top of page

ჟოლდაკის მორიგი სიგიჟე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

IMG_2650.JPG

ლაშა ჩხარტიშვილი

ჟოლდაკის მორიგი სიგიჟე

 

მსოფლიოში აღიარებულ, წარმოშობით უკრაინელ რეჟისორს ანდრი ჟოლდაკს ქართველი მაყურებელი ქეთი დოლიძის წყალობით იცნობს (ისე როგორც მიხეილ მარმარინოსს), თავის მხრივ, უკრაინელი რეჟისორიც უკვე კარგად იცნობს საქართველოს და ქართველებს, ამიტომ არ გასჭირვებია და არც სურვილი დაჰკარგვია მას მეორედ  („დედოფალი ლირის“ შემდეგ) ემუშავა ქართველ მსახიობებთან.

 

ანდრი ჟოლდაკი, ამჯერად, ვასო აბაშიძის ახალმა თეატრმა მოიწვია და ამ თეატრის დასთან მან მორიგი ფანტასმაგორია „ლურჯწვერა“ განახორციელა. ცხადია, ცნობილი რეჟისორის მეშემდეგე ექსპერიმენტმა ცხოველი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ პროფესიონალებში, არამედ ფართო მაყურებელში. სამ მოქმედებიან სპექტაკლს, რომელიც ლამის ოთხ საათამდე გრძელდება, ინტერესით ადევნებდა თვალს მაყურებელი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ეპიზოდები გაწელილი მომეჩვენა (რაც რეჟისორის თვითმიზანი მგონია), ინტრიგა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები სპექტაკლში, მაინც რჩება ბოლომდე. სპექტაკლის დასაწყისიდანვე, გიჩნდება განცდა, რომ შემოქმედებითი გუნდი ზამბარას ჭიმავს, ამიტომაც მოქმედება სპექტაკლში დინამიკური და აღმავალია, ექსცენტრულობასა და  ექსპრესიულობას მსახიობები სპექტაკლის დასრულებამდე ინარჩუნებენ.

 

ანდრი ჟოლდაკის ფანტასმაგორია - „ლურჯწვერა“ ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილის“ ერთგვარი შორეული რეცეფციაა. რეჟისორი ფაბულას იყენებს როგორც მითს და მის სრულ დეკონსტრუქციას ახდენს, თხზავს და ქმნის სრულიად ახალ რეალობას, ახალ სინამდვილეს, ავითარებს ახალ ურთიერთობებს პერსონაჟებს (სახე-ტიპაჟებს) შორის. ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლი მოგვითხრობს სიცოცხლის ფიზიკურად გადარჩენისთვის ბრძოლაზე, გაუსაძლის მოცემულობასა და ყოფაზე, ურთიერთობებზე ქალებსა და კაცებს შორის, შეყვარებულებს, მშობლებსა და შვილებს, მეზობლებსა და მეგობრებს შორის. რეჟისორი მოგვითხრობს ამბავს სასიყვარულო ურთიერთობებზე, სადაც სიყვარული აღარ არსებობს.

 

ერთი შეხედვით, ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლი მონუმენტურ საოპერო დადგმას მოგაგონებთ, სცენაზე თანამედროვე საოპერო დადგმის ატმოსფეროა შექმნილი, მონუმენტური და კონტრასტული  დეკორაციით (მხატვარი დანიელ ჟოლდაკი, კოსტიუმების მხატვარი - სიმონ მაჩაბელი). სცენის ერთ მხარეს ყოფითი დეკორაცია დგას, მეორე მხარეს კი კლასიცისტური სტილის სახლი-სასახლის ინტერნიერს ვხედავთ. კონტრასტების პრინციპზე აშენებს ჟოლდაკი სპექტაკლის სიუჟეტს, გარემოს და მსახიობის საშემსრულებლო ხერხსაც, რომელსაც წარმატებით ართმევენ თავს სხვადასხვა თაობის და სკოლის მსახიობები: ნინო კასრაძე, შაკო მირიანაშვილი,

ნანა ბუთხუზი, ზუკა პაპუაშვილი, მარიამ ბალახაძე, ელენე თავართქილაძე, მიხეილ აბრამიშვილი, ანდრო ბარათაშვილი. ისინი ქმნიან ანსამბლს, ისინი საუბრობენ ერთ ენაზე და მოქმედებენ ჰარმონიულად.

 

ანდრი ჟოლდაკის „ლურჯწვერას“ გააჩნია სიუჟეტური ქარგა, მაგრამ იგი დეკონსტრუირებულია ეპიზოდებად, დამდგმელი ჯგუფი აქცენტებს მოცემულობასა და კონკრეტულ მდგომარეობაზე აკეთებენ, თითქოს პედალირებენ, უფრო ღრმად ჩადიან პერსონაჟების შნაგან სამყაროში და გვიჩვენებენ ადამიანების/პერსონაჟების განწყობა-მდგომარეობებს მოცემულ და კონკრეტულ მომენტებში. რაც, უდავოდ, კარგად გამოსდით სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს.

 

ახალი თეატრის „ლურჯწვერა“ ბევრ ასოციაციას აღძრავს. დასაწყისში მსახიობები TWO LANES-ის another time-ის კომპოზიციის აკომპანემენტით მოძრაობენ, მოქმედებენ. პირველი ეპიზოდი ერთგვარი ექსპოზიცია-პროლოგია, რომელიც გვაცნობს პერსონაჟებს, მათ სულიერ და შინაგან მდგომარეობას, ქმნიან ატმოსფეროს და  განწყობას. ეს სცენა ნამდვილი სიგიჟეა, სიფსიხე, აჟიტირებული, ექსცენტრული პერსონაჟებით, რომელიც გადამდებია პარტერში მსხდომი მაყურებლისთვის (ეს განწყობა არ იკარგება სპექტაკლის ბოლომდე, ხოლო მუსიკალური თემა მესამე მოქმედებაშიც ჟღერს და გვახსენებს მიძინებულ განწყობას). ყველაფერს და ყველა მდგომარეობას მსახიობები არავერბალურად, სწრაფი, დაჩქარებული კადრის მსგავსი მოძრაობით გადმოსცემენ. ეს ვრცელი და საკმაოდ ხანგრძლივი ეპიზოდი ფორმის თვალსაზრისით, თანამედროვე ცეკვის გამომსახველობით საშუალებებშია გადაწყვეტილი და ასოციაციას ბადებს პინა ბაუშის „კაფე მიულერთან“.

 

ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლი ჰიბრიდული და პოლიმორფული თეატრის მკვეთრი ნიმუშია, სადაც სათეატრო ფორმები და ჟანრები ანაცვლებენ ერთმანეთს ისე, რომ არ ირღვევა წარმოდგენის ერთიანი სტილი, ჰარმონიულობა, თანმიმდევრულობა, აზრობრივი, საშემსრულებლო ხერხის თუ ვიზუალური ლოგიკა. წარმოდგენაში ვხვდებით საოპერო, საბალეტო, დრამატული და ფიზიკური თეატრის ელემენტებსა და კომპონენტებს, რაც ვლინდება მოძრაობაში, ქმედებაში, პერსონაჟთა განწყობების და შექმნილ სიტუაციაზე რეაქციის ფიზიკურ გამოხატვაში.

 

სპექტაკლის მონაწილე მსახიობები თანამედროვე ქართული თეატრის ნამდვილი გმირები არიან, ვინაიდან ისინი ბოლომდე იხარჯებიან სცენაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. მაგალითად, არტისტი მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), რომელიც მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის (რამდენიმე წუთიანი უწყვეტი აქტიური მოძრარაობების) შემდეგ, ასრულებს არიებს, ისე როგორც მსახიობები შაკო მირიანაშვილი, ნინო კასრაძე და მარიამ ბალახაძე წარმოთქვამენ ტექსტებს, ისე რომ მათ არც ქოშინი ეტყობათ და არც აჩქარებული გულისცემა. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ნინო კასრაძის ხილვა და თან ახალ ამპლუაში, განსხვავებულ რაკურსში. მსახიობი საპატარძლოს როლს ასრულებს და ის ყმაწვილი ქალივით გამოიყურება სცენაზე, გარდასახვის განსაკუთრებული უნარების გარდა, ნინო კასრაძეს ხელს უწყობს სიმონ მაჩაბლის მიერ შექმნილი კოსტიუმებიც და მსახიობის მიერ ნაპოვნი მოძრაობების/ქცევის/მოქმედების პარტიტურა. ნინო კასრაძე სულ სხვა ტიპაჟს ქმნის, ახალგაზრდა ვნებიანი, ახტაჯანა, ცბიერი და ემოციამოზღვავებული ქალისას. უფრო სწორად, ექსცენტრული გოგონას მხატვრულ სახეს წარმოგვიდგენს. მესამე მოქმედებაში კი ის სახეცვლილი წარმოგვიდგება, როგორც დაღვინებული, მრავალ ქარტეხილ გამოვლილი, დინჯი, დარბაისელი ქალი.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ნანა ბუთხუზი, რომელიც თავისი არტისტული ენერგიით ნამდვილ დრაკონს მოგაგონებთ, რომელიც პირიდან ცეცხლივით ძლიერ ხმას უშვებს. სულ ახლახან მან დავით მღებრიშვილის სპექტაკლში „პეტრა ფონ კანტის ცრემლები“ თითქმის უსიტყვოდ მთავარი როლი შთამბეჭდავად შეასრულა. სასცენო დუმილის შემდეგ კი, ნანა ბუთხუზმა დაგროვილი ენერგია „ლურჯწვერაში“ ამოხეთქა. მსახიობი ქმნის სახე-ტიპაჟს, ტრაგიკული ბედისწერის დედის, მეუღლის, ქალის, მშობლის. მისი ყველა სიტყვა, ჟესტი თუ მოძრაობა პერსონაჟის ხასიათიდან მომდინარეობს, ისე როგორც მარიამ ბალახაძის თითოეული მოძრაობა (რომელიც შესაძლოა არაადეკვატურადაც მოგეჩვენოთ) დაკავშირებულია პერსონაჟის ხასიათთან.

 

თვალშისაცემია შაკო მირიანაშვილის თავდადება და გარჯა, რომელიც მთელი წარმოდგენის ღერძია, ერთგვარი პროტაგონისტი. მსახიობი სამი მოქმედების განმავლობაში რამდენჯერმე ახერხებს გარდასახვას. მშიშარა, მორიდებულ-მოკრძალებული, დედის კალთაში გაზრდილი, უხეირო, ჯაბანი, ბედოვლათი - „ჩმორიკი“, უცებ გარდაისახება მოძალადე მონსტრად. ასე გვიჩვენებს მსახიობი გლობალურ პრობლემასაც და განზოგადებულ ტიპაჟსაც, როგორ და რა მოტივებით ყალიბდება ადამიანი მონსტრად, მოძალადედ, დაუნდობელ არსებად. შაკო მირიანაშვილის მიერ განსახიერებული პერსონაჟის კონტრასტული მხატვრული სახეა ზუკა პაპუაშვილის პერსონაჟი, რომელიც თეთრ მტრედს მოგაგონებთ, ოღონდ არა მშვიდობის, არამედ პირიქით. მისი არსებობა და მიწიური სურვილები და სწრაფვები წარმოშობს კონფლიქტს, რომელიც ტრაგიკული შედეგებით სრულდება. ზუკა პაპუაშვილის ფაქტურა, ფიზიკური მომზადება და გარდასახვის უნარი არის ის საყრდენი, რითაც მსახიობი არწევს წარმატებას როლზე მუშაობისას.

 

ანდრი ჟოლდაკის სპექტაკლი, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, კონტრასტებზე აწყობილი სპექტაკლია. აქ სიჩუმეს მკვეთრი ხმაური არღვევს, რომელიც მოსვენებას გიკარგავს და ყურს გიღლის. რეჟისორის მიერ მიზანმიმართულად შექმნილი ხმაურის ეფექტი სამყაროს ქაოსს გამოხატავს. მესამე მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის თვალსაზრისით მძიმეა და შეიცავს ძალადობის სცენებსაც, გადაწყვეტილია იუმორსა და ირონიაში, მულტიპლიკაციის სტილში, სადაც ძალადობის სცენები (მაგალითად ფანჯრიდან გადახტომები) უტრირებულია და ამის გამო კომიკურიც, ისე როგორც რეჟისორის ასისტენტის, გიორგი კლაინის მიერ გახმოვანებული ეპიზოდები მესამე მოქმედებაში. მეორე მოქმედებაში გარკვეულ ეპიზოდებს ახმოვანებენ მარიამ ბალახაძე და ანდრო ბარათაშვილი. გახმოვანების სცენები კარიკატურულია და სტილი მკაცრადაა დაცული შემსრულებლების მიერ. ირონია და იუმორი კი, რეფრენივით, თან სდევს მთელ სპექტაკლს. ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდებშიც კი რეჟისორი და მონაწილე მსახიობები არ კარგავენ იუმორის და ირონიის გრძობას, ეს ნამდვილი სიგიჟეა, რომელიც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახო.  

სტატიაში გამოყენებულია ირმა შარიქაძის ფოტოები

bottom of page