![](https://static.wixstatic.com/media/a8e1f3e15ccb41b88df85a10bb90531a.jpg/v1/fill/w_1920,h_1631,al_c,q_90,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/a8e1f3e15ccb41b88df85a10bb90531a.jpg)
დავით კლდიაშვილის „მსხვერპლი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
![„30 ვერცხლზე“ გაყიდული საზოგადოება](https://static.wixstatic.com/media/0fb0d1_e780fb61daa145dc8eac4a1edff6eb2a~mv2.jpg/v1/crop/x_484,y_0,w_1081,h_1365/fill/w_255,h_322,al_c,q_80,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/%E2%80%9E30%20%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94_%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.jpg)
![475199929_1189285126535941_197640214678866267_n.jpg](https://static.wixstatic.com/media/0fb0d1_1561c2ff587940e5ba582bd7c6de2aa2~mv2.jpg/v1/crop/x_0,y_0,w_660,h_832/fill/w_255,h_322,al_c,q_80,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/475199929_1189285126535941_197640214678866267_n.jpg)
გიორგი ყაჯრიშვილი
დავით კლდიაშვილის „მსხვერპლი“
სახელმწიფო და თეატრი - საუკუნეები დასჭირდა ამ ურთიერთობის დალაგებას - გვახსოვს ის დროც, როცა სახელმწიფო თეატრს პოლიტიკურ იარაღად იყენებდა და ურჩი რეჟისორები რეპრესიის მსხვერპლნი ხდებოდნენ და მძვინვარებდა ცენზურა. არც ის დროა შორს როდესაც ჩნდება პოლიტიკური თეატრის, ამჯერად იმდროინდელი წყობის წინააღმდეგ მიმართული (ბერტოლდ ბრეხტი და სხვანი). მხოლოდ უახლეს წარსულში მოხერხდა დემოკრატიის დამყარების მიჯნაზე ამ ურთიერთობის დალაგება - თეატრებმა ავტონომია მოიპოვეს და სახელმწიფომ მათ სრული თავისუფლება მიანიჭა. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა „პოლიტიკურმა თეატრმა“ სცენა მიატოვა და ქუჩაში გამოვიდა - გადაწყვიტა სახელმწიფო პოლიტიკაში აქტიურად თანამონაწილეობა და უფრო მეტიც ქუჩა გადააქცია პოლიტიკურ სცენად. როგორ დასრულდება ამჯერად უკვე პოლიტიკური დაპირისპირება არავინ იცის, რა პერსპექტივა აქვს ასეთ თეატრალურ მსვლელობებს, აქციებსა და გაფიცვებს ძნელი პროგნოზირებადია.
ამ თეატრალური სტაგნაციის დროს მხოლოდ რამდენიმე თეატრმა მოახერხა პრემიერის ჩვენება და სახეზე გვაქვს უცნაური დამთხვევა: დავით კლდიაშვილის ადრეული მოთხრობის „მსხვერპლის“ ინსცენირება რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე - რეჟისორი გიორგი კაშია და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში - რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი.
მოთხრობის ტექსტი, რბილად რომ ვთქვათ არათანამედროვეა, საკმაოდ რთული ენითაა დაწერილი, სადაც მრავლად სჭარბობს კუთხური კილოკავები და თავისთავად მოითხოვდა გადამუშავებას, რაც პირველ შემთხვევაში გიორგი კაშიამ იტვირთა, ხოლო ფოთის თეატრის სპექტაკლისთვის კი საბა ასლამაზიშვილმა და მანანა ანთაძემ იმუშავეს. ეს ტანდემი ახალი არაა, მათ ერთად უკვე შექმნეს ტექსტები მაგ. უილიამ შექსპირის „ქარიშხალი“ და პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“.
ორივე შემთხვევაში საუკეთესო შედეგი ვიხილეთ და რაც მთავარია ტექსტზე მუშაობამ რეჟისორებს ახლებური ინტერპრეტაციებისკენ უბიძგა და უნდა ითქვას, რომ ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
დავით კლდიაშვილის ეს მოთხრობა მისი სადებიუტო ქმნილებაა, თუმცა მასში უკვე იკვეთება ის ძირითადი მოტივები, რომლებიც შემდგომ უფრო დახვეწილად და დრამატულად იქნება ასახული მის შემდგომ ნაწარმოებებში - განსაკუთრებით კი პიესებში: „ირინეს ბედნიერება“, „უბედურება“ და თუნდაც „დარისპანის გასაჭირში“. პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება, მოძველებულ და მანკიერ წეს-ჩვეულებათა წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა უფლებების დარღვევა და მათზე ძალადობა, გენდერული დისკრიმინაციაში და ა.შ.
დავით კლდიაშვილის ნაწარმოებებზე მუშაობის ორივე რეჟისორს კარგი გამოცდილება აქვთ: გიორგი კაშიას „ირინეს ბედნიერება“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“. საბა ასლამაზიშვილის „უბედურება“, ირინეს ბედნიერება“ და დარისპანის გასაჭირი“ რამდენიმე პრემიების მფლობელები არიან. ამდენად შეიძლება ითქვას რომ ორივე მათგანი სრულიად მომზადებული ხვდებოდა დრამატურგის ამ მოთხრობის ინსცენირებას.
