ისევ „მაკბეტი“, მაგრამ „მაკბეტის“ გარეშე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ისევ „მაკბეტი“, მაგრამ „მაკბეტის“ გარეშე
უილიამ შექსპირის ნებისმიერი ნაწარმოების სცენური ინტერპრეტაცია ყველა დროის და ერის მაყურებელში ცხოველ ინტერესს იწვევს, მით უფრო, ახლა, როცა თეატრში ის ხანა დადგა, როცა ჟანრის ცნებაც კვდება და გმირიც ქრება სცენიდან. შექსპირი კი ის დრამატურგია, რომელიც ყველაზე მეტად იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას. ამიტომაც, ყველა შემოქმედს თავისი შექსპირი ჰყავს, მაგრამ თუ მისი თხზულებების არსს შორდება რეჟისორი, ან კარგავს ლოგიკურ ბმას სიუჟეტთან დამდგმელი ჯგუფი, მაშინ ის მათ ჩიხში ამწყვდევს. ასე „სჯის“ ეს კეთილშობილი ავტორი მათ, ვინც თვითმიზნურად „მისი სახელის ბოროტად გამოყენებას“ შეეცდება.
2014 წელს, მესხიშვილის თეატრში იოანე ხუციშვილის „მაკბეტის“ მასშტაბური პრემიერა შედგა, რომელმაც დამსახურებული (იმ დროის პრესას რომ გადავავლოთ თვალი) წარმატება მოუტანა თეატრსაც და რეჟისორსაც (სპექტაკლი სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი იყო თეატრალურ პრემიაზე „დურუჯი“, სცენოგრაფმა თეო კუხიანიძემ მოიპოვა კიდეც საუკეთესო მხატვრის ტიტული; ასევე 2014 წლის საუკეთესო ხუთეულებში მოხვდა თავად დადგმა, რეჟისორი, მსახიობები (ბაჩო ჩაჩიბაია და ნინო ჭოლაძე) და სცენოგრაფი). და აი, სულ რაღაც 7 წლის შემდეგ, კვლავ მესხიშვილის თეატრმა, მაყურებელი ისევ „მაკბეტზე“ მიიწვია, ოღონდ აღდგენილ სპექტაკლზე არა, სრულიად ახალ ვერსიაზე, რომლის ავტორიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე გახლავთ.
ვერაფერს ვიტყვი იმაზე, ასე მოკლე პერიოდში, რატომ ისევ შექსპირის აღნიშნული ტრაგედია იმავე დასთან. არც ამ ორი დადგმის შედარებას ვაპირებ. მე მხოლოდ 2021 წელს დადგმული „მაკბეტის“ შესახებ შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილება.
ცალსახად უნდა ითქვას, რომ კოტე აბაშიძის „მაკბეტზე“ კოლოსალური ადამიანური, შემოქმედებითი (და ცხადია, ფინანსურიც) რესურსი და დრო დაიხარჯა. გაწეული შრომისა და დახარჯული დროის შედეგები უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. „მისი უდიდებულესობა“ - მაყურებელი გადაწყვეტს მესხიშვილელთა სპექტაკლის სიცოცხლისუნარიანობას.
ფარდის აწევისთანავე (როგორც ოპერაში) დეკორაცია და მიზანსცენები (რომელიც ძირითადად არავერბალურად, მოძრაობაშია გადაწყვეტილი) საოპერო დადგმის შთაბეჭდილებას ქმნის. მესხიშვილის თეატრის მასშტაბურ სცენას სცენოგრაფ შოთა გლურჯიძის რკინის მონუმენტური კონსტრუქცია (რომელზედაც შეფენილია ხალხი) და მასობრივი სცენის მსახიობები ავსებენ. ტრადიციული საოპერო დადგმის განცდა სპექტაკლის ბოლომდე რჩება მაყურებელს, ვინაიდან სცენაზე ხშირად ვხედავთ გუნდს, მასობრივ სცენებს, ქორეოგრაფიულ ჩანართებს, კომპოზიციურად აწყობილ პომპეზურ მიზანსცენებს...
