top of page

ჰელვერის ღამე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

273033790_4998204723571455_4950263076395822628_n.jpeg

მაკა ვასაძე

ჰელვერის ღამე

 

ინგმარ ვილკვისტი (ნამდვილი სახელი და გვარი იაროსლავ შვერშჩი JarosŁaw Świerszcz) სლავომირ მროჟეკთან ერთად თანამედროვე პოლონური თეატრის  ერთ-ერთი გამორჩეული, მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი პიესები ხშირად იდგმება არა მარტო პოლონეთში, არამედ ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ვილკვისტის პიესები გამოირჩევა ფსიქოლოგიურობით, ხოლო წერის სტილი შეიძლება შეფასდეს, როგორც სკანდინავიური. კრიტიკოსი რომან პავლოვსკი ვილკვისტის შემოქმედებას ამგვარად აფასებს: „მსახიობებს ის უნდა უყვარდეთ, რადგან ის წერს საოცნებო როლებს, რომლებსაც აქვთ მრავალი შრე და წარსული, რომელიც ბრუნდება პერსონაჟთა დიალოგებში. ის მიჰყვება სკანდინავიური კლასიკოსების ნიმუშს და თვლის, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანი უკვე მოხდა ფარდის აწევამდე და რომ რასაც ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ადრე განხორციელებული ქმედებების შედეგია“.

„ჰელვერის ღამე“, რომელიც  განსაკუთრებული ინტენსივობით ხორციელდება სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოშიც არაერთხელ დაიდგა თბილისსა თუ რეგიონულ თეატრებში. ამჯერად, „ჰელვერის ღამის“ საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა გოგი (გიორგი) მარგველაშვილმა გრიბოედოვის თეატრში.

ვილკვისტი არ აკონკრეტებს ქვეყანას. მოქმედი გმირები მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს სახელით მიმართავენ (ჰელვერი და კარლა), პიესაში პერსონაჟთა ჩამონათვალში ქალისა და მამაკაცის აღმნიშვნელი ნაცვალსახელებით არიან  მოხსენიებულნი. ისინი დედა-შვილის, ქალისა და კაცის, მკურნალისა და პაციენტის არქეტიპებამდე არიან განზოგადებულნი. ჰელვერი მარადიული შვილია, თუმცა ოცდაათი წლისაა, კარლა „ცოტათი უფროსია“. კარლამ გონებრივად ჩამორჩენილი ჰელვერი სპეციალიზებული კლინიკიდან წამოიყვანა, როცა საკუთარი ავადმყოფი ქალიშვილი დაკარგა.

პიესაშიც და გოგი მარგველაშვილის სპექტაკლშიც ორი მარტოსული ადამიანი ევროპის რომელიღაც ინდუსტრიულ ქალაქში, ერთ ოთახში, ცხოვრობს. გარე სამყარო მათ ცხოვრებაში ქუჩის ხმაურით, ბრბოს შეძახილებით, აურზაურის ხმებით შემოიჭრება ხოლმე. ეს არის ამბავი ტოტალიტარულ სახელმწიფოში ადამიანთა ბედზე, ოჯახურ ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე, რა ბედი ელით და როგორ ეპყრობა საზოგადოება „განსხვავებულ“ ადამიანებს. გოგი მარგველაშვილმა წინა პლანზე გამოიტანა ადამიანთა შორის რთული ურთიერთობები. რა აკავშირებს ამ ორ ადამიანს, რა ელით მათ ამ არეულ დროს, ვინ არიან ისინი, ჰელვერი - მსხვერპლია თუ ჯალათი? თუ ორივე ერთად? ეს არის სპექტაკლი სიყვარულზე, თანადგომაზე, თანალმობაზე, თავდადებაზე, პასუხისმგებლობაზე, ჩადენილი ცოდვის გამო მუდმივ ტანჯვაზე. პიესაშიც და სპექტაკლშიც მოქმედება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ვითარდება, მაგრამ  დღევანდელ არეულ სამყაროში, როდესაც დედამიწის მოსახლეობა მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშეა, მასში ასახული პრობლემები ძალზე აქტუალურია.