გიორგი კაშიას სპექტაკლის სათაურში „მსხვერპლნი“ უკვე მოჩანდეს ის კონცეფცია, რაც რეჟისორს სურდა სამსჯავროზე გამოეტანა: დავით კლდიაშვილის თითქმის ყველა ნაწარმების ძირითადი თეზა - საზოგადოება და პიროვნება (თუ შეიძლება ასე ითქვას, ვინაიდან დავით კლდიაშვილის ეპოქაში პიროვნების ნება, მისი უფლებები არც კი იკვეთებოდა). „უბედურება“, „ირინას ბედნიერება“, დარისპანის გასაჭირი“ ყველა ამ ნაწარმოებში ეს თემა არა მხოლოდ ფიგურირება, არამედ წინა პლანზეა წამოწეული და ამიტომაც თანამედროვე რეჟისორების ინტერპრეტაციებში (იგივე გიორგი კაშიას „სამანიშვილის დედინაცვალში“, გიორგი მარგველაშვილის იმავე ნაწარმოების ინსცენირებაში, ნიკა ჩიკვაიძის და საბა ასლამაზიშვილის „ირინეს ბედნიერებაში“ არაფერი რომ არ ვთქვათ რობერტ სტურუასა და ანდრო ენუქიძის, შალვა გაწერელიას, დიმიტრი ხვთისიაშვილის ადრეულ დადგმებზე).
რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილ სპექტაკლში ყველა მსხვერპლია: ფეფენაც (მანანა აბრამიშვილი), მისი ვაჟი ნიკოს (ბუკა თოლორდავა), მარინე (მარიტა მესხორაძე) და ნატალიაც (რუსკა მაყაშვილი). ყოველი მათგანი გრძნობს თავის მძიმე მდგომარეობას, მხოლოდ ფეფენაა თავისი მძიმე ხასიათით, ცრურწმენით აღსავსე, ცხოვრების სიდუხჭირით გამწარებული ცდილობს შეებრძოლოს თავის უკუღმართ ყოფას და მთელ ენერგია მარინეს “ღალატის“ გამოვლენაში დახარჯოს - თითქოსდა ოჯახის სიწმინდის შენარჩუნების მიზნით, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ ისიც ამავე საზოგადოების მსხვერპლია, რომლის წინაშეც გამუდმებით „თამაშობს“ მკაცრ, სასტიკ დედამთილს, მაგრამ ადრე დაქვრივებულს სულში კი სულ სხვა სურვილები აწუხებს: მარტო დარჩენილი სიგარეტსაც გააბოლებს და სიზმრადაც დათიკო კარუგდელიძესათან ( (ედმონდ მინაშვილი-აბაშიძე) ვნებიანი შეხვედრა ელანდება.
გიორგი კაშიას სპექტაკლი ერთგვარი შეჯამებაა დავით კლდიაშვილის შემოქმედების: სცენაზე თამაშდება არა მხოლოდ მარინეს ტრაგედია, არამედ ირინეს „ბედნიერება“, დათიკოს მეუღლის ნატალიას მწარე აწმყო და მომავალი, მარკოზის გაჭირვებაც და სოფელში დატრიალებული „უბედურებაც“, რომელსაც ვერანაირი „გამოულოცე“ ვეღარ შველის.
რეჟისორი სხვადასხვა რეჟისორული ხერხებით ავსებს წარმოდგენას, რათა უკეთესად გახსნას პერსონაჟთა ხასიათები წარმოაჩინოს მათი გრძნობათა ბუნება, რათა მკვეთრად ხაზი გაუსვას თავის სათქმელს და უფრო გასაგები გახადოს მაყურებლისთვის ის მოვლენები რომელიც სოფელში ხდებოდა.
წარმოდგენას ვასილი იწყებს. შავ ანაფორაში გამოწყობილს, ზემოდან გადმომდგარს თავიდანვე შემოაქვს ინტრიგა: ამ სამყაროში, სადაც ყველაფერი სიძულვილზე აგებული ქორწინების ინსტიტუტსაც არა აქვს ადგილი. სწორედ იგივე, მიხეილ არჩვაძის პერსონაჟი ვასილი ამთავრებს წარმოდგენასაც - ანაფორას ტანს შემოხევს გამეფებული უღვთოობის, ეშმაკის აღზევების და ურწმუნოების ნიშნად.
