top of page

გუდული ბაბუა და პატარა უჩა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.7V1rmPiA3tFK2aTz0fl7EdXarTdm8mlez5pkst-DbCI.jpg

ნერონ აბულაძე

გუდული ბაბუა და პატარა უჩა

ჩანაწერები ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან...

„ადამიანში სინდისი შეიძლება გაღვივდეს. მე ყურადღებით ვუკვირდები ადამიანებს, ვეძებ მათში სინათლეს, სიმართლეს, რაც შემდგომ ჩემი გმირების დვრიტად იქცევა“ - ნოდარ დუმბაძე.

 

ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი ქართული პროგრამა საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი ხუთი - (თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, ახალციხის, გურჯაანის) თეატრის, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებით იყო წარმოდგენილი. ამათგან საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით ჯილდო ნომინაციაში - საუკეთესო მხატვრული გაფორმება, სცენოგრაფია, ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს - ,,გუდული  ბაბუა და პატარა უჩა“ გადაეცა. რთულია ამ გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა...როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საფესტივალო პროგრამით განსაზღვრული წარმოდგენებიდან სწორედ ბორჯომის თოჯინების თეატრის აღნიშნული სპექტაკლი გამოირჩეოდა ორიგინალური, კოლორიტული სცენოგრაფიით, რაც სრულ შესაბამისობაში იყო რეჟისორის კონცეფციასთან.

   

 ,,უმადური“ - ასე ჰქვია ნოდარ დუმბაძის მოთხრობას, რომლის საფუძველზეც რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა სადადგმოდ მიმართა, არ მოერიდა ლიტერატურულ პირველწყაროსთან მიმართებაში გარკვეულ ფამილიარულ ჩარებს და სანახაობითად მრავალფეროვანი სპექტაკლი წარმოგვიდგინა. ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ადამიანის მრავალმხრივი ბუნების შელამაზების გარეშე ჩვენებით გამოირჩევა. მწერალი მხატვრული პერსონაჟების ცნობიერი და არაცნობიერი ქმედებების სააშკარაოზე გამოტანის დიდოსტატია, სადაც ავტორის ყურადღების ცენტრში ყოველთვის უბრალო ადამიანია თავისი პიროვნული თავისებურებებით, ფიქრებით, განცდებით, ქცევებით, საზოგადოებრივი როლით, რაც მკითხველს იზიდავს და აფიქრებს. ნოდარ დუმბაძე უპირველეს ყოვლისა ჰუმანისტია, მისი ჰუმანური ბუნება კარგად ჩანს მხატვრულ პერსონაჟთა ქცევაში, მოქმედებაში, ხასიათში. მწერლის ნებისმიერი ნაწარმოები კომპოზიციური თვალსაზრისით იმდენად მორგებულია სათეატრო სივრცეს, რომ მსგავსი სტრუქტურული წყობით ბევრ დრამატურგს შეიძლება უსწრებდეს. ჩვენს მწერლობაში არის ასეთი იდეალური შემთხვევები დავით კლდიაშვილთან და მიხეილ ჯავახიშვილთანაც, რომლებიც დრამატურგიული კანონების შესაბამისად ქმნიდნენ პროზაულ ტექსტებს, შესაბამისად სიუჟეტებიც იოლად ერგება სადადგმო ტექნიკას. ამიტომაც იყო, რომ ნოდარ დუმბაძის გამოჩენა ქართულ მწერლობაში შეუმჩნეველი არც ქართულ თეატრს დარჩენია და თანმიმდევრობით იქმნებოდა თეატრალურ ინტერპრეტაციათა უწყვეტი ჯაჭვი.

      

დიმიტრი ხვთისიაშვილი ქართული კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა. თუკი თვალს გადავავლებთ რეჟისორის შემოქმედებას არაერთ წარმოდგენას შევხვდებით, რომელიც სწორედ ქართული კლასიკური ნაწარმოების საფუძველზე განხორციელდა. შემთხვევითი არც ნოდარ დუმბაძის მეტად ორიგინალური და თვითმყოფადი ნაწარმოების - ,,უმადური“ თეატრალური ინტერპრეტაცია ყოფილა. ალბათ კამათს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ეს პატარა ნოველა თავისი კონფიგურაციული ექსპოზიციით უჩვეულოა დუმბაძისეული სტილისთვის (კონფიგურაციულ ექსპოზიციაში ვგულისხმობ ერთად თავმოყრას ისეთი ჟანრებისა, როგორიცაა დრამა და გროტესკი თავისი ფინალური აკორდით). თუ არ ავიღებთ მწერლის ფელეტონებს, არცერთ მის სქელტანიან ნაწარმოებში გროტესკი არაა, არც მცირე ზომის მოთხრობებსა და ნოველებში, ალბათ მას უზომოდ უყვარს თავისი გმირები, და იმიტომ. თუ დავაკვირდებით, მის ნაწარმოებებში იშვიათად შევხვდებით უარყოფითი გმირს, იქამდე დეზერტირი დათიკოც რომანიდან - „მე ვხედავ მზეს“ დიდი სიფრთხილით და სიტყვის მოზომვითა გამოძერწილი. არის შემთხვევები, როდესაც არ მოსწონს ესა თუ ის ტიპაჟი მწერალს, თუმცა მის მიმართაც დამნდობია. ამ შემთხვევაში კი უპირველესად თვალში საცემია თვით სათაური, რაც ასევე დუმბაძის სტილის უჩვეულობაზე მიუთითებს. ვიდრე ნაწარმოებს ბოლომდე არ წავიკითხავთ, ან სპექტაკლს სრულად არ ვნახავთ, სწორი აქცენტების დასმა შეუძლებელია. რაც ნაწარმოების (სცენოგრაფიული მონახაზის) თავში იხატება, სათაურთან აბსოლუტურ შეუთავსებლობაში მოდის. გასაგებია, რომ ეს თვისება ნოველის მთავარმა გმირმა ვიღაცის მიმართ გამოავლინა, თორემ სათაურამდე არ ასწევდა ავტორი უმადურობას და ასე მძაფრად არ გაამახვილებდა ყურადღებას ამ სიტყვაზე. ეს ერთგვარი ტექნიკური სატყუარაა მწერლის, რათა მკითხველმა ყურადღებით წაიკითხოს ნაწარმოები, მაყურებელმა კი ყურადღება არ მოადუნოს წარმოდგენის ყურებისას. გავიარეთ დეტალი ძროხასთან, მამალთან, ბავშვთან (უჩა მელიმონიძესთან), დედამისთან (ქსენიასთან), მზესთან, გუთანთან, ჭურთან, საკუთარ გონებასთან და გულთანაც კი, ყველას ემადლიერება, ისინიც ერთხმად ეუბნებიან იუბილარს - „ალალი იყოსო“. ჰა და ჰა, უკვე ასწლოვანმა გონებამაც უმტყუნა, ბავშვის და დედამისის სახელი დაავიწყდა. საერთოდ, დუმბაძე ფინალში ავლენს თავის ჭეშმარიტ ძალას და აქაც: „ქსენია ჩემს სახლში ახლა რაღაცა მოხდება და ბავშვი არ დაგეზაფროს... გაფიცებ ქალობას, არ გამოუშვა ბიჭი და არ აჩვენო ჩემი თავი, სანამ სოფლის კაცები არ მოვლენ... მშვიდობით, ქსენია, ღმერთია მოწამე, ყველა მიყვარხართ და მადლიერი ვარ ყველასი, უზომო მადლიერი.“ აი, კონტრასტი სათაურსა და ტიპაჟს შორის. თითქოს ყველაფერი დასრულდა გუდული დერეჟიანის თვითმკვლელობით, მაგრამ არა... მაშ, საიდან ეს ბრალდება მის მიმართ, იმ დღეს რომ 100 წელი შეუსრულდა? არადა, ბრალდება სერიოზულია და მკითხველი ვერაფერს მსგავსს ვერ ამჩნევს მის ვერც ერთ ქმედებაში, ასეთი დამღა რომ დაემსახურებინა. არის ბოლო აბზაცად მოტოვებული კვანძის გახსნა, სადაც სრული გროტესკია ადამიანური ტრაგედიის მიმართ, მამა-შვილური დამოკიდებულებისა. ჩვენ მთელი ნაწარმოების, შესაბამისად სპექტაკლის მსვლელობის განმავლობაში ვხედავთ როგორი მზრუნველია გუდული ბავშვის მიმართ, რომელიც უმამოდ იზრდება, დამოკიდებულებას უჩას მამის მიმართ: „შენისთანა ბაღანას რომ მიატოვებს კაცი და სხვა ქალს რომ გაეკიდება სტავროპოლში, ხვადაგია, ბაბუა, აბა რაა? <...> „არ უნდა მეთქვა. მაგას მამამისი ანგელოზი ჰგონია. რა იცის, ქრისტეს ძვლის მტკვერელი რომაა“ <...> მოიხედე, ბიჭო, ხვადაგი კი არა, ტარიელია მამაშენი, ფრიდონია და ავთანდილი. ხუმრობა არ იცი, შე მამაძაღლო?!“ ამაშიც ვლინდება უჩასადმი სიყვარული. სამივე ნათქვამში მართალია გუდული, თუნდაც ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს მოსაზრებები უჩას მამის მიმართ, სამივე ხაზი მამა-შვილობისა სრულად ჰქონდა დაცული პირადად გუდულის - უერთგულა შვილებს, ფეხზე დააყენა და დიდ ქალაქებში დაკარდნენ, ვერ მიატოვა უბრალოდ გუდულიმ ეზო-კარ-მიდამო, ძვირფას ადამიანთა საფლავები...  

               

დიმიტრი ხვთისიაშვილი სრულად ითავისებს ტექსტის მხატვრულ აგებულებას. მიზანსცენათა კონტრასტული თანმიმდევრობა ლოგიკურად მიყვება ავტორისეული თხრობის პრინციპებს. სცენური სივრცე - (მხატვარი ვახტანგ ქორიძე) ტიპური გურული კარ - მიდამოს კოლორიტის სახით არის წარმოდგენილი. სპექტაკლში აბსოლუტურადაა შენარჩუნებული დუმბაძისეული პათეტიკა, მისეული წყობა სიუჟეტური ხაზებისა. სცენოგრაფია სრულად ემორჩილება მწერლის გამჭოლ ხაზს. შეიძლებოდა - (როგორც დუმბაძის ნაწარმოებთა დადგმისას ხშირად ვხვდებით) აქ ტექსტის ეგრეთ წოდებული ,,გაბევრების“ მიზნით სიუჟეტურ ქარგაში შემოეტანა სხვა მოთხრობების სიუჟეტებიც, რომლებიც ჩაჯდებოდნენ ერთიან კომპოზიციაში, მაგრამ აქ მთავარი იყო ყურადღების კონცენტრირება კონკრეტულ ნაწარმოებზე და მის პრობლემატიკაზე. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ არ მოხდა სიუჟეტთა შერევა. სპექტაკლი თოჯინურია, შავი კაბინეტის პრინციპთ, შავი კაბინეტის გარეშე, სადაც თოჯინა და მეთოჯინე მაყურებლის თვალსაწიერშია. მხატვრული გაფორმება შესანიშნავად პასუხობს გურულ კოლორიტს, მაღალია ტემპო-რიტმი, ვიდრე ეს ავტორთან შეიძლება იყოს, რაც თანადროული ეპოქის მოთხოვნების შესაბამისია.

       

რეჟისორის კონცეფციის ორგანული ნაწილია სპექტაკლის მუსიკალური გაფორმებაც, სადაც ფოლკლორული მოტივები ჭარბობს და რაც სრულ შესაბამისობაშია ნაწარმოებისა თუ წარმოდგენის ხასიათთან, მის ტემპო - რიტმთან. სამსახიობო ანსამბლი - (მარიამ ლომიძე, თამარ გელაშვილი, სალომე მიქელაშვილი, ირინა კუბანსკი, ალეკო სტეფანიანი, ბაქარ ლომიძე) - ზუსტად ასრულებს რეჟისორი მითითებებს. პროფესიული მომზადების მხრივ ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი ნამდვილად გამორჩეულია, უპირველესად თოჯინას მხატვრული აგებულების ფლობისა თუ ტარების თვალსაზრისით. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ გასულ ფესტივალზე ბორჯომის თოჯინების თეატრის ღვაწლმოსილ მსახიობს ირინა კუბანსკის საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო გადაეცა და სავსებით დამსახურებულად. გამოცდილი მეთოჯინეების გვერდით ახალგაზრდებიც - ( თამარ გელაშვილი, მარიამ ლომიძე, ბაქარ ლომიძე, ალეკო სტეფანიანი) აძლიერებენ დასს, რაც თეატრის წარმატების უტყუარი წინაპირობაა.

bottom of page