top of page

იულიუს instagrammable კეისარი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

336809043_1259352377997923_3282360553756104647_n.jpg

ელენე შალუტაშვილი

იულიუს instagrammable კეისარი

თბილისის თეატრებს შორის არსებულ PR ომში ფრონტის ხაზი ათონელის თეატრმაც გახსნა. თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლა დადგმული ,,იულიუს კეისარი" თეატრის მარკეტინგის მიერ უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.  კონკრეტული მარკეტინგული ალგორითმი შემდეგნაირია: ისტორიულ სივრცეში დღევანდელობის შეტანა, კარგი და ცნობადი მსახიობები, დიდი რაოდენობით ახალგაზრდები (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ანუკი ბუბუტეიშვილი, ელენე თავართქილაძე, კესო ავალიშვილი, ქეთა ხოჯანაშვილი, ლალიკო ღერკენაშვილი, ლაშა წიკლაური, ლიზი კოტრიკაძე, მარიამ ბალახაძე, ნიკა თავართქილაძე, ნიკა ჭკადუა, ნიკა გუგუნავა, ნიკუშა ხრიკული, ნინი თათოშვილი, თამარ ქადაგიძე, თათა გავაშელი, ნია გუგავა, მარიამ ბოლქვაძე, ალექსანდრე შარაბიძე) და მრავალრიცხოვანი მაყურებლისთვის მომხიბვლელი კლუბური გარემოს შექმნა. პრემიერის დღემდე სოციალურ ქსელში განაცხადად იქცა ისეთი მსახიობის მიერ, როგორიც ია სუხიტაშვილია კაცი - კასიოსის როლის შესრულება. ეს გადაწყვეტილება ერთის მხრივ საინტერესოა, ხოლო მეორეს მხრივ ისევ მახვილგონივრულ გათვლას ვუბრუნდებით. რეჟისორისა და მსახიობის ერთობლივი მუშაობა ამ შემთხვევაში ,,დაუძლეველის დაძლევის" იერს იღებს. ,,ხელშეუხებელი" კლასიკოსის - უილიამ შექსპირის ნაწარმოებში პერსონაჟისთვის სქესის შეცვლა ასე სასურველი და მოთხოვნადი ,,სტერეოტიპების დამსხვრევაა". აღსანიშნავია, რომ სტერეოტიპების მსხვრევის სურვილი თანამედროვე ქართული თეატრის ახალ სტერეოტიპად იქცა.

როდესაც ახლებურ ,,ექსპერიმენტს" გვთავაზობს რეჟისორი, იგი კიდევ უფრო დიდ რისკზე მიდის, ვიდრე პიესის ,,ქირურგიული სიზუსტით" ინტერპრეტირებისას. შექსპირის დადგმა, უკვე თამამი განაცხადია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან, მაგრამ ამ განაცხადის შინაარსით დატვირთვა არა მხოლოდ თეატრალურ, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც ითხოვს. თუ რაიმეთი შეიძლება გაიზარდონ ახალგაზრდა რეჟისორები, ეს  სწორედ კლასიკურ ტექსტზე მუშაობაა. ამ შემთხვევაში თითოეული შეცდომა  უფრო მეტის მომცემიც შეიძლება იყოს, ვიდრე თანამედროვე ტექსტით წარმატებული სპექტაკლის დადგმა.

