top of page

ყველაფერი, ოღონდ სიჩუმე არა!..

277966521_682708052966008_6432429112385634575_n.jpg

ლელა ოჩიაური

 

ყველაფერი, ოღონდ სიჩუმე არა!..

 

ფოტო: გიორგი ყოლბაია

 

ალბათ არაფერია უფრო ფრაგმენტული და დანაწევრებული, როგორც მოგონებები და ფიქრები. ფიქრები მოგონებებზე და მეხსიერებიდან წაშლილი, ჩაკეტილი, შემდეგ დროდადრო დაბრუნებული, საიდანღაც ქვეცნობიერის სიღრმიდან „რატომღაც“ ამოტივტივებული მონაკვეთები, დაჩეხილი  წარსული.

არაფერია უფრო რთული  განსაცდელი, როდესაც ხსოვნა არსებობს და ის ან ქრება ან აქრობენ.  არც ყოველთვის  გინდა, გახსოვდეს. ან, გინდა გაიგო, რას ნიშნავს, რაც გახსოვს. ზოგჯერ დავიწყება სჯობს, მაგრამ ვერ ივიწყებ. მეხსიერება  მაინც პოულობს „გასასვლელს“ და შინაგანად გმართავს, ან რეალობად იქცევა.

სწორედ ასეთი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებით პირად და საზოგადოების მეხსიერებასთან, მოგონებებთან, ისტორიის „გადახედვასთან“ და აღქმის თავისებურებებთან, დავიწყებასთან შესახვედრად და გასაზიარებლად, ან იქნებ, მათთან დასამშვიდობებლადაც,  თავისებური ფორმითა და ხერხით, არტისტულმა გაერთიანება „ღია სივრცემ“ საზოგადოება პირველად რამდენიმე თვის წინათ მიიწვია.

მიიწვია, როგორც თავადვე განსაზღვრავენ - მუსიკალურ  სპექტაკლზე - UNMEMORY  - და როგორც მათივე პროგრამიდან ვიგებთ, ასეთი შემოქმედებითი ჯგუფის შემადგენლობით  - რეჟისორი, ტექსტისა და მუსიკის ავტორი  - დავით ხორბალაძე; სცენოგრაფი -  ანა გურგენიძე;, კოსტუმების მხატვარი  - ნინი გოდერიძე (God Era); რეჟისორის ასისტენტი -  ლაშა-გიორგი ლაშხი, სიმღერის ვერსიებსა და გამოყენებულ ტრეკებზე იმუშავა გვანცა ენუქიძემ. მონაწილეობენ, ანუ მსახიობები არიან: გვანცა ენუქიძე, თამარა ჩუმაშვილი, მარინა ჯოხაძე.

 

UNMEMORY (აი, ასე უთარგმნელად,  გამოგონილი - ხელოვნურად შექმნილი სიტყვით. ასე მხოლოდ ერთ ძველ კომპიუტერულ თამაშს ერქვა - მეხსიერების დაკარგვაზე და მისი ლაბირინთებიდან გამოსავლის ძიებაზე) როგორც ხსოვნის კონტრაპუნქტი -  უწყვეტად,  თითქმის ორი საათი გრძელდება და სხვადასხვა ხერხითა და ფორმით, ჟანრშიც კი,  წრეში აქცევს და კეტავს მაყურებელს. აშკარად შეიგრძნობა ჩაკეტილობის. ვითარებიდან გამოუვალობის მდგომარეობაში ყოფნისა და სამყაროს ასეთად აღქმის არსებობა. ფარული შეგრძნება და გზავნილები. 

„ღია სივრცის“ უზარმაზარი დარბაზის სივრცე მოქმედების ველად მთლიანად ათვისებულია.  ცელოფნების დიდი გაშლილი გრაგნილებით. ჭერიცა და „კედლებიც“ ერთიანადაა „შეხვეული“. ანგარია, გვირაბი, სათბური, თუ  ბუნკერი. გადახურვა/შეფუთვა ჰაერის მსუბუქ ნაკადზეც კი ირხევა, მოძრავდება. განათება აელვარებს და ლითონის ფაქტურას აძლევს გარემოცვას. მონუმენტური  ხუფივით თუ გუმბათივით რომ დამხობია მაყურებელსაც და სამოქმედო არესაც.