შოთა ბაგალიშვილის სცენოგრაფია თითქმის იდენტურია დრამატურგის რემარკაში აღწერილის. დეკორაცია მე-20 საუკუნის პირველი მესამდის ანტურაჟს ქმნის: სამზარეულოს ბუფეტი, ძველებური რადიო, რომელსაც თაროს ფუნქციაც აქვს, მაგიდა, სკამები, პირსაბანი. ინტიმური, ფსიქოლოგიური ნიუანსებით აღსავსე ქმედების საყურებლად რეჟისორმა მაყურებელი სცენაზე განათავსა, რითაც მიუახლოვა, უშუალო მონაწილე გახადა ჰელვერის და კარლას ტრაგიკული ცხოვრების. მაყურებელი თვალს კი არ ადევნებს სცენაზე მიმდინარე ამბავს, არამედ ჰელვერის და კარლას ცხოვრებას მათთან ერთად გაივლის. ამით კიდევ უფრო გაძლიერდა სცენაზე მიმდინარე ამბის ზემოქმედება, მაყურებლის თანაგანცდა, ფინალში კი ემოციური მუხტი იმდენად ძლიერი იყო, რომ თითქმის ყველას თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი.

გოგი მარგველაშვილის სპექტაკლში ორი სამყაროა წარმოჩენილ-დაპირისპირებული, პოლიტიკოსების მიერ მართული, ისტერიული, მასობრივი ფსიქოზით დაავადებული ბრბო და ორი ადამიანის ცხოვრებისეული კოლიზიები, რომელთა ბედი, ყოფნა-არყოფნა სწორედ ამ გამძვინვარებულ მასაზეა დამოკიდებული. მასა ვერ იღებს, ვერ იტანს განსხვავებულებს, კარლა და ჰელვერი განწირულები არიან. პიესაშიც და სპექტაკლშიც გარე სამყარო ყვირილით, ლეწვის ხმით, სტვენით, შეძახილებით შემოიჭრება ხოლმე ჰელვერისა და კარლას ცხოვრებაში, პიესაში ფინალში გამძვინვარებული მასის წევრები სცენაზე შემოცვივდებიან. სპექტაკლში სცენაზე არავინ შემოიჭრება, რეჟისორმა ხმაურის ხმები გააძლიერა, კრეშენდოზე აიყვანა, ხოლო საბოლოოდ განადგურებული, გაუბედურებული ირინა მეღვინეთუხუცესის კარლა, თვისი ფეხით მიდის კედელთან და ამ კედელს აეკვრება მაღლა აწეული ხელებით - კარლა საბოლოოდ დაემორჩილა ბედისწერას. კედელი, კარლას ცხოვრების სიმბოლოა, რომლის გარღვევასაც გამუდმებით ცდილობდა, მაგრამ ვერ შეძლო.  კარლამ ძალიან მძიმე, მაგრამ ძლიერი ადამიანის გადაწყვეტილება მიიღო, გაავებულ ბრბოს არ ჩაუგდო ხელში ჰელვერი და თავისი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს.

ბექა მეძმარიაშვილის ჰელვერი გონებრივად ჩამორჩენილი, 30 წელს მიახლოებული დიდი ტანის პატარა ბავშვია. მსახიობი ემოციურად გაუწონასწორებელ, ეგზალტირებულ პერსონაჟს განასახიერებს. მსახიობი მეტყველების მანერით, ჟესტიკულაციით, პლასტიკით, მოუქნელი მოძრაობებით თანმიმდევრულად ძერწავს თავის პერსონაჟს. ასეთი ტიპაჟის შექმნისას არსებობს რისკი, რომ თამაშში გადაამეტო, ბექა მეძმარიაშვილი შესრულებაში არაფერი ზედმეტი, გადაჭარბებული არაა. მსახიობი ქმნის გონებრივად ჩამორჩენილი დიდი ბავშვის სახეს, რომელიც სინამდვილეში ბევრ რამეს ხედავს, ამჩნევს, გრძნობს და განიცდის. მასაც კარგად ესმის გარე სამყარო რამდენად საშიშია მისთვისაც და მისი დედობილისთვისაც, ამიტომაც ეძებს გადარჩენის გზას და თითქოს პოულობს კიდეც ჰილბერტის რაზმში გაწევრიანებით: სარკესავით გაპრიალებული ჩექმები, დროშა ხელში და ემოციური მხარდაჭერა ფანჯრის მიღმა აღგზნებული შეძახილების. ბექა მეძმარიაშვილის ჰელვერი თავიდან თითქოს აღფრთოვანებულია ჰილბერტით და მისი იდეებით, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი თავდაცვითი რეაქციაა. იგი ხედავს, რომ განსხვავებულებს, ე. წ. „ნაბიჭვრებს“ სასტიკად უსწორდებიან. ჰელვერს ბავშვობიდანვე უყვარს კარლას ნაყიდი კალის ჯარისკაცებით თამაში, ახლა კი საკუთარი თავის და დედობილის დარბევისაგან გადასარჩენად, ყველანაირად ცდილობს თავადაც გახდეს და კარლასაც ასწავლოს  „სანიმუშო ჯარისკაცობა“. ის ხან ეგზალტირებულია, ხან მიამიტი, ხან სასტიკი, ხან შეშინებული, ხან მოსიყვარულე. მსახიობი დამაჯერებლად, ყოველგვარი სიყალბის გარეშე გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში.

დედობილისა და შვილის ურთიერთობაში ნელ-ნელა იკვეთება მათი განვლილი, დრამატული ცხოვრება. ირინა მეღვინეთუხუცესი ტრაგიკული, ცხოვრებისგან გაუბედურებული ქალის სახეს აცოცხლებს სცენაზე. კარლა მთელი ცხოვრებაა ცდილობს ახალგაზრდობაში ჩადენილი საშინელი ცოდვის გამოსყიდვას. მან ხომ საკუთარი ავადმყოფი ბავშვი მიაგდო - სპეციალიზებული კლინიკის კართან დატოვა, მაშინვე ინანა, მაგრამ თავდაუზოგავი ძალისხმევის მიუხედავად ვეღარ იპოვა. ბოლოს ერთ-ერთმა ექიმმა უთხრა, ნუღარ ეძებ, ვეღარ იპოვი, ვინაიდან ასეთი ბავშვები დიდხანს ვერ ცოცხლობენო. სწორედ მაშინ შეხვდება შემთხვევით ჰელვერს და იშვილებს. ირინა მეღვინეთუხუცესი ძალაგამოცლილ, უსიცოცხლო ქალის სახეს ქმნის, რომელიც მექანიკური ჩვევებით აგრძელებს ცხოვრებას. მსახიობის გარეგნულ პორტრეტშიც ნათლად იკითხება, თუ რა მძიმე ტვირთის თრევა უწევს სულიერად და ფიზიკურად გამოფიტულ ქალს. პირველივე სცენიდან კარლა ღელავს, ეშინია გარეთ მყოფი ჰელვერი რამე უბედურებას არ გადაეყაროს. ჰელვერთან ურთიერთობისას მსახიობი ხან სითბოს, ხან სიბრალულს, ხან შიშს, ფინალში კი დიდ სიყვარულს გამოხატავს. ჰელვერი კარლას მძიმე ჯვარია, რომელიც მან თავად იტვირთა მძიმე ცოდვის გამოსასყიდად.  მას ეშინია თუმცა მორჩილად იტანს ჰელვერის უხეშობას, ფიზიკურ ზეწოლას „სამხედრო სწავლებისას“. ხოლო როდესაც აღმოაჩენს, რომ ჰელვერმა მისი ყუთი აიღო, რომელშიც წარსულის მოგონებებს ინახავდა (ყოფილ ქმართან საქორწინო, სურათს, წერილებს, დაკარგული ბავშვის სათამაშოს) მსახიობი გააფთრებულ  ფურიას ემსგავსება - უყვირის, ამცირებს, ემუქრება ჰელვერს.

ფინალში კარლასგან დარიგებული ჰელვერი ვერ გააღწევს ქალაქიდან. კარლა თავის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, ერთი შეხედვით საშინელ, მაგრამ ძლიერი ადამიანისთვის დამახასიათებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. გამძვინვარებული ბრბოს დასაგლეჯად ვერ იმეტებს ჰელვერს. ირინა მეღვინეთუხუცესის კარლა და ბექა მეძმარიაშვილის ჰელვერი ფერადი წამლებით თამაშს იწყებენ, სხვადასხვა ფიგურებს ქმნიან. თამაშ-თამაშში კარლა ჰელვერს წამლების ზედმეტ დოზას ასმევს. სწორედ ამ „თამაშის“ დროს მსახიობები, სხვადასხვა ნიუანსით, შინაგანი მუხტით, ხმის ტემბრით, პლასტიკით ერთმანეთის მიმართ უდიდეს სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. ჰელვერი კვდება, ირინა მეღვინეთუხუცესის კარლა ყოველგვარი ზედმეტი  ემოციის გარეშე, დაიტირებს თავის შვილობილს, მასთან ერთად თავის უბედურ ცხოვრებას, შემდეგ გაშეშებული იმზირება მაყურებლისკენ, შეტრიალდება, ხელებაწეული აეკვრება კედელს და სულიერად მკვდარი ელოდება სიცოცხლესთან ფიზიკურ გამომშვიდობებას.

 

ტოტალიტარული მმართველობა ერთფეროვან, მანქურთებად ქცეულ საზოგადოებას ქმნის. ეს რეჟიმი განსხვავებულ ადამიანებს ვერ იტანს და ანადგურებს. არა აქვს მნიშვნელობა, ეს განსხვავებულობა რაში გამოიხატება - პიროვნულ თვისებებში, ეროვნებაში, გონება ჩამორჩენილობაში, ორიენტაციაში თუ სხვა რამეში...

bottom of page