top of page

ქალაქის თეატრში - „ლინეინის სილამაზის დედოფალი“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

431151078_393830350044933_462168275381229368_n.jpg

ანი ცხვედაძე

ქალაქის თეატრში - „ლინეინის სილამაზის დედოფალი“
 

ხშირად არც ისე მარტივია სახელოვნებო ნამუშევრით პროვოცირებული შთაბეჭდილებების ვერბალიზაცია... დიახ, ეს ფრაზა ამ შემთხვევაში მიემართება, ახალი ალტერნატიული სივრცისკენ - „ქალაქის თეატრისკენ“, რომელმაც მორიგ საპრემიერო სპექტაკლზე მიიპატიჟა მაყურებელი 24 თებერვალს., ახალი თაობის ინტელექტუალური სტილის მქონე რეჟისორის, დავით თარბას მიერ განხორციელებულ მარტინ მაკდონას შავ კომედიაზე - „ლინეინის სილამაზის დედოფალზე“. (თარგმანი: ქეთევან სამხარაძის და ანა გოგიშვილის; მუსიკალური გაფორმება: ნიკა კოხრეიძე; ქორეოგრაფი: გიორგი ტიელიძე: კოსტიუმების მხატვრობა: გვანცა ჯავახიშვილი, სანდრო მარგველაშვილი; განათების მხატვარი: ანასტასია ონიანი)
ატიპიურ და საინტერესო კონცეფციით ნაშენებ სივრცეში, დავითმა შავი კომედიის თავისეულად მიმზიდველი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა; ემოციურად მრავალპლანიანი, სევდიანი, გარკვეულწილად მაჟორული, ფსიქოდელიური და ეპიზოდურად რომანტიკულიც...
ემპათიურობის მისაღწევად თარბამ, ასევე, რეჟისორული ექსპლიკაციის გამართული რეალიზებისთვის რაციონალური სამსახიობო არსენალი, ანუ საშემსრულებლო მასალა (უხეშად რომ ვთქვათ) შეარჩია. რეჟისორმა სამსახიობო არსენალის საშემსრულებლო ხარისხით მიაღწია, პიესის მიხედვით განსაზღვრული ფსიქო-ტიპების ოპტიმალურ დემონსტრირებას. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ოთხი მოქმედი პერსონაჟის თამაში და დარბაზის უკუკავშირი, მაყურებლის გასუნთქული-კონცენტრირებული ყურადღება პარტერიდან, ხოლო შესაბამის მიზანსცენებზე თავშეუკავებელი რეაქცია-სიცილით გამოხატული. პარტერი უნისონში სუნთქავს თარბას რეჟისურის წყალობით, ვინაიდან ავტორისეული ხერხები ერთნაირად მძაფრად მოქმედებს ყველა მაყურებელზე.

 

მარჯანიშვილის თეატრის ცნობილი მსახიობი, ქეთევან ცხაკაია, რომელსაც არაერთი ტრაგი-კომედიური როლი მაღალპროფესიონალურად უთამაშია, არც ამჯერად აგდებს ტემპს და ოსტატური ლინეალურობით ურთულეს ფსიქოტიპს წარმოაჩენს, ერთმოქმედებიანი სპექტაკლის თითქმის ორსაათნახევრიან ქრონომეტრაჟში. ქეთევან ცხაკაიას გმირის, მეგის სხეულის გაბარიტები ცალკე დატვირთვას სძენს მსახიობის ამოცანის შესრულებას, ვინაიდან მას, არა მხოლოდ ვერბალურ მხარეზე აქვს აქცენტი, არამედ სხეულის ფლობის პერიპეტიაც უდიდეს როლს თამაშობს მისი პერსონაჟის განხორციელების პროცესში. მსახიობის პროფესიონალიზმის ძალისხმევის შედეგია, რომ მისი გმირი, ხან მსუბუქ თანაგანცდას იწვევს, უმეტესად კი, სიბრაზესა და ანტაგონიზმს!..

თეატრის (და არა მხოლოდ) დაკვირვებული, ერთგული მაყურებლისთვის კარგად ნაცნობია ირაკლი ჩხიკვაძის (მარჯანიშვილის თეატრის მსახიობიცაა) ნიშანდობლივად დამაჯერებელი ხელწერა, შედეგად, მისი გმირი პატო შესანიშნავ პარტნიორულ ურთიერთობას უწევს ანი იმნაძის მორინს და სინთეზში იდეალურად რომანტიკულ გმირს კრავს - სპექტაკლის ექსპოზიციურ, კულმინაციურ და დასკვნით ეპიზოდებში.

პროფესიონალ არტისტებს ტემპო-რიტმით და საერთოდ არაფრით არ ჩამოუვარდება, მესამე კურსის სტუდენტი, ნიკოლოზ ჯაფარიძე (რეი), რომელიც უმჯობესია თავად ნახოთ, ვისაც არ გინახავთ, ნამდვილად გაკვირვების საბაბს გამოიწვევს ის ფაქტი რომ დებიუტანტია, რომელიც ამ ხარისხის პარტნიორულ კომუნიკაციაში, რაც დანარჩენ პერსონაჟებს აქვთ, ინარჩუნებს ადეკვატურ ბალანსს პროფესიონალ მსახიობებთან. (იგულისხმება მისი სცენები ქეთევან ცხაკაიასთან, ხოლო სპექტაკლის ეპილოგში კი ანი იმნაძესთან).

 

და, ანი იმნაძის მორინი:
ანის ყველაზე რთული მისია აკისრია თარბას რეჟისორულ კონცეფციაში., მას უწევს ბასრი ტონით ლაპარაკი, ხან სარდონიკული (დამცინავი) სიცილი, ხმის აწევა კულმინაციურ მომენტებში, შემდეგ, კვლავ რბილ ტონალობაში გადასვლა და მერე ისევ სკარიფიკაციული ტონით ლავირება. მორინის სხეულებრივი და ვერბალური დრამატურგიული კარდიოგრამა აბსოლუტურ კონცენტრაციას იწვევს მაყურებელში.


თუ გსურთ, რომ გაიგოთ ახალგაზრდა თაობაშიც როგორი ნიჭიერი მსახიობები არსებობენ, ანი იმნაძე უნდა ნახოთ ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავებულ როლებში სხვადასხვა თეატრის სცენაზე., უმთავრესად კი, <ქალაქის თეატრში> უნდა იხილოთ არაერთხელ, თარბას ინტელექტუალური და ზომიერი ფსიქოლოგიზმით ინტეგრირებულ ნამუშევარში - „ლინეინის სილამაზის დედოფალში“.

სცენოგრაფიული ხაზის (აჩიკო შამახია) - ჩამუქებული, არაესთეტური და ბინძური გარემოს სუბლიმირება, გაუფასურებულ ურთიერთობებსა და დედა-შვილის კონფლიქტს ჰარმონიულად ერწყმის. პირადად ჩემთვის, სცენოგრაფიული კონცეპტის შუქ-ჩრდილები და ფერები ერთგვარი ალუზიაა ბაროკოსეულ ტენებრიზმთან - თითქოსდა, პერსონაჟების იმანენტური პლასტების იდენტურ გამომსახველობას რომ იძენს სანახაობის ექსტერიერშიც.
იმის გარდა, რომ ირლანდიელი დრამატურგის, მაკდონას აღნიშნული პიესა ეხება ურთულეს სოციალურ სეგრეგაციას, პოსტკოლონიური მარწუხების შედეგად გენერირებულ მოუშორებელ სტიგმებსაც მოიცავს, მაგისტრალური ხაზი, მაინც უახლოესი ადამიანების მიერ ძალადობრივი გამოხატვის ფორმები და ოჯახურ თანაცხოვრებაში პირადი სივრცის შეზღუდვაა:
დედა-შვილის, მეგისა და მორინის კონფლიქტის მსგავსი გამოუვალი და ტოქსიკური ურთიერთობა ყველა ტიპის მშობელსა და შვილს შორის შეიძლება არსებობდეს, რასაკვირველია, სხვადასხვა გამოვლენის ხარისხში. სპექტაკლი გვაჩვენებს უტრირებულად ტოქსიკური ურთიერთობის მარწუხებს, როცა ფსიქიკური პრობლემების გვერდით, ლატენტური და დაუფარავი ძალადობის ფორმები თანაარსებობენ. რომელი რომელზე ძალადობს, შვილი დედაზე თუ დედა შვილზე, თითქოს უკანა პლანზე გადადის ავადმყოფური ურთიერთობის ფონზე. ერთი მოძალადე შობს მეორეს, მეგის პერსონაჟი პროვოცირებას უკეთებს ანი იმნაძის მორინს და ისიც ხდება ‘ძალადობრივი თამაშის’ ეშმაკური გამგრძელებელი, რომელსაც, რეალურად საკუთარი ცხოვრების გზას, თავისუფალ, შეუბორკავ და ბედნიერი მომავლის პერსპექტივას უკეტავს დედაზე მიჯაჭვის ფაქტი. დედის მოვლის ვალდებულება, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ცხოვრების უპერსპექტივობა, სწორედ დედაზე მიჯაჭვის გამო, ანუ მომავლის არ ქონა, სასურველ მამაკაცთან ცხოვრების ვერ გაგრძელება - სამუდამოდ უბედურს ხდის.,

საინტერესო ფენომენია, უახლოეს ადამიანებს შორის <დეტერმინირებულად> განსაზღვრული „ვალდებულება“ - როდის უზღუდავს (უარეს შემთხვევაში - უკარგავს) მეორე უახლოეს ადამიანს თავისუფალი ნებისა და არჩევანის შესაძლებლობის არეალს, მაშასადამე, ბედნიერების უფლებას...(!)


ურთულესი საკითხია, რომელზე პასუხიც ვერ იქნება მარტივი და სინგულარული, რადგან, სადაც არსებობს ერთ მხარეს <სიმართლე> და მეორე მხარეს <რეზისტენტულობა> - იქვე თავს იჩენს უპირობო სიბრალულიც, რომელსაც ხშირად ვერსად გავექცევით... და რომელიც, ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში - შვილის ბედნიერებას შთანთქავს(!).


ფოტო: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა

bottom of page