ქალური სოლიდარობის დიადი სასახლე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
თამთა ქაჯაია
ქალური სოლიდარობის დიადი სასახლე
სამეფო უბნის თეატრში ნინო ხარატიშვილის „მსახურთა შემოდგომის“ პრემიერა 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართა. ნინო ხარატიშვილი გერმანიაში მოღვაწე ქართველია, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობს. მინდა აღვნიშნო, რომ მისი ერთ-ერთი წარმატებული საკმაოდ სქელტანიანი წიგნი „მერვე სიცოცხლე“ გერმანულიდან ნინო ბურდულმა თარგმნა, ახლა კი მწერალი რეჟისორის ამპლუაში მოგვევლინა, ნინო ბურდული კი სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ გმირად. „მსახურთა შემოდგომის“ თემა აქტუალურია - მიტოვებული სახლის გარეთ სამოქალაქო ომი მძვინვარებს, მოქმედება კი კარჩაკეტილობაში ვითარდება. როგორც პიესის ავტორი აღნიშნავს სპექტაკლის მუშაობას დაემთხვა პანდემია და პირდაპირ კავშირში იქცა მთავარი თემა თანამედროვე რეალობასთან. ბატონი გაქცეულია, სახლში მხოლოდ სამი მსახური იმყოფება: რინა (ნინო ბურდული), მოახლე კაელა (ნატო მურვანიძე) და ლუსი (ნატუკა კახიძე). პიესის ავტორი სპექტაკლის რეჟისორია რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მთავარი აქცენტები და სათქმელი სპექტაკლში სწორად არის დასმული.
სცენაზე განლაგებულია ლითონის ნივთები: უთო, ტელევიზორი, რადიო, ბზრიალა და უამრავი საჭირო თუ არასაჭირო ნივთი - სცენოგრაფია უილია ბ.ნოვიკოვა. ლითონის ნივთები პირდაპირ ასახავს პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას. ნინო ბურდულის პერსონაჟი რინა პირქუში, ქედმაღალი და ძალაუფლების მოყვარული ქალია. მისი გრიმი (გრიმი - ანუკა მურვანიძე) - არასიმეტრიულად შეღებილი შავი თვალები და ჩალმა კიდევ უფრო დიდ ტრაგიზმს მატებს ქალს. მისი კოსტიუმი (გუნა მაიერი, ნინო ნუცა ჭყონია) და შავი ქვედა ბოლო პერსონაჟის კონსერვატიულობაზე მიგვანიშნებს. რინა ის მსახურია, რომელიც თითოეული ქალისგან ყოველთვის მოითხოვს პედანტური სიზუსტით შესრულდეს სახლში დადგენილი წესები.
ლუსი მორჩილი მსახურია, ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს ყველა გაცემული დავალება, თუმცა ამავდროულად ვხედავთ, რომ მისი ფიქრები მხოლოდ სახლიდან გაქცევისკენაა მიმართული. ლუსის გრძელი ნაწნავი და თეთრ საყელოიანი კაბა მის ბავშვურობას და უმანკოებას კიდევ უფრო გამოკვეთს. ლუსის პერსონაჟი კაელას ერთ-ერთ ეპიზოდში ეუბნება: „მე თქვენნაირი არ ვარ“ კაელა კი პასუხობს: „და მე როგორი ვარ?“. ლუსი ნამდვილად განსხვავებულია ორი ძლევამოსილი, შურისძიებით განმსჭვალული ქალისგან, მაგრამ ამავე დროს ფინალურ სცენაში ვხედავთ თუ როგორ კრავს ლუსი წრეს და ამ წრის შიგნით სამივე ქალი ერთ მაგიდასთან ერთიანდება. ვინ ხდები მაშინ, როდესაც ერთ ჭერქვეშ იძულებით ცხოვრობ განსხვავებული ფასეულობების მქონე ქალებთან. ნამდვილად რჩები ისეთი, რომ ისევ შეგეძლოს თქმა - „მე თქვენნაირი არ ვარ“ . რთულია ამ კითხვას პასუხი გასცე, რადგან ადამიანის ღირებულებებს ხანდახან სოციუმი და გარემოებები განსაზღვრავს.