ნატალიას „ასე როგორ უნდა წახდეს“ ლაიტმოტივად გასდევს მთელ სპექტაკლს. იგი გამუდმებით საკუთარი ბარგი-ბარხანით და ბავშვით ხელში, დამცირებული და შეურაცხყოფილია მეუღლის დათიკოს საქციელით, გარბის კიდევაც სახლიდან, თუმცა გატანჯული სახით იძულებულია კვლავ ამ სახლს დაუბრუნდეს. სცენის მარჯვნივ და მარცხნივ კი მზრუნველი მშობლები ფეფენა და ესმა (ნანა ლორთქიფანიძე) შვილებს ნიკოსა და მარინეს თავს ევლებიან: მარინე დამჯერი, კარგი ბუნების ქალიშვილია, ნიკო დედის ფეფენას გავლენის ქვეშ მყოფი, სუსტია და მხოლოდ მასზე დამოკიდებული, არც საკუთარი აზრი გააჩნია და ვერ ეწინააღმდეგება დედამის, რომელიც სოფელში კუდიანად არის ცნობილი. იგი ვერც ახლად შერთული მარინეს დამცველად გამოდგება, რომელსაც დედამთილი შავ დღეში აგდებს, რეჟისორმა მარინეს მამას - მარკოზს (ირაკლი მაჭარაშვილი) ფუნქციები შეუმცირა და იგი ისეთი აქტიური და ქმედითი აღარაა როგორც ნაწარმოებშია ან თუნდაც ფოთის თეატრის სპექტაკლში. სამაგიეროდ გადამწყვეტი ადგილი დაუთმო მარინეს ბიძას, ონისიმეს (დავით კვირცხალია), რომელიც ისედაც პასუხისმგებელია მარინეს გათხოვებაზე და შემდგომი მოვლენების განვითარებაშიც აქტიურ როლს ასრულებს.
და ამ ყველაფრის ამრევ-დამრევი კი „აზნოუშვილი“ დავითია: ქორწილის დღიდან მარინეს დაუფლების სურვილით ვნებამორეული, გახელებული, ცოლის მოღალატე რძალ-დედამთილის კონფლიქტის მიზეზი ხდება.
„ესაა ჩემი ბედნიერება?“ მწარედ წარმოთქვას მარინე, რომელიც საზოგადოების მიერ განკიცხული თავის ბედს დასტირის.
საბა ასლამაზიშვილი და მანანა ანთაძე მიჰყვებიან მოთხრობის ძირითად ფაბულას და აქცენტს აკეთებენ იმ შავბნელ ძალაზე, რომელიც ჯერ ფეფენას (ნინო პაჭკორია) დაუფლებია, ხოლო შემდგომ მისი მეშვეობით მარინესაც (თამუნა ჭუბაბრია) „მოაქცევს“ და მისი ტრაგედიის მიზეზი ხდება. რეჟისორმა მაყურებელს მოთხრობის ინტერპრეტაციით ნატურალისტური დრამა შესთავაზა შესაბამისი მძიმე ფინალით და ბოროტი ძალების გამარჯვებით, რასაც მარკოზის (ზურაბ დონდოლაძე) ხელით მარინე და მისი დედამთილი ეწირებიან.
სპექტაკლს მთხრობელი და ამავდროულად ეშმაკისეული (შოთა სოსელია) იწყებს და გამარჯვებული ასრულებს კიდევაც: წარმოდგენის განმავლობაში ის სიტყვაძუნწია, თუმცა აქტიურია ქმედებაში, პლასტიკური მოძრაობით ცეკვითა (ქორეოგრაფი ირინა კუპრავა) და ჯადოსნური ქმედებებით მართავს ყველა პერსონაჟს. სცენის უკანა პლანზე თითქოს მსახიობთა საგრიმიოროა, სარკეების წინ სპექტაკლის პერსონაჟები ჩვენკენ ზურგით სხედან (სცენოგრაფია გიორგი უსტიაშვილი), რომლებიც მთხრობელის „გამოძახებით“ წარსდგებიან ჩვენს წინაშე და ქმედებაში ერთვებიან. აქაც მთავარი ხაზი ფეფენას მიჰყავს და მარინეზე ძალადობა იმდენ ხანს გრძელდება ვიდრე თავისას არ მოუწევს და მარინეს კუდიანად არ მოაქცევს. ამას ვერ აღუდგება ვერც ბიძამისი ონისიმე (რამინ კილასონია), ვერც სოფიო (მარიკა ბუკია) და ვერც ვასილი (მარტინ ღამბარაშვილი). მხოლოდ მამამისი მარკოზი შეძლებს დიდი ძალისხმევით რძალ-დედამთილისგან ეშმაკის განდევნას და მათ დასჯას, რაც სახიერად გამოხატულია ამ ეპიზოდში მონაწილე მსახიობების (ნინო პაჭკორია, თამუნა ჭუბაბრია, ზურაბ დონდოლაძე, მარტინ ღამბარაშვილი) ოსტატობითა და ძალისხმევით. ამ დრამატულ სცენას განსაკუთრებით ხაზს უსვამს სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკა (კომპოზიტორი კოტე ეჯიბაშვილი), რომელმაც შეძლო ისეთი კომპოზიცია შეეთავაზებინა რეჟისორისთვის, რომელიც ზუსტად მიჰყვება მიმდინარე მოვლენებს ისეთივე მეტყველი და გამომსახველია, როგორც ქმედება თუ სცენიდან წარმოთქმული სიტყვა. ეს განსაკუთრებით ვლინდება მუნჯი მთხრობელის პლასტიკასა და მოძრაობაში.