კასიოსის ლამაზ, მედიდურ და ჭკვიან ქალად წარმოჩენა არ მიყვება პიესის ლოგიკას. შექსპირის პერსონაჟი ცალსახად ჭკვიან ადამიანადაა აღწერილი, მაგრამ მას ავტორი არ მოიხსენიებს, როგორც ლამაზს ან მედიდურს  ,,ხმელ კასიოსს" ფიზიკური და სულიერი სიმახინჯე კარნახობს გაანადგუროს ირგვლივ ყველა და ყველაფერი  ( უნებურად გვახსენდება რიჩარდ მესამე). კასიოსის პროტესტი თვითმიზნურია, იგი არ გულისხმობს მაღალი იდეალებისკენ სწრაფვას. მისი ერთადერთი ამოცანა თვითდამკვიდრებაა, რასაც მისთვისვე მოაქვს ფატალური შედეგი. ია სუხიტაშვილის კასიოსი წარმოსადეგი, ჭკვიანი და ძლიერი ქალია, მაგრამ კითხვა, თუ რა განაპირობებს მის პათოლოგიურ სწრაფვას ძალაუფლებისკენ, მაყურებლისთვის უპასუხოდ რჩება. რეჟისორი გვთავაზობს ვერსიას, რომლის მიხედვითაც კეისრის მკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კასიოსის მომხიბვლელობაა.  მაგრამ ამ ვერსიის გამართლებას მოვლენათა შესაბამისი განვითარება სჭირდება. მართალია პიესაში კასიოსი ამბობს: ,,მე გაძლევ ამ გულს, მე, რომელმაც ოქრო არ მოგეცი. დამკარ ისე, ვით კეისარსა, რადგან იმ წუთშიც, როს უმეტესად გძულდა იგი, მაინც გიყვარდა, როგორც კასიოს თავის დღეში არ გყვარებია". მაგრამ თუ ტექსტს უფრო დაკვირვებით წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ პერსონაჟი არ არის გულწრფელი როცა სიყვარულს ახსენებს, იგი მუდმივად ცდილობს გაუტოლდეს კეისარს და მის ავტორიტეტს. ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შემოქმედებითმა გუნდმა ე.წ. ,,მებრძოლ ფემინიზმს" გადაუხადა ხარკი. მაგრამ, თანამედროვე ფემინიზმი არ გულისხმობს ,,სუსტი სქესის" ქალური ბუნების ხაზგასმას. იგი უფრო მეტად სიმონ დე ბოვუარის მოსაზრებას იზიარებს და თვლის, რომ ყოველგვარი ფემინურობა პატრიარქატის მოგონილია. სამკაულს, ქალურ სამოსსა თუ ვარცხნილობას, იგი გმობს და თავსმოხვეულ რუდიმენტად მიიჩნევს. მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ია სუხიტაშვილის კასიოსი სპექტაკლის სავიზიტო ბარათად იქცა.

 ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, ბრუტუსს კეისრისთვის ხანჯალი არც კი ჩაურტყამს. კეისარმა მოღალატეთა დარტყმას გაუძლო, მაგრამ მათ შორის ბრუტუსის დანახვისთანავე ცნობილი ფრაზა: ,,შენც ბრუტუს?" აღმოხდა. იგი მეგობრის ღალატმა მოკლა და არა მისმა ხანჯალმა. ისტორიკოსები დღემდე მსჯელობენ რამდენად მართალია ეს გადმოცემა, მაგრამ პიესაში კეისრისა (თემიკო ჭიჭინაძე) და ბრუტუსის (შაკო მირიანაშვილი) მეგობრობა მართლაც განსაკუთრებულია. სპექტაკლში ეს ურთიერთობები კი ძალზე მკრთალია, შეიძლება ითქვას არც ჩანს.  პერსონაჟთა და მათი ურთიერთობის სქემატურობა შესაძლებელია დასახული ამოცანაც იყო და ამ სქემატურობის გამო ფრაზას   - ,,შენც ბრუტუს?" შეიძლებოდა პათეტიკური ხასიათი მიეღო. შესაბამისად, ამ ფრაზის ამოღება გონივრული გადაწყვეტილება იყო.

კასიოსი ყველანაირად ცდილობს ანტონიუსის სიტყვით გამოსვლა აარიდოს რომაელებს. მისი საუბარი საშიშროებას წარმოადგენს. მარკოს ანტონიუსის მიმართვა რომაელებთან სიტყვებით თამაშისა და მანიპულაციის ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად მიიჩნევა. სიტყვით გამოსვლისას იგი ახერხებს ისე შეულახოს ბრუტუსს ავტორიტეტი, რომ მასზე ცუდი არ თქვას. ამასთან ერთად კეისრის ხსოვნას აგებს პატივს, ისე რომ მოქალაქეებში მღელვარებას აცხრობს და კეისრის ხსოვნის მიმართ მოწიწებას ბადებს. დითირამბების გარეშე იგი მარტივად იმორჩილებს საზოგადოებას. სპექტაკლში ეს ხაზიც ბუნდოვანია. გიორგი წერეთლის მარკოს ანტონიუსი მხოლოდ შემდეგ აღწერას დასჯერდა ,,ცხოველი სული" (როგორც ამას ბრუტუსი ამბობს).