სცენაზე ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებთან ერთად, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდიც (ქორმაისტერი ირინა ლომინაძე) დგას, რომელიც კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის საგუნდო ნაწარმოებებს ასრულებენ. კონტრასტული მუსიკალური თემები სპექტაკლში ორი საშუალებით ჟღერს: ცოცხლად (რომელსაც მონაზონისა და ბერის ტანისამოსში გამოწყობილი გუნდის მსახიობები ასრულებენ) და ჩანაწერის სახით.
დასაწყისში, ყველა რესურსი მიმართულია იქითკენ, რომ სცენაზე მისტიკური ატმოსფერო შეიქმნას, რასაც ხელს უწყობს მუსიკა და კუდიანები (თინათინ მოსულიშვილი, ნინი ქარჩავა, ნანა კუპატაძე), რომელთა როლი და დრამატურგიული ხაზი კოტე აბაშიძის სპექტაკლში ყველაზე შექსპირულია, თავისი დასაწყისით, პერსონაჟთა ხასიათების განვითარებითა და ფინალით. კუდიანებს სცენის ცენტრში სართავი დაზგა დაუდგამთ და ბედისწერის სამფეროვან (წითელი (სისხლი), შავი (ბოროტება) და თეთრი (სიწმინდე) ძაფებს ხლართავენ (ეს ეპიზოდი პირდაპი ასოციაციას ბადებს აკირა კუროსავას ფილმთან „ტახტი სისხლში“). მომდევნო ეპიზოდებში ორი შავი და წითელი ფერი დომინირებს, რადგან სცენაზე მხოლოდ ბოროტებას და სისხლს ვხედავთ, მოგვიანებით გამოჩნდება თეთრი ფერის ძაფიც, ოღონდ ამ ძაფით მაკბეტის მომავალი შვილის წინდას ჯერ ლედი მაკბეტი ქსოვს, ხოლო შემდეგ თავად მაკბეტი. ბავშვი აღარ იბადება. იქნებ მართლაც ასე უპერსპექტივო და უნაყოფოა ჩვენი მომავალი? თუმცა ამ პასაჟის კომპენსირებას რეჟისორი კოტე აბაშიძე სამართლიანობის აღდგენით - მალკოლმის (გივი საგინაშვილი) გამეფებით ახდენს, თუმცა ისევ ჩნდებიან კუდიანები და ისეც აგრძელებენ მჩხიბაობას. ასე სრულდება სპექტაკლი. ყველაფერი შეკრულ წრეზე ბრუნვას ჰგავს, მეორდება და შესაბამისად, სპექტაკლის ფინალი კვლავ უპერსპექტივობას, სისხლისღვრას, ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის დაუნდობელ ბრძოლას და მსხვერპლს გვიქადის. იქნებ მართლაც ასეთია კაცობრიობის ბედისწერა?!
კუდიანები: თინათინ მოსულიშვილი, ნინი ქარჩავა და ნანა კუპატაძე არიან გრძნეულები, რომლებიც წინასწარმეტყველებენ, გეგმავენ მომავალს და მონაწილეობენ შეთქმულებებში, ამავდროულად წარმოადგენენ საზოგადოებას, მაგრამ ხალხში ისინი თითქმის შეუმჩნევლები არიან. სამი მსახიობი მასობრივი სცენებით დატვირთულ სპექტაკლში კამერულ, დამოუკდებელ სამსახიობო ანსამბლს ქმნიან, მათი კარგი სცენური პარტნიორობა იკვეთება მეტყველებასა და თითოეულ მოძრაობაში. ორიგინალურადაა გადაწყვეტილი მათი სცენებიც. მათ შორის, მაკბეტთან და ბანკოსთან შეხვედრისა და წინასწარმეტყველების სცენა, როცა მესამე კუდიანი ამბობს: „სამჯერ თითოსთვის შემოვტრიალდეთ და სამჯერ სამი ხომ ცხრა იქნება...“ და ამ დროს სცენის ფონზე შუქით მათი გასამმაგებული სილუეტები გამოიკვეთება. მაკბეტთან და ბანკოსთან ერთად, მაყურებელიც ხედავს როგორ იქცა სამი კუდიანი ცხრად.
