„ყვარყვარე“ ზესტაფონის თეატრში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
მანანა თევზაძე
„ყვარყვარე“ ზესტაფონის თეატრში
რამდენიმე დღის წინ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრში პრემიერა შედგა - პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარემ“ ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ ვატო ჯუღელის დადგმით, სრულიად ახლებური სიცოცხლე შეიძინა და მაყურებელს ძალიან საინტერესო სანახაობა შესთავაზა. ვატო ჯუღელი თავად არის საინტერესოდ მოაზროვნე ახალგაზრდა რეჟისორი, მისდამი დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი, თუმცა ჩემი სიმპატია ყველა ახალგაზრდა რეჟისორს ეკუთვნის, რომელთა სპექტაკლებიც ამ წლის მანძილზე ვნახე. ჩემი აზრით, ქართულ თეატრს თანამედროვედ მოაზროვნე რეჟისორთა თაობა მოევლინა, რომელთა შემოქმედებაც თანდათან იხვეწება, ძლიერდება და საქვეყნო სახელსაც მოიპოვებს.
ზესტაფონის თეატრის შენობა, თითქმის ყველა რეგიონულ თეატრთა შენობის მსგავსად შავ დღეშია და რამდენადაც ვიცი, მისი რეკონსტრუქცია 2025 წლისთვისაა გათვალისწინებული. იმედს ვიტოვებ, რომ გეგმებში არაფერი შეიცვლება და მაყურებელი თეატრალურ სეზონებს განახლებულ, ლამაზ შენობაში შეხვდება.
მაგრამ ჩემი სათქმელის მთავარი თემა „ყვარყვარეა“, სრულიად უნიკალური დრამატული ნაწარმოები, შემქმნელი „დიდი დიქტატორის“ მსგავსი ზოგადსაკაცობრიო ტიპისა!
ცარიელ სცენაზე, ფერადი აბრეშუმის მოფრიალე კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები შემოიჭრებიან და სპექტაკლიც ცეკვა-სიმღერით იწყება. სიმღერის პირველივე სტრიქონი, ასე ნაცნობი და არ ვიცი, ვისთვის როგორ და ჩემთვის კი, ცრუ ფრაზაა - თავისუფლება გვინდა! ჯოს... ჯოს... ჯოს...
უცებ სროლა, კვამლი, არევ-დარევა... და აიშლება სცენა, ჩამოეშვება უკანა ფარდა, მასზე დახატული ბუხრით, ლობიოს ქოთნით, ღვინის შტოფით, დოქებით... წინ, სცენაზე კი - ტაბლა ღვინის ხელადით. ასეთი დეტალებით იქმნება სოფლის ტრადიციული ინტერიერი იქვე ჩაძინებული მეწისქვილეთი, ქუჩარათი და ყაყუტათი - გიტარითა და დოლით და რაღა თქმა უნდა, იქვეა ყვარყვარე, ზოლიან, ძველებურ პიჟამოს მსგავს შარვალში გამოწყობილი, მუცელზე გადმოწეული, აჩაჩული ნარინჯისფერი პერანგით... გარეგნულად, არც ერთ მათგანს არაფერი სცხიათ კაკაბაძის გმირების ტრადიციული წარმოდგენისა, თუმცა რაღა დროს ტრადიციული წარმოდგენებია, როდესაც გარეთ 21-ე საუკუნე დაუნდობლად შლის ფასეულობებსა და ღირებულებებს.
სპექტაკლის დასაწყისშივე ოთხივენი ნასვამი კი არა, კარგად მთვრალი არიან, ფეხები ებლანდებათ, რაღაცეებს მიედ-მოედებიან, ნაპოვნი ვაშლის ლაზღანდარობით განაწილებისას მოულოდნელი ფრაზა ისმის: - ვაშლი ხომ ჩვენი სამშობლოა და ჩვენ გარდა, სხვამ ვინ უნდა შეჭამოს?
და უცებ ხვდები, რომ ეს უბრალო ვაშლი იმათი მსხვერპლია, ვინც ჭამის გარდა, სხვა არაფერი იცის... სწორედ ამ ერთი ვაშლის სიმღერ-სიმღერით შექცევისას თავს იჩენს ყვარყვარესეული სიბრძნის კორიანტელი, რომ მხოლოდ ვაშლი არ არის სამშობლო, არამედ ვაზიც არის სამშობლო, ტყლაპიც არის სამშობლო და რა უნდა აკეთო მათი სიყვარულით? რა თქმა უნდა, უნდა სჭამო და ყლაპო ეს სამშობლო, მხოლოდ უნდა შეირგო, ისე რომ ყელში არ გაგეჩხიროს!
მეტი რაღა უნდა ეთქვა ამ ყვარყვარეს?
პირველივე ფრაზიდან ნათელი შეიქნა სპექტაკლის პათოსი: ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! შესაჭმელ და ადვილად მოსანელებელ სამშობლოს!
და უნებლიედ ვფიქრობ, ნუთუ ეს ტექსტი პოლიკარპე კაკაბაძეს ეკუთვნის? რაღაც გამომრჩა? ახლა ხომ ისე მიღებულია კანონიკური ტექსტის მოდელირება...
ამასობაში ყვარყვარეს მონოლოგი-შეგონება გრძელდება: - ჩვენი ცხოვრება ერთი პატარა მინდორიაო... სამშობლოს შველა სჭირდებაო, შველას კი - გონება... არ ვიცი, რატომ, ცრემლი მადგება თვალზეო და... გრძელდება სიმღერა...
ჩინებულად, ხმაშეწყობილად მღერიან თეატრის მსახიობები, მაყურებელსაც მოსწონს ეს სიმღერები... აბა რა, დარბაზში ხომ ქართველები სხედან, ქართველებს კი უყვართ სიმღერა, გიტარა და ჩქარი ტაში... და კვლავ ვფიქრობ, ნეტავ, ვის ეკუთვნის სიმღერების ტექსტი?
რა მონდომებით ცეკვავენ არტისტები, განსაკუთრებით მეწისქვილე, რაღაც ხაზგასმით კომიკურად, ფეხებდაბრეცით... ამ პირველსავე სცენაში დაიძრა მაყურებლის თანმდევი ტაში...
სცენა - სცენას სწრაფად ენაცვლება, რეჟისორის მიერ შერჩეული და დამუშავებული ტემპო-რიტმი, დროის უსწრაფეს ცვლილებას მოწმობს; სულ უფრო თანამედროვე ხდება მოქმედება, კვლავ ისვრიან, პოლიციის სირენა ისმის... ალისფერ კაბაში გამოწყობილ გულთამზეს არც ალისფერი ფეხსაცმელი დავიწყნია, არც მაღალი, სათეატრო ხელთათამანი, ამგვარი კოსტიუმი მის „მაღალზნეობრივ“, პროგრესულ სახეს ახასიათებს; წითელ მაისურსა და მოშავო-მოლურჯო ტყავის ქურთუკში გამოწყობილ მის რჩეულ მზეჭაბუკს, მომწვანო სათვალე უმშვენებს ცხვირ-პირს... მხოლოდ ესაა, რომ გულთამზე ამერიკულ-ინგლისური აქცენტით მეტყველებს, მზეჭაბუკი კი, ძველბიჭურ, თბილისურ-ქუჩურად... ისინი არიან ამ სამყაროში ახალ ტენდენციათა დამამკვიდრებელნი.
აქვე არიან ყვარყვარეს დამტუსაღებელი კარგი და ცუდი პოლიციელები...
სიუჟეტურად, თითქოს კაკაბაძეა, თითქოს - არა...
სცენაზე გამართულ აურზაურს თანდათან ემატება სიმძლავრე: თეთრსამოსიან, თეთრნიღბოსან მსახიობებთან - ახალ დროების პროპაგანდისტებთან ერთად შემოდის ჟურნალისტი, ნამდვილი კურტიზანი, წითელ შორტში, წითელ, შლეიფის მსგავს მოსასხამში, შავ, მაღალყელიან წინდებზე წითელი წვივსაკრავებით და რაც მთავარია, ღრმად დეკოლტირებული, პუტკუნა ქალი, რომელიც რეჩიტატივით გვამცნობს, რომ ნანატრი თავისუფლება ათავისუფლებს ყვარყვარეს - რევოლუციის მთავარ ლიდერს, დემოკრატიის გუბერნატორს და სრულიად იმერულ კილოზე მღერის თავისუფლების ჰიმნს... ახალი ყვარყვარეს დაბადებას თან ახლავს მომიტინგეთა ლოზუნგური სვლა დროშების ფრიალით - „ყვარყვარე, თავი შენ შეგვაყვარე“!
ნამდვილი შარჟი, სატირა, გაშარჟებული სიტუაცია...
სტურუას „ყვარყვარეს“ შემდეგ თუ რაიმე, მსგავსი გამაოცებდა, ნამდვილად არ მეგონა...
სად არის დომიე, რომელიც ნამდვილ მედროვეთა სახეებს დახატავდა და შთამომავლობას სახსოვრად დაუტოვებდა, თუ როგორი არ შეიძლება, რომ იყოს ადამიანი, პოლიტიკოსი, მოღვაწე!
რა ნაცნობი სიტუაციაა - კარიკატურული ყოფა, როგორსაც იქნებ კიდეც წასწყდომოდით ჟურნალ „ნიანგის“ გვერდზე, სადაც დემოკრატიის მედროშეებად ქცეულ ყაყუტასა და ქუჩარას, გამდიდრებისა და ზანდუკების დატაცების თაობაზე თავისი სურვილები არ და ვერ დავიწყნიათ...
ყოველი მუსიკალური, სასიმღერო ჩანართი, ის ერთიანი მუსიკალური დრამატურგიაა, რომელიც მოქმედებას წარმართავს; სადაც კომპოზიტორი მუშაობს, სადაც ვოკალისტი მუშაობს, სადაც ყვარყვარე მღერის ორგანულად და კონკრეტულად სახასიათოდ, თუმცა ძალიან განზოგადებულად და მიმანიშნებლადაც; სადაც ყოველი პერსონაჟის სიმღერა მისი სახის, მისი მოძრაობის, ქცევის, ლაპარაკის მანერის კონკრეტული გასაღებია და ამავე დროს ძალიან ზოგადი, საყოველთაო, ისევე, როგორ სპექტაკლში უხვად გამოყენებული ცეკვა, ცეკვა-ხალხური, სახასითო, ცეკვა - იმპროვიზირებული, ზოგადი; აქაც ქორეოგრაფიული სვლა ერთიან საცეკვაო, მოძრავ ქსოვილს აყალიბებს.
სცენის სიღრმეში, ბუხრიანი ფარდის ნაცვლად აბრეშუმის, მრავალნაკეცი, მთვარისებრ მორკალული ფარდა ეშვება, ფართოდ გახელილი, მზის სხივებიანი თვალის ემბლემა-გერბით, რომლის ქვეშაც, ტახტზე წამოწოლილი ყვარყვარე - ეს ლურჯი მელა ათასგვარ ხილსა და ნუგბარს მიირთმევს.
და იწყება სრული ბაკქანალია: წითელ, უზარმაზარ ზეწარქვეშ მიიმალებიან უკვე ნაცნობი წითელი ჟურნალისტკა და ჩვენი ყვარყვარე და ტრფობის შლეგ სიამოვნებას ეძლევიან... კვლავაც ასოციაციური მინიშნება... მიუხედავად სცენის გულახდილობისა, არავითარი ვულგარულობა, მხოლოდ არტისტიზმი, რომელსაც სულ მალე ენაცვლება რესტორნული ციებ-ცხელებანი: „რესტორანი - საცხა“ თავის სტუმრებით, ყანწებით, დოქებით, ქვევრებით... შეძახილებით, - ჩვენ არ გვინდა ფული? და ყველანი ერთად საგანძურების საძიებლად, არც მეტი, არც ნაკლები, იქვე, მაყურებელთა დარბაზში დაეშვებიან...
რად ღირს თუნდაც ყვარყვარეს განბანვის სცენა! დიდ ქვევრში წმენდენ და ხეხავენ მას, მერე შიშველ სხეულზე ჭრელ ჰალსტუხს შეაბამენ, წითელი ხავერდის პიჯაკით შემოსავენ, ზოლიან პიჟამოს შარვალს კი იგივეს უტოვებენ... იგი ხომ ახალი მთავრობაა და ისიც, - აბა გეგმები, გეგმებს მიხედეთ, თქვე უსაქმურებოო! და გასხივოსნებულ სავარძელზე დაბრძანებული, ყანწთან შეჭიდებულ ყაყუტასა და ქუჩარას სიტყვებს ისმენს, - ჩვენ გავიმარჯვებთო, რომ გაიძახიან!
