top of page

ჯერ შეიცადეთ, მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

386588229_160125600494899_2928011096366967462_n.jpeg

ლელა წიფურია

ჯერ შეიცადეთ, მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა

 

მავრის სიტყვებს  გავიზიარებ და მეც იმავეს ვითხოვ. დიახ, ორიოდ სიტყვა, რადგან უკვე ბევრი დაიწერა, ძალიან კარგადაც. და ბევრიც ითქვა.  უკვე არაერთი რეპორტაჟიც მიეძღვნა. და კიდევ იმიტომ, რომ ბილეთს, რომელიც ძვირი ღირს ერთი თვით ადრე თუ იშოვი. კიდევ იმიტომ, რომ ახლადშექმნილ თეატრში, სადაც ეს პირველი სპექტაკლია და კოკა-კოლას ქარხნის არც თუ პომპეზურ თეატრალურ გარემოში იდგმება მაყურებელი მიდის იმის მოლოდინით, რომ ნახავს რაღაც სრულიად ახალს და განსხვავებულს - და ეს ასეც ხდება.

ლევან წულაძისთვის თეატრი სახელოსნო 42 უკვე მესამე დაარსებული თეატრია თეატრალური სარდაფისა და ვაკის თეატრის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით მარჯანიშვილის თეატრის სხვენსა და იქ უკვე გაუქმებულ სარდაფს - ასევე არაორდინარულ სათეატრო სივრცეებს. აშკარაა, რომ რეჟისორი ახალი სათეატრო შენობების და გარემოს მუდმივ ძიებაშია. ამთავითვე გეტყვით, რომ უაღრესად დადებითად ვაფასებ ყოფილ ფაბრიკა-ქარხნებში თეატრების, სტუდიების თუ კაფე ბარების გახსნას. ეს ტრადიცია ევროპაში დიდი ხანია არსებობს. მუზეუმებსაც კი ხსნიან არაჩვეულებრივი ისტორიული ექსპონატებით. მილანის ყოფილ თამბაქოს ქარხანაში გახსნილი კინო მუზეუმი მახსნდება პატეს აპარატებით და კაბირიას ესკიზებით - აუცილებლად ნახეთ იქ თუ მოხვდებით.

კოკა-კოლას ქარხნის ეზოში რკინის კიბის ავლის შემდეგ, ცივი ბეტონის იატაკის დისტანციას ხანგრძლივი სიარულით და ხმაურიანი ნაბიჯებით რომ დაფარავთ, თანამედროვე  დარბაზი დაგხვდებათ- 264 მაყურებელზე გათვლილი. ცხადია დიდი თეატრების დარბაზებისგან განსხვავებით ოქროთი მოვარაყებული ჩუქურთმების გარეშე. ძველი, გენიალური და მარადიული კი შექსპირის ტექსტი - „ოტელო“.

რით არის საინტერესო გაბოროტებული იაგოს და ეჭვიანი მავრის დატრიალებული მკვლელობამდე მისვლის პროცესი და შურისძიების შედეგი ოცდამეერთე საუკუნის რეჟისორისთვის?  როგორ ითრევს დასი ამ პროცესში მაყურებელს? შევეცადოთ ამოვხსნათ ეს ვითარება.

 მხატვარ მხატვარ ნინო სურგულაძის გადაწყვეტით ფაქტობრივად ცარიელი სცენაა ერთი შავ ნაჭერ გადაფარებული მაგიდით, ვენური სკამით და შავი აბაჟურით. აქ შექსპირის ტრაგედია გათამაშდება „ოტელო“, რომელიც მესამე სეზონია  თბილისის სხვადასხვა თეატრებში ისევ და ისევ ახალ ახალი გადაწყვეტით ხორციელდება. ფაქტია, რომ ლევან წულაძე და მსახიობები მაყურებელთა ემოციების მართვას სრულად ახერხებენ. სცენის მარჯვენა მხარეს კი ეკრანია, სადაც დათა დვალიშვილის შექმნილი ვიდეოინსტალაციის-მოლივლივე ზღვის ფონზე სამი ასული- დეზდემონა (ანუკა გრიგოლია), ემილია (ანა ვასაძე)  და ბიანკა (მარიამ ღვინიანიძე) თეთრებით მოსილ ნიმფებს უფრო ჰგვანან, ვიდრე სისხლიანი ტრაგედიის მონაწილეებს და მსხვერპლებსაც. ზღვა, მზე , მთვარე და ვარსკვლავები - ერთი შეხედვით, ტრივიალური ელემენტებითაც კი არის შექმნილი ვიდეოინსტალაცია სპექტაკლში. რეალურად კი ვიდეონსტალაცია წარმოდგენის ყოველი ეპიზოდის უაღრესად შთამბეჭდავ ფონს ქმნის, სადაც ცეცხლისფერი დისკო თუ მშფოთვარე ტალღები შავ-თეთრ კადრებში მავრის ტრაგედიას იქ მყოფთათვის საყოველთაოს ხდის და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხდება. 

სცენაზე „გემად“ წარმოსახული გორგოლაჭებიანი კონსტრუქციის შემოსვლა უფრო თანამედროვე საკონცერტო გაბრდღვიალებულ  დეკორაციას ჰგავს. „გემი“ ორჯერ გამოჩნდება სცენაზე - დასაწყისში, როდესაც პერსონაჟი ქალები ომიდან კაცების დაბრუნებას ელოდებიან და ფინალში, როდესაც ტრაგედია უკვე მომხდარია. ეს ერთადერთი მოძრავი დეტალია სცენაზე თუ არ ჩავთვლით შავ აბაჟურს, რომელიც ოტელოს სიკვდილის მერე სცენაზე ჩამოეშვება და რომელშიც იაგო საკუთარი ნებით ხტება და  განწირული ხმით ბღავის „ჩემო გენერალო“. ძნელია ამ მომენტში არ დაიჯერო, რომ პაატა პაპუაშვილის იაგო და ნიკა კუჭავას ოტელო მართლაც განუყოფელი დუეტია და იაგოს სიტყვები, რატომ დამტოვე ცოცხალიო, სრულიად გულწრფელია.

