ჰა-მლეტის გამოცხადებამდე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ლელა ოჩიაური
ჰა-მლეტის გამოცხადებამდე
თეატრალური კომპანია „ჰარაკი“, რამდენიმე დღის წინათ, ფეისბუქ გვერდზე აცხადებდა: „მაყურებლის დიდი ინტერესის და მოთხოვნის გათვალისწინებით, კვლავ წარმოგიდგენთ მონოპიესას - „ჰა!“ ამ ფორმით, აღნიშნულ დადგმას, ამ სეზონზე უკანასკნელად გთავაზობთ. ასე რომ, არ გამოტოვოთ. „ეს არ არის ომი - ეს რაღაც სხვაა“. პროექტზე მუშაობენ: ტექსტი: მარიამ მეგვინიტე, რეჟისორი: სანდრო კალანდაძე, მსახიობი: ანანო მახარაძე, მხატვარი: თამრი ოხიკიანი, ვიდეო: მარიამ კალანდაძე, კომპოზიტორი: ანი ზაქარეიშვილი, რეჟისორის ასისტენტები: თემო რეხვიაშვილი, ლიზი ტყეშელაშვილი, პროდუსერი: კოკა გოგოხია. გელოდებით! *გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სპექტაკლ „ჰამლეტის“ სადადგმო ხარჯებს. ფოტო: ანა გაბისიანი“.
ამ სეზონზე და ამ ფორმით, „ჰა“ უკვე და ალბათ, ბოლოჯერ აჩვენეს. ცოტა ადრე კი, პირველი გამოცხადებით, სანდრო კალანდაძის სპექტაკლი ასე წარადგინეს - „ჰა“ - მკვდრების ხმაა - ზღვის გადმოსროლილი მშრალ ნაპირებზე.
პერფორმანსის ფორმა მთლიანად განსაზღვრა კონკრეტულმა სავარჯიშოებმა და მეთოდმა, რომელზეც რეჟისორი სანდრო კალანდაძე ბოლო პერიოდში მუშაობს და რომლის მთავარი პრინციპიც სუნთქვა და ბგერაა. გელოდებით!“
ეს ორი ანონსი, თითქოს მხოლოდ რეკლამაა, მაგრამ მშრალი და ფაქტების აღმნიშვნელ ინფორმაციას სცდება და პიესის-პერფორმანსის-სპექტაკლის კონცეფციის „ამოხსნის“ პირველ გასაღებს იძლევა. მეთოდზეც და სხვა „სავარჯიშოებზეც“.
ჯერ ბნელა და სიბნელეში ხმები ისმის. სუნთქვაც და ბგერაც. შემდეგ, როდესაც სიბნელეს თვალიც ეჩვევა, განზომილების, კოორდინატების, სხივების გადაკვეთის წერტილისა და გამტარი ღერძის მდებარეობის დადგენაა საჭირო. შემდეგ, იმ მოცემულობის, პროცესის შიფრის მოძებნა, რომელიც მალევე იწყება და მალევე სრულდება, მაგრამ გრძნობებიდან და ხსოვნიდან არ იშლება.
რაღაცის ნანგრევებში, საპყრობილეს საკანში, ნაგავსაყრელზე თუ ნახანძრალ, ცეცხლის სიმხურვალითა თუ დროის წარმავალობით ჩამომდნარ კედლებში, როგორც გალიაში გაჭედილი შიშველი ფიგურა, ნელ-ნელა ამოდის უკუნიდან, სუსტი, არაბუნებრივი შუქით ნათდება და ბოლოს ისევ სიბნელეში უჩინარდება. სფინქსივით, ჰარპიასავით თუ ქალღმერთივით, ფაქტობრივად, უძრავად (უფრო ზუსტად, პოზის შეუცვლელად), უსახურ სკამზე მჯდომი ახალგაზრდა ქალის - ანანო მახარაძე - შიშველი სხეულის სილამაზე, სიშიშვლის დაუცველობა, ახალშობილივით და შინაგანი გახსნილობა, როდესაც არც სამოსი და არც რაიმე სხვა ფიზიკური საფარი აღარაფერს იცავს და აღარაფერს მალავს. სრულ გათავისუფლებამდე. რადგან ქვეყანაც საპყრობილეა.
კონცეპტუალური და ქმედითი, იდუმალი და პირქუში, დაელქტროებული ატმოსფეროს იდენტური სცენური სამყარო - დეკორაცია - თამრი ოხიკიანის შექმნილია. კედლებით თუ კლდეებით შემოსაზღვრულ გამოქვაბულივით სივრცეში უცნაური ამბის/სანახაობის პროცესის მომსწრე ვხდებით. რიტუალივით ქმედების, როდესაც სიტყვებს აქვთ ძალა და მათ წარმოთქმას - კიდევ სხვა მაგია. ისევე, როგორც მუსიკას, რომელიც აქ მსახიობის მონოლოგის გაგრძელებაა, თითქოს მასთან იგივდება, როგორც სხვა ხმებთან ერთიანობის ნიშანი.
სიტყვის, სუნთქვის, ბგერის წარმოთქმის მანერა, სათქმელის, პოზიციის ამ ფორმით გამოხატვის ხერხი აღწერას, სიტყვებს ძნელად ექვემდებარება. რასაც ანანო მახარაძე აკეთებს, ადამიანურ/ სამსახიობო შესაძლებლობებს ცდება. ხმის - ხმით, ხმის მოდულაციით, სულმოუთქმენლად, სუნთქვით მანევრირების ის თავისებურება და იმგვარი მონაცემია, ისეთი ხერხია, რომლის ანალოგი (ქართულ თეატრში) არ იძებნება.
უწყვეტი მონოლოგი (თუ შეიძლება ასეთ ტექსტს და ტექსტის ამოთქმის ასეთ მანერას, ტრადიციულად, მონოლოგი ვუწოდოთ), რომლის ხასიათსაც, ტონალობასაც ანანო მახარაძე მუდმივად ცვლის და ყოველ ასეთ შემთხვევაში, მოვლენებთან კონტექსტში ახალ-ახალ „შინაარს“ სძენს და ახალი შეფერილობას ანიჭებს. მჭექარე და თითქოს „უსულო“, ხმაურიანი სიტყვა და ხმაურად ქცეული ფრაზები. მოკლე, ლაკონური და ემოციურად - ფიზიკურ შეგრძნებამდე დამთრგუნველი - ტექსტით, ტექსტის წყობითა და ფორმით, ტექსტის, სიტყვების, ფრაზების, მარცვლების, ბგერების წარმოთქმითა და გამოხატვის მანერით, კივილით, ჩურჩულითა და ხმის ჩახლეჩვამდე, ფრაგმენტული წამოძახილით - მსახიობის უზღვავი - ემოციური და ფიზიკური - გაშიშვლებული და განმაიარაღებელი ენერგეტიკით. დაგროვილი ენერგიის ძალით ამოფრქვევით.
ფრაგმენტული მოგონებები (ბავშვობის, ბავშვებზე, საბავშვო ლექსების ახალი ჟღერადობა, ბავშვებისა და შემდგომი ცხოვრების - დანაკარგები, სიკვდილი, ომი, ჯარი, ბოროტება, ძალადობა, მორალი და სხვა და სხვა, ქაოტურად და ასოციაციებით დაბადებული) რჩება, პირადი თუ ზოგადი - კაცობრიობის - მეხსიერების შედეგი, სიტყვებით, სიტყვებით, სიტყვებით (ტყვეობიდან გასათავისუფლებელი), ფრაზებით, მარცვლებით, გამეორებებით, გამეორების ან სიტყვის წარმოთქმის შედეგიანი ან უშედეგო მცდელობით.
ეს თითქოს მატერიალიზებული „ხმაა“, როდესაც ადამიანს, არყოფნის ან მოგონებების კედლებში ჩაკეტილს, აღარ აქვს არსებობის, ხმის „უფლება“, აღარ აქვს ფიზიკური ადგილი, ვეღარაფერს მართავს, ვერც მოქმედებს, ვერც ივიწყებს, აღარფერი მას აღარ ეკუთვნის, მაგრამ არსებობს და ნანგრევებში ჩარჩენილი, რაღაცას მიჯაჭვული, ცდილობს სამყაროს ხმა მიაწვდინოს. მარტოა ამ ნანგრევებში, თითქოს გლობალური კატასტროფის შემდეგ, ბევრი სიკვდილის შემდეგ, ბავშვებისაც და ამის წინააღმდეგ. ყველაფერი უკვე წარსულში, მოგონებეშია ჩარჩენილი, უკვე მკვდარია, ან, შეიძლება, სწორედ ახლა იბადება, როგორც ბავშვი, საიდანღაც შემოჭრილი ტყიდან, ნანგრევებიდან, ზღვის ქაფიდან, ზღვის ტალღებიდან, წყლიდან, ცეცხლიდან თუ მზის, ჯერ სუსტად მანათობელი სხივებიდან.
და რადგან დროთა კავშირი ისევ დაირღვა და კვლავ დასჭირდა შეკვრა, მარიამ მეგვინიტე, სანდრო კალანდაძე და ანანო მახარაძე მის შეკვრას ცდილობენ. ტექსტის სტრუქტურის, ფორმისა და სარეჟისორო გადაწყვეტის განუყოფლობა, მსახიობის შეგრძნებების, მეხსიერების, ასოციაციებისა და ზუსტად განსაზღვრულ-ჩამოყალიბებული სისტემის გარე პიროებთან ერთობლიობა განსაზღვრავენ „ჰას“ არსსა და ბუნებას.
