ჰელვერის უკანასკნელი ღამე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ყაჯრიშვილი
ჰელვერის უკანასკნელი ღამე
ისე მოხდა, რომ 2022 წლის იანვარში, ნიკა საბაშვილის საპრემიერო სპექტაკლზე - „გურიის რესპუბლიკა“ ოზურგეთის თეატრში, მე და საბა ასლამაზიშვილი ერთად ჩავედით, სადაც რეჟისორს დათა თავაძის „დედაომი“ უნდა დაედგა. რას წარმოიდგენდა პიესის ავტორი, რეჟისორი, მთელი სადადგმო ჯგუფი და მსახიობები, რომ პრემიერა უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე შედგებოდა. ან რას წარმოიდგენდა გოგი მარგველაშვილი, რომ მისი ახალი ნამუშევრის პოლონელი დრამატურგის „ჰელვერის ღამის“ საპრემიერო ჩვენება რუსეთ-უკრაინის ომს დაემთხვეოდა, ან ირინა მეღვინეთუხუცესი, რომ მისი პერსონაჟი ალყაშემორტყმულ ბინაში აღმოჩნდებოდა ზუსტად ისე, როგორ ახლა მისი უახლოესი ნათესავები იმყოფებიან ქალაქ ხარკოვში. მაგრამ ცხოვრებას თავის ლოგიკა და კანონზომიერება გააჩნია. თუ მიზანმიმართულად არ ასახე დღევანდელობა ხელოვნებაში, მაშინ იგი ბუნებრივად მონახავს გზას, რათა საზოგადოებას მოუთხროს ის მოვლენები, რომელიც სამყაროში ხდება.
„ჰელვერის ღამე“ იაროსლავ სვერჟიჩის პიესაა, (გამოქვეყნებული ფსევდონიმით ინგმარ ვილკვისტი), რომლის პრემიერა ახლახან შედგა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში და როგორც უკვე აღვნიშნე, მისი რეჟისორი გოგი მარგველაშვილია.
რეჟისორის მიერ შემოთავაზებული კონცეფციით დრო, ეპოქა და ადგილი განსაზღვრული არაა, მაგრამ გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ტოტალიტარულ სახელმწიფოში ხდება, სადაც არსებობენ „წმინდა რასის“ ადამიანები და სხვა კატეგორიის, ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ. ყველაფერი ეს გერმანიის გასული საუკუნის 30-იან წლებს გვახსენებს და არა მარტო იმას - მსოფლიოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებსაც, როცა ადამიანთა სიცოცხლე, სახელმწიფო დამნაშავეებზე და გონებაარეულ პოლიტიკოსებზე დამოკიდებული ყველაფერი უძლურია, თუ არა საერთო კონსოლიდაცია, ერთმანეთის გვერდით დგომა და მხარდაჭერა.
ავტორისთვის უცხო არაა ებრაელების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილი, რაც ამ პიესაში ნათლად იკვეთება - „სუფთა რელიგიური“ სახელმწიფოს შექმნა ნაციონალ-სოციალისტების მთავარი დოქტრინა. თეატრში მისული მაყურებელი თეატრის სცენაზე აღმოჩნდება, რომელზეც დამსწრეთა ახლოს ის ოთახია მოწყობილი, სადაც მალე ჰელვერის ტრაგედია გათამაშდება. ჰელვერი (ბექა მეძმარიაშვილი) ოცდაათი წლის ახალგაზრდა მამაკაცია, აუტისტი, რომელიც კარლამ ქუჩაში იპოვა და სახლში მოიყვანა, რომ სიკვდილისგან ეხსნა. ამ ორი ადამიანის ბედსა და ურთიერთობას ეძღვნება ეს დრამატული ნაწარმოები.
ამ ერთოთახიანი ბინის სამზარეულოს გარეთ კი საზარელი კატაკლიზმები ხდება, რომელშიაც უნებლიედ ამ ბინის მაცხოვრებლებიც არიან ჩართული. უნებლიეთ ვთქვი, თუმცა ჰელვერი დღეს და ღამე აჯანყებულებთან ატარებს.
სამზარეულო ძველი ავეჯითა მოწყობილი (მხატვარი შოთა ბაგალიშვილი) - პირსაბანის მაგივრად ტაშტი და წლის დოქია, იქვე პირსახოცი კიდია; მის გასწვრივ ნავთქურაზე დიდი ქვაბია შემოდგმული, სადაც საჭმელი მზადდება; მის წინ კი დიდი სკივრია, ძველმანებით სავსე, შუაში სასადილო მაგიდაა, კედელთან სერვანტი, სამზარეულოს უამრავი ჭურჭლით და შუშის ქილებით. მის მარჯვნივ რადიომიმღები და პატარა უჯრებიანი დაბალი კარადა საბავშვო სათამაშოებით, სათამაშო ცხენით, რომლის წინ ისევ სკივრია, რის ქვეშაც ჰელვერი კარლას ქორწინების სურათებს მალავს. ოთახში განლაგებული ავეჯი და ყველა ნივთი კარგად მოვლილია და მოწესრიგებული დიასახლისის ხელი ატყვია. შენობის გარედან ხალხის ხმაური ისმის.
კარლა (ირინა მეღვინეთუხუცესი) ახლახან დაბრუნდა სახლში და გამალებული ჰელვერს ეძებს, ხმამაღლა მოუხმობს მას, მისი ინტონაცია ნერვიულია, იგრძნობა რომ ჰელვერის გაუჩინარება პირველი არ არის და მისი ქუჩაში ყოველი გასვლა კარლას ღელვის საგანია. ჰელვერი ხმაურით ბრუნდება სახლში, სამხედრო ფორმის მსგავსი სერთუკი და პერანგი აცვია, ქამარი მაგრად შემოუჭერია, ზურგჩანთიდან მეტალის ჩხრიალის ხმა ისმის - ძალზე აჟიტირებულია, კარლასგან ითხოვს, რომ გარეთ გაიხედოს და საკუთარი თვალით ნახოს რაც ხდება. კარლა ცდილობს მშვიდად შეხვდეს მის აღგზნებული ქმედებებს, სუპსაც მიართმევს, ჰელვერი არ ჯდება, ყურადღებით ათვალიერებს მაგიდაზე დაწყობილ თეფშს და დანა-ჩანგალს, ასწორებს, პარალელურ ხაზზე აწყობს, კიდევ ასწორებს ისე როგორც აუტისტს შეეფერება - სიზუსტის დაცვა, ჭამაზე უარს ამბობს. მთელი არსით ის ისევ გარეთაა, იმ შთაბეჭდილებებშია, რაც გარეთ ნახა და თავს ბედნიერად გრძნობს, რადგან დროშა აჩუქეს, რომელსაც ყველას არ აძლევენ: - „შენ მაღალი ხარ და ამიტომ მოგცეს დროშა“ - კარლა ცდილობს ამით დააწყნაროს აღელვებული ახალგაზრდა. საუბრის თემა ხშირად იცვლება, მიუხედავად იმის, რამ ჰელვერს მხოლოდ ის აინტერესებს, რაც გარეთ ხდება: კარლას ქორწინება, შვილის გაჩენა, მისი მიტოვება, ჰელვერის პოვნა და სახლში წამოყვანა. ამ საუბრებში თანდათან მძაფრდება ურთიერთობა დედობილსა და ნაშვილებს შორის.
რეჟისორი და მსახიობები ცდილობენ მწვავე დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. კარლა თავშეკავებულია, თუმცა საკმაოდ გაბრაზებული და გაღიზიანებულია, ნერვიულად აფარებს სუფრას მაგიდას, მერე მოხსნის, ისევ აფარებს, ხელით ჭმუჭნის ქსოვილს, საკუთარ შვილზე მოყოლილ ამბავს ხელახლა განიცდის, სინდისის ქენჯნა მწარე მოგონებებს უღვიძებს, ცხადი ხდება, რომ ჰელვერის ქუჩიდან წამოყვანაც სწორედ მისი ეს გადაწყვეტილებაც შვილზე უარის თქმის საპასუხო საქციელია. მშვენივრად იცის, რომ ეს ცოდვა სიკვდილის ბოლომდე უნდა ატაროს.
მასთან საუბარში ჰელვერი რთულად, მაგრამ მაინც ხვდება რამ განაპირობა მისი ამ სახლში მოხვედრა. მადლიერია კარლას საქციელის, მაგრამ ემოციებისგან თავს ვერ იკავებს, ქუჩიდან გამოყოლილი აგზნება ვლინდება, თავში ხელებს ირტყამს, მისი ფსიქიკა ძალიან ცვალებადია - განწყობა ყოველ წუთში იცვლება. ხან კლარაზე ძალადობას ცდილობს - დროშით ახრჩობს, ხან მასთან ცეკვას მოინდომებს, ხან სამხედრო წვრთნას უტარებს, მწყობრად სიარულს ასწავლის, აიძულებს ბრძანებების შესრულებას, ხან კარლას მიერ ნაყიდ კალის ჯარისკაცებს გადაყრის ზურგჩანთაში ყუთით რომ ატარებდა. მხოლოდ გილბერტია მისი სათაყვანებელი გმირი, ის გილბერტი, რომელიც მისი დაჭერისა და დასჯის ბრძანებას გასცემს მოგვიანებით.
ჰელვერის როლი რეჟისორმა ბექა მეძმარიაშვილს ანდო. ეს მისი დებიუტია და უნდა ითქვას, რომ ასეთი რთული, ფსიქიურად გაუწონასწორებელი და აუტისტი პერსონაჟის განსახიერებას ახალგაზრდა მსახიობმა შესანიშნავად გაართვა თავი. სპექტაკლი ორი საათი გრძელდება. ამ ამ ხნის განმავლობაში ორივე მსახიობს უდიდესი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვთ - ერთია სწორად განახორციელო დაკისრებული როლი, მეორეა მაყურებელი დაარწმუნო შენს სიმართლეში, ჩააფიქრო, ააღელვო, რაზეც მეტყველებდა ის ცრემლები, რომელიც რამდენიმე მაყურებლის სახეზე დავინახე.
ირინა მეღვინეთუხუცესისთვის მთავარი როლი უკვე ჩვეულებრივია თეატრში, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, განსახიერებულმა როლმა უფრო მეტი ემოციური დატვირთვა შეიძინა - უკრაინაში მიმდინარე საომარო მოქმედებებმა უფრო მეტი სიღრმე შესძინა მისი პერონაჟს ხასიათის გამოკვეთას - მსახიობი განიცდის არა მხოლოდ იმას, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამ ღამეს მის სახლის გარშემო ხდება, არამედ იმასაც რაც ხარკოვის ქუჩებში ხდება.
უშედეგო აღმოჩნდა კარლას მცდელობა, ჰელვერი გააპაროს და გადაარჩინოს: აჟიტირებული ბრბო, ეს დამსჯელი რაზმი სასტიკად გაუსწორდება ჰელვერს, უკან დაბრუნებული, ნაცემი, ძაღლის მიერ დაკბენილი, გაქურდული...
და კარლა საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებს: დასჯისგან და შეურაცხყოფისგან იხსნას ჰელვერი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ სიმართლის მხარეს იყო და სიკვდილის წინ მაინც გილბერტს ახსენებს. უმძიმესია მისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იცის, რომ მალე მასთანაც მოვლენ და მასაც იგივე ბედი ერგება, რაც ჰელვერისთვის იყო განკუთვნილი იმ ბრბოს მიერ, რომელიც თვლის, რომ არსებობენ „ადამიანები“ და „ნაბიჭვრები“, რომლებიც უნდა განადგურდნენ. ჩადენილი მკვლელობის შემდეგ კარლა (ირინა მეღვინეთუხუცესი) პატიებას სთხოვს ჰელვერს, დარბაზისკენ შემობრუნდება, ვალსის რამდენიმე პას შესარულებს, კედელს აეკვრება და ღიმილით ხვდება მოახლოებულ განსასჯელს.