სპექტაკლის პრემიერა გურჯაანში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
მანანა თევზაძე
სპექტაკლის პრემიერა გურჯაანში
ამ რამდენიმე დღის წინ, უფრო ზუსტად კი, 29 ივნისს, გურჯაანის კულტურის ცენტრმა, რომელსაც სულ ახლახანს აქ დანიშნული, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ბექა სონღულაშვილი ხელმძღვანელობს, მიგვიპატიჟა სპექტაკლის პრემიერაზე „ნიკო“. რეჟისორი ჩემთვის ნაცნობი ლევან ხვიჩია გახლდათ, რომლის ნახვაც, სპექტაკლის შემდეგ, მისი მოუცლელობის გამო, ვერ მოვახერხე და ახლა ვულოცავ პრემიერას!
გურჯაანში ჩასვლისთანავე ჩემი ყურადღება კულტურის ცენტრის პომპეზურმა შენობამ მიიპყრო, საკმაოდ რთულმა, კომპლექსურმა ნაგებობამ, რომლის ფასადი დატვირთულია მოდერნიზებული სვეტებითა და ღიობებით, ლითონის ჭედური კომპოზიციებით.
შენობა ოთხსართულიანია, აქვს გემის ფორმა. რკინა-ბეტონის ნაგებობა საკმაოდ მყარია, თუმცა გარკვეულ სარემონტო სამუშაოს საჭიროებს. საერთო არქიტექტურული გაწყვეტით, იგი ეხმიანება ქართლ-კახეთში გავრცელებული, დარბაზული სახლის შინაგანი სივრცის სტრუქტურისათვის დამახასიათებელ, სიღრმეში წაგრძელებულ გეგმას.
ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ცენტრალური ფოიე - მრგვლოვანი სივრცე აღმოჩნდა, რომელსაც აქაურები „მანეჟს“ ეძახიან. თავისი აგებულებით იგი ძველქართულ დარბაზს მოგაგონებთ, რომლის გადახურვა - ხის მრავალსაფეხურიანი გუმბათი - გვირგვინი, აქ მინისა და ხის ჩანართებითაა შეცვლილი და ბუნებრივი განათების კარგი წყაროა.
იატაკი, კარგად შემონახულ-მოვლილი ხის მშვენიერი პარკეტითაა მოპირკეთებული და რაც მთავარია, ამ სივრცეს, გარშემო რკალავს აღმოსავლური ტიპის სტილიზებული ფარდებით დამშვენებული ორი იარუსი, მაყურებლისათვის განკუთვნილი სკამებით.
არქიტექტორმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით ვერ გავარკვიე და რომელიც, ცხადია, კარგად ერკვეოდა თეატრალურ ნაგებობათა ისტორიაში, შემოქმედ რეჟისორებს მომავალი სპექტაკლებისათვის შექსპირის დროინდელი „გლობუსის“ ტიპის თეატრის შესანიშნავი სივრცე შესთავაზა.
კულტურის ცენტრის მთავარი, მაყურებელთა დარბაზი, 635 კაციანი მშვენიერი პარტერითაა აღჭურვილი. სცენა გამართულია სხვადასხვა, ალბათ უკვე მოძველებული, ტექნიკური საშუალებებით, განათებისა და ხმის აპარატურით და მზადაა შემოქმედთათვის.
ამ შენობაში ბინადრობენ სალოტბარო სკოლები, ქართული საკრავების ინსტრუმენტალური ანსამბლები, ქართულის ცეკვის შემსწავლელი და სხვადასხვა სახელოვნებო წრეები და აქ ხანგამოშვებით იმართება თეატრალური სპექტაკლები, კონცერტები, პოეზიის საღამოები, გამოფენები, კონფერენციები, საზოგადოებრივი შეკრებები.
აქვე, 1987 წლიდან არსებობს, საქართველოს დამსახურებული არტისტის და გურჯაანის საპატიო მოქალაქე გივი ტაბახმელაშვილის მიერ შექმნილი თოჯინების თეატრი, თავდაპირველად სახალხო წოდებისა, ხოლო 1991 წლიდან, მაშინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ნოდარ იონათამიშვილის თხოვნითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით - სახელმწიფო თეატრი, რომელსაც მიუხედავად, სადღეისო პრობლემებისა, აქვს მუდმივი რეპერტუარი, ჰყავს მაყურებელი და თოჯინების ერთადერთი თეატრია კახეთის რეგიონში.
