top of page

კარგი სპექტაკლი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

345018550_230587476346742_7334417730416524631_n.jpg

ნუცა კობაიძე

კარგი სპექტაკლი

საბა ასლამაზიშვილი „უბედურების“ (Mooz Art) და „ირინეს ბედნიერების“ (ახალციხის თეატრი) შემდეგ კლდიაშვილის რიგით მესამე პიესას დგამს - „დარისპანის გასაჭირი“. აშკარაა, რომ რეჟისორისთვის ეს ავტორი საინტერესო და მრავლისმთქმელია, თან ძალიან თანამედროვე. საბა ასლამაზიშვილი კლდიაშვილის ამბების შინაგანი არსის ძალიან კარგი ინტერპრეტატორი აღმოჩნდა. სხვადასხვა ფორმითა და ხერხით ქმნის სასცენო მეტაფორებს. მაყურებელიც კმაყოფილია. როგორც ჩანს, მას არ სჭირდება ტექნიკური ხრიკები, იმისთვის რომ დატკბეს წარმოდგენით. ოდითგანვე ასეც არის - სპექტაკლი  თამაშია, რომელსაც ასრულებს მსახიობი და არა დეკორაცია ან განათება.

სცენოგრაფი მარიამ კალატოზიშვილი სცენაზე გეომეტრიულ ნახაზს გვთავაზობს - ბრტყელი, ფერადი ბალიშები, სცენის ლუქი და კიბე. მეტი არც არის საჭირო. მეტაფორული დეკორაცია მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კიბის სიმბოლური დატვირთვა მრავლისმომცველია -  სიმაღლისკენ სწრაფვასთან ერთად  დანარცხების რისკიც დიდია. საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის შემთხვევაში კიბეზე ასვლა შეიძლება გულისხმობდეს სოციალურ, ეკონომიკურ წინსვლას, რის მოლოდინშიც არიან დარისპანი და პელაგია. ყველაზე შაბლონური ახსნაა - ზეცის და მიწასთან დამაკავშირებელი კიბე, რომლითაც ღმერთები დედამიწაზე ჩამოდიოდნენ.  რეჟისორი „ღმერთკაცად“ მოვლენილ ოსიკოს კი „ქვესკნელიდან“ (სცენის ლუქიდან) ამოიყვანს, თავისი ტემპერამენტით და მოზღვავებული ლიბიდოთი (პიესაში პელაგია ფანჯარაში დაინახავს მათკენ მომავალ ოსიკოს).  

რეჟისორი აერთიანებს ოსიკოს და ონისიმეს პერსონაჟებს და ქმნის ერთ ოსიკოს.

კლდიაშვილთან სასიძო კაცი ჩუმი და უსიცოცხლოა, ასლამაზიშვილი კი ონისიმეს ირონიას, ცინიზმს, სიტყვაწყლიანობას  თორნიკე კაკულიას პერსონაჟს მიაკუთვნებს და სპექტაკლიდან საერთოდ აქრობს ონისიმეს, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ახსენებს მართა. ამ რეჟისორული ინტერპრეტაციით ამბავი უფრო შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველი ხდება. თუ პიესაში შეიძლება გავამართლოთ ოსიკოს სიჩუმე, რადგან გაუბედავი და უსუსური არსებაა, სპექტაკლში ის ეგოცენტრული პერსონაჟია, რომელიც გატაცებულია საკუთარი პიროვნებით. პერსონაჟი დანარჩენ გმირებს ბეჭდის ჩასადებში ჩაწყობილ ტკბილეულს საკუთარი ხელით უდებს პირში. ჩუმი, უხმო სცენაა, როცა ოსიკო მიდის კაროჟნასკენ, მართა კი ცდილობს მის შეჩერებას. რეჟისორი ამ სიჩუმეს ოსტატურად იყენებს თავის დადგმებში (მაგ. ირინეს ბედნიერება - ირინეს ცეკვა). ამ დროს მაყურებელი მთლიანად ჩართულია სცენაზე განვითარებულ მოვლენებში. მისი ყურადღება არ იფანტება მუსიკის ან ტექსტის მოსმენაში და ეძლევა საშუალება თავისებურად აღიქვას კონკრეტული მიზანსცენა.

ოსიკო მართასგან წასვლის წინ სწორედ ბეჭდის ყუთს ტოვებს ბალიშზე, რომელსაც პელაგია ცხვირსახოცს სუდარასავით მიაფარებს.  ყველაფერი გასაგებია - სახლში დარჩენილი, გაუთხოვარ ქალიშვილებზე გლოვა გრძელდება. თორნიკე კაკულიას გმირი იკვებება ადამიანების უბედურებით და მხოლოდ წასვლის წინ გამოუცხადებს მათ, რომ ქალი ჰყავს დანიშნული. საკითხავია, მართლა არსებობს თუ არა საპატარძლო. სპექტაკლში პერსონაჟის ცინიზმი იმდენად დიდია, რომ არც გამოგონილი საცოლე იქნება გასაკვირი. მსახიობი თავის გმირს სამყაროს ცენტრად წარმოადგენს, ის ასრულებს ნარცისიზმით შეპყრობილ ადამიანს. მიზანსცენა, სადაც ოსიკო ბალიშს ვნებიანად იკრავს სწორედ ამ სინდრომის გამომხატველია - „ლიბიდოს მიჯაჭვულობა საკუთარ მე-ზე, როგორც ობიექტზე“.

რომელი ერთი მსახიობი ჩამოვთვალო ამ კონკრეტული სპექტაკლიდან („დარისპანის გასაჭირი“), ვინც ძალიან ზუსტად არ ასრულებს როლს. ისინი თითქოს იუმორით, მსუბუქად გვაწვდიან თავიანთ ტრაგედიას. ზუსტი თამაში, ალბათ, პირობითია, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა სიტყვას ვერ იხმარ. ლილი ხურითს (მართა), სლავა ნათენაძეს (დარისპანი), მაია ხორნაულს (პელაგია) ახალგაზრდა მსახიობები  სათანადო პარტნიორობას უწევენ. ისინი -  თორნიკე კაკულია (ოსიკო), ნინო ყიფშიძე (ნატალია), მაშიკო თვალაბეიშვილი (კაროჟნა)  ქმნიან პერსონაჟის სახეებს, მკაფიო დიქციითა და სწორი ინტონაციით.

მაშიკოს პერსონაჟი იმდენად ფლეგმატური, მორჩილი და უინტერესოა, რომ მსახიობს არ აძლევს ოსტატობის გამოვლენის საშუალებას. შემოსვლის წამიდან ფინალამდე, იმ დროს როცა ექვსივე მსახიობი მთელი სპექტაკლის მანძილზე სცენაზე დგას (თუ არ ჩავთვლით პატარა გასვლებს), არ იცვლება მისი ემოცია. თუმცა, მსახიობი კაროჟნას მიმართ გვიქმნის იმ განწყობას, რაც პიესის კითხვისას გვიჩნდება.

ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სახეს ქმნის ნინო ყიფშიძე, მის ნატალიას ეშმაკები დაურბის თვალებში, სიცოცხლით სავსე, ენერგიული და სარკაზმულად მოღიმარი გოგოა. რადიკალურად განსხვავებული კაროჟნასგან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქალიშვილი მშობლის მორჩილია, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ თავიანთი მძიმე ყოფის მიმართ. ერთი მწვავე იუმორით აღიქვამს თავის მდგომარეობას, მეორე - ჩუმი, უთქმელი პროტესტით.

პიესაში მამა-შვილი მოსასვენებლად ცალკე ოთახში გადის, სპექტაკლში კი დარისპანი ფეხს არ ძრავს ავანსცენიდან. ის გრძნობს, რომ რაღაც მოვლენას აკლდება, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. კაროჟნას ეყრდნობა და ისიც უნანავებს. როლები იცვლება - მშობლის სტატუსს ქალიშვილი ირგებს, მამა კი უმწეო, უსუსურ არსებად გარდაიქმნება.

აღსანიშნავია დარისპანის პირველი გამოჩენა - ჯერ ხელი ჩანს, შემდეგ გამოდის სცენაზე, როგორც ამავე რეჟისორის „ირინეს ბედნიერებაში“ - ირინე. ხელი გვევლინება, როგორც დახმარების თხოვნის განსახიერება. დარისპანსაც და ირინესაც მოწყალება სჭირდებათ ადამიანებისგან, მაგრამ მშველელი არ ჩანს. მსახიობი სლავა ნათენაძე ძალ-ღონეს არ იშურებს  იმისთვის, რომ უუნარო შვილი მოაწონოს „სასიძოს“. ეს სცენა ფაქტობრივად სპექტაკლის კულმინაციაა, კომიკური აბსურდი, რომელიც ერთიანად გვთრგუნავს - სასოწარკვეთილი ადამიანების მაქსიმალური მცდელობები მიზნის მისაღწევად. ამ კომიკურ სიტუაციაში პერსონაჟების სულიერი კრიზისი თანაგრძნობას იწვევს.

მაია ხორნაულის პელაგია, მისი ნათამაშები როლებიდან, ერთ-ერთი საუკეთესოა. მსახიობი გმირის ამბავს ისეთი სიმსუბუქით, ისე კომიკურად და თანაც ტრაგიზმით  გვიყვება, რომ ნაღვლიანი სიცილით იცინის დარბაზი. რაც შეეხება მართას - ლილი ხურითი გამოგიტყდებით და ჩემი ფავორიტია. ის ყოველთვის ამტკიცებს თავისი შესრულებული როლებით, რომ ინტელექტუალი მსახიობია, ნამდვილი პროფესიონალი. მისი თვალები არ წყვეტს კომუნიკაციას მაყურებელთან, რაც მომნუსხველი და შთამბეჭდავია. მართას შესწავლილი აქვს მოქმედების არეალი, ყველა პერსონაჟთან თავისებური მიდგომა აქვს.

რეჟისორი აშკარა უპირატესობას ანიჭებს არტისტებს, ეს მის ყველა დადგმაში ჩანს. საბა ასლამაზიშვილისთვის პრიორიტეტი მსახიობია და არა სასცენო ხრიკები (ვგულისხმობ დეკორაციას თუ განათება/საუნდით თამაშს). მე კი ძალიან მიყვარს დადგმის ასეთი ფორმა და შესაბამისად ჩემთვის მნიშვნელოვან წარმოდგენად იქცა „დარისპანის გასაჭირი“.

პ.ს. ეს რიგით მე-8 რეცენზიაა ამ სპექტაკლზე და ვეცადე თავი არ მომებეზრებინა თქვენთვის რამის გამეორებით, თუმცა ვთვლი სათქმელი კიდევ დარჩა ენთუზიაზმით და ტკივილით სავსე ადამიანებზე: წითელმოსასხამიან მართაზე გიტარით ხელში, ჰარმონიკჩამოკიდებულ დადუმებულ კაროჟნაზე, ოსიკოსგან ყაბალახმოგდებულ დარისპანზე, სასოწარკვეთილ „პელა-გეიაზე“, სარკაზმულად მოღიმარ ნატალიაზე და „მესიად“ მოვლენილი „სასიძოზე“...

bottom of page