დაძაბულ ატმოსფეროს კაელას იუმორ ნარევი ბატონის იმიტაცია, სიმსუბუქეს მატებს და მაყურებელს პერიოდულად ამოსუნთქვის საშუალებას გვაძლევს. კაელას დაპირისპირებას რინასთან სპექტაკლის დასაწყისშივე ვხვდებით. ორი ქალი ერთმანეთის განადგურებითაა მოტივირებული. უხსენებენ ერთმანეთს ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ მომენტებს და ბრძოლა დაუნდობელი ხდება. მაყურებელს ხან ერთი მსახური გვებრალება ხან მეორე, რადგანაც ვხვდებით, რომ ორივე პერსონაჟი გარემოებების მსხვერპლია. კაელა გამუდმებით დასცინის რინას და უმეორებს, რომ მას მონობის სუნი ასდის. ამის საპასუხოდ მსახური ქალი პირად ტრაგედიას უხსენებს თან ისე, რომ არანაირი სინანულის განცდა არ აქვს სახეზე და დეტალურად აღწერს მის გაუპატიურების სცენას. კაელას მამა არ ჰყავდა, დედა - მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო. უპატრონოდ დარჩენილი ახალგაზრდა, თექვსმეტი წლის გოგონა, მიამიტური გულუბრყვილობით ჯარისკაცებთან მიდის პურის სათხოვნელად, ისინი იყენებენ მომენტს და თითოეული ძალადობს მასზე. ნინო ბურდულის პერსონაჟი ამ სცენაში განსაკუთრებით დაუნდობელია, ამ დროს სცენაზე ვხედავთ კაელას, როგორ პატარავდება და ემბრიონის ფორმას იღებს. ძალიან ამაღელვებელი და სულისშემძვრელი სცენაა, როდესაც გიწევს მოისმინო პატარა გოგოზე ძალადობის ამბავი, რომელსაც შიოდა. განაჩენი გამოტანილია, წარსული ვეღარ შეიცვლება, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და ყველაფრის გადატანაა შესაძლებელი. რეჟისორი აქ წყვეტს ამბავს და რადიკალურად განსხვავებულ გარემოს გვთავაზობს. მუსიკის ფონზე შემოდიან შავად შემოსილი მსახურები ფერადი ბუშტებით და ქუდებით ხელში. რინა მაგიდის თავში ზის და ვახშმობს. კაელა და ლუსი არ იმსახურებენ ჭამას, ამიტომ დასჯილები არიან და ფეხზე მდგომნი შეჰყურებენ რინას. ვგრძნობთ, რომ ეს ყველაფერი ასე მარტივად არ დასრულდება და ჯერ კიდევ უარესი წინ არის. ლუსის სურვილი გაიქცეს ამ სახლიდან აკვიატებულ იდეად იქცა და ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ აუტანელ ყოფას დააღწიოს თავი.
ამასობაში კაელა რევანშისთვის ემზადება და ჯარისკაცის ფორმაში გვევლინება, რომელიც გარდაცვლილი რინას ვაჟიშვილს ეკუთვნის. რინას წამიერი გარდასახვა იმ წუთიდან იწყება, როდესაც კაელას თავისი ერთადერთი ვაჟის ფორმით ხედავს. ძლევამოსილი მსახური ქალი თითქოს დაიფერფლა და კაელას მსგავსად ემბრიონს დაემსგავსა. მან საკუთარი შვილი წესებსა და კანონებს შესწირა, ვერ აიტანა თავისუფალი აზროვნების ახალგაზრდა და თავისი ხელით ჩააბარა სახელმწიფოს როგორც მოღალატე.
საბოლოოდ, ერთმანეთის განადგურებით დაღლილი ორი მსახური ერთიანდება და მოკავშირეებად გვევლინებიან სახეცვლილნი ბატონის და ქალბატონის სამოსში. ახალი მსხვერპლი ლუსია, რომელსაც ცინიკურად ამცნობენ ოჯახის წევრების დაღუპვას და უკლავენ იმ ერთადერთ სურვილს რომელსაც გაქცევა ჰქვია. დასაწყისში მსახურებისგან განსხვავებულად შემოსილი ლუსი ფინალურ სცენაში მათნაირ შავ სამოსს იცვამს. რეჟისორი მიგვანიშნებს რომ კარჩაკეტილობაში გადარჩენა შეუძლებელია.
რა არის კარჩაკეტილობა თუ არა ჯოჯოხეთი ? ჟან პოლ სარტრის პიესა „ცხრაკლიტული“ გამახსენდა და კითხვებზე პასუხი ვიპოვე. მისი მცდარად ინტერპრეტირებული გამონათქვამი „ჯოჯოხეთი ეს სხვებია“ მსახურთა შემოდგომას პირდაპირ ეხმიანება. სარტრის პიესაშიც სამი პერსონაჟია, როგორც „მსახურთა შემოდგომაში“. მშიშარა და მოღალატე ქმარი, შვილის მკვლელი, მეძავი დედა და ლესბოსელი ქალი საიდუმლო ოთახში ხვდებიან. ოთახი რეალურად ჯოჯოხეთს წარმოადგენს, თუმცა გმირები ერთმანეთს ცოდვებს უზიარებენ და ვერ ხვდებიან რომ მათ ადგილ სამყოფელს ჯოჯოხეთი წარმოადგენს. „ცხრაკლიტულში“ ადამიანებს სძულთ ერთმანეთი და მათი ყველაზე დიდი სასჯელი ერთმანეთთან ურთიერთობაა. ოცდამეერთე საუკუნეში როდესაც პანდემიამ ღრმად გაიდგა ფესვები დაგვაფიქრა იმ ეგზისტენციალურ კრიზისზე რომელსაც მსოფლიო განიცდის რასაც ნინო ხარატიშვილმა „მსახურთა შემოდგომით უპასუხა“.