თეთრი „მავრი“ შავ ტანსაცმელში - პერანგსა და შარვალში, ისევე, როგორც სხვა მამაკაცი პერსონაჟები, თანამედროვე სამოსლით მოქმედებენ სცენაზე. შუა საუკუნეებიდან მათ მხოლოდ ერთი და წარმოდგენაში აქცენტირებული დეტალი ერგოთ - გრძელი დაშნები თუ ხმლები - ამ მოლაპლაპე და მრავალგზის გაშიშვლებულ ნივთს წარმოდგენაში დიდი დატვირთვა აქვს-როგორც შექსპირულ ტრაგედიას შეეფერება. სპექტაკლის მონაწილე  ქალების სამოსი კი სრულიად განსხვავებულია. თითქოს ანტიკური საბერძნეთის ქანდაკებიდან აღებული ზურგმოშიშვლებული ნიმფები თუ ქალღმერთები არიან. ეს სამოსი მშვენიერი ახალგაზრდა მოხდენილი მსახიობების სილამაზეს გამოკვეთს. მათი მოძრაობები წარმოდგენას მართლაც ეფექტურ სანახაობად აქცევს. ოფელია ( ანუკა გრიგოლია), მსხვერპლი, რომელსაც ჩახუტებით ახრჩობს მასზე უზომოდ შეყვარებული და თავადაც ვერაგობის მსხვერპლი ოტელო (ნიკა კუჭავა). ვნებათა სიმძაფრე, უნებლიე დანაშაულის თანამონაწილეობა, დიდი ტკივილი და ასეთივე დიდი სიყვარული, შესაძლოა ხორციელიც- ემილია - ანა ვასაძის შესრულებულ როლებს შორის ალბათ საუკეთესო. ცოტათი დაბნეული, ნაზი და ქარაფშუტა ბიანკა- მარიამ ღვინიანიძე). ექსპოზიციის ასულები ამგვარ გზას გადიან წარმოდგენაში.

გმირი გენერალი. ერთი მხრივ მგზნებარე შეყვარებული და მეორე მხრივ ცხოვრებით დაღლილი, როგორც სამოცდამეექვსე სონეტშია. განსხვავებით სონეტის გმირისგან  ბოლოში მოტყუებული, გათანგული მკვლელი და ვნებათა მორევში ჩათრეული თვითმკვლელი - ნიკა კუჭავას პერსონაჟი იქმნება და იძერწება იაგოს ხლართებში გაბმის ინტენსივობის შესაბამისად. მანიპულატორი - ახლა ეს ტერმინი ფრიად პოპულარულია. შექსპირის პერსონაჟთა შორის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი შურისმაძიებელი, რომელიც ნატიფი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ახერხებს მავრის დაჯერებას. პაატა პაპუაშვილის იაგოს მოქმედების სქემა თანამედროვე მანიპულატორებისთვისაც კი მიუღწეველი სიმაღლეა. ნიკა კუჭავას და პაატა პაპუაშვილის ფსიქო-ემოციური გადაჯაჭვულობა წარმოდგენაში „ოტელოს“ ფინალს სრულად ამართლებს - მათი ადგილი ერთ სარკოფაგშია. ეს მსახიობები მარჯანიშვილის თეატრის არაერთ სპექტაკლში არიან პარტნიორები და უნდა ითქვას, რომ მათი სახით თანაბარი შესაძლებლობების ძალიან საინტერესო არტისტული დუეტი ჩამოყალიბდა.

ლევან წულაძის სპექტაკლში შექსპირის „ოტელოს“ პერსონაჟთა რიცხვი თითქმის განახევრებულია. ცხადია ტექსტმაც შესაბამისად მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. ვფიქრობ მსგავსი კუპიურები თანამედროვე თეატრში სრულიად გამართლებულია - 5 მოქმედებიანი ტრაგედია რთულად საყურებელი იქნებოდა. ანდრია გველესიანი, ნიკოლოზ ბაქრაძე და გიორგი გრძელიძე -  იაგოს ხლართებში გაბმული გენერლის არმიის დარჩენილი წევრები. ცოტა გაუგებარია რატომ აქვს ანდრია გველესიანს ცხვირი ახალნაოპერაციებივით აკრული. ვგონებ მეტაფორული აზროვნების ნიმუში არ უნდა იყოს და მის ამოხსნას არც შევეცდები.

ლევან წულაძის „ოტელო“ არავის ტოვებს გულგრილს. ვფიქრობ, წარმოდგენის უპირატესად ფსიქოლოგიურ ასპექტში წარმოსახვამ ტრაგედია თანამედროვე მაყურებლისთვის უფრო გასაგები და ახლობელიც გახადა, მსახიობების შესრულებული სახეები კი ემოციურად მისაღები. პათეტიკა ხომ ოცდამეერთე საუკუნის თეატრში ტრენდულად აღარ ითვლება. ორიოდ სიტყვით დავამთავრებ-წარმატებულად ევლოთ.

ფოტო: Theatre Factory 42 • თეატრი სახელოსნო 42 გვერიდან

bottom of page