უილიამ შექსპირის შემოქმედების მრავალფეროვნებას მისი პერსონაჟების ჭრელი პალიტრა განსაზღვრავს , შექსპირისეული ფსიქოტიპები, ფსიქოლოგიური თუ სოციალური კონფლიქტები დღეს, საუკუნეების შემდგომაც არსებობს. შექსპირის პიესებში ხშირად გვხვდება ეზოთერული ხასიათის პასაჟები: მისტიკური არსებები, მოჩვენებები თუ გრძნეულები. ,,იულიუს კეისარში" მისტიკური პერსონაჟია მისანი (ელენე თავართქილაძე/ ლიზი კოტრიკაძე) და კალფურნიაც (ნატალია ჯუღელი) მისტიკურ სიზმარს ნახულობს. მაგრამ პერსონაჟთა თუ მოვლენათა ეზოთერული ხასიათი მხოლოდ განათებასა და პლასტიკურ ნახაზში (ქორეოგრაფი - ლაშა რობაქიძე) იკვეთება.

კარგი შესრულება მაყურებლის მეხსიერებაში დიდი ხნის მანძილზე ილექება. ასეთი იყო წლების წინ თაკი მუმლაძის შესრულებული ნინა ზარეჩნაია ანდრო ენუქიძის ,,თოლიაში". განსხვავებით მისი პორციასგან, რომელიც მხოლოდ იმით გვამახსოვრდება, რომ ფეხმძიმედაა და თავს არ იკლავს.

ერთფეროვანი იყო შემდეგი პერსონაჟების მხატვრული სახეები, რომლებსაც ერთმანეთისგან მხოლოდ კოსტიუმებით თუ გავარჩევდით (კოსტიუმების მხატვარი - თინათინ კვინიკაძე): ოქტავიუსი (ოთარ აშკარელი), ლეპიდუსი (გიორგი ჩაჩუა), კასკა (გაგა შიშინაშვილი), დეციუსი (გიორგი რაზმაძე), მეტელუსი ( გიორგი გიორგანაშვილი), მოახლე (ნია გუგავა) და პოპილიუსი (ნიკუშა გუგუნავა). არ იყო გამოკვეთილი პერსონაჟთა ინდივიდუალობა, ბუნდოვანი იყო მათი ფუნქცია და როლი გათამაშებულ ისტორიაში.  ეს შესაძლებელია რეჟისორის მიზანიც იყო - ერთმანეთისთვის დაემსგავსებინა პერსონაჟები. პოლიტიკაში თუ პოლიტიკასთან ახლოს მყოფი პერსონაჟები თითქოს სახედაკარგულები არიან. ამ დროს მეტაფორულ შინაარსს იძენს სპექტაკლის გათამაშება ქარვასლის სივრცეში, მის ინტერიერში მსახიობთა მსვლელობა აუცილებლად მიიღებს დეფილეს სახეს. ამრიგად რეჟისორი შეიძლება მიგვითითებდეს, რომ ყოველი პოლიტიკური გადაწყვეტა ,,მოდის კვირეულს" უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყანაზე ზრუნვას. მაგრამ ეს რეჟისორული მიგნება ბადებს კითხვას - რამდენად იძლევა თავად პიესა ამაზე საუბრის საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ გეგა გაგნიძემ ვარსკვლავური გუნდი შეკრა, წარმოდგენაში ვერ ვიხილეთ ვერც დასამახსოვრებელი დიალოგი და ვერც საგულისხმო სცენური მხატვრული სახე. ამისი მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს: უზარმაზარი სივრცე, რომელთან შეხებაც ახალგაზრდა რეჟისორს ჯერ არ ჰქონია, შექსპირულ ტექსტთან ზედმეტად თავისუფალი, შეიძლება ითქვას ფამილიარული დამოკიდებულება (ამას გენიოსები იშვიათად პატიობენ მათ ინტერპრეტატორებს), მსახიობთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი და უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელსაც ასეთ დროს ნებისმიერი რეჟისორი გრძნობს (როდესაც მისგან მხოლოდ ტრიუმფალურ შედეგს ელოდებიან). მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ გეგა გაგნიძე ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთ ნიჭიერ და გამორჩეულ რეჟისორადაა მიჩნეული. მისი პირველივე სპექტაკლი ,,ბალიშის კაცუნა", რომელიც თეატრალურის შიდა ეზოში გათამაშდა, ერთხმად იქნა აღიარებული, როგორც უკანასკნელი წლების ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი. ,,ბალიშის კაცუნაში" მკაფიოდ ჩანდა რომ რეჟისორს, როგორც დიალოგის აწყობა, ასევე მოვლენათა რიგის ლოგიკური განვითარება შეუძლია. ისევე როგორც ემოციური და ინტელექტუალური შთაბეჭდილების მოხდენა მაყურებელზე. ამ აზრს მეც ვიზიარებ, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია სერიოზული მსჯელობისა და განხილვის საგანი გახდეს, როგორც წარმატების, ისევე წარუმატებლობის მიზეზები, რათა კრიტიკამ შედეგი გამოიღოს, როგორც ახალგაზრდა რეჟისორებისთვის, ისევე მსახიობებისთვის.

თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე წერს: ,,ხელოვანი თავისი ნაწარმოებით გვესაუბრება იმაზე, რაც მისთვის ღირებულია". ცოტა რთული გასაგებია, თუ რა იყო  ამ შემთხვევაში შემოქმედებითი გუნდისთვის ღირებული, მაგრამ ერთი რამ ცხადია, სპექტაკლს დიდი რაოდენობით instagram story გაზიარება მოყვა. შესაბამისად განსაკუთრებული შედეგი გამოიღო  პროდიუსერისა - თინათინ სალუქვაძე და პროექტის მენეჯერის - ნუცა ვარდოსანიძე შრომამ.

პირველივე სცენაში კლუბურ გარემოში, ,,aesthetic" განათებასა (მხატვარ / გამნათებელი - გიორგი მოზგოვოი) და  კლუბურ მუსიკაზე (კომპოზიტორი - ნოე კვირკველია) მოდუნებულ მაყურებელს აფხიზლებს ფლავიოსის (ანუკი ბუბუტეიშვილი) იარაღის გასროლა.  მსახიობები გაჰყვირიან, რომ სისხლში ვართ გასვრილები. მაგრამ მათ პროტესტს არ გააჩნია ზუსტი მიზანი, იგი სწორხაზოვანი და უაქცენტოა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პიესაში აღწერილი ურთიერთობების ლაბირინთებში სიარული, დაკარგვა, გზის პოვნა, მორიგი დაკარგვა, გზის ხელახალი პოვნა და ა.შ. არ წარმოადგენს სპექტაკლის ავტორთა ინტერესის საგანს. მაგრამ სპექტაკლს მაინც დაერქვა ასე სასურველი ,,ექსპერიმენტის" სახელი. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული თეატრიდან ბრმად გადმოღებულმა გარკვეულმა ტენდენციებმა ერთი უცნაური მოვლენა განაპირობა: სიტყვა ,,ექსპერიმენტი" გახდა არა სიახლის, თუნდაც შეცდომების დაშვების, ძიებების, თეატრალური კვლევისა და განსხვავებული ფორმების აღმოჩენის შინაარსის მატარებელი, არამედ ერთგვარი თავშესაფარი შეუმდგარი თეატრალური პროცესებისთვის.

თამაზ ჭილაძე წერს: ,,ამაოდ ცდილობენ ზოგიერთი ახალგაზრდა რეჟისორები თუ მსახიობები, რომ სათბურების ატმოსფეროში დაზრდილი ნაყოფით მოგვაწონონ თავი!". ამრიგად აუცილებელია ახალგაზრდა, ნიჭიერმა რეჟისორებმა მეტი ყურადღება დაუთმონ საკუთარი ინდივიდუალური ხელწერის განვითარებას. წარმატება ყოველთვის მომხიბვლელია, მაგრამ ვფიქრობ თეატრის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი შემოქმედებითი პროცესია, რომელიც არასდროსაა სწორხაზოვანი. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, აქ მარცხიც შეიძლება წარმატების საწინდრად იქცეს, თუ მოხდება მისი ზუსტი მიზეზის მოძებნა და სწორი გადააზრება.

bottom of page