„ჩვენ არ გვინდა ვარდები, გვინდა მხოლოდ მწვადები“
„ჩვენ არ გვინდა ვარდები, გვინდა მხოლოდ მწვადები“
დავით ბუხრიკიძე
ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“ ახალი და ორიენტალისტური აქცენტებით თბილისის ოპერის სცენას უბრუნდება
შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ისტორიულ მოვლენას ცოტათი „დაასწრო“ და ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტეს“ ახალი ვერსია პუბლიკას ოპერის შექმნიდან (1919 წ) 99 წლის თავზე შესთავაზა. გასაგებია, რომ ყოველი ქართული ოპერის პრემიერა მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა უკეთესი იქნებოდა დირექციას ერთი წელიც მოეცადა და პრემიერა მომავალ, საიუბილეო წელს გადაეტანა. ეს გაცილებით უკეთეს შესაძლებლობას იძლეოდა ახალი, თამამი და რადიკალური გადაწყვეტისთვის. მით უმეტეს, რომ პირველი ქართული კომიკური ოპერის დასადგმელად დრამატული თეატრის რეჟისორი, თემურ ჩხეიძის მოწაფე - ვანო ხუციშვილი მიიწვიეს, ხოლო მხატვრობა და სცენოგრაფია კლასიკოს გოგი ალექსი-მესხიშვილს მიანდეს. პოლკა-მაზურკის, ქართულისა და კინტაურის საამო სანახაობა კი სუხიშვილების სამჭედლომ და მისმა მთავარმა „უსტაბაშმა“, ილიკო სუხიშვილმა შექმნეს.
ვიქტორ დოლიძე ქართული მუსიკის ისტორიაში პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორია. 27 წლის ასაკში შექმნილმა სამმოქმედებიანმა ოპერა „ქეთო და კოტემ“ კომპოზიტორს თავიდანვე დიდი პოპულარობა მოუტანა. ოპერის პრემიერა 1919 წლის 11 დეკემბერს გაიმართა, რომლის რეჟისორი უკვე სახელმოხვეჭილი ალექსანდრე წუწუნავა იყო, ხოლო ორკესტრს სამუელ სტოლერმანი დირიჟორობდა.
დღევანელი გადასახედიდან ლიბრეტო აშკარა ხარვეზებით გამოირჩევა, რომელიც ავქსენტი ცაგარელის პიესა „ხანუმას“ საფუძველზე თავად კომპოზიტორმა შექმნა. მართალია, რევიზია-რედაქტირება ლიბრეტოს ცნობილმა პოეტმა იოსებ გრიშაშვილმა ჩაუტარა (რომელმაც ასევე დაწერა სიკოს და საქოს ცნობილი კუპლეტები), მაგრამ საბოლოდ ის მაინც გაუმართავი და სტილისტურად აღრეულია. სამაგიეროდ, მუსიკალური თვალსაზრისით ოპერა გაცილებით მაღალი დონისაა. ის, ერთი მხრივ, დაკავშირებულია ქალაქურ ფოლკლორთან და აღმოსავლური მელოდიების ფაქტურასთან და, მეორე მხრივ, იტალიური კომიკური ოპერების ტრადიციებთან, რაც ეფექტურ ორკესტრირებაში, მუსიკალურ სახეებში, არიებში და მელოდიებში ვლინდება.
ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, რომელიც 1937 წელს მოსკოვსა და ლენინგრადში ჩატარდა, ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად. სხვადასხვა დროს „ქეთო და კოტე“ საბჭოთა კავშირის თითქმის ოც საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა! გარდა ამისა, ვიქტორ დოლიძის ოპერა პოლონეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, ბულგარეთშიც დაიდგა. სულ ბოლოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ვიქტორ დოლიძის ოპერა 2009 წელს, გიგა ლორთქიფანიძის რეჟისურით დაიდგა.
გასაგებია, რომ ამგვარი მითოლოგიური წარსულისა თუ მისი „სიმძიმის“ გამო, რეჟისორ ვანო ხუციშვილის პასუხისმგებლობა გაცილებით გაიზარდა. მის მიერ გამოკვეთილი სცენური აქცენტები, პოლიფონიური სივრცის შექმნის მცდელობა, პერსონაჟთა ინდივიდუალური თუ ფსიქოლოგიური დახასიათება და მოქმედების პარტერში გადატანა, უფრო დრამატული თეატრის რეჟისურას ეყრდნობა. ამდენად, „ქეთო და კოტეს“ ახალი ვერსია გაცილებით ცოცხალ და კარგად აწყობილ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ვთქვათ, სტატიკური, კონსერვატორული და თითქმის ინკრუსტირებული „აბესალომ და ეთერი“, რომლითაც 2017 წელს განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მრავალჯერ ნაცადი კლასიკური ფსევდოფერადოვნება და ცეკვა-თამაშის „ოვერდოზები“ ახალ დადგმაშიც საგრძნობია, ზოგჯერ სრულიად ზედმეტი და გარკვეულ ნეგატიურ კვალს მაინც ტოვებს. ამას ემატება მოჭარბებული აღმოსავლური სცენური აქცენტები, დეკორი და ფერები, რითაც მხატვარმა და სცენოგრაფმა გოგი მესხიშვილმა ძველი თბილისის სცენები აავსო თუ შემოსა.