სპექტაკლი შოტლანდიელთა გამარჯვების აღნიშვნის ზეიმით იწყება. ეს ილუსტრაციული ეპიზოდი აგებულებით და მასშტაბით ფილმი-ოპერა „დაისის“ იმ ეპიზოდს მოგაგონებთ, როცა ქართველები მტერზე გამარჯვებას აღნიშნავენ (გნებავთ ვერდის „აიდას“ მეორე მოქმედება გაიხსენეთ ტრიუმფალური სვლით).(რეჟისორებს შეგნებულად აარ ვასახელებ). ისმის სიმღერა და ჟრიამული, აქა იქ საცეკვაო ნომრებიც სრულდება. სპექტაკლს ორი ქორეოგრაფი ჰყავს: დამდგმელი ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე და ქორეოგრაფი გიორგი ქართველიშვილი. არ ვიცი ორ ქორეოგრაფს შორის ფუნქციები როგორ იყო გადანაწილებული (არც ის ვიცი რით განსხვავდება დამდგმელი და რიგითი ქორეოგრაფი ერთმანეთისგან), მაგრამ სპექტაკლის არავერბალური გადაწყვეტა შორდება თანამედროვე დრამატულ თეატრში ეპიზოდების პლასტიკურ გადაწყვეტას, ვერც იმას ვიტყვი, რომ ქორეოგრაფიული პარტიტურა ზუსტად შეასრულეს მსახიობებმა, რაშიც მათ ხელს ანანო დოლიძის მიერ შექმნილი კოსტუმები უშლიდათ ხელს. ამ ეპიზოდში მამაკაც ჯარისკაცთა კოსტიუმები სისხლშია მოთხვრილი, ხოლო როსკიპ ქალებს, რომლებიც ჯარისკაცების გასართობად არიან მოსულები ნადიმზე, ეპოქებს შორის გაჩხერილი ჭრელი კოსტუმები აცვიათ. ცოტა კომიკურ ელფერს იძენს ქალი-ჯარისკაცების კოსტუმები, რომელიც XX საუკუნის დასაწყისის, საბჭოთა, უფრო სწორად რუსი კოლმეურნეების კოსტიუმებს მოგაგონებთ, რომელთაც შალის ფაქტურა აქვთ, რუხ ფერშია გადაწყვეტილი და გაწყობილია წითელი კანტებით.
კოტე აბაშიძე ცდილობს შექსპირის სცენური ინტერპრეტაციისას ჩამოყალიბებული სტერეოტიპების ნგრევას. ეს მისწრაფება მისასალმებელთან ერთად, აუცილებელიც კი არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლის შემოთავაზებისას რეჟისორს მყარი ლოგიკური საფუძველი აქვს მოფიქრებული, რომელიც ვითარდება და კულმინაციას აღწევს. კოტე აბაშიძის „მაკბეტში“ კი ასეთი გამოგონებები რამდენიმეა (შოტლანდიის მეფე დუნკანის მაგიერ დედოფალი, რომელთანაც მაკბეტს სექსიც აქვს; ფეხმძიმე ლედი მაკბეტი, ჯარისკაცი ქალები, მკვლელი მონაზვნები და საერთოდ მკვლელი ქალები)) და მატრიარქატის აჩრდილები...), მაგრამ ამ პასაჟების გააზრებისას, ლოგიკური საფუძვლების პოვნა რთულდება.