სხვათა შორის, გივი ტაბახმელაშვილი კულტურის ცენტრის პირველი ხელმძღვანელი იყო, მაგრამ დავუბრუნდები იმდღევანდელ სპექტაკლს „ნიკო“, რომლის მხატვარი - შოთა ბაგალიშვილია, ქორეოგრაფი - ლაშა რობაქიძე. მათი სახელები კარგადაა ცნობილი თბილისის თეატრალურ წრეებში. სპექტაკლი მუსიკალურად თავად რეჟისორმა, ლევან ხვიჩიამ გააფორმა და ძირითადად, ახალგაზრდა მუსიკოსის - ალექსანდრე კორძაიას - Kordz-ის ელექტრონული მუსიკა გამოიყენა.
რაც შეეხება სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს: გიორგი აფციაური - თბილისელი მსახიობია; გიორგი ქადაგიშვილიც - მსახიობია, მხოლოდ გურჯაანელი. დათა გორგიაშვილი, კახა ოდიშელაშვილი, სალომე მუხულიშვილი, ჟანა მაისურაძე, გიორგი ბეროშვილი, ლუკა შაკიაშვილი, ანდრია მირიანაშვილი, გიორგი ბერიკაშვილი - გურჯაანელი სცენისმოყვარენი, საგანგებოდ ამ სპექტაკლისათვის შეირჩნენ და ძირითადად მოსწავლეები არიან, თუმცა ზოგიერთს უნივერსიტეტიც აქვს დამთავრებული, ზოგიერთი მუსიკალური განათლებითაა. მარიამ მაისურაძე და ნინი დვალიშვილი კი თელავის სახელმწიფო თეატრიდან მოიწვიეს.
სპექტაკლის სახელწოდებაში უკვე იდო გამხელილი საიდუმლო, რომ სპექტაკლი ნიკო ფიროსმანზე მოგვითხრობდა, თბილისელ მხატვარზე მირზაანიდან, ქართული მხატვრობის ეპოქალურ მარტოსულ რაინდზე...
ამ ბოლო ხანებში ფიროსმანის შესახებ დადგმული რამდენიმე სპექტაკლი ვნახე - გორის თეატრსა თუ „მოხეტიალე მთვარის თეატრში“ და უნდა ვთქვა, რომ ყოველი მათგანის დრამატურგიულ თუ რეჟისორულ გააზრებას თავისებური ხიბლი ჰქონდა. ამჯერადაც, ლევან ხვიჩიას ნამუშევარმა, მხატვარ შოთიკო ბაგალიშვილის სცენურმა გადაწყვეტამ, რა თქმა უნდა, ქორეოგრაფის შესანიშნავად მოფიქრებულმა მოძრაობამ და სვლებმა, მუსიკალურმა თანხლებამ, მსახიობთა შესრულებამ თავისებური გავლენა მოახდინა მაყურებლის შთაბეჭდილებაზე და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლი შედგა.
სპექტაკლის დაწყების წინ, ბექა სონღულაშვილს ვკითხე, ვისი პიესაა-მეთქი? მიპასუხა, ლევანმა სხვადასხვა რაღაცეები შეაერთაო... თურმე უფრო ზუსტი იქნებოდა, მეკითხა, ქორეოგრაფი ვინ იყო, რადგან სპექტაკლის ფორმა და რეჟისორული გადაწყვეტა სწორედ ქორეოდრამაა, მაგრამ ეს მერე გავაცნობიერე, როდესაც სპექტაკლი დაიწყო.
რეჟისორი ლევან ხვიჩია მსახიობებთან ერთად თითქმის სამი თვის მანძილზე მუშაობდა, რათა უსიტყვო წარმოდგენით გაეცოცხლებინა ნიკო ფიროსმანის თავგადასავალი. უამრავი გამოკვლევაა დაწერილი ფიროსმანის შესახებ, რომელთა შორის ორს, მართლაც შესანიშნავ ნაწარმოებს გამოვარჩევდი: ერასტ კუზნეცოვის „ფიროსმანსა“ და გასტონ ბუაჩიძის „ფიროსმანი ანუ ირმის გასეირნება“; ფართო საზოგადოებისთვის აღარაფერია უცნობი მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ და მერამდენედ ამის შეხსენება ზედმეტი სულაც არ არის, მით უმეტეს, როცა წარმოდგენა მოულოდნელი ხერხითაა გათამაშებული და მსახიობები ძალ-ღონეს არ იშურებენ საკმაოდ რთული, რიტმული საცეკვაო ნახაზის შესასრულებლად, მაგრამ ცეკვაც რომ არ არის და უფრო ნაზავია სცენური მოძრაობის სვლებისა და საცეკვაო ილეთებისა? აქ გამოიკვეთა დამდგმელი რეჟისორისა და ქორეოგრაფის მისწრაფება იმ ილუზორული სამყაროს შექმნისა, რომელშიც მხატვრის არსებობაა ჩაწერილი და ყოფითი დეტალებით გაჯერებული. მაგალითად სცენები კაფე-შანტანში, ნიკალას და მარგარიტას შეხვედრები; ხაზგასმით გრძელი, თეთრ სუფრაგადაფარებული მაგიდა, როგორც „საიდუმლო სერობისა“ და „გუშინდელნის“ რეპლიკა, ასევე უსაშველოდ ხანგრძლივი პაუზა - კიდევ ერთი შეხსენება დიდი ქართული სპექტაკლიდან, მაგრამ ამგვარი რეპლიკები სულაც არ არის ყურით მოთრეული, პირიქით, სპექტაკლის ქსოვილს ორგანული და ფერადოვანი ლაქებით ავსებს. მონაწილეთა გამუდმებულ გადასვლებში, რიტმულ მოძრაობაში უეცრად იკვეთება ფიროსმანის აღმომჩენი ორი სტუდენტი ვაჟი - მიშელ ლე დანტიუ და ილია ზდანევიჩი; ისინი რომ არა, ხომ დავიწყების უსასრულო უფსკრულს მიეცემოდა მხატვარი ნიკალა ფიროსმანაშვილი, ყოფილი მედუქნე და მატარებლის კონდუქტორი... სასაცილოა არა? სატირალი რომ არ იყოს მისი არაარსებული საფლავი, როგორც გენიოსთა უცილობელი ხვედრი!
