top of page

კატასტროფა სამეფო უბნის თეატრში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

284965613_1062505097977290_8648061777061064788_n.jpg

ანასტასია მაყაშვილი

კატასტროფა სამეფო უბნის თეატრში

ქალი წამოვარდა, გვერდით მჯდომ გოგოს ხელი დაავლო და დარბაზიდან გაიყვანა. გასვლამდე კარისაკენ მიმავალმა გაბრაზებით დამარცვლა: „კა-ტა-სტრო-ფა“. ცოტა ხანში ამ ორს უკან კიდევ სამი ქალი მიჰყვა, რომლებმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მეტის ატანა აღარ შეიძლებოდა და დროზე გაეცალნენ უხამს სანახაობას. ეს მოხდა სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლ „მედეა S01E06-ის“ მიმდინარეობის დროს. რამ გააბრაზა ეს ხალხი, რა ვერ აიტანეს, როგორ გგონიათ? გეტყვით. მათ ქართული თეატრის სცენიდან გაიგონეს სიტყვა „#ლე“. დიდი ხანი არ გასულა იმის შემდეგ, რაც ჩვენი ზრდილი და თავაზიანი მკითხველი აღაშფოთა თამთა მელაშვილის რომანმა. ამ რომანში, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ენაზე დაიწერა, რომანში, რომელიც დაიწერა შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟასა და გალაკტიონის ენაზე, ქართველის თვალმა ერთ გვერდზე სამჯერ წაიკითხა სიტყვა „მუ#ელი“. მელაშვილის შემდეგ ამჯერად, პაატა ციკოლიამ მოინდომა თავისი პიესითა და სპექტაკლით გარყვნას საზოგადოება და არაფერი წმინდა აღარ დატოვოს მასში.

გვეყოფა. მოდი, ახლა ეს ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები გვერდით გადავდოთ და სპექტაკლზე ვილაპარაკოთ. არსებობს რაიმე მიზეზი, რომ მართლა გავბრაზდეთ? ჰო, არსებობს, ოღონდ ბრაზის სამიზნე ობსცენური ლექსიკა არ არის. ამ სპექტაკლში სიტყვები, რომლებმაც ასე შეაშფოთა ზოგიერთი მაყურებელი, უადგილოდ არცერთ შემთხვევაში არ იხმარება. ის, რამაც რეალურად უნდა გაგვაბრაზოს და ნერვები გაგვიღიზიანოს, რეჟისორის მიერ წინა პლანზე წამოწეული საკითხებია (emphasized issues).

უსარგებლო იქნება იმის მოყოლა, რა ხდება სცენაზე საათნახევრის განმავლობაში. სპექტაკლის დასახელებიდან გასაგებია, რომ ამბავი მედეაზეა. მედეასთან ერთად წარმოდგენაში პერსონაჟებს შორის გვხვდებიან მისი ძმა აფსირტოსი, მეფე აიეტის დაცვის ყოფილი უფროსი ეპოპე და მოცეკვავეების ჯგუფი. სპექტაკლი თერთმეტ მონაკვეთად არის დაყოფილი.

მეოთხე მონაკვეთში მოქმედება კოლხეთის ტყეში მიმდინარეობს. მედეა მიწაზე გდია. ეპოპემ მედეა გააუპატიურა. ამ სცენიდან კარგად ჩანს, რისთვის დადგა ეს სპექტაკლი პაატა ციკოლიამ. ქალი, რომელსაც დაუნდობლად მოექცნენ, რომელზეც ძალა იხმარეს და უბედურ მდგომარეობაში ჩააგდეს, მოძალადის საქციელს იმ სახელს არქმევს, რაც ეკუთვნის – #ლის ქვეშ გაგდებას. და იცით, რას ეუბნებიან ამის პასუხად? მედეა, ძალიან გთხოვ, ასეთ სიტყვებს ნუ ამბობო. ეპოპე ეუბნება. ის კაცი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თესლი და ბრაზი ერთად დაანთხია მედეას, და ახლა ცუდი სიტყვები სჭრის ყურს. მაყურებლის რეაქციაც იგივეა. ის ქალები, რომლებიც დარბაზიდან გაცვივდნენ, ცუდმა სიტყვებმა შეაშფოთა და არა ჩადენილმა სისასტიკემ. რეჟისორსაც ამის ჩვენება უნდა: რა გვაშფოთებს დღეს და რა – არა.

თანამედროვე საქართველოს ალუზიებს შორის ეს არ არის ერთადერთი. სპექტაკლში ზოგ სხვა რამეზეც არის მინიშნება ან მითითება. მაგალითად, რომ მაღალი თანამდებობის პირები არასრულფასოვნების კომპლექსის დასაძლევად სტატუსის სიმბოლოების მოხვეჭას ცდილობენ, ეგზოტიკურ ცხოველებს იყოლიებენ და ამით თავს გამორჩეულებად აჩვენებენ. ლაპარაკია გერონტოკრატიის შესახებ და ტახტს ჩაბღაუჭებული მიხრწნილი აიეტი ყველა იმის სახედ არის გამოყვანილი, ვინც ძალაუფლებას – საეროსა თუ სასულიეროს – ვერ ელევა; ვის წინაშეც მდაბიურ პიეტეტს გამოხატავენ, მაგრამ ზურგს უკან კი საცინად იგდებენ სიძაბუნის გამო. ისმის რეპლიკაც, რომ სახელმწიფო საქმეები ახლა მონასტრის კედლებში წყდება...

ყველაზე ხშირად სპექტაკლში სტერილურ ენობრივ გარემოს უფლისწული აფსირტოსი არღვევს. ეპოპეს, რომელიც უკვე გავიგეთ რა კაციც არის, მიმართვისას #ლეოო – მიაძახებს ხოლმე. ზოგიერთები დარბაზში ამაზეც ბორგავენ. არადა, მიმართვის ეს ფორმა ზუსტად არის შერჩეული. ეპოპეს ტიპის კაცი, რომელიც მთელ სიცოცხლეს ბინძურ საქმეში, მეფის ბრმად მორჩილებასა და მის მიმართ მონურ მადლიერებაში გაატარებს, რა გასაკვირია, რომ ამ სიტყვით იხსენიებოდეს. აფსირტოსი უშუალოდ მაყურებლებსაც არ აკლებს ხელს, ხან სიტყვით ეთამაშება იმათ ნერვებს და ხან – ჟესტ-მიმიკით. პარტერში ჩადის და პირისპირ აძლევს შეკითხვებს დამსწრეებს. დიალოგში იწვევს, აბნევს და ამასხარავებს პურიტანებს. აფსირტოსის როლს ასრულებს მსახიობი სანდრო სამხარაძე. მისი თამაში სანახაობის ზეიმია. სპექტაკლს რამდენჯერმე დავესწარი და ვნახე, რომ ის ყოველ წარმოდგენაზე ახერხებს, იყოს განსხვავებული. თუ თქვენ მეორედ ან მესამედ მიხვალთ სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლ „მედეა S01E06-ზე“ და არ დაგეუფლებათ განცდა, რომ იგი უკვე ნანახი გაქვთ, ეს, პირველ რიგში, სანდრო სამხარაძის დამსახურება იქნება.

დასაწყისში ვთქვი, რომ იმ მაყურებელს, რომლებსაც მორალური წესების დამცველებად მოაქვთ თავი, სცენიდან ობსცენური ლექსიკის გაგონებაზე ელეთმელეთი მოსდით და აღარ იციან, როგორ გამოხატონ თავიანთი აღშფოთება, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც მათ აფორიაქებასა და იმედგაცრუებას იწვევს: პაატა ციკოლია არ იძლევა სპექტაკლში წამოწეული პრობლემების მოგვარების გეგმას. ის, როგორც რეჟისორი, მაყურებელს არ ანუგეშებს და არ ცდილობს მის დაიმედებას.

როდესაც ევრიპიდეს „მედეას“ ტექსტის კინოინტერპრეტატორ პაზოლინის ერთ ინტერვიუში ნუგეშსა და ნუგეშის წყაროზე დაუსვეს შეკითხვა, პაზოლინიმ ასეთი პასუხი გასცა: „ნუგეში? ნუგეშის მაძიებელი არა ვარ. მე, როგორც ნებისმიერი ადამიანი ყოველ დროში, ვცდილობ ვიპოვო პატარ-პატარა სიხარულისა თუ სიამოვნების წყარო. ხოლო რაც შეეხება ნუგეშს, იგი მუდამ მაღალფარდოვანი რამ არის, არაგულწრფელი და ილუზორული“.

პაატა ციკოლიას პოსტდრამატული წარმოდგენით მე სიამოვნების პატარა წყარო ვიპოვე. თუ ჩემი არ გჯერათ, როცა სამეფო უბნის თეატრის აფიშაზე „მედეა S01E06-ს“ მოჰკრავთ თვალს, იყიდეთ ბილეთი და თვითონ ნახეთ ეს კა-ტა-სტრო-ფა.

ფოტო: გიორგი ინდუაშვილი

bottom of page