ამავდროულად, კოტე აბაშიძე გვერდს ვერ უვლის შექსპირის მარადიულ თემებსაც და პრობლემებს, რომელიც ყველა დროში აქტუალური რჩება. მაგალითად, ხელისუფლების ცვლა და მისი სახე. რეჟისორი ხაზგასმით გვიჩვენებს ერთი ტირანი ხელისუფლების მეორით ჩანაცვლების პროცესს და ახალ დროებას, როცა ახლები ანადგურებენ და სჯიან ძველებს. მაგრამ კოტე აბაშიძე ამ კლასიკურ პარადიგმაშიც ორიგინალობს და ლედი მაკბეტის - მატრიარქალურ (თუმცა მაინც არაოფიციალურად) წყობას გვიჩვენებს, როცა ქვეყნის ფორმალური მმართველი მაკბეტია, სინამდვილეში კი მართვის სადავეები ლედი მაკბეტს უპყრია ხელთ. სცენაზე ჩნდებიან ქალი-ჯარისკაცი-ჯალათები, რომლებიც ხმლებით თავებს აყრევინებენ დიდგვაროვნებს, მოღალატეებსა და ერთგულებს. მონაზვნებიც მკვლელები არიან, ისე როგორც ლედი მაკბეტი. კოტე აბაშიძის ვერსიაში კაცებმა დაკარგეს სახე, ფუნქცია და ეს ადგილი ქალებმა დაიკავეს. მოკლედ ვხედავთ როგორ დამყარდა ტირანია, დაკანონდა მოძალადეობა, დაბეჩავდა ხალხი, რომელიც ამ უსამართლობას უყურებს და ხმას არ იღებს, რადგან მათ ხელისუფლებამ პირში ლუკმა პური ჩასჩარა. ასე გადმოსცემს რეჟისორი ამ ეპიზოდს.
უჩვეულო მაკბეტი შემოგვთავაზა რეჟისორმა, რომელსაც ალექსანდრე ფურცხვანიძე ასახიერებს. მისი გარეგნობა (გრიმი) ბევრ რამეზე მეტყველებს. ლამბერსექსუალ და Bear style მაკბეტს თვალიც გაფუჭებული აქვს და სახეც (იარა ადევს). ამ მხრივ, ტიპაჟურად, ის ფილმის „ანჟელიკა ანგელოზების მარკიზა“ (1964) მთავარ პერსონაჟს ჟოფრეი დე პეირაკს გვაგონებს, რომელიც საბჭოთა (და არა მხოლოდ) ქალთა კერპად იქცა. ალექსანდრე ფურცხვანიძის მიერ შექმნილი მხატვრული სახე სხვა ასოციაციებსაც ბადებს, მაგალითად, მომენტებში ის მოგვაგონებს გასული საუკუნის საქართველოს 90-იანელ „ძველ ბიჭთა“ ტრენდად ქცეულ ტიპაჟსაც (რაც მის გაბზარულ ხმასა და ინტონაციაში იკვეთება). უკიდურესი კრიზისის და ჩიხში შესვლის დროს, ისტერიკაში ჩავარდნილი მაკბეტი ფემინურ კაცადაც იქცევა. გაბრაზებისას (ბანკოსთან დიალოგისას) მის ინტონაციასა და ხმაში გამოკრთის სულის სინაზე და სისათუთე.
შექსპირის უმთავრეს ტრაგედიებში ოთხი ტიპის ღალატი გვხდება. „ჰამლეტში“ ძმა ძმას ღალატობს, „ოტელოში“ ძმაკაცი ძმაკაცს, „მეფე ლირში“ ღალატების სიმფონიაა, ხოლო „მაკბეტში“ მაკბეტი საკუთარ თავს. კოტე აბაშიძისა და ალექსანდრე ფურცხვანიძის ვერსიაში საკუთარ თავთან და პრინციპებთან ღალატის ხაზი შენარჩუნებულია, მაგრამ ოდნავ ლოგიკას მოკლებულია მისი პირველი ღალატი საკუთარ თავთან. სპექტაკლში შოტლანდიის მეფე დუნკანის ნაცვლად დედოფალია (ნინო ჭოლაძე), რომელიც არ არის გულგრილი მაკბეტის, როგორც მამაკაცის მიმართ. არც მაკბეტი ამბობს უარს სასიყვარულო ურთიერთობაზე დედოფალთან. ცხადია, ამის შესახებ ლედი მაკბეტმა (მაკა შალიკაშვილი) ყველაფერი იცის და ეჭვიანობს კიდეც. ამ ორ ქალს ერთმანეთი ამიტომაც არ უყვართ და გასაგებიცაა, რატომ არის მოტივირებული ლედი მაკბეტი დედოფლის მკვლელობის მოსაწყობად, მაგრამ მაკბეტი, რომელსაც ალექსანდრე ფურცხვანიძე დასაწყისში გვიხატავს, არ არის გატაცებული ძალაუფლების ხელში ჩაგდებით, არც ცოლი უყვარს ისე (ყოველ შემთხვევაში, ცოლ-ქმრის სიყვარულს ჩვენ ვერ ვხედავთ), რომ მის გამო მკვლელობა ჩაიდინოს. მაკბეტი, რომელიც ომებში გამარჯვებული გულადი მეომარია და ამიტომაც ქვეყნისთვის გმირი, ოჯახში იმდენად უსუსური აღმოჩნდება, რომ სათანადო წინააღმდეგობასაც ვერ უწევს მეუღლეს. მას ფაქტობრივად, ცოლი ფაქტის წინაშე აყენებს და უკან დასახევ გზას არ უტოვებს. პირველი მკვლელობა ჩადენილია. აქედან იწყება ალექსანდრე ფურცხვანიძის მაკბეტის სრული მეტამორფოზა, რომელიც მკვლელობების აზარტში შედის („მსხვერპლს მსხვერპლი მოსდევს და აღარ მთავრდება, თუ ძალაუფლების ბილიკს გაჰყვები, ბოროტების დიდ გზაზე გადახვალ“). დასაწყისში, კუდიანებთან შეხვედრის ეპიზოდში, მაკბეტი სრულიად ლოგიკურად და თანმიმდევრულად რეაგირებს წინასწარმეტყველებაზე. ჯერ ის არასერიოზულად აღიქვამს გაგონილს, რადგან მკითხაობის არ სჯერა, შემდეგ გაანალიზებისას ის უშვებს მისი გამეფების ვარიანტს და სიამოვნება იპყრობს, მსახიობს ამ დროს გაბადრული და ნეტარი სახე აქვს. ბენკო, რომელსაც გიორგი შალამბერიძე განასახიერებს (პროფესიონალიზმითა და ოსტატობით) მეგობარს მიანიშნებს, იმაზე რომ გულის სიღრმეში, სასურველის შემოთავაზებისას ადამიანები (მათ შორის, ძლიერებიც) ტყუვდებიან.
კუდიანთა წინასწარმეტყველება მაკბეტს მალევე აუხდება, თუმცა მას სახეზე გაოცება ეტყობა, როცა დედოფალი კავდორის თენად მას დანიშნავს. ნინო ჭოლაძის დედოფალი ეშმაკი და გაიძვერა ქალია, რომელსაც ჰგონია, რომ მისი ვნებიანობის წყალობით მაკბეტის ერთგულებას მოიპოვებს, მაგრამ მას ლედი მაკბეტი ამარცხებს, რომელსაც საკმარისი მიზეზი აქვს მის გასანადგურებლად.