და რაც ძალიან მომეწონა, რეჟისორმა და მსახიობებმა თავი აარიდეს ტექსტს, რეპლიკების წარმოთქმის, შემდგარი საუბრის, სამეტყველო აპარატის იქნებ დაუხვეწავ ტექნიკას და მხოლოდ ერთ სცენაში, ფრანგულად წარმოთქმული რამდენიმე ფრაზითა და ფრანგულადვე ნამღერი სიმღერით შემოიფარგლნენ. მეტი არც არაფერი იყო საჭირო, არც შეყვარებული თუ მთვრალი მამაკაცის აღსარებანი, მით უფრო ქალის გაკეკლუცება; ყველა მოქმედ გმირს სადა, თავშეკავებული ემოცია გამოარჩევდა.
სპექტაკლს, რა თქმა უნდა, წარმომადგენლობითი საზოგადოება დაესწრო: მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობა, თბილისელი სტუმრები და თეატრალური ხელოვნების გურჯაანელი მოყვარულები.
გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორს - ბექა სონღულაშვილს ადგილობრივი ხელისუფლების დიდი იმედი აქვს, რადგან მისი ოცნება და სურვილია გურჯაანში მუნიციპალური თეატრი შეიქმნას, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებს. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა თეატრალური სტუდია - დრამის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელი, მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე, გურჯაანში, 20 ივლისამდე ატარებს მასტერკლასს სამსახიობო ხელოვნების საწყისების დასაუფლებლად. ამ პროცესში ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ არიან დაინტერესებული ახალგაზრდები. ეს არის ურთიერთობა, რომელმაც შეიძლება მომავალში საკმაოდ სერიოზული სახე მიიღოს. გააჩნია, როგორ მიუდგებიან ამას თვითონ ახალგაზრდები, როგორ დაძლევენ შემოთავაზებულ გაკვეთილებს და სავარჯიშოებს... ნანუკა ხუსკივაძის თქმით, თუკი რეგიონი გადაწყვეტს, რომ სამომავლოდ, თუნდაც სამოყვარულო დასი ჩამოაყალიბოს, „დრამალაბის“ კურსგავლილებს ამის უნარი ნამდვილად ექნებათ.
ბექა სონღულაშვილი ახალი სპექტაკლის - კომედიის დაწყებასაც აპირებს; ასევე ისტორიულ-დოკუმენტური, შემეცნებითი სპექტაკლების დადგმას სკოლებისათვის და რა თქმა უნდა, საახალწლო სპექტაკლზეც ფიქრობს.
რაც შეეხება სპექტაკლს „ნიკო“, განზრახულია ამ წარმოდგენით საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ფესტივალების დაინტერესება, ქვეყნის სხვადასხვა თეატრებთან მემორანდუმის გაფორმება და გასტროლების ორგანიზება.
და ბოლოს, სასურველია, ის განსაკუთრებით მომხიბლავი სივრცე, რომელიც გურჯაანის კულტურის ცენტრს სხვა მსგავსი დანიშნულების სივრცეთაგან გამოარჩევს - ე.წ. „მანეჟი“, განსხვავებულ თეატრალურ სივრცედ - შექსპირული „გლობუსის“ ანალოგად გადაიქცეს და ყველა თეატარლურ მოღვაწეს, იქ სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობა მიეცეს!
მშვენიერი სურვილები აქვს ბექა სონღულაშვილს...
წარმატებას ვუსურვებ მას ამ გზაზე...
წარმატებას ვუსურვებ სპექტაკლის რეჟისორს ლევან ხვიჩიასა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს!