top of page

„ირინეს ამბავი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

333958062_732940418326414_5198825096125027325_n.jpg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
„ირინეს ამბავი“


ახალგაზრდა რეჟისორს ელენე მაცხონაშვილს თეატრთან დამეგობრებული საზოგადოება და არა მხოლოდ, უკვე ძალიან კარგად იცნობს, ამის მიზეზი კი მარტივია, თეატრების რეპერტუარებში ხშირად გვხვდება მისი სახელი და გვარი, რადგან ერთი სპექტაკლის გამოშვებიდან ძალიან მალე, მისი ახალი სპექტაკლის პრემიერა იგეგმება. პირადად ჩემთვის, ხშრად გაუგებარია როდის ასწრებს ფიქრს იმაზე თუ რას, რატომ და რისთვის დგამს. თუმცა ამავდროულად ელენე მაცხონაშვილი ძალიან საინტერესო ფიგურაა თეატრში, რადგან ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ რეჟისორად მოიაზრება. ჩემთვის ძალიან დასაფასებელიცაა მისი თეატრისადმი ამგვარი სიყვარული, რაც არ აჩერებს და უბიძგებს მუდმივად ახალ წარმოდგენაზე მუშაობისაკენ. თანაც ისიც აღსანიშნია, რომ ახალგაზრდა რეჟისორს გეზი ქართული დრამადურგიისაკენ აქვს აღებული და უღალატოდ მუშაობს და მიჰყვება.
ამ ყველაფრის ფონზე, მნიშვნელოვანია, არ დაგვავიწყდეს, რომ ხარისხი ხშირად დამოკიდებულია რეჟისორისა და სრულიად შემოქმედებითი ჯგუფის მზაობაზე. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე, რომ „როგორც ქუხს ისე არ წვიმს“ და სპექტაკლებზე მუშაობის სიხშირე ხარისხზე მოქმედებს. მე თუ მკითხავთ, ამ ვერაგი და სამწუხარო ფაქტის მსხვერპლი ელენე მაცხონაშვილის არაერთი ნამუშევარი ყოფილა. მათ შორის მოვიაზრებ „ირინეს ბედნიერებასაც“.

დავით კლდიაშვილის პიესები ქართულ თეატრში განხორციელებასა და ხორცშესხმას არ უჩივის, მაგრამ 2023 წლის თეატრების რეპერტუარებში ხშირად იკითხებოდა მისი პიესების სახელწოდებები. მათ შორის იყო მაცხონაშვილის სპექტაკლი, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგა და პრემიერა 27 თებერვალს შედგა.
ზოგადად დავით კლდიაშვილის პიესებში თვალსაჩინოა უიმედობისა და სასოწარკვეთის გრძნობა, ყოფიერების შინაგანი დისჰარმონიის გამომხატველი მსოფლგანცდა, თუმცაღა ეს განსაკუთრებულად შესამჩნევია მის პირველ პიესაში „ირინეს ბედნიერება“.
მე რომ მკითხოთ, ეს პიესა უპირველესად იმით გამოირჩევა, რომ პირველ და მეორე მოქმედებას შორის  ვხედავთ ერთგვარ კონტრასტს. პირველი მოქმედება სიცოცხლით სავსეა, მეორე კი შედარებით დინამიური. თუმცა ჩემი ამ აზრის დაფიქსირება სწორედ იმიტომ მჭირდება, რომ დავსვა კითხვა რაზე დადგა რეჟისორმა სპექტაკლი?

სპექტაკლი გათანამედროვებულია, მაგრამ ამავდროულად თან შენარჩუნებული აქვს პიესის თანმხლები ავთენტურობა, რაც შეიძლება გამოხატული იყოს თუნდაც დიალექტითა და სამეტყველო ენით. ვფიქრობ, აღნიშნულ სპექტაკლს აკლია სწორედ განსაზღვრა რა და რისთვის... რაც დღევანდელ სათეატრო რეპერტუარს ხშირ შემთხვევაში მარილივით აკლია - გარემოსა და სიტუაციის შესაბამისი კილო, დიალექტი.

