top of page

თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

292037561_332272559117246_5603380833104806769_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა

„გამიშვით!.. თითქოს ვიღაცა ყინულიანი ხელით გულზე მაწვება...“

„ჯონ გაბრიელ ბორკმანი“

 

მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ახალი პრემიერის შესახებ თხრობა არ დაიწყო ლილი იოსელიანის გახსენებით, მართლაც რომ შეუძლებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სპექტაკლი ჰენრიკ იბსენის „ჯონ გაბრიელ ბორკმანი“ (რეჟისორი ადრიან გიურგეა) მის 100 წლისთავს მიუძღვნეს, თუნდაც იმიტომაც, რომ ეს ის დრამატული ნაწარმოებია, რომლის დადგმაც ამ დიდმა რეჟისორმა და პედაგოგმა ვერ დაასრულა. 2007 წელს დაწყებული 15 წლის შემდეგ შედგა. ლილი იოსელიანის მიერ დაუმთავრებელ სპექტაკლთა სია მართლაც რომ გრძელია, უფრო მეტი კი დადