იური პოსოხოვის ქორეოგრაფია თბილისის საბალეტო სცენაზე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
იური პოსოხოვის ქორეოგრაფია თბილისის საბალეტო სცენაზე
თბილისის საბალეტო დასმა იური პოსოხოვის ქორეოგრაფიის მიხედვით ორი ნაწილისგან შემდგარი საბალეტო საღამო შესთავაზა მაყურებელს ქართულ თემატიკასა და ქართული მუსიკის თანხლებით.
საბალეტო წარმოდგენა ორი დამოუკიდებელი ერთმოქმედებიანი ბალეტებისგან შედგებოდა. პირველი ყველასთვის ნაცნობი მითოლოგიური გმირის მედეას თემაზე, რომლის ქორეოგრაფიაც იური პოსოხოვმა მორის რაველის საფორტეპიანო პიესის „პავანა გარდაცვლილთა ინფანტისთვის“ და „საფორტეპიანო კონცერტი მარცხენა ხელისთვის“ შექმნა და მას მსოფლიო ხელოვნებაში ყველაზე ძლიერი და ტრაგიკული ქალის მედეას სახელი უწოდა. თბილისის საოპერო თეატრის სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორი პაპუნა ღვაბერიძე ხელმძღვანელობდა, ხოლო ფორტეპიანოს პარტიას ვახტანგ ჟორდანია ასრულებდა.
ერთ მოქმედებიანი ბალეტი „მედეა“ მოგვითხრობს სიყვარულის, ღალატის, შურისძიების ისტორიას, როცა ემიგრანტი ქალი საყვარელ კაცს არ პატიობს ღალატს, ოჯახის დანგრევას და მასზე იწყებს შურისძიებას, რომელიც ანგრევს არა მხოლოდ იასონის, არამედ საკუთარ მომავალსაც. მედეა, რომელსაც ნუცა ჩეკურაშვილი ოსტატურად ასრულებს, ფაქტობრივად შურისძიების მოტივით ანადგურებს ყველას, ვისი სიკვდილიც ცოცხლად დარჩენილ მოღალატე იასონს მომავალს უსპობს.
წარმოდგენა მუსიკის თანხლების გარეშე იწყება. რამდენიმე წამის განმავლობაში ქორო-კორდებალეტი სიჩუმეში რამდენიმე მოძრაობას აკეთებს, თითქოს ამზადებს მაყურებელს წარმოდგენისთვის, მოსალოდნელი ტრაგედიის სანახავად. ისინი (ქალებიც და მამაკაცებიც) ზურმუხტისფერში გადაწყვეტილ მსუბუქ კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი, რომლებიც მოცეკვავეების ტანს მთლიანად ფარავს. მხატვარმა ტატიანა ვიუშინსკაიამ, რომელიც სცენოგრაფიის ავტორიცაა, კოსტიუმები მოდერნისტულ სტილში გადაწყვიტა, თუმცა შეინარჩუნა ანტიკური საბერძნეთის კოსტიუმის დეტალები. სცენოგრაფმა მაქსიმალურად განტვირთა სცენა და მის კიდეებში მონუმენტური ნაცრისფერი კედლები აღმართა. ეს სამყარო, რომელშიც მედეა და ნაწარმოების პერსონაჟები ცხოვრობენ ჩაკეტილი, მოსაწყენი, ერთფეროვანი სივრცეა. ამ განწყობას ივან ვინოგრადოვის მხატვრული განათებაც ამძაფრებს.