„ჰა“ - პიესაა პიესაში. მონოლოგი - პერფორმანსსა და სპექტაკლს (ტრადიციული გაგებით) შორის და საყრდენი სპექტაკლისთვის „ჰამლეტი“, რომელსაც, როგორც განაცხადიდან შევიტყეთ, შემოდგომ წარმოადგენენ.
ეს ძახილია „ჰადან“ და „ჰა-მლეტიდანაც“, მისი ექო, სამყაროსი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა, მაგრამ დაბადებას იწყებს, დაიბადება, რომ ისევ მოკვდეს, სხვებთან ერთად. სამყარო კვლავ დაიფარება მკვდრებით, რომლებსაც ასევე ექნებათ თავიანთი ხმა. ცოცხლების კიდევ ერთხელ გასაგონად.
დღევანდელი მონაცემებით კი, სანდრო კალანდაძის „ჰა“ სრულუფლებიანი და სრულფასოვანი, დასრულებული, მჭიდროდ შეკრული და შინაგანი ლოგიკით აწყობილი, აქტიური ყურადღების ობიექტია. რა თქმა უნდა, უცნობია, ვერც განსაზღვრავ, როგორი იქნება „ჰამლეტი“ ნაწილობრივ თუ მთლიანობაში, ან რა ადგილი ექნება „ჰას“, რა კონტექსტში მოექცევა, როგორ ამეტყველდება სხვა სცენების გვერდით და მათ თანმიმდევრობაში. ასეთი პირობაც, ბუნებრივია, ინტერესს ზრდის და მოლოდინის მოუთმენლობას, მოლოდინის მღელვარე განცდას აჩენს. დანარჩენი ყველაფერი წარმოსახვისა და ფანტაზიის თამაშია.
„ჰა“ სპექტაკლია, რომელიც განსხვავებულად და უცხოდ ჟღერს. ძახილი, რომლიც სადღაც ჩაიკარგა და მაგრამ, სადღაც სივრცეში მაშინაც კი რჩება, როდესაც უკვე მკვდრებისგან ისმის. მათგან, ვინც აღარაა. აღარსადაა. „ვინც კი ოდესმე გაგვიცნია“. მათგანაც, რომლებიც „ჰამლეტში“ მოკვდნენ და მოკვდებიან და ბევრი სხვისგანაც - „ჰოდა, ისმინეთ!“
ამავე დროს, ესაა ცოცხალი, გასხივოსნებული, მზის სხივებში გახვეული ადამიანების ხმები, რომლებიც დღეს, ნებისმიერ სივრცეში, პლატფორმაზე, მოედანსა თუ ქუჩაში გაისმის და რომლის არა მარტო ყურისგდება და მოსმენა გვევალება, არამედ მისთვის ხმის შეწყობაც.
თეატრალური კომპანია „ჰარაკი“ ახალია, არა მხოლოდ „ასაკით“ (დაარსდა 2019 წელს, 2021 წელს ახალ, დღევანდელ სივრცეში დამკვიდრდა, თავდაპირველი კურსიცა თუ გეგმებიც ნაწილობრივ შეცვალა, თუმცა არ შეცვალა მთავარი - სპექტაკლიდან სპექტაკლში ძიებების, კვლევების, ექსპერიმენტების ჩატარების მიზანი და თანმიმდევრული პროცესი), არამედ იმითაც, რომ იქ რაღაც ახალი სულ ხდება და არც „სიახლის“ მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობით. „ჰარაკში“ არა მხოლოდ ახალ სპექტაკლებს დგამენ თავისუფალი ხელოვანები, არამედ ამ ახალი სპექტაკლებით („სამი და“, ავტორი - მარიამ მეღვინეთუხუცესი, რეჟისორი სანდრო კალანდაძე; „ბერსერკები I. მისია“, ავტორი - ჰაინერ მიულერი, რეჟისორი - გიორგი ჯამბურია; „პათეტიკური მონოლოგები“, ავტორი - თემო რეხვიაშვილი, რეჟისორი - ილია ქორქაშვილი; „ბერსერკები III. შინ“, ავტორი და რეჟისორი გიორგი ჯამბურია) ეძებენ და ამკვიდრებენ - ახალ ხმებს, ახალ თეატრალურ ფორმებსა და ენას, ახალ სიტყვებს, ახალ დრამატურგიას, ახალ ამბებს, ახალ გამოსახულებებსა და ახალ გამომსახველობას, რეჟისურისა თუ სამსახიობო ხელოვნების ახალ შესაძლებლობებს და რაც მნიშვნელოვანია - არ ჩუმდებიან.
ფოტო - ანკა გუჯაბიძე