უცხოელი სტუმრის - ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლისაგან გახმოვანებული განაჩენიც ახლოსაა, მაგრამ ამ უცხოელ სტუმარს სასწაფოდ სუფრას გაუშლიან, გაოგნებულს ააცეკვებენ, აამღერებენ, შემოფრიალებულ თეთრ, საჭმელ-სასმელით მოხატულ გრძელ-გრძელ ზეწრებში შეახვევენ, ფაქტობრივად გაკოჭავენ და ბოლოს, ყვარყვარეს ბრძანებით, სხვებთან ერთად იქ ჩააყუდებენ...
სარეკლამო აგენტს არ იკითხავთ? იგი ამბობს, რომ ცხოვრება ერთი ავანტიურაა!
და განა, მართლა ასე არ არის?
ჩემ მიერ აღწერილი სცენები, მხოლოდ მცირე ნაწილია რეჟისორის მიერ კარიკატურულად გადაწყვეტილი მრავალფეროვანი სანახაობისა; გროტესკულ პერსონაჟთა ურთიერთობის მთელი ჯაჭვი სიცილ-თამაშიან ყოფას წარმოგვიდგენს, მაგრამ სიცილი, ვაი, რომ უფრო ტირილია... ათასწლეულების მანძილზე განმეორებად სიტუაციებს არაფერი ცვლის... სპექტაკლში, მთავარი გმირების გარდა, ყველა ნიღაბს ატარებს, მაგრამ სინამდვილეში, მთავარი გმირებიც ნიღბოსნები არიან, მხოლოდ უხილავი ნიღბებით, მძლავრები...
ამიტომ სჯობს ვიცინოთ, ვიდრე ვიტიროთ?
და სპექტაკლის განუმეორებელი რეფრენი, დრო და დრო, უაზროდ შემოხეტებული, ფეხებდაკვანწვით მოცეკვავე მეწისქვილე და მისი განწირული ამოძახილი: - მე არ მეკუთვნის არაფერი? ეს საწყალი კურდღელი, რომლის წისქვილშიც დაირწა ახალი რევოლუციის მებაირახტრე ყვარყვარეს აკვანი... ნუთუ მას არასოდეს არაფერი არ ეკუთვნის? სადაა სამართალი? სამართალს სძინავს მეწისქვილევ... მერე რა, რომ მასაც იქ ჩააყუდებენ, სამაგიეროდ ხომ ღიმილით და ხმამაღლა ილაშქრებს საძაგელი ყვარყვარეს წინააღმდეგ...
გისოსებს მიღმა, იქ... ჩაყუდებულ ყვარყვარეს თავისივე ხალხი თოხებითა და ბარებით აყრის მიწას, მაგრამ მაინც ახერხებს და შეუმჩნევლად სტოვებს იქაურობას, საწყის წერტილს უბრუნდება...
ნაცნობი პუტკუნა ჟურნალისტი ქალი, სარეკლამო აგენტთან ერთად ამინდის პროგნოზს აცნობს ადამიანებს...
მართვის სადავეს, იისფერ კაბაში გამოწყობილი გულთამზე, როგორც ინდიგო რასსის უეჭველი წარმომადგენელი, იბრუნებს და რატომღაც... ნაზი სიყვარულით ეხვევა ყვარყვარეს „მომხიბლავ“ ბადეში...
ყვარყვარეს, რომელსაც ფაქტობრივად სქესი არ გააჩნია, არც სიყვარული სჭირდება და არც ამორფული არსება - ქალი! სწორედ ამიტომ გაურკვევლად მეჩვენა სპექტაკლის ლირიკული ფინალი, განსხვავებული მთელი სპექტაკლის სულისკვეთებისაგან. თუმცა, იქნებ სწორედ აქ არის რეჟისორის დამოკიდებულება გაცხადებული? ლირიზმით შენიღბული ძალმომრეობა ქალის „სიყვარულში“ ჰპოვებს აღსასრულს, როგორც მარატი - შარლოტა კორდესგან?
ეს რაები ხდება ქალაქ ზესტაფონის თეატრში? სრულიად მოდერნისტული დადგმა, სწორედ ისეთი ეფექტით, როგორიც ალბათ, თავის დროზე მაიაკოვსკის „ბაღლინჯო“ იყო...
ექსცენტრიკული სპექტაკლი-მიუზიკლი „ყვარყვარეს“ თემებზე...
ეს რა პიესა შეთხზა პოლიკარპე კაკაბაძემ, ყველა დროის სათქმელს რომ მოარგო და უპასუხა?
სპექტაკლის დასასრულს, როდესაც მაყურებლის მხურვალე ოვაცია და ტაში მიაწყდა სცენაზე თავდასაკრავად გამოსულ არტისტებს, რეჟისორთან და დამდგმელ ჯგუფთან ერთად თვალი მოვკარი ჩემს არაჩვეულებრივ, ნიჭიერ ამხანაგს - ვალერი ოთხოზორიას! თურმე სწორედ იგია ამ განსაცვიფრებელი სანახაობის ტექსტის ავტორი და სულისჩამდგმელი... როგორ გავოცდი და გამიხარდა, თან ვუსაყვედურე კიდეც, - როგორ არა სთქვი, რომ შენს პრემიერაზე მოვდიოდით-მეთქი... დაირცხვინა და გაწითლდა...
ვალერი ოთხოზორიას, ამ სპექტაკლისათვის, სრულიად დამოუკიდებელი ნაწარმოები შეუქმნია, მერე, რომ კაკაბაძისეული ტიპის და სიუჟეტის გავლენით, მაგრამ სრულიად სხვაგვარი ლექსიკითა და სარკის ეფექტის დაუფარავი სარკაზმით... ახალგაზრდობის მიუხედავად, იგი, კარგად იცნობს ცხოვრებას და სიმართლის სააშკარაოზე გამოტანის არ ერიდება. მის სხვა ნაწარმოებებს არ ვიცნობ, რატომღაც არ მაკითხებს და მისი ღრმა წუხილები, აბა, როგორ უნდა ვიცოდე... თუმცა, ვგრძნობ, რომ სათქმელი დაგროვებია და ზესტაფონის შემთხვევაში, დრამატურგისა და რეჟისორის სურვილები კარგად დამთხვევია ერთმანეთს.
განსაკუთრებულია კომპოზიტორების: გიგი დედალამაზიშვილის, ბეჟო ამირანაშვილის, დავით უგრეხელიძის ნამუშევარი, მათ სპექტაკლის მუსიკალური ჩარჩო შექმნეს და თითოეული პერსონაჟის სახე სიმღერის საშუალებით წარმოადგინეს; დიდია ვოკალისტ თეა ჯიქურიძის დამსახურება, რომელმაც მშვენივრად აამღერა ზესტაფონის თეატრის მომღერალი არტისტები; ქორეოგრაფ თიკო ქოიავას მიერ თითოეული პერსონაჟისათვის მოძებნილი მოძრაობის, ცეკვის სტილი; სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის - ხატია დავითაშვილის გააზრებული სცენური სივრცე და კოსტუმები სწორედ რომ შესატყვისია რეჟისორის ჩანაფიქრისა; თავად არტისტების ნამოქმედარი - ყოველი ეპიზოდის შესანიშნავი, გათავისებული, ემოციური, ვითომ უდარდელი, საოცრად გულგასახარი შესრულება. დიდი შექების ღირსნი არიან: თემურ კიკნაველიძე, ბადრი ტაბატაძე, კოსტა ფოცხვერაშვილი, გიორგი გიორგიძე, თემურ ქველიაშვილი, ზურაბ აბესაძე, გიორგი სირბილაძე, ალექსანდრე ტაბახმელაშვილი, მერაბ ზუზაძე, ნანუკი მაკრახიძე, ნინო აბესაძე და სხვანი და სხვანი...
და ბოლოს, კვლავ ამ ყველაფრის გამომგონებელი და სცენური შემთხზველი, დამმუშავებელი და დამზუსტებელი - ვატო ჯუღელი... მოკრძალებული, კეთილშობილი კაცი, უამრავი ჩანაფიქრითა და იდეით, რომელთაც თანმიმდევრულად, ძალდაუტანებელი შრომით ახორციელებს, რომელსაც ძალ-ღონე არ დაუშურებია თავის შესანიშნავ არტისტებთან მუშაობისას.