იური პოსოხოვის ქორეოგრაფია, ჩემი აზრით, სრულ თანხვედრაშია მორის რაველის მუსიკასთან, რომელიც კლასიკური და მოდერნისტული ბალეტის ერთგვარი მიქსია. შემსრულებლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მედეას როლის შემსრულებელი ნუცა ჩეკურაშვილი, რომელიც რამდენიმე წუთში ახერხებს შექმნას მითოსური გრძნეული და ძლიერი ქალის მხატვრული სახე. პირველი გამოჩენისას ის ობობას ჰგავს, გაბრაზებულ და სანადიროდ გამოსულ ობობას, რომელიც საცეცებს მკვეთრად და აგრესიულად ამოძრავებს. ეს არსება წელში რომ იმართება, ვხედავთ ულამაზეს ახალგაზრდა ქალს, რომელშიც ერთდროულად გამოკრთის ტკივილი და ბრძოლის ჟინი. იასონის დანახვაზე ის მორჩილ ცოლად გადაიქცევა, უცებ სათნო და მოსიყვარულე ქალად იქცევა. მედეა- ნუცა ჩეკურაშვილის ხასიათის კონტრასტული ცვლა ამით არ სრულდება, ის კვლავ ბობოქარ ალქაჯად იქცევა. სიტუაციის რადიკალური ცვლა, მედეას ბობოქრობა სცენაზე დრამატულ სანახაობას ქმნის, რომელსაც მისი შვილების ყოველი მორიგი შემოსვლა ანეიტრალებს.
სიუჟეტი, რომელსაც თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასის მსახიობები გვიყვებიან, ცხადია და ნათელი. ჯერ ვხედავთ ბედნიერ წყვილს მეფის ასულსა (რუიკა იოკოამა) და იასონს (დავით ანანელს), რომლებიც მერცხლებივით ესიყვარულებიან ერთმანეთს, ხოლო შემდეგ ვუყურებთ მოწამლული მეფის ასულის ეტაპობრივ სიკვდილს. ფინალში მედეა შავ მოსასხამში შეიტყუებს შვილებს და მოსასხამიდან გამოსული მედეას უკან ვხედავთ სუდარაგადაფარებულ გვამებს. ამ დროს შემოდის იასონი - დავით ანანელი. მსახიობისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია, რომელიც საზარელი ფაქტის წინაშე დგება. მისი სხეული თრთის და ის თითქოს ნაწილებად იშლება. მედეა - ნუცა ჩეკურიშვილი კი სიმაღლეში სინათლის შუქზე უჩინარდება.
წარმოდგენის მეორე ნაწილს იური პოსოხოვმა „საგალობელი“ უწოდა, რომელიც ერთიან ბალეტს კი არ წარმოადგენს, არამედ ქორეოგრაფიულ ნომრებს, რომელიც ქართული ხალხური ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის, საგალობლების, ქალაქური მელოდიების და ქართველი კომპოზიტორების: იოსებ კეჭაყმაძის, არჩილ კერესელიძის, რევაზ ლაღიძის, გიორგი ცაბაძის და მერაბ მერაბიშვილის მუსიკის თანხლებით სრულდება. სტილისტურად თითქოს მუსიკა ერთ სტილში ჟღერს, თუმცა მათ შორის დრამატურგიული ბმა არ არის. ქორეოგრაფიული თვალსაზრისით კი იური პოსოხოვი თავისი ფანტაზიით და წარმოსახვით ქმნის თავისუფალ ქორეოგრაფიულ სქემებს, ერთგვარ ვარიაციებს ქართულ მუსიკაზე, რომელშიც ქართული ხალხური ცეკვის მხოლოდ ნამსხვრევებია აქა-იქ შემორჩენილი.
კომპოზიციურად მსახიობები: ეკატერინე სურმავა, ნინო სამადაშვილი, ნუცა ჩეკურაშვილი, გიორგი ბესტავაშვილი, დავით ანანელი და დიეგო ბუტილიონე ლამაზ, დახვეწილ ფიგურებს ქმნიან. განსაკუთრებით შთამბეჭდავია „მგზავრულზე“ და ყვითელ ფონზე მათი განლაგება. პოსოხოვის ქორეოგრაფია ქართულ კოლორიტულ მუსიკაზე გვარიანად შორდება ეროვნულ საშემსრულებლო ტრადიციას და სრულიად განსხვავებულ, დამოუკიდებელ და თვითმყოფად ვერსიას გვთავაზობს.