 

აქაურობა ჯერ ცარიელი, სუფთა და გამჭვირვალეა. შემდეგ დალაგებული, მოწესრიგებული და თითქოს გაკრიალებული, სტერილური სივრცე იცვლება. ირევა. უწესრიგოდ მიმოფანტული საგნებით ივსება.  მეხსიერება იწყებს გაღვიძებას. გონებასა და გულში  ბასრი  წვერით იჭრება.  და სიჩუმე ირღვევა.

პიანინო, რომელზეც უკრავენ და მისი აკოპანიმენტის ქვეშ მღერიან, ველოსიპედი; რომელზეც  მთელ დარბაზს წრეებს ურტყამენ; ფარანი, წითელი „მატროშკა“, კიდევ რაღაც ჭურჭელი; სამეურნეო ნივთები; ქსოვილები; მტვერსასრუტი; თეფშები,  რომლებსაც ამსხვრევენ;  თუნუქის  თხელი ფურცლები, რომლებშიც ფუთავენ, ფარავენ თუ მარხავენ და კიდევ რაღაც ობიექტები. ქვიშა თუ მიწა. დიდი მონიტორი, რომელზეც უწყვეტად რაღაც გამოსახულებაა. ტექსტები. ფრაზები. ლოზუნგები.  მოწოდებები. სიტყვები. ქაოსია - როგორც შიგნით ასევე მოგონებებში,  თუ დავიწყების გამო  არეულ ფიქრებში.

თხრობა და სტრუქტურა თითქოს ცნობიერების ნაკადის დინებას მიუყვება. არც მთლიანი  მონაკვეთები და  არც მათი  შემადგენელი ნაწილები ლოგიკურ კავშირში  თითქოს არ არიან. ერთი მოგონება მეორეს აჩერებს.  ან ბადებს. პაუზები ახალ ფიქრებს იწვევენ, ფიქრი - სიტყვას, სიტყვა  - მოგონებას. მუსიკა - პეტრე ჩაიკოვსკის „დილის ლოცვა“ (საბავშვო პიესა - ვედრება ღმერთს - სიმშვიდეზე, სიყვარულზე, სულიერებაზე) და მისი ვარიაციები, სიმღერა,  ხმები, ტაქტები, ფრაგმენტები - აკვიატებულ მელოდიასავითაა, რომელიც მეხსიერებას თან სდევს. „ახმოვანებს“.  ამ დინებას სხვადასხვა ციტატაც (სპექტაკლიდან თუ მხატვრული სახიდან)  უერთდება. არავინ იცის, საიდან იბადება მოგონება. ყველა ადგილსა და დროს თავისი მოგონებების მონაკვეთები  ახლავს.

ამიტომაა ტექსტიც აჩეხილი, დანაწევრებული, თითქოს ულოგიკო ბმაშია და მოქმედებაც - თითქოს დაშლილი და უწყვეტ წრედ და ხაზებად (თან წყვეტილ) გაბმული,  გავრცობილი. ისევ ჩაკეტილი.  არა იმდენად ფიზიკური მოქმედების, არამედ ფიქრის, ემოციის, შეგრძნების უცნაურ მატერიალურ, ვიზუალურ ფორმაში მოქცეული „ილუსტრაცია“. არაფერია სტაბილური და მყარი.

ერთმანეთს ცვლის, ავსებს და აგრძელებს: მოქმედება - ტექსტი - მუსიკა -  გამოსახულება - გრაფიკა -  პროექცია, რომელიც არა მარტო დარბაზის სიღრმეში „ეკრანზე“ ფიქსირდება, არამედ მთელ სივრცეზე და პერსონაჟებზე გადადის.

მოვლენათა რიგი ერთ და იგივე წრეზე ბრუნავს. ციკლურად და წაფენებით. თითქოს ფრაგმენტულად მეორდება. მაგრამ, ცხადია,  იცვლება.  დროც გადის და ტემპიც მატულობს. რაც უფრო ღრმად შედიან (შევდივართ) მოგონებებში, ყველაფერი მით უფრო იხლართება და იჩეხება. რეალური განზომილება არ ფიქსირდება, როგორც ფიქრებსა და ხსოვნაში  ან წაშლილ მეხსიერებაში შეიძლება მოხდეს.

წარწერების მოხაზულობა და გამოსახულება პროექციაზე, თითქოს წიგნის, ჟურნალის ან გაზეთების დასათაურებებია ან ციტატები (ზოგი ნაცნობი, ზოგი უცნობი, ზოგი დავიწყებული) იქიდან, ან ამონარიდები. ან მარტივი ლოზუნგები პლაკატებიდან (როგორც დიდი მოძრაობისა და პროცესების ფრაგმენტები), რომლებსაც ერთმანეთთან, ისევე,  როგორც საერთოდ, ტექსტს გამოსახულებასთან და მოქმედებასთან პირდაპირი კავშირი,  ერთი შეხედვით, არ აქვთ.

თხრობა და მოქმედების მსვლელობა ფრაგმენტული და ასოციაციურია, როგორც მეხსიერებაში ამოტივტივებული და ასევე ფრაგმენტულია - დავიწყება -  სისტემისა და წესრიგის გარეშე. მხოლოდ შინაგანი ლოგიკის  კვალში მდგომი და ქვეცნობიერის „კანონების“ მიხედვითა და კარნახით.

ტექსტები და გამოსახულება - „ლოზუნგები“, ამონარიდები, ციტატები - ეკრანზე - „ამოგლეჯილია“ და არა რაღაც ლოგიკის მიხედვით დალაგებული. ისინი დაჟინებით იპყრობენ მაყურებლის ყურადღებას, რომელსაც  წრიულად მოსიარულე „ველოსიპედისტი“ ფანტავს. ან კრავს და ამთელებს.  ბევრი ტექსტი ისმის და იკითხება. მუდმივად იკითხება, თუმცა შეიძლება არც ან ვერც წაიკითხო ან ვერ მოისმინო.  ან ვერ აღიქვა. ვერ ჩაეჭიდო. დისკომფორტს იწვევს, თუმცა ბუნებრივია. არაფერია უფრო თამამი და თავისუფალი.

მსახიობები სწორედ ასეთი, თუმცა უჩვეულო (თეატრალური) თავისუფლების გრძნობითა და ფორმით, გარემოს, მოვლენების თავისთავადი მსვლელობისა და პირობების მიხედვით მოქმედებენ და აბსტრაჰირებულ სახეებს ქმნიან  (დროს, ვითარებასა და ურთიერთანხვდენის მხრივ).  ეკლექტურ და არც ერთ დროსთან დაუკავშირებელ  კოსტუმებში (საღამოს კაბა, პიჟამო, საწვიმარი ლაბადა, ტოპი, მოკლე ქვედა ბოლო, ბუხჰალტერი,  ფეხსაცმელი კოტურნებივით „პლატფორმაზე“) გამოწყობილი და თითქოს რეალური ადამიანების ნიშნებს მოკლებული პერსონაჟების არსებობაც და მოქმედებაც ამ პირობებში, „რეალობისა“ და მხატვრული ხერხის  ზუსტი და მკაფიო გამომხატველია. იმ ერთიანობისა და განუყოფლობის სახე, რომელიც არსებულ სისტემას „უპირისპირდება“ და ზმანებებსა თუ  წარმოსახვებში გადაჰყავს.

ყველას თავისი მეხსიერება აქვს,  და გულმავიწყობაც. ნამდვილი ისტორიის „წაკითხვაც“ და პირადი ისტორიაც, მისი ფრაგმენტებიც, ფიქრი, რომ რაღაც ისტორიაა და სინამდვილეში - რაღაცაზე რეაქციაც - ყველასი განსხვავებულია.  სხვადასხვანაირად  „ღიზიანდება“, როდესაც მისი რევიზია იწყება. ამიტომ UNMEMORY-ში არაფერი აღიქმება ერთმნიშვნელოვნად და პირდაპირ. ჩვენი - მათი -  მეხსიერება ყოველდღე იშლება და ნადგურდება, ან შლიან და ანადგურებენ. თუმცა სრულად - არასდროს. ყოველთვის ბრუნდება.  რომ აღარ გვახსოვდეს, ბოლომდე უნდა გაიხსენო, თუ მოახერხე. ეს კავშირებიც სრულიად დამოუკიდებელია. ისევე, როგორც გამორიცხულია რაიმეს  ახსნის ტრადიციული  ფორმა, მცდელობა,  მიდგომა და იდენტური  გაგება. ასეთ რთულ კონსტრუქციაზე, მოჩვენებითი უსისტემობისა და ქაოსის სტრუქტურის მიხედვით აგებს დავით ხორბალაძე სპექტაკლს და ერთგვარ გამოცანას, გამოცდასა და ახალ გამოცდილებას გვთავაზობს.

დავით ხორბალაძე - დრამატურგი და  რეჟისორი - ყოველთვის  ახალ თეატრალურ ფორმებს სინჯავს და იყენებს.  ის, როგორც ხელოვანი - პიესებით, ტექსტებითა თუ რეჟისურით - ინდივიდუალურად, თუ სხვასთან (ამ შემთხვევაში და პირველ რიგში, მიხეილ ჩარკვიანს  ვგულისხმობ) თანაშემოქმედებით,  ყოველთვის იმ თანადროულ, დროსთან დაკავშირებულ, რეალურად არსებულ პრობლემებზე - ინდივიდუალურ თუ საზოგადო - ამახვილებს ყურადღებას და კვლევის რკალში აქცევს.  როგორც მოქალაქე და საზოგადოების წევრი - არასდროს დუმს და არ  ჩერდება. თანამედროვე თეატრი (თუ ის მართლა თანამედროვეა) მხოლოდ შემოქმედება, მხოლოდ მყუდრო გარემოში სპექტაკლების დადგმა და შემდეგ დემონსტრირება  არაა.   

დამოუკიდებელი არტისტული გაერთიანება  „ღია სივრცე“ (ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის I  შესახვევი, N2 - თბილისის ძველ და ძველად - მუშათა, ხელოსანთა და მოვაჭრეთა უბანში, ყოფილი ელექტროგადამამუშავებელი ქარხნის შენობის ბოლო სართულზე, რომლის ეზოც და სხვა სართულებიც სხვადასხვა ორგანიზაციასა და მანქანების სარემონტო სახელოსნოებს უკავიათ), 2016 წელს  შეიკრა.  დამფუძნებლები - სხვადასხვა  სფეროს წარმომადგენელი ახალგაზრდა ხელოვანები არიან, დრამატურგ და რეჟისორ - მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის და სცენოგრაფ ანა გურგენიძის თაოსნობით.

„ღია სივრცე“  არა მარტო  ხელოვანების თავშეყრის ადგილია, არამედ სოციალურად, მოქალაქეობრივად აქტიური  ადამიანების გაერთიანება. თანამოაზრეების ერთობა, რომლებიც არ ემიჯნებიან ყოველდღიურობასა და ცხოვრებას და უშუალო საქმიანობის პარალელურად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აქტიურად რეაგირებენ,  შეხედულებებსა და პოზიციას სხვადასხვა „მოძრაობითა“ და ფორმით გამოხატავენ.

რამდენიმე დღის წინათ,  უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ  ზელენსკის  მიმართვა გავრცელდა (სრულ ტექსტს არ მოვიყვან,  თუმცა, ძალიან მინდა და  მინდა სულ მახსოვდეს), რომელიც ასეთი ფრაზით იწყება „ყველაფერი, ოღონდ სიჩუმე არა!“ და ასე მთავრდება: „ომი არ გვაძლევს არჩევის საშუალებას, ვინ გადარჩება და ვინ დარჩება მარადიულ სიჩუმეში. რუსეთს სიკვდილის სიჩუმე მოაქვს. მხარი დაგვიჭირეთ ყველანაირად, ნებისმიერი გზით, ოღონდ,  არა დუმილით“.

მარტის ბოლოს UNMEMORY-ის ბოლო ოთხი ჩვენება გაიმართა. „გამოსამშვიდობებელი ცერემონიაც“, სოციალურ ქსელებში,  სპექტაკლის გაგრძელებად, გარე სივრცეში  ამ ფორმით „გატანის“ - ფრაზებისა და სოციალური აქცენტების ტექსტური „სარეკლამო“ ატვირთვებითა და თავის შეხსენებით -  უჩვეულო  „რიტუალად“  იქვა.   სპექტაკლმა ფიზიკური არსებობა დაასრულა.  ჩვენებებიდან  შესული თანხა  მთლიანად  უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამოიყენეს და გადარიცხეს  უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, იმედით, რომ „ისინი ისევ დახატავენ ვარსკვლავებს“. ამას, საბედნიეროდ,  დღეს სხვებიც აკეთებენ. მაგრამ  ასეთი მხარდაჭერა მეტყველებს (როგორ პათეტიკურადაც უნდა ჟღერდეს და დაე, ჟღერდეს პათეტიკურად), რომ „სივრცისთვის“, რომელსაც დაფინანსება  არ გააჩნია და რომელიც მხოლოდ პირადი შემოსავლებით არსებობს,  „არა დუმილი“ და თანადგომა,  პირად ინტერესებსა და ფინანსურ მოგებაზე  ბევრად   მაღლა დგას. 

bottom of page