კომედიის ფესტივალი პანდემიის პირობებში
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გუბაზ მეგერელიძე
კომედიის ფესტივალი პანდემიის პირობებში
გორის კომედიის საერთაშორიო ფესტივალი 2014 წელს, რეჟისორ სოსო ნემსაძის ინიციატივით დაარსდა და მისი სლოგანი გახლდათ `დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს”. ამ ფესტივალმა მაშინ პირველად გააღიმა ნაომარი გორი., ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი წამოწყება გახლდათ. ის, რომ ყურადღება გამახვილდა კომედიური ჟანრის სპექტაკლების დადგმებზე, თეატრებისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევა გახლდათ. წელს კი, მსოფლიო ეპიდემიის პირობებში, ფესტივალმა რუსთავში გადმოინაცვლა ახალი დევიზით `ეს დრამა არ არის”. სამწუხაროდ, გორის მერიას სათანადო თანხები არ აღმოაჩნდა, საბედნიეროდ რუსთავის ხელმძღვანელობამ ფესტივალის უზრუნველყოფა შეძლო. ამას გარდა, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, დაინტერესებულია თეატრის განვითარებით და ყოველმხრივ ხელს უწყობს სათანადო პირობების შექმნით. თეატრის ეზოში მოეწყო გადახურული სცენა და ასე გაჩნდა მაყურებელთა 150 კაციანი დარბაზი ღია სივრცეში, რაც სპექტაკლის საჩვენებლ შემოქმედებით და ტექნიკურ გარემოს ქმნის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს თეატრის ახალი გამომსახველობითი საშუალებების ჩვენებას.
ტრადიციული 10 დღიანი, კარნავალური მსვლელობით გაფორმებული საზეიმო მსვლელობა ამჯერად შეიზღუდა პანდემიის პირობების გამო და კარნავალი `კორონოვალური” სიტუაციით შეიცვალა. ამიტომ მხოლოდ 6 დღე, 13-17 ოქტომბერს, მოკრძალებულად, არსებული რეგულაციების დაცვით, ჩატარდა. მაყურებელს მიეწოდებოდა პირბადე, ხელთათმანები და სადეზინფექციო საშუალებები.Fფესტივალი ტრადიციისამებრ იხსნებოდა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლით და რუსთაველის თეატრის დადგმით მთავრდებოდა, წელს კი ეს უკანასკნელი ვერ ვიხილეთ. ფესტივალზე ვერ ჩამოვიდა ლვოვის აკადემიური თეატრი `ვოსკრესენი” და ამიტომ მოეწყო მისი ვიდეოსპექტაკლის `მატარებელი ლვოვიდან” (რეჟ. იაროსლავ ფედორიშინი) ჩვენება. ასევე, გაიმართა ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, ლევან ხეთაგურის მასტერკლასი `თანამედროვე თეატრი-დღეს”.
ფესტივალი გაიხსნა მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლით `ჩვენი ახალგაზრდობა”. არ ვიცი, რატომ დაინტერესდა დრამატურგ კიტა ბუაჩიძის 1940 წელს დაწერილი კომუნისტური იდეოლოგიის გამომხატველი, თუმცა იმ დროს საკმაოდ პოპულარული, პიესით რეჟისორი გოგი ქავთარაძე. სპექტაკლის დასაწყისში მსახიობები გვამცნობენ, რომ წარმოადგენენ მათი წინა თაობის - მშობლების, ბებია-ბაბუების - ცხოვრებას, მათ დამოკიდებულებებს პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი. ამ მიზანს სპექტაკლი, ასე თუ ისე, აღწევს. მსახიობები განასახიერებენ გასული საუკუნის 30-იანი წლების თაობის ცხოვრებას. მათ გმირებს ახასიათებთ იუმორი. ეს გახლავთ უპრეტენზიო სპექტაკლი, არ იგრძნობა თეატრალური სიახლეები. მსახიობები გვიჩვენებენ თავიანთი გმირების ხასიათებს: ირ. ჩხიკვაძის ნაპოლეონი, გ. კიკნაძის ბურდღუ, ნ. ძოწენიძის ჯიმშერი, ნ. დოღონაძის შოთა, თ. თავაძის ფოსინე, ლ. ოყროშიძის მუზა, ნ. წულაძის გულიკო, გ. სალუქვაძის თენგიზი, კ. სამუშიას ივანე, ლ. ფილფანის გულიკოს დედა და თ. პაპიძის კოლორიტული ნომენკლატურული მუშაკი გმირთა ცხოვრებას მსახიობები გულწრფელი, სადა ურთიერთობებით წარმოგვიდგენენ. არ იკარგება მათი ხასიათების ძირითადი შტრიხები და მაყურებელზე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებენ.
