top of page

ერთ დროს ცნობილი ქართული თეატრი აღარ არსებობს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე

და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.F-iRL1CFxjDgykhnWrPk8q60qcMlsXmNtGWvw4qg57g.jpg

ზუკა ნემსაძე

ერთ დროს ცნობილი ქართული თეატრი აღარ არსებობს

 

 

ამბავი არტისტზე, რომელიც მხოლოდ საკუთარ

და გარდაცვლილ მსახიობთა ნიჭს აღიარებს.

და არა მხოლოდ...

 

ადრე, ჯერ კიდევ პანდემიამდე, ჩემს ყმაწვილობაში, ხშირად მომისმენია, რომ ქართულ თეატრს მაყურებელი არ ჰყავს, ქართულ თეატრში „გემოვნებიანი სპექტაკლი“ დიდი ხანია არ დადგმულა და „გენიალური სპექტაკლები დიდი არტისტებით“, რაც თეატრების რეპერტუარში იყო -  გაქრა, მხოლოდ მოგონებებში, ფოტოებსა და ცუდი ხარისხის ვიდეოებში შემორჩა...

 

დღეს კი კერძო თუ სახელმწიფო თეატრების მესვეურები სიამაყით აცხადებენ, რომ მათ შეძლეს მაყურებლის დაბრუნება თეატრში, თანამედროვე ქართველი მაყურებლის დაინტერესება თეატრით.  

 

თუმცა ფაქტია, რომ აგერ უკვე 20 წელზე მეტია, თავისუფალი თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი მაყურებელს, თავის გამორჩეულ სპექტაკლს  „კომედიანტებს“ სთავაზობს.  მის მიერ გადმოქართულებულ ოსბორნის  „კომედიანტებს“ დადგმის დღიდან მაყურებელი არ აკლია. მეტიც, მასზე მოსახვედრად ბილეთები თვეებით ადრე გაყიდულია.

 

„კომედიანტების“ ისტორიაში, არ არსებობს დღე, როცა სპექტაკლზე ერთ სკამიც კი თავისუფალი დარჩენილიყო.

 

ახლა ალბათ მკითხველს, კიდევ ერთი კონტრარგუმენტი, უფრო სწორედ კი შემხვედრი კითხვა  ექნება: გააჩნია ვინ დადის და რამდენადაა ახალგაზრდობით სავსე დარბაზი? სწორედ, რომ ეს კითხვა უნდა დაისვას და მე მაქვს პასუხი, მაყურებლის 80 % -ზე მეტი ჯენზი თაობაზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ავთო ვარსიმაშვილის, საინტერესო რეჟისორული გადაწყვეტებითა და უახლესი ისტორიული მოვლენებით გაჯერებული პიესის მიხედვით დადგმული „კომედიანტები“, ქართველ მაყურებელში ინტერესს არ კარგავს და აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლზე მისული ადამიანი, თუ ყურს კარგად დაცქვეტს, გაიგებს, რომ იქ ხალხი, მეორედ, მესამედ, ზოგიც კი მეოთხედ არის მისული, ამ დადგმის სანახავად.

 

„კომედიანტები“ სწორედ ის სპექტაკლია, რომელზეც  მისული ახალგაზრდობა, მშობლებისგან, ბებია-ბაბუებისგან, ნათესავებისგან მოსმენილ ისტორიებს ადევნებს თვალს, გაცოცხლებულს სცენაზე, გაცოცხლებულს და არა გათამაშებულს, რადგან მსახიობები: რამაზ იოსელიანი, აპოლონ კუბლაშვილი, მარიამ ნადირაძე, ანასტასია ვარანიუკი და მამუკა მუმლაძე თითქოს არაფერს თამაშობენ. მათი სცენური გულწრფელობა გვაძლევს ამის თქმის საშუალებას.

 

რამაზ იოსელიანის, ბაბუა ვახტანგი, დამსახურებული არტისტი, ერთ დროს ცნობილი ქართული თეატრის, ცნობილი კაშკაშა ვარსკვლავია, რომელიც უკვე უფუნქციოდ არის დარჩენილი. რამაზ იოსელიანისთვის, როგორც მსახიობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ასეთი სევდიანი და ტრაგიკული ბედის არტისტის როლის შესრულება. თუმცა, მის მიერ შექმნილი ვახტანგის მხატვრული სახე, საინტერესო ხასიათის, დამაფიქრებელი ქცევების, ამაღელვებელი, ემოციური, ზოგჯერ ღიმილის, ზოგჯერ კი ცრემლების მომგვრელი პერსონაჟია. რამაზ იოსელიანი იმდენად ბუნებრივი და წრფელია, რომ მაყურებელს უჭირს ხოლმე დაჯერება, რომ თეატრშია. იოსელიანი, პირდაპირი მნიშვნელობით სამსახიობო ოსტატობის მასტერკლასს ატარებს სცენიდან და გიჭირს სხვა პერსონაჟებზე ყურადღების გამახვილება, ვინაიდან მისი მანერა, გააზრებული როლი არ გაძლევს უფლებას, რომ წამითაც თვალი მოწყვიტო და სხვაზეც კონცენტრირდე.

აქვე ის ფაქტიც უნდა აღინიშნოს, რომ მიზანსცენებში, განსაკუთრებით კი მონოლოგებში, მაშინ როცა მოხუცი მსახიობი შვილიშვილის სიკვდილის, უფრო სწორედ კი ომში დაღუპვის შემდეგ თეატრს უბრუნდება, რომ ითამაშოს, რამაზ იოსელიანის ვახტანგს მაყურებელი, რამდენჯერმე, მოურიდებლად უკრავს ტაშს, ნიშანდობლივია ის რეაქციებიც, რომელსაც მისი პერსონაჟი იწვევს. მაყურებელს არ ერიდება, შუა სპექტაკლის დროს ხმამაღლა დაიყვიროს „ბრავო“ და მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვოს ვახტანგის როლის შემსრულებელი მსახიობი.  

 

მიხეილ თუმანიშვილის მოწაფისგან გასაკვირი არ არის, რომ მსახიობი მაყურებლისთვის დღესაც შთამბეჭდავია. მისი მანერა, პლასტიკა, მეტყველების კულტურა, სხეულის ენა (რაც ბევრ მსახიობს არ აქვს) გამოკვეთილად იქცევს მაყურებლის ყურადღებას და ინტერესს.

 

მარიამ ნადირაძის ელისო, ჟურნალისტია, რომელიც არტისტი ვახტანგის შვილიშვილია - იგი საინტერესო, გასული საუკუნის 90-იანი წლების ტიპური ქართველი გოგოს მხატვრულ სახეს ქმნის. ზოგიერთ სცენაში მაყურებელს იგი ხელოვნურიც შეიძლება მოეჩვენოს, თუმცა ერთ-ერთ მიზანსცენაში, როცა ძმის სიკვდილის შესახებ, რამაზ იოსელიანის ვახტანგი, ოჯახს ამცნობს - „ლევანი დახვრიტეს“ - მარიამ ნადირაძე სცენაზე მომხდარ მოვლენას იაზრებს და მაყურებელს განადგურებული, თავზარდაცემული დის განცდებს გვიჩვენებს. თუმცა ამ მიზანსცენაშიც, მაყურებლის მზერა ისევ რამაზ იოსელიანის ვახტანგზე და მის ქმედებებისკენ გარბის, მაყურებელი გაფაციცებით, სუნთქვაშეკრული აკვირდება ბაბუა ვახტანგის ქცევებს, მის თითოეულ მოქმედებას, სახის მიმიკას, ბორძიკით გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც შინაგანი მდგომარეობის შედეგი უფროა, ვიდრე ფიზიკური უძლურების...

 

ანასტასია ვარანიუკის ნატალია, ვახტანგის რძალი, პროფესიით მსახიობია, იგი გამოჩენილი და პოპულარული მსახიობების ოჯახში ცხოვრობს და მას, როგორც მსახიობს, ამ სახლში სერიოზულად არავინ აღიქვამს, სპექტაკლში, იგი, გრიბოედოვის თეატრიდან გამოგდებული მსახიობია. თუმცა ანასტასია ვარანიუკის ნატალია, როცა შვილის დახვრეტის შესახებ ინფორმაციას იგებს, უდავოდ საინტერესოდ ხატავს შვილმკვდარი დედის სახეს, იგი იმდენად იჭრება როლში, რომ ცრემლების „ღვარვღავრით“ იხუტებს შვილის პერანგს, ძალიან ემოციური სცენაა და შეიძლება ითქვას, რომ ვარანიუკს სამსახიობო ოსტატობის გამოვლინების შესაძლებლობა სწორედ ამ სცენაში მიეცა და მოახერხა მაყურებლის ატირება კიდეც.

 

აპოლონ კუბლაშვილის ოთარი, მამის კვალს გაჰყვა, ისიც არტისტია. თუმცა, იგი ქვეყანაში შექმნილი საშინელი (პოლიტიკურ-სოციალური) გარემოების გამო, ძირითადად მასხარას როლშია. რეალობაა კი, ისაა, რომ სპექტაკლში, აპოლონ კუბლაშვილის ოთარი, მასხარას როლს ირგებს, იგი ლოთია, რომელსაც დალევის გარდა ხსნად არაფერი მიაჩნია. აპოლონ კუბლაშვილის ოთარი გარემოებით დაღლილია, თუმცა დალევის მიღმა, მისთვის სამოთხეა თეატრი, სცენა, სპექტაკლი და როლი. აპოლონ კუბლაშვილი საინტერესო პერსონაჟის მხატვრულ სახეს ქმნის, რომელიც მაყურებელში ზიზღიდან დაწყებული, სიყვარულით გაგრძელებული და შეცოდებით დასრულებული ყველანაირ ემოციას იწვევს. კუბლაშვილი ერთადერთია, რომელიც რამაზ იოსელიანის ვახტანგს სცენაზე ღირსეულ პარტნიორობას უწევს.

 

გამორჩეულია, კუბლაშვილის რამდენიმე სცენა - დიალოგი შვილთან, მარიამ ნადირაძესთან, როცა დაგროვილ ემოციას, პირდაპირი მნიშვნელობით ამოანთხევს შვილის წინაშე, თუ როგორ დაიღალა, როგორ უმძიმს ყველაფერი, რომ რეალურად სასმელით და როლებით ებრძვის იმ რეალობას რაც ქვეყანაშია. კუბლაშვილის ოთარის ყველა ქმედება, სცენაზე ორგანული და ბუნებრივია. მისი მანერები, მოძრაობა, საუბრის სტილი მიუთითებს მის პროფესიონალიზმს. მაყურებლისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, შვილის დატირება. დასაწყისში, უდარდელი კაცის მანტია მოსხმული კუბლაშვილი, რომელიც მაყურებლისთვის საძულველი კაცია, უცებ ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ხდება.

 

არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდოთ, მამუკა მუმლაძის ბონდოს - ჯამბაზი? მასხარა? არტისტი?  - თუმცა ისტორია, რომელსაც მამუკა მუმლაძის ლოთი ბონდო ჰყვება, სპექტაკლის ლაიტმოტივია, რომელსაც მაყურებელი ისედაც ხვდება.

 

ფინალური სცენა, როცა ანასტასია ვარანიუკის ნატალია და აპოლონ კუბლაშვილის ოთარი, შვილის ლევანის დახვრეტის, რამაზ იოსელიანის ვახტანგის გარდაცვალების  და მარიამ ნადირაძის ელისოს ომში წასვლის შემდეგ, როცა რეალურად მათი ცხოვრება უკვე დასრულდა, ყველა ძვირფასი ადამიანი გამოეცალათ, როცა გლოვის ჟამი უდგათ, ორივე მსახიობი არტისტის რეალურ სახე ხატავს, ხსნიან ჩემოდანს, რომელშიც მათი ოჯახის ისტორიაა - როლებია, რომლებიც წლების განმვლობაში მათ ითამაშეს, ფურცლებს ყრიან და გაჰყვირიან  - „მაინც ვითამაშებ“ „მაინც ვითამაშებ“ „მაინც ვითამაშებ“.

 

ვარანიუკი და კუბლაშვილი, ნამდვილი არტისტის ბუნებას ხატავენ, ეს მხოლოდ პროფესიაზე გაგიჟებამდე შეყვარებულ ადამიანებს შეუძლიათ. ითამაშონ სპექტაკლი შვილის, შვილიშვილის, ოჯახის წევრის დაკრძალვის დღეს. ითამაშონ და დაავიწყდეთ ყველაფერი, ოღონდ სცენაზე იდგნენ. როლებისთვის ყველაფერს დათმობენ, ყველა ტკივილს დაივიწყებენ და მაინც ითამაშებენ.

 

ავთო ვარსიმაშვილის „კომედიანტები“ დღემდე აქტუალობას არ კარგავს, იგი გამორჩეული სპექტაკლია ყველა თაობისთვის. რაზეც სპექტაკლის ბოლოს, პაკლონზე გამოსული მსახიობებისთვის დაკრული შეუწყვეტელი ტაშიც მოწმობს. ალბათ მსახიობები კულისში, რომ არ გაბრუნებულიყო,  მაყურებელს გულწრფელი ოვაციების გამოხატვა არასდროს მობეზრდებოდა.

 

ნიშანდობლივია, ის ფაქტიც, რომ „კომედიანტებში“, ოთარის როლს წლების განმავლობაში ნიკო გომელაური ასრულებდა. სწორედ, 12 ივლისს ნიკო გომელაურის 54 წლის იუბილეზე, კომედიანტები ნიკო გომელაურის გახსენებით დაიწყო და სპექტაკლის შემდეგ ნიკო გომელაურის გახსენებით დასრულდა. წლები გავიდა, თუმცა ნიკო გომელაური მაყურებლისთვის დაუვიწყარ არტისტად რჩება, რასაც თავისუფალ თეატრში მისული მაყურებლის ოვაციები ირწმუნებოდა.

 

რა საინტერესოა, ერთ დროს ცნობილი ქართული თეატრი, ნეტავ მართლა აღარ არსებობს? ნუთუ თქვენც არ იცით ვერიკო ვინ იყო?

bottom of page