top of page

ჰამლეტს თუ ეძებთ

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

447772222_1005562750579643_3556492177475424296_n.jpg

ლელა ოჩიაური

ჰამლეტს თუ ეძებთ

უილიამ შექსპირი და მისი პიესები, შეიძლება პირდაპირ და გაზვიადების გარეშე ითქვას, ქართული თეატრის ისტორიისა და დღევანდელობის განუყრელი ნაწილია - ყველა დროში, ყველა თეატრში მოსინჯული (წარმატებით თუ წარუმატებლად), არსებული და სხვადასხვა პერიოდით დაბინავებული - სხვადასხვა ფორმით, სტილით, სახეობითა თუ იერით.

ფაქტია ისიც, რომ უფრო მეტჯერ და განსაკუთრებული სიხშირით, სცენებს მაინც „ჰამლეტი“ უბრუნდება (და, რა თქმა უნდა, არა მარტო საქარველოში), მისი დადგმის (დაკმაყოფილებული თუ დაუკმაყოფილებელი ამბიცია ბევრს უჩნდება) და ბუნებრივია, ყოველ ჯერზე, ახალ და სხვადასხვა სახესა და ფორმას იძენს, ახალი სათქმელითა და გზავნილებით ივსება და საზოგადოებას ახალ თემებზე ესაუბრება (მცდელობის დონეზე მაინც), იმის მიუხედავად, შედეგიანი და რაღაცით მაინც, თუ განსაკუთრებით აღსანიშნია თუ არა ესა თუ ის მორიგი შეხვედრა.   

ახალი „ჰამლეტები“ ბოლო პერიოდშიც გამოჩნდნენ  - რამდენიმე წლის წინათ -  „მარჯანიშვილში“ - თემო კუპრავას რეჟისურით; იქვე - ბესო კუპრეიშვილის - მონოსპექტაკლით - ქეთი ცხაკაიას მონაწილეობით; შემდეგ, იქვე - ლევან წულაძის დადგმით;, ლევან ხვიჩიას თავისებური გადაწყვეტით „ჰამლეტი com.x“ - „რუსთაველში“; ან,  გურამ მაცხონაშვილის, ასევე არაორდინარული ვერსიით - მტკვარზე წარმოდგენით. აქვე შეიძლება ავთო ვარსიმაშვილის, ცნობილი,  „სარდაფული“ „ჰამლეტი“ გავიხსენო - გოჩა კაპანაძის ჰამლეტით; რობერტ სტურუას - ლეგენდარული „ჰამლეტები“; „ჰამლეტის“ ვერსიები - სხვა ავტორი-მწერლების ინტერპრეტაციით. მაგალითად, ირინა გაჩეჩილაძის „ჰამლეტი ვერსია“, ბორის აკუნინის მიხედვით, „მოძრაობის თეატრში“; ზურაბ გეწაძის „ჰამლეტი - მანქანა“ - ჰაინერ მიულერის მიხედვით - თუმანიშვილის თეატრში და სხვა.

მიმდინარე სეზონში, შექსპირის ეს პიესა, ზესტაფონის თეატრში, ვატო ჯუღელმაც წარმოადგინა. ამჟამად და მომავალი სეზონისთვის, „ჰამლეტს“ თეატრალურ კომპანია „ჰარაკშიც“ ამზადებენ, სანდრო კალანდაძის ხელმძღვანელობით.

„კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი“ - გამორჩეული და განსაკუთრებული სპეციფიკის თეატრია და მისი ყოველი „მოძრაობა“ ყოველთვის იზიდავს მაყურებლის ყურადღებას.

იგივე მოხდა, როდესაც   მის სივრცესა და თაღქვეშ,  ჰამლეტს წყეულმა ბედმა კვლავ არგუნა შურისძიებაცა და დროთა დარღვეული კავშირის ხელახლა შეკვრაც - კახა ბაკურაძის რეჟისურით. ქართულ თეატრში, ჰამლეტის ეს მორიგი დაბრუნება - უტყვი ჰამლეტის - მდუმარე საზოგადოებაში - რეჟისორის არა „ახირება“ და  „შექსპირული“ ამბიციის გამოხატულება, არამედ - თანამედროვე ადრესატების ძიებისა და მათთვის შეტყობინების გაგზავნის სურვილის შედეგია. („ჰამლეტი“ მოძრაობის თეატრისთვის პირველი შექსპირი არაა, მისი სონეტების, ლაშა რობაქიძის ქორეოგრაფიული წარმოდგენის შემდეგ).

დროთა და სივრცის დარღვეული და დეფორმირებული, წაშლილი საზღვრები და მათ გარემოცვაში, როგორც სათაგურში, საზოგადოების ნების ტყვეობაში მოქცეული ახალგაზრდა კაცის (ახალგაზრდების) ცხოვრების არსი - კახა ბაკურაძემ, მონაწილე მსახიობებმა  და კომპოზიტორმა სანდრო ნიკოლაძემ - სიტყვის გარეშე - მიმოდრამის - მოძრაობის - ჟესტისა და მუსიკალური დრამატურგიის,  პლასტიკის გამომსახველობის ძალით აჩვენეს.

ცარიელ სცენაზე, პრიალა ფიცარნაგსა და მის გარშემოწერილობაზე დაწყობილ რეკვიზიტს - მოქმედებისთვის საჭირო აუცილებელ ატრიბუტებს თუ არ ჩავთვლით, კახა ბაკურაძე განათებით, მინათებებით, მოძრაობით, მოძრაობის დინამიკითა და ქორეოგრაფიულ-პლასტიკური ნახატით, მხატვრულად გამომსახველ და ნეიტრალურ სივრცეში პირობით და აბსტრაქტულ გარემოს ქმნის. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე -  ერთიანი, ცვალებადი, სხვადასხვა თემაზე აწყობილი, თითქოს მონოტონური და ერთიან სისტემაში მოქცეული მუსიკა (რომელიც არსებითი და მრავლისმეტყველია, როგორც ყოველთვის ხდება  „მოძრაობაში“ - სანდრო ნიკოლაძის ავტორობითა და შესრულებით) ამძაფრებს მისტიკურობისა და გაუცხოების ატმოსფეროსა და შეგრძნებას.

სტილიზებული, „შერეული“, კომპოზიტური კოსტუმები - ფერადი ტრიკოები და მოსასხამები, სერთუკები, საყელოები, სამკაულები და სხვადასხვა ფერში შეღებილი თმა, მკვეთრად გამომსახველი გრიმი (სცენოგრაფი და მხატვარი კახა ბაკურაძე), სამოსის, სხვადასხვა დეტალით აქცენტირებული ელემენტი, ფურნიტურა თუ ფაქტურა,  გამოკვეთენ როგორც სხვადასხვა ეპოქის ნიშნებსა და სამოქმედო არის რეალურობის საზღვრებს არღვევენ, ამბის არსს  მკაფიოდ  განსაზღვრავენ, პასუხობენ და გამოკვეთენ პერსონაჟების ხასიათებს, მდგომარეობას და მოძრაობის მოქნილობას უწყობენ ხელს.

კახა ბაკურაძის კონცეფციიდან და დრამატურგიის, ტექსტის მისეული ინტერპრეტაციიდან  გამომდინარე,  5-მოქმედებიანი ტრაგედია და ტრადიციულად, ხანგრძლივი სპექტაკლი, 45-50 წუთი გრძელდება. მისტერიების, პანტომიმის ელემენტებითა და ტრადიციული მიმოდრამის განახლებული ვერსიით, რეალური მოძრაობის ილუზიით, საკუთარი დროის ათვლით, ასტრონომიული დროის შემჭიდროებით.

ადაპტირებული ვერსიის გამჭოლი ღერძი პიესის მთავარ სათქმელს (ბაკურაძისეულ) გადმოსცემს. მსახიობები - 5 მონაწილე (ორ ათეულზე მეტი პერსონაჟიდან)  სხვადასხვა მოქმედ გმირს, შერეულ, ან გამოგონილ სახეებს ქმნიან. სხვადასხვა სახესა და ნიღაბს ირგებენ.  მათ შორის არაა ოფელია, და შესაბამისად, სცენები მისი მონაწილეობით; ასევე არაა პიესის სხვა რამდენიმე, არცთუ უმნიშვნელო ეპიზოდი და ნაწილობრივ, არც მათში ჩართული პერსონაჟები არიან. თუმცა, მათი არარსებობა სპექტაკლის სტრუქტურის მთლიანობას არ არღვევს და ერთი მთავარი ხაზის აქტიური გამომხატველია.

კახა ბაკურაძის „ჰამლეტის“ მხატვრულ გადაწყვეტაში შეიძლება ვიპოვოთ შორეული მსგავსება თოჯინა-მარიონეტების მოძრაობასა და კიდევ უფრო შორეული - კომედია დელ არტეს საშემსრულებლო ხერხებთან.  ამ დასაშვები ვერსიების თავისთავადი გადაძახილი, შუა საუკუნეების თეატრალურ და ისტორიულ ასოციაციებს იწვევს, პიესისა თუ სხვა წინამორბედ ეპოქებსა და მოვლენებთან. და რაც მთავარია, კავშირებს აჩენს - მარადიულობისა და დღევანდელობის განუყოფლობასთან.

ჰამლეტი - გიორგი ხაჩიძე;  გერტრუდა - ანა თალაკვაძე (მარიამ ბალახაძე); კლავდიუსი - ლაშა რობაქიძე (უჩა მჟავია); პოლონიუსი, როზენკრანცი, მამის აჩრდილი - მიხეილ ზაქაიძე;  გილდესტრნი, მესაფლავე -  კოტე ლიპარტელიანი - ერთ რიტმში, ციკლური, რიტუალური ქმედებით აწყობენ „ჰამლეტის“ დინამიკურ სამყაროს. ხან დაჟინებით იმეორებენ ერთსა და იმავე მოძრაობას, პოზას, და ხან, ვითარებიდან და ამბის მსვლელობასთან ერთად ცვლიან „თამაშის“ ხერხს, პლასტიკას.

ეს პერსონაჟები - უნდათ თუ არ უნდა - ერთი ჯაჭვითა და ტვირთით არიან გადაბმული და ამ კავშირებიდან თავს ვერ აღწევენ. სიკვდილის გარდა. მესაფლავე  მასხარას „ფუნქციასაც“ ასრულებს, რომელიც ყველაფერს ესწრება, აკვირდება და საყვირით გამოფხიზლებას ცდილობს, რომელიც მუდამ ატარებს ნიღაბს და წარმოსდგება, როგორც ბედისწერა, რომელიც ჰამლეტსა და სხვებს არასდროს სცილდება, ყველაფერს მართავს, ხელმძღვანელობს და განკარგავს.  

მოძრაობის თეატრის სხვა დადგმებისგან განსხვავებით, „ჰამლეტში“ არაა აკრობატიკა, ეკვილიბრისტიკა, თავბრუდამხვევი და თავზეხელაღებული ტრუკები. აქცენტი მოძრაობის, პლასტიკის, სხეულის მართვის ოსტატობასა და ქორეოგრაფიული, მოქმედების პლასტიკური გადაწყვეტის გამომსახველობის სიღრმეებსა და შესაძლებლობებზე კეთდება.

მინიმალისტური ხერხებითა და ეფექტური/შთამეჭდავი, სხვადასხვა სადადგმო ელემენტის ტრადიციული სინთეზის გარეშე, კახა ბაკურაძის რეჟისურა კონცენტრირებულია იმ ამოცანებზე, რომლებშიც ნათლად და მკაფიოდ ჩანს იდეის, სარეჟისორო ჩანაფიქრის დეტალები და ნიუანსები, რაც თავისთავად სცენურ-სივრცით  სამყაროს ქმნის და ყურადღებას იზიდავს მოვლენების გარშემო.

მოძრაობის თეატრი გულისხმობს - სხეული მოქნილობასა და მისი სრულად ფლობის ოსტატობას, პლასტიკურ მონაცემებს, რიტმის, ჟესტის სიზუსტესა და გამომხატველობას. პერსონაჟები, თუნდაც, პანტომიმის პერსონაჟებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ არ არიან სქემატური და ადამიანების სხვადასხვა თვისებას, ხასიათის ნიშნებს აერთიანებენ.

მსახიობების მოძრაობის თავისებური, სპეციფიკური, პირობითი მანერა, მოძრაობის ნახაზი და ხაზები, ტემპო-რიტმი, დინამიკა, ნაბიჯები, გადაადგილება, „სიარული“, ფაქტურა,  გრიმი, კოსტუმები სტილიზებული, უტრირებული და მანერულია, რაც ერთ მთლიანობას ქმნის, „თეთრი ბლანდების“ გარეშე. და რაც მოვლენის განტევებას უწყობს ხელს.

პირობითი ენა, მეტაფორულობა, ჟესტებისა და პოზების, მოძრაობის სიმბოლიკა, ზრდის „ჰამლეტის“ სამყაროს პირობითობის ხარისხს. ცხოვრების ამგვარ რეპრეზენტაციას  წარმოადგენს. თეატრალური რეალობა უფრო გაუცხოებული და შეფარული, სიზმრისეული რეალობის ნიშნებით ივსება. განზოგადებული სახეები  განზოგადებულ ისტორიასა და მისი „კვანძის“ გახსნის, განვითარების პროცესში.

„სათაგურის“ სცენაში - როდესაც სპექტაკლი სპექტაკლში თამაშდება - თხრობის პირობითობა და უტრირებული თხრობის ხარისხი მატულებს   -  მატულობს იუმორი, სახასიათო შტრიხები და მოძრაობა, პოზები, მიმიკა  უფრო მანერული ხდება. პირობითობის ეფექტს აძლიერებენ ნიღბებიც „გონზაგოს მკვლელობის“ ეპიზოდში და თავისქალა, როდესაც ცხოვრების ამაობაზე ფიქრისა და ყოფნა-არყოფნის კითხვაზე პასუხის დრო დგება.

მკვლელობების მთელი ციკლი, რომელსაც სამეფოს სრული განადგურება მოსდევს და როდესაც ცოცხალი არავინ რჩება -  შექსპირის პიესის მთავარი ამბავია. კახა ბაკურაძის „ჰამლეტის“ არსი, პირველი ნიშნულით,  ადამიანისა და სიკვდილის ურთიერთობის შესახებაა. იმ ზღვარის, რომელიც სიკვდილსა და სიცოცხლეს აშორებს და აახლოვებს.  ახალგაზრდა ადამიანის დრამა მტრულ გარემოცვაში, სადაც სიყვარული არსად ჩანს (შეიძლება ამიტომაც არაა სპექტაკლში ოფელია), რომელსაც სხვა რაღა დარჩა, საუკუნო სიმშვიდე მხოლოდ.

ჰამლეტის წინაშე მისი და კაცობრიობის მარადიული და თანადროული არჩევანია - დამარცხება და სიკვდილი ან გამარჯვება და თავისუფლება. ის  ვერ და არ ეგუება პირობებს, რომლებშიც ცხოვრობს და მაგრამ ემორჩილება ძალას, რომელიც მის სურვილებს, ნებასა და საქციელს საზღვრავს და არჩევანს განაპირობებს. და რომლის ამბავიც, მორჩილებიდან გამომდინარე შედეგით სრულდება. კახა ბაკურაძე უშვებს და აჩვენებს სამყაროში ასეთი ლოგიკური კავშირების შესაძლებლობას.

„მოძრაობის თეატრი“ და მისი დამფუძნებელი - რეჟისორი და მსახიობი - კახა ბაკურაძე - და მისი გუნდი, მუდამ მოქმედებენ, რაღაცას „იგონებენ“, თხზავენ და ამკვიდრებენ; ამკვიდრებენ და ხვეწენ ახალი თეატრის ფორმებს, ახალ მიმართულებასა და მოძრაობის თეატრის სახეს „აშალაშინებენ“, თეატრალური ხელოვნების ამ სპეციფიკურ სახეობაში.

კახა ბაკურაძე დგამს და სხვასაც ადგმევინებს სპექტაკლებს და თანამოაზრეებთან ერთად ფხიზლად და თამამად უყურებს და აღიქვამს ცხოვრებასა და გარემომცველ სამყაროს. რომელსაც ზოგჯერ გაურბის და თეატრში მოქმედების გადატანით, აცოცხლებს და ახმაურებს - რეჩიტატივით იქნება, პლასტიკით, ცეკვით, მუსიკით, სხვადსხვა ჟანრში - ქარაგმებით, პირდაპირ, ხილულად, გახსნილად თუ შეფარულად, უნივერსალურ და ყველასთვის გასაგებ ენაზე.

მოძრაობის თეატრი აგრძელებს შემოქმედებით - სარეპერტუარო და საპრემიერო ცხოვრებას (ახლახან, არსებულ წარმოდგენებს ახალი - გეორგ ბუხნერის „ვოიცეკი“ შეუერთდა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ სოსო/იოსებ ბაკურაძის რეჟისურით); ფესტივალებს, კონცერტებს, გამოფენებს, მასტერკლასებსა და შეხვედრებს მართავს და  არასდროს ავიწყდება, რომ ხელოვნებას სჭირდება თავისუფლება, რომ ხელოვნება მაშინაა ხელოვნება, როდესაც მასზე არავინ ძალადობს და როდესაც ავტორი არჩევანს თვითონ აკეთებს.

 

ფოტოები - მოძრაობის თეატრის „ფეისბუქის“ გვერდიდან

bottom of page