მესხეთის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი `...მათრობს და მხიბლავს” (ავთ. ვარსიმაშვილის პიესა ნ. პტუშკინას პიესის მიხედვით). ეს გახლავთ ლირიკული დრამა-ზღაპარი ცხოვრებაში აუხდენელი ოცნებების რეალიზების წარმოდგენაზე. ლია სულუაშვილის დედა ცდილობს სიკვდილის წინ მაინც აიხდინოს ოცნება და ქალიშვილის ბედნიერებას მოესწროს. თავიდანვე უიმედოდ განწყობილი, უცებ იცვლება უცხო კაცის გამოჩენისას და ცდილბს ხელი შეუწყოს ამ ურთიერთობის `დაგვირგვინებას”. თავისი გულუბრყვილობითა და მიმდობი ხასიათით იჯერებს `შვილიშვილის” არსებობასაც, ქალიშვილმა საახალწლო `საჩუქრად” რომ დაიქირავა. მსახიობი ცდილობს თავშეკავებულად გამოხატოს გრძნობები, რაც მის ცხოვრებას ბედნიერად დაასრულებს. მანანა ბერიძის გმირს თავმობეზდებული აქვს დედის შეგონებები და თავდასაღწევად უცნობი კაცის შემთხვევით სტუმრობას იყენებს. დედისთვის წარდგენილი `ძველი შეყვარებული” მისთვის ჯერ მომაბეზრებელი ადამიანია და მის წასვლას აჩქარებს, შემდგომ კი რაღაც იმედის ნაპერწკლად აღიქვამს. შემთხვევითი სტუმარი, მანუჩარ გოგოლაურის გმირი, აჰყვება შემოთავზებული `სასიძოს” როლის თამაშს, მაგრამ ბოლოს გრძნობებიც ეღვიძება გულწრფელი ურთიერთობების დანახვისას. ლია გოგიძის `შვილიშვილი” შეუმდგარი ახალგაზრდა გოგოა, შემტხვევის გამოყენებაზე უარს არ ამბობს და `ბებიას” ნაჩუქარი ძვირფასეულობით გარბის, თუმცა ნაგრძნობი ოჯახური სითბო უკან აბრუნებს და მისთვის უკვე ძვირფას ადამიანებს იძენს. რეჟისორმა კახა გოგიძემ ყურადღება მსახიობთა მიერ ხასიათების ლირიკულ განწყობაზე გადაიტანა, რითაც მათი სახეები რეალური და მისაღები გახადა მაყურებლისთვის.
ქუთაისის თეატრმა ავქ, ცაგარლის ვოდევილი `ჭკუისა მჭირს” გვიჩვენა. ახალგაზრდა რეჟისორმა გიგი ლორიამ მოქმედება გათაანამედროვა. სცენაზე დასვა მუსიკოსები: ბეგი ნიკოლეიშვილი, თათა თევზაძე, თორნიკე კერესელიძე. ისინი სინქრონულად ერთვებიან მოქმედებაში და კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის მუსიკა, ქორეოგრაფ სალომე ფილიშვილის პლასტიკური მონახაზი კარგად გამოხატავს სიტუაციის მსველობასა და გმირთა განწყობასაც. მართალია, გარემო XIX ს.აუკუნიდან თანამედროვე სივრცეშია გადმოტანილი, სადაც მობილურ და ძველებურ ტელეფონებს, გმირთა სხვადასხვა ეპოქის კოსტიუმებსა და ავეჯს დიდი დისონანსი არ შეაქვთ მოქმედებაში. ანა ჩოგოვაძის ტასო, იოანე იმედაძის ბოქაული, ნიკა კობახიძის მევახშე ირონულად წარმოგვიდგენენ კომიკურ სიტუაცუიას, იმ გაუგებარ სიტუაციებს, რომლებიც გმირებს მოულოდნელ ვითარებებში აყენებს. რეჟისორი გიგი ლორია წარმოადგენს თანამედროვე თვალითა და იუმორით დანახულ წარსულს, გვიჩვენებს უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილ გმირთა ურთიერთობებსა და შეფასებებს, რაც სპექტაკლს სახალისო სახეს აძლევს.
რუსთავის თეატრმა სრულიად მოულოდნელი სიურპრიზი შესთავაზა მაყურებელს. `შექსპირი-ბადე” ასე ჰქვია რეჟისორ სოსო ნემსაძის მიერ შექსპირის პიესების მიხედვით შექმნილ ოპუსს, რომელიც პანდემიაზე ხუმრობას გვთავაზობს. აღსანიშნავია მწერალ ელიზბარ უგულავას მიერ ტექსტის ისეთი ზუსტი ადაპტაცია, რაც ავტორისეულ ტექსტთან ახლოს დგას და მისი ბუნებიდან გამომდინარეობს. არ არღვევს ნაწარმოებთა არქიტექტონიკას და მსახიობებსაც უადვილებს ახლებურ თამაშს. სპექტაკლში გაერთიანებულია სცენები `მაკბეტიდან”, `მეფე ლირიდან” და `ვენეციელი ვაჭარიდან”. ცნობილი ტრადეგიების კომიკურ ჟანრში წარმოდგენა სახალისო სანახაობად იქცა, სადაც გმირები პანდემიით გამოწვეული სიტუაციებიდან გამომდინარე მოქმედებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ შექსპირმა `მაკბეტი” და `მეფე ლირი” შავი ჭირის ეპიდემიის დროს დაწერა და რეჟისორისთვის ეს გარემოებაც იდეის მიმცემი შეიქნა.
სპექტაკლი იწყება მანეკენების უკან მდგარი მსახიობთა გამოსვლით, თითქოს ემიჯნებიან შექსპირულ ეპოქას და ახალ დამოკიდებულებას გვთავაზობენ. `მაკბეტის” ალქაჯები აერთიანებენ სხვადასხვა პიესის მოქმედების არეალს, ხაზს უსვამენ არარეალურ გარემოსა და ირონიულ განწყობასაც მატებენ სპექტაკლს. მსახიობების: ზვიად დოლიძის, ნათია არბოლიშვილის, ზურა ფიროსმანიშვილის, მერი ფხოველიშვილის, ნათია მელაძის, ნიკო მოსიაშვილის, ანა შარვაძის, იოსებ ელიზბარაშვილის, რევაზ კოროშვილის, სოფიკო ჩხიტუნიძის, ზაზა თაგოშვილის გმირები თავიანთი იუმორითა და სატირით გვიხატავენ შექსპირულ და ამავე დროს თანამედროვე ადამიანებს, რომლებიც უჩვეულო სიტუაციებს გაითამაშებენ.
ფესტივალი დაიხურა ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლით `ორთა ბოდვა”. ეჟენ იუნესკოს ეს აბსურდის დრამის პიესა რეჟისორმა კოკო როინიშვილმა იუმორნარევი ირონიით განახორციელა. პიესის სევდიან-დრამატული ტონი კომედიურ-ირონიული ასპექტითაა შეცვლილი, რაც გმირებს უხერხულობას არ უქმნის. სპექტაკლი მსახიობების თეკლა ჯავახაძისა და ირაკლი გოგოლაძისგან მოითხოვდა იმპროვიზაციისა და საკუთარი დამოკიდებულების ჩვენებას გმირებისადმი. ამავე დროს, უნდა გამოჩენილიყო გმირთა ის უსუსური ყოფა და სინამდვილის რომანტიკული ხედვა, რაც მათ არსებული ომის პირობებს ვერ გააცნობიერებინებდა. ეს ადამიანები, მართალია, 17 წელი ერთად ცხოვრობენ, მაგრამ თავიანთი სიჯიუტით, ჩხუბითა და კონფლიქტური სიტუაციებით ვერ ცვლიან რეალობას და ბედნიერების იულუზიას ქმნიან. მართალია, ომი სახლში აქვთ გაჩარებული, მაგრამ კუსა და ლოკოკინის ნიჟარებზე მსჯელობენ, ამ დავაში ხან სცივათ და ხან სცხელათ, თუმცა ოთახში სტაბილური ტემპერატურაა, ხან ერთამნეთს საგნებს ესვრიან და მერე რიგდებიან, ხან უყვართ და ხანაც სძულთ ერთმანეთი, მაგრამ მოქმედების სახეცვლილებას მსახიობები ბუნებრივად ახერხებენ, შეფასებებსაც ზუსტად გამოხატავენ, რაშიც პლასტიკაც (ქორეოგრაფი თ. წულაძე) ხელს უწყობთ.
შეზღუდული პირობების მიუხედავად, ფესტივალმა თავისი დანიშნულება შეასრულა, თეატრებიც პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და სასიკეთო შედეგიც მივიღეთ. ეს გახლდათ ფესტივალი, სადაც კომედიური ჟანრის აღრევა არ მომხდარა (წინა წლებიგან განსხვავებით) და ახალგაზრდა მსახიობთა შესაძლებლობებიც საინტერესოდ გამოვლინდა.