top of page

„ჰა“ - განრისხებული, შურისძიებით აღვსილი დედიშობილა ხმა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

448324928_1734887013585495_4658864997189884354_n.jpg

მაკა ვასაძე

„ჰა“ - განრისხებული, შურისძიებით აღვსილი დედიშობილა ხმა

მაისის ბოლოს თეატრალურმა კომპანია „ჰარაკმა“ მნიშვნელოვანი პროფესიული გზავნილი შექმნა. „ჰა! - ეს არ  არის ომი - ეს რაღაც სხვაა“ - ახალგაზრდა შემოქმედთა პერფორმანსი, მსახიობ ანანო მახარაძის 30-40 წუთიანი მონოლოგი მიმართული მაყურებელი-საზოგადოებისადმი. მარიამ მეგვინიტეს მონოპიესა „ჰა“! სპექტაკლ „ჰამლეტის“ ნაწილი იქნება. ცხოვრების ავ-ბედითობაზე დამაფიქრებელ ეგზისტენციალურ ტექსტში მინიშნებები, შექსპირის პიესასთან ალუზია-გადაძახილებია ჩადებული: შურისძიება, ძმის მოკვლა, ყურში საწამლავის ჩაწვეთება, თეატრი - ცხოვრება შეცვლილი თეატრი - რინგით. გადაძახილები ტყუილად არ მიხსენებია, ანა მახარაძის პერსონაჟი ხმაა - საუკუნეების მიღმიდან წამოსული ხმა, კაცობრიობის ტკივილით აღსავსე  ხმა; ღალატით, უსამართლობით, ომებით, მკვლელობებით,  ბავშვების დაღუპვით ... განრისხებული და შურისძიებით აღვსილი ხმა.

საუკუნეებია ახალი ნაწარმოებები სხვა ავტორთა ინსპირაციით იქმნება, ახალგაზრდა დრამატურგისთვის (თუ არ ვცდები), ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 2021 წელს „ჰარაკში“ სანდრო კალანდაძემ დადგა მარიამ მეგვინიტეს (მეღვინეთუხუცესის - იმ დროს ფსევდონიმით არ აწერდა ხელს) „სამი და“, რომელსაც ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების პიესასთან საერთო  მხოლოდ სათაური და დრამატურგიული ნაწარმოების სტრუქტურა ჰქონდა. პიესა და სპექტაკლი თანამედროვე ქართველ ახალგაზრდებზე და მათ პრობლემებზე იყო.

„ჰა“ - ახალგაზრდა შემოქმედთა: მარიამ მეგვინიტეს, სანდრო კალანდაძის, ანანო მახარაძის თამრი ოხიკიანის, მარიამ კალანდაძის, ანი ზაქარეიშვილის, თემო რეხვიაშვილის, ლიზი ტყეშელაშვილის, კოკი გოგოხიას ერთობლივი ნამუშევარი, პროექტი - პერფორმანსი - სულის ამოძახილია, ხმაა. ზოგჯერ შიშინა, ზოგჯერ დახშული, ზოგჯერ მყვირალა, ზოგჯერ გამკივანი, ზოგჯერ გამყინავი ... ადამიანებისადმი, საზოგადოებისადმი მიმართული ხმა. ადამიანის ხმა მიმართული მეორე ადამიანისადმი, სხვა ადამიანებისადმი. ხმაში ჩადებული გაუსაძლისი გულისტკივილი, ფიზიკური ტკივილი, სულიერი ტკივილი. ხმით გამოხატული მრისხანება, შიში, სიყვარული, შურისძიება, მებრძოლი სულისკვეთება...