მას შემდეგ, რაც მაკბეტი საკუთარ თავს უღალატებს, მისი გმირობაც უკვალოდ ქრება. უწევს უღირსი საქციელის ჩადენაც. მკვლელობის კვალის დაფარვის მიზნით, ის ერთგულ მეგობარს (ბენკოს) ქრთამსაც სთავაზობს. გმირი მაკბეტი მშიშარა და უსუსურ მკვლელს ემსგავსება. მეორე მოქმედებაში ის კიდევ უფრო სუსტდება, მას შიში ძლევს, მოჩვენებები მას სიმშვიდეს უკარგავს. ამ პროცესს ლედი მაკბეტი (მაკა შალიკაშვილი) სიმშვიდითა და ინტერესით აკვირდება. მაკბეტი კი მასხარას ემსგავსება, რომელსაც თავზე ჩაჩი ახურავს (თავზე ნაქსოვი სამეფო გვირგვინი ადგას) და საზოგადოება კი დამონებულ მასას. დიახ, კოტე აბაშიძის სპექტაკლში ფობიებით დაავადებული მასხარა მართავს ქვეყანას, რომლიდან ხალხს გაქცევა უნდა, სადაც აღარ იღიმიან, ყველა ძაძებშია გამოწყობილი... ამ შეფასებას მაკბეტის ტირანულ მმართველობაზე დიდებულები აკეთებენ!
მხატვრულად (დეკლამაციურად) წაკითხული მონოლოგით ამთავრებს მაკბეტი საფინალო სცენას. მსახიობი ვერ ასცდა პათეტიკურობას და ფსევდო ტრაგიკულობას. მაყურებელი ორი საათის განმავლობაში თვალ-ყურს ადევნებს მკვლელობებისა და თვითმკვლელობების სერიას, მაგრამ დარბაზში არ ჩნდება სიბრალულის, თანაგანცდის გრძნობა. მსახიობები ალექსანდრე ფურცხვანიძე და მაკა შალიკაშვილი ძალ-ღონეს არ იშურებენ გმირთა ტრაგიზმის გადმოსაცემად, მაგრამ მათი შემოქმედებითი რესურსი შექსპირული ტრაგიზმის სიმაღლეს ვეღარ სწვდება.
პირველი და ისე როგორც ყველა მკვლელობა, კოტე აბაშიძის „მაკბეტში“ ძალაუფლების ხელში ჩაგდებით და მისი შენარჩუნებით არის განპირობებული. სიყვარული მაკბეტსა და ლედი მაკბეტს შორის თითქმის გამქრალია. ბოროტების სათავეც, ინიციატორ-განმხორციელებელი ლედი მაკბეტია, რომელიც დაცლილია სიყვარულისა და ვნებისგან. მისთვის სექსუალური აქტი გარკვეული სამუშაოა, რომელიც ვერ ახდენს გავლენა მიზნის მიღწევაზე (მიუხედავად ლედის გამომწვევი სექსუალობისა მაკბეტი მასზე ფაქტობრივად არ რეაგირებს). ამიტომაც მაკა შალიკაშვილის ლედი მაკბეტი იძულებულია (ყველაფრის მიუხედავად, რომ ვერ დაითანხმებს მაკბეტს) მოკლას დედოფლის მცველი და ქმარს უკან დასახევი გზა არ დაუტოვოს.
მაკა შალიკაშვილის მიერ განსახიერებული ლედი მაკბეტი იმ ზოგჯერ ბოშა მკითხავ ქალს მოგაგონებთ, რომელიც ქუჩაშიც შეგვხვედრია. უცნაურია ის, რომ მაკა შალიკაშვილი, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს მხატვრულ კითხვაში, ლედი მაკბეტის როლის შესრულებისას, ეპარება მცდარი ინტონაციები და სვამს არასწორ მახვილებს, ზოგჯერ კი პირიქით, ლედი მაკბეტის უკანასკნელი მონოლოგი მხატვრული კითხვის საღამოს ემსგავსება, რომელიც, როგორც საკონცერტო ნომერი, ისეა „ჩასმული“ სპექტაკლში, რაც ერთიანი სიუჟეტური მთლიანობის ნაწილად არ აღიქმება. ამ დროს იგი უკვე ფსიქიკურად აშლილია, მაგრამ არ ჩანს თუ რამ განაპირობა მისი მწვავე სულიერი მდგომარეობა, რომლის შედეგიც თვითმკვლელობაა. ამ პროცესს რეჟისორი არ გვიჩვენებს.
