსახიობი გენა შონია, რომელმაც ჭეშმარიტად ბრწყინვალედ განასახიერს სოსოს  როლი დ. გაბუნიას „ბეჩავში“ (ფოთის თეატრი), ანდრის ვაჭრიძე,  მესხეთის თეატრის ახლადმოწვეული მსახიობი, რომელიც ილიაუნის თეატრალური ცენტრის აღზრდილია და ილიაუნის თეატრიდან ჩაირიცხა დასში - უზადო იუმორით, პლასტიკით, მაღალი მსახიობური ოსტატობით შექმნა ოსეფა და მანანა ბერიძე - ელისაბედი რ. ერისთავის „ჯერ აიხოცნენ, მერე იქორწინეში“, ბესო მეგრელიშვილი, ნინო კიკაჩეიშვილი, ხათუნა ბერძენიშვილი, მარინა დარასელია ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა და ზუგდიდის თეატრების კოპროდუქციაში ნ. საიმონის „მგზნებარე შეყვარებული“ (რეჟისორი დ. ხვთისიაშვილი), ირინა მელნიკი და ანატოლი იაშენკო ნ. კოლიადას „დღეები მიქრიან“ კიევის დრამისა და კომედიის თეატრში, თუმანიშვილის თეატრის მსახიობები (მზია არაბული, თემო გვალია, ნიკა წერედიანი, ეკატერინე ანდრონიკაშვილი, გია აბესალაშვილი, გუგა კახიანი) სპექტაკლში დარიო ფოს „არ გვიხდიან? არ გადავიხდით!“ (რეჟისორი მ. პანელე), ეთერ ბაბილაშვილი და ნონა ხუმარაშვილი ვ. პეტროვის „ვინ ვართ ჩვენ?“ თელავის თეატრი (რეჟისორი გ. ჩაკვეტაძე), მერაბ ყოლბაია და ბადრი ბეგალიშვილი მ. მაკდონას „ნაბუშვრები“ სოხუმის თეატრში (რეჟისორი გ. ქანთარია), ინდონეზიის თეატრის მთელი დასი.  რასაკვირველია ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ მინდა კვლავ გავიმეორო ყველა მსახიობი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში სცენაზე იდგა იმსახურებს განსაკუთრებულ შექებასა და პატივისცემას.

სამსახიობო სკოლაზე ჩამოვაგდე საუბარი და აქ შეუძლებელია არ ვახსენო რეჟისორი და პედაგოგი სანდრო მრევლიშვილი - გ. ტოვსტონოგოვის (ამ დიდი პედაგოგისა და რეჟისორის აღზრდილები იყვნენ მსახიობები: სალომე ყანჩელი და ნათელა ურუშაძე - ალბათ ბევრმა არ იცის რომ ქალბატონ ნათელას სამსახიობო  ჰქონდა დამთავრებული ვიდრე თეატრმცოდნეობის ფაკულტეტს დაამთავრებდა, ევგენი ლებედევი და ოლეგ ბასილაშვილი; რეჟისორები ლილი იოსელიანი და მიხეილ თუმანიშვილი და სხვ.)  მოწაფე უკვე დიდი ხანი თვითონაც გვევლინება რამოდენიმე თეატრის (მეტეხის, „ძველი სახლის“, „გლობუსის“ თეატრი „რუსთაველის 19“) და მსახიობთა სკოლის შემქნელად. სწორედ მისი სამასახიობო სკოლის წარმომადენლების სპექტაკლი „ჩეხოვის ღიმილი“ ვიხილეთ ფესტივალზე. ჩეხოვის ორ პატარა მოთხრობაზე „ჩინოვნკის სიკვდილი“ და „ფიცხი ადამიანის ჩანაწერების“  სცენური ვერსია სავსეა იუმორით, გროტესკით,  რომელსაც ასე ოსტატურად ასრულებენ  „რუსთაველის 19-ის“ ახალგაზრდა მსახიობები (ბექა ქამხაძე, ნატუკა ფილია, გუგა ბერეკაშვილი, ანა ბებია, ნათია ნიკოლაშვილი, ბექა ლემონჯავა, თორნიკე ქინქლაძე, მარი არღთუნაშვილი, ქეთი ლუარსაბიშვილი, სოფო მეძმარიაშვილი, ელენე ქასრაძე). მინიმალური დეკორაციითა და სასცენო გაფორმებით, ზუსტი ჟესტიკულაციით  და  პლასტიკით, მეტყველებისა ტექნიკითა და გამომსახველი გამომეტყველებით შექმნეს უდაოდ საინტერესო ხასიათები და მოვლენათა გავითარების შინაგანი ლოგიკით პროზაული ნაწარმოები დრამატულ ქმედებად აქციეს.

 

ფესტივალი დამთავრდა - ორგანიზატორებმა ნაღვლიანი თვალებით გამოგვაცილეს იმ იმედით, რომ მომავალ წელს კვლავ შევხვდებით გ. ერთისთვის სახ. გორის კომედიის მეხუთე ფესტივალზე.

bottom of page