სანდრო კალანდაძის რეჟისურა, ჰარმონიულადაა შერწყმული მხატვრობასთან, განათებასთან და ერთ მიზანს, კონცეფციას გამოხატავს: ადამიანებო შეჩერდით! გეყოფათ! დაასრულეთ!: ძალადობა, ომები, მკვლელობები...  თამრი ოხიკიანის სცენოგრაფია სხვადასხვა ასოციაციას იწვევს - ბუნკერის, გამოქვაბულის, გალიის. ჩამუქებული, ჩაჟამებული, ნაცრისფერი უსახურობა, მბჟუტავი, ბუნდოვანი  განათებით გამოუვალობის ატმოსფეროს ქმნის. ანანო მახარაძის პერსონაჟი-ხმა  ზის ამ სივრცეში, შუაში მდგარ სკამზე და მოგვმართავს მაყურებელ - საზოგადოებას, ადამიანებს. ახალგაზრდა მსახიობმა ანანო მახარაძემ, სხვადასხვა თეატრში, სპექტაკლში უკვე შექმნა რამდენიმე საინტერესო, შთამბეჭდავი სახე, მაგრამ ის რასაც „ჰა“-ში აღწევს წლების განმავლობაში გამოცდილ მსახიობსაც კი გაუჭირდება. მხოლოდ ხმა, ხმის ტემბრის მოდულაციები, მიმიკა და მინიმალური ჟესტიკულაცია, სულ ესაა რასაც მსახიობი პერსონაჟის შექმნისთვის იყენებს. ანანო მახარაძის პროფესიონალური ოსტატობა, მინიმალისტური ხერხებით ცოცხალი, შთამბეჭდავი, ემოციური, დამაფიქრებელი სახის გამოძერწვაში ვლინდება. დამეთანხმებით,  ურთულესია  მხოლოდ ქმედითი სიტყვით მიაღწიო შედეგს, და თან ისეთ შედეგს, რომ მაყურებელი აზრობრივად და ემოციურად დატვირთო. პერფორმანსის დასრულების შემდეგ (მე რომელსაც ვესწრებოდი), მაყურებელს სხვადასხვა რეაქცია ჰქონდა, ზოგი ნანახით, გააზრებულით დათრგუნული დუმდა, ერთ-ერთი წამოხტა და ხმამაღლა, ემოციურად ამბობდა; აი, ეს არის ნამდვილი თეატრი, ზოგს ფორმით, სტრუქტურით, გამოხატვის ხერხებით - ანატოლი ვასილევის „მედეა მასალა“ გაახსენდა (ჰაინერ მიულერის მიხედვით). ვფიქრობ, რეჟისორმა  ფორმა მიზანმიმართულად აირჩია, აქ პლაგიატობა არაფერ შუაშია, ესეც, ალბათ, დრამატურგიული ტექსტის მსგავსად, ერთგვარი ინსპირაცია - გადაძახილია მსოფლიოში სახელგანთქმული რეჟისორის დადგმასთან, ან შეიძლება დასრულებულ სპექტაკლში - „ჰამლეტში“, ეს ნაწილი ციტირებად აღვიქვათ (ამის შესახებ, „ჰამლეტის“ ნახვის შემდეგ ვისაუბრებთ და ვიმსჯელებთ).

მეგვინიტეს აზრობრივად დატვირთული ტექსტი ამავდროულად მუსიკალურია, ეს იგრძნობა, როგორც წარმოდგენის ყურებისას, ასევე კითხვისას. „ჰოდა მისმინე“! - რეფრენად გასდევს, აქცენტს სვამს, რიტმს ქმნის, 4 ჯერ მეორდება, სამჯერ ჭრის და ფინალში ასრულებს ტექსტს. მსახიობის ქმედით სიტყვას რიტმს უქმნის ანი ზაქარეიშვილის მუსიკაც. ხმისა და მუსიკის ბგერათა ალტერაციები ამძაფრებს „გათამაშებული ამბის“ აღქმას. ტექსტი ცნობიერების ასოციაციური ნაკადია, მოედინება და მდინარების საბურველში გხვევს. ხან, მხოლოდ მსახიობის მიერ გამოცემული ცალკეული ბგერები გესმის, ხან, ბგერებისგან შექმნილი მარცვლები, ხან,  სიტყვები, და, რა თქმა უნდა, ფრაზები... ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში შესულ მაყურებელს, გაურკვეველი შიშინის ხმები ესმის, კარგად რომ დაუკვირდები, გამოარჩევ „შ“-ს, მერე „ჰ“-ს, მერე „ჰა“-ს: ჰა, ჰა, ჰა, ჰა... მსახიობი სუნთქვის მეშვეობით სხვადასხვა ჟღერადობით, სხვადასხვა ტონალობაში წარმოთქვამს ბგერებს. მერე კი იწყება ცნობიერების ნაკადის გადმოფრქვევა სიტყვებით, ხმის მოდულაციებით. „მე ვარ მკვდრების ხმა, ზღვის გადმოსროლილი მშრალ ნაპირებზე. მოკლული ხმის სიცოცხლე. ჩემი ნიჭი ყვირილია. ჩემივე მოდგმამ გამასხვისა. ჩემი ნიჭი: შურისძიებაა.“... „მე ვარ ბავშვი, რომელიც მოკლეს სანამ ხმას ამოიღებდა ამიტომ საჩუქრად ყველას ხმა მომეცა - ყველას ხმა ვინც მოკლეს - ხმაურიანებმა. და ნიჭი მომცეს ყვირილის.: დედაა, დედიკოოოო, დედააააააააააააააააააააა.“... რამდენჯერმე გამეორებული - „ეს არ არის ომი. ეს რა რაღაც სხვაა.“

და ბოლოს, საოცარი მუხტით აღვსილი ფინალი, სადაც სიტყვათა თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. დრამატურგი ამ ბოლო ნაწილში სასვენ ნიშნებს არ სვამს, მსახიობი პაუზას არ აკეთებს: „იკრიბება ჯარი, ... ირაზმება ჯარი, ... იკაზმება იკრიბება იკაზმება იკრიბება იკაზმება იკრიბება...“

ანანო მახარაძე, თითქმის მთლიანად შიშველი, ქმნის თავის პერსონაჟს - ომებით, ძალადობით გაუბედურებული, განადგურებული, მოკლული  ბავშვების, ადამიანთა მოდგმის კრებით ხმას. ზღვიდან მშრალ ქვიშაზე ამოსროლილი ხმა, ბუნების წიაღიდან ამოხეთქილი ხმა დედიშობილაა, პირველყოფილია...  

ფოტო: ანა გაბისიანი

bottom of page