სპექტაკლის მხატვრობა და სცენოგრაფია ნამდვილად გვახსენებს ცნობილი რუსი მოცეკვავისა და რეჟისორის, ალა სიგალოვას მიუზიკლ „ხანუმას“ (გია ყანჩელის განახლებული ჯაზ-ვერსიით), რომელიც მან რიგის რუსულ დრამატულ თეატრში დადგა. ეს სპექტაკლი თბილისში რამდენიმე წლის წინ, ფესტივალ „საჩუქარის“ ფარგლებში იყო წარმოდგენილი და თავისი გადატვირთული, ზემაძღარი ფერებით, ხილ-ბოსტნეულის სავსე კალათებითა თუ ორიენტალისტური აქცენტებით დაგვამახსოვრდა. მხატვრობა ასევე გოგი ალექსი-მესხიშვილს ეკუთვნოდა, რომლის პარალელი „ქეთო და კოტესთან“, განსაკუთრებით პირველ და მესამე აქტთან, აშკარაა: ჟანგისფერ-ოქროსფერი კედლებით, ხილის გიგანტური კომპოზიციებითა და სცენოგრაფიული გადაწყვეტით.
„ქეთო კოტეს“ ახალ დადგმაში ახალი თაობის თითქმის ყველა მომღერალი მონაწილეობს : ქეთოს პარტიას სამი სოპრანო ასრულებს - ირა იოსებიძე, მარიანა ბერიძე და მარიამ როინიშვილი. სცენურად და არტისტულად მარიამი უდავოდ ძალიან ეფექტურია, თუმცა ვოკალური თვალსაზრისით მარინა ბერიძე მაინც ყველაზე უკეთესია. თანაბრად და ნორმალურად „მღერადები“ არიან ირაკლი მურჯიკნელიც და არმაზ დარაშვილიც (კოტეს პარტიის შემსრულებლები). ვოკალური და სცენური თვალსაზრისითაც ასევე გამოირჩევიან ოთარ შიშინაშვილი (თავადი ლევანი) და გიორგი ჭელიძე (მაკარი). ყველაზე კარგი შთაბეჭდილება კი, ჩემი აზრით, საქოს პარტიის შემსრულებლმა, ირაკლი მუჯირმა და ორივე მეცო-ბაბარბალემ, ანუ დრამატული თეატრის ენაზე რომ ვთქვათ, ხანუმებმა - ნუცა ზაქაიძემ და ირინა ალექსიძემ მოახდინეს. როგორც ვოკალური, ისე სცენური თვალსაზრისით.
სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე, რომელმაც ქართველი დორიჟორებიდან ალბათ, ყველაზე მეტი დრო შეალია სწორედ ამ ოპერის შესწავლასა და აღდგენას. სწორედ მისი რედაქციითა და ოპერის ხელმძღვანელობის ძალისხმევით მოხერხდა „ქეთო და კოტეს“ ახალი კლავირის დაბეჭდვა და მისი საჯარო პრეზენტაცია, რადგან ძველი იმდენად დაზიანებულია, რომ დირიჟორები თითქმის ვეღარც იყენებდნენ. მოკლედ, ვისაც „ქეთო და კოტესადმი“ მიძღვნილი ჩანაწერები, ლიბრეტო, ფოტოები თუ ძველი კოსტიუმები აინტერესებს, შეუძლია ოპერის ფოიეში მოწყობილ გამოფენას ეწვიოს და პარალელურად ერთგვარი ტესტიც ჩაატაროს - ძველი წარმოდგენა ჯობია თუ ახალი. გარდასული ხმები (თემურ გუგუშვილი, ლამარა ჭყონია, ლიანა კალმახელიძე, მანანა ეგაძე, თენგიზ ლაფერაძე) ახალი თაობის ხმებს შეადაროს და თან იფიქროს, რა ურჩევნია - ვარდები თუ მწვადები, რის შესახებაც საქო თავის ცნობილ კუპლეტებში მღერის.