სპექტაკლში რვა მსახიობი თამაშობს: გია აბესალაშვილი, მაია გელოვანი, თემო ნატროშვილი, ნუცა სულაბერიძე, პაატა ინაური, ლუკა ჩიბუხაია, ნიკა წერედიანი, გუგა კახიანი.
ჩემთვის რთულია ვისაუბრო მათ შექმნილ პერსონაჟებზე, მიგნბულ დეტალებსა და დამუშავებულ როლებზე, რადგან მათი გადმოცემული სევდიანი ამბავი ერთგარად არადამაჯერებელია, თითქოს თავადაც არ სჯერათ, რასაც გვიყვებიან. ფინალური სცენა კი ძალიან ემოციურია, მაგრამ სწორედ ამ მოზღვავებული ემოციისთვის მოქმედება არ არის საკმარისად მოტივირებული. თითქმის მთელი სპექტაკლის განმავლობაში არაფერი არ ხდება და რეჟისორის გადაწყვეტისა და მიზანსცენის ამოკითხვა მხოლოდ ფინალურ სცენაშია შესაძლებელი. ირინეს როლს მსახიობი ნუცა სულაბერიძე ასრულებს. ფინალური სცენა ფაქტობრივად მაგიდაზე თამაშდება, სადაც მსახიობი ყელსაბამით ათამაშებს თავის ჩამოხრჩობის სცენას. მარგალიტის ყელსაბამი ირინეს სიკვდილთან ერთად წყდება და თვლები იბნევა და იკარგება, როგორც ირინეს აზრი, გრძნობა და განცდა.

სპექტაკლი პიესის კითხვა უფროა, ვიდრე ინტერპრეტაცია. მსახიობები გუგა კახიანი და ნიკა წერედიანი მთხრობელთა როლსაც ითავსებენ. მათი წარმოთქმული ტექსტები კი შესაძლოა პერსონაჟებთან გათამაშებული ყოფილიყო. რეჟისორის ეს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება სწორედ სპექტაკლის სიმარტივეს უკავშირდება, თუმცა უფრო მეტი მიზანსცენები და დატვირთული ინტერპრეტაცია სპექტაკლს მხოლოდ და მხოლოდ წაადგებოდა და გაცილებით საინტერესო იქნებოდა სანახაობრივად, მეტ სიღრმეს შესძენდა, ვიდრე ეს შეიძლება იყოს მხოლოდ პიესის კითხვა.

პავლე როდამიშვილის როლს ასრულებს სტუდენტი მსახიობი ლუკა ჩიბუხაია, რომელიც ასევე ფუნქცია დაკარგული მეჩვენება მთელი სპექტაკლის განმავლობაში, სანამ თავის საკვანძო მონოლოგს არ წარმოთქვამს. პავლე როდამიშვილი სცენაზეა, მაგრამ იქამდე გაუგებარია მისი ყოფნა არ ყოფნა სანამ ირინეს ცილს არ დასწამებენ და მის პატიოსნებაში ეჭვს არ შეიტანენ. ლუკა ჩიბუხაია გიორგი კაშიას დადგმულ „ირინეს ბედნიერებაშიც“ პავლე როდამიშვილის როლს ასრულებს, ეს მსახიობისთვის ალბათ დიდი და რთული გამოწვევაა, მაგრამ მომეჩვენა, რომ ორივე სპექტაკლში ერთნაირია. ამ ფაქტში კი რეჟისორის უფრო მეტად ჩარევისა და მუშაობის აუცილებლობას უფრო ვხედავ, ვიდრე მსახიობის შეცდომას.
და თუ ეს განზრახ არის გადაწყვეტილი რეჟისორისგან მაშინ მიჩნდება კითხვა, რომელსაც თამამად და მოურიდებლად დავსვამ:
- რატომ?

ელენე მაცხონაშვილს ეკუთვნის ასევე სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება.
სპექტაკლში ისმის დები იშხნელების სიმღერა და თანამედროვე მუსიკა, რაც შეგვიძლია დავუკავშიროთ რეჟისორის იმ გადაწყვეტას, რომელსაც სანახევროდ გათანამედროვება ჰქვია.
რაც შეეხება სცენოგრაფიას, უპირველესად შესამჩნევია სცენის ცენტრში მდგარი დიდი მაგიდა, რომელიც ხდება ყოფა-ცხოვრების თანმხლებიც და ლხინისა თუ ჭირის მომსწრე-მოზიარე. სწორედ ამ მაგიდასთან თუ მაგიდაზეა ირინეს ქორწილიც, განაჩენიც და სიკვდილიც.

საბლოო ჯამში, პირადად მე, სპექტაკლით ვერ მოვიხიბლე, ძალიან იმედგაცრუებულმა და ცოტა გაბრაზებულმა დავტოვე თუმანიშვილის თეატრი, რადგან პიესის ხელახლა წაკითხვა რომ მდომოდა, სახლში დავრჩებოდი და წიგნს გადავშლიდი.




 

bottom of page