მნიშვნელოვანი მხატვრული სახეა სპექტაკლში ლედი მაკდაფი, რომელსაც მსახიობი თამთა გაბუნია ასახიერებს. ის ხატავს გაუბედურებული ქვრივის გლობალურ ტიპაჟს, რომელიც ხმას იმაღლებს ტირანი მეფის წინააღმდეგ და იბრძვის საართლიანობის აღდგენისთვის. გმირის ტრაგიზმს, რომელსაც მსახიობი წარმოაჩენს, იზიარებს მაყურებელიც.
მაკბეტის მეფობას ბოლო ქვრივი ქალების და ობოლი ბავშვების ცრემლმა მოუღო. მასობრივ სცენებში მონაწილეობენ მესხიშვილის თეატრის ვარსკვლავები და მსახიობები: ნანი მიქაძე, დოდო ტაბატაძე, ენდი ძიძავა, დალი ბასილაძე, ანა კოხრეიძე, ავთანდილ სახამბერიძე, სულხან გოგოლაშვილი, ალექსანდრე ტოროტაძე, თენგიზ ჯავახაძე, გიზო ღელეყვა, გოჩა ნიკოლაძე, გოჩა ნემსიწვერიძე და კონსტანტინე რობაქიძე მონაწილეობენ, რომლებიც დამონებულ, დამუნჯებულ საზოგადოებას განასახიერებენ. პროგრამაში მასობრივ სცენებში გამომსვლელ მსახიობთა შორის მითითებულნი არიან: ლამარა ვაშაკიძე და მარიკა სამანიშვილი, მაგრამ ისინი სცენაზე არგვინახავს. ეპიზოდურ როლებში ვიხილეთ დავით როინიშვილი (ეპისკოპოსი), ვახო ამანათიძე (მოსამართლე), რომლებმაც ტიპური თანამედროვე სასულიერო პირების და მოსამართლეების კრებითი მხატვრული სახეები გააცოცხლეს.
შოთა გლურჯიძის სცენოგრაფია ვერცხლისფერი ლითონის კონსტრუქციის აგებით შემოიფარგლა, რომელიც ერთი მხრიდან კარიბჭედ აღიქმება (ძველი ეპოქის), ხოლო მეორე მხრიდან აივნად, რომლის ბოლოებიც ნახევრად წრიული ორი კიბით სრულდება. რკინის კონსტრუქციის მეორე მხარე სულ რაღაც ორჯერ არის გამოყენებული სპექტაკლის მსვლელობისას. ძირითადად მაინც კარიბჭის ფასადია დატვირთული სპექტაკლში, რომლის ფონზეც მიმდინარეობს მოქმედებათა უმრავლესობა. შოთა გლურჯიძემ „მაკბეტში“ მისსავე „ანა კარენინასა“ და „ბამბაზიის სამოთხის“ მიქსი წარმოგვიდგინა. მხატვარი საკუთარ თავსაც „ძარცვავს“ და გიორგი სიხარულიძესაც, რომელიც „ანა კარენინას“ და „ბამბაზიის სამოთხის“ რეჟისორია.
ფინალში ფარდა ეშვება და ავანსცენაზე კუდიანები ჩნდებიან. სპექტაკლი სრულდება, მაგრამ ამბავი არა. კაცობრიობა თავიდან იწყებს განვლილი გზის ხელახლა გავლას. კუდიანები კვლავაც იღიმიან, სცენაზე გაცოცხლებული პერსონაჟები და დარბაზში მსხდომი მაყურებელი კი არა.
ფოტო: სულხან გოგოლაშვილი