ახალი „კუკარაჩას“ დაბრუნება
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი „კუკარაჩას“ დაბრუნება
ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას თეატრმა 157-ე სეზონი პრემიერით, ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „კუკარაჩა“ ახლებური სცენური ვერსიით გახსნა. დადგმის ავტორი, რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასო ჩიგოგიძეა, რომელსაც უფროსი თაობის თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შორის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების სცენაზე გადატანის ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ინსცენირებაზე დრამატურგმა ნინია სადღობელაშვილმა იმუშავა, რომელმაც ინცენირებისას არ დაკარგა ავტორისეული ატმოსფერო და იუმორი, ასევე ეპოქა, რომელიც თანამედროვე ვისთვის უცნობი წარსულია (განსაკუთრებით, ახალგაზრდებისთვის, რომელიც მაყურებელთა უმრავლესობას წარმოადგენდა) და ვისთვის პირადი წარსული (უფროსი თაობის მაყურებლისთვის „კუკარაჩას“ ისტორია ახალგაზრდობაა, სენტიმენტალური წარსულია). ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში წამოჭრილი საკითხები, რომელიც დღესაც აქტუალურად ჟღერს, რეჟისორმა მოკლე, სხარტ და დინამიკურ სპექტაკლად აქცია.
რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე ძირითადად ავტორისეულ ვერსიას მიყვება და არც ეპოქას ცვლის, არც მოთხრობაში წამოჭრილ აქცენტებს. ამიტომაც, ოზურგეთის თეატრის ახალი დადგმა ტრადიციულ გზას მიჰყვება, რომელსაც სიამოვნებით იღებს მაყურებელი, ვინაიდან ასეთია მისი დაკვეთა. ინტერპრეტაციის თვალსაზრისით აღსანშნავია ერთი გარემოება - „კუკარაჩაში“ გაჩნდა გიჟი მარგო „მარადისობის კანონიდან“, რომელსაც პოეტურად ასრულებს ბელა კიკვაძე. მისი ხაზი რეფრენად გასდევს სპექტაკლს, რომლის მონოლოგები ერთგვარი ხიდებია სცენებს/ეპიზოდებს შორის. ბელა კიკვაძე წარმოაჩენს ამაღლებული სულის ქალს, რომელიც თავისი პიროვნული თვისებებით და დიდი ჰუმანურობით საზოგადოების კეთილგანწყობას და სიყვარულს იმსახურებს.
მხატვარმა ლომგულ მურუსიძემ შექმნა თბილისის პეიზაჟები, სადაც მოქმედების ნაწილი ქალაქის უბანში, თბილისის ეზოებსა და ქუჩებში ვითარდება, გარკვეული სცენები კი ინგას ბინასა და პოლიციის განყოფილებაში. დეკორაცია მოძრავი სცენის საშუალებით რამდენიმე წამში იცვლება. საინტერესო და სახასიათო კოსტიუმები შექმნა ქეთი ციციშვილმა, მუსიკალურად სპექტაკლი კოტე მალანიამ გააფორმა. სხვადასხვა განწყობის და ჟანრის მუსიკასთან ერთად, სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს ცნობილი თემა სიმღერისა La Cucaracha, სასცენო მოძრაობაზე გია მარღანიამ და მარიკა ქვეითაიამ იმუშავეს, რომლებმაც შექმნეს ორგანიზებული და დახვეწილი მასიური სცენები (რეჟისორის ასისტენტი - გიორგი ჩავლეიშვილია, ხოლო ტექნიკური რეჟისორები - ეკატერინე ანთია და მაკა მამულაშვილი).
სპექტაკლი, რომელიც ვასო ჩიგოგიძემ ორ მოქმედებად დადგა, არ არის ქრონომეტრაჟის თვალსაზრისით გრძელი და მოსაწყენი, პირიქით, სიუჟეტი დინამიკურად და საინტერესოდ ვითარდება. სცენაზე გათამაშებული მოვლენების მიმართ ინტერესს მსახიობები განაპირობებენ, რომლებიც მრავალფეროვან მხატვრულ სახეებს და ტიპაჟებს ქმნიან. გიორგი დოლიძემ, რომელმაც ბოლო პერიოდში არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ექვთიმე, გოჩა კაპანაძის სპექტაკლში „ექვთიმე ღვთისკაცი“), ახალ დადგმაში ქმნის სრულაიდ განსხვავებულ ტიპაჟს. ის კუკარაჩას როლს ოსტატურად ირგებს, ისე როგორც მურტალოს ტიპურ სახეს ქმნის ლევან საღინაძე. ინგას როლს კი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი თამარ ჭანუყვაძე ასრულებს, რომლის დებიუტიც ოზურგეთის თეატრის მსახიობის ამპლუაში სწორედ ამ სპექტაკლში შედგა. აღსანიშნავია, რომ მსახიობის ფაქტურა, დახვეწილი მოძრაობა და მეტყველების მანერა განაპირობებს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას მაყურებელში. ოზურგეთის თეატრის სპექტაკლში ინგა - თამარ ჭანუყვაძე იქცა სპექტაკლის ეპიცენტრად. მსახიობი ეტაპობრივად, ეპიზოდების კვლადაკვალ გვიჩვენებს პერსონაჟის მხატვრული სახის ხასიათის განვითრებას, ერთგვარ მეტამორფოზას. გამორჩეული ფიგურაა სპექტაკლში თამარ მდინარაძის მიერ შესრულებული ანიკო. მსახიობი ქმნის დახვეწილი და კეთილშობილი ინტელიგენტი ქალის ტიპაჟს. მასთან ერთად გამორჩეულია მისი სცენური პარტნიორი, ოზურგეთის თეატრის სტუდიელი მამუკა ღლონტი (თამაზი). ბიჭუნა ორგანულად ირგებს ანცი ყმაწვილის ნიღაბს და გვიჩვენებს მისი ხასიათის ფორმირების ფაზებს. მამუკა ღლონტის მიერ სამჯერ მგზნებარებითა და სცენური ტემპერამენტით წარმოთქმული ფრაზა - „კუკარაჩა მოკლეს“ დიდ ემოციას იწვევს მაყურებელში, რაც განპირობებულია ახალბედა პატარა მსახიობის სცენური გულწრფელობით. მაყურებლის ოვაციის თანხლებით თამაშდება რებეკას (თეა კეჭაყმაძე) და მოსეს (გიორგი ჩავლეიშვილი) სცენები, ისე როგორც მაყურებელში გულიან ხარხას იწვევს ალისა (გენადი ნიკოლაიშვილი) და იბრაჰიმას (ლუკა ჯულაყიძე) დანის დაკარგვისა და პოვნის ეპიზოდი. აღსანიშნავია შორენა გვეტაძის (ანჟელა) და მარიკა ასათიანის (მართა) შესრულება. ისინი გრიმით, ინტონაციითა და საუბრის სტილით განსხვავებულ მხატვრულ სახეებს ქმნიან. არანაკლებ სახალისო საცქერელია პოლიციის განყოფილებაში გათმაშებული ეპიზოდები. სახასიათო ტიპაჟს ქმნის ზაზა ჯინჭარაძე (დავითი), ის და გიორგი დოლიძე კარგად არიან შეთამაშებულები და სცენური პარტნიორობის კარგ მაგალითს გვიჩვენებენ. ამ ეპიზოდებში ასევე მონაწილეობს ირაკლი ვადაჭკორია (გაბო). მოსამართლის ტრადიციულ სახეს ხატავს დავით კვერღელიძე. სპექტაკლში ვიოლინოზე უკრავს ლილე ღლონტი, სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ: გიორგი მჟავია, გიორგი მარგველანი, მარი ხანთაძე, ქრისტინე დოლიძე, ჯაბა მორჩილაძე, ვახო ტიკარაძე, ნინი მეგრელიძე, ნიაკო კიკვაძე.
„ნოდარ დუმბაძის უკვდავი პერსონაჟები, რომელთა სულიერი სამყარო სავსეა ჰუმანიზმითა და მაღალზნეობრივი იდეალებით, კვლავაც გვიხატავენ სიცოცხლისა და სიკვდილის, პიროვნული ყოფის სიღრმეებს. რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე ამ სპექტაკლით კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ნოდარ დუმბაძის შემოქმედების სიდიადეს და მის მუდმივ აქტუალობას“ - ვკითხულობთ სპექტაკლის პროგრამაში. ვფიქრობ, ოზურგეთის თეატრის ახალი სპექტაკლი „კუკარაჩა“ დიდხანს დარჩება თეატრის მოქმედ რეპერტუარში, რისი გარანტიც მაყურებელთა მიერ გამოხატული დაუფარავი და გულწრფელი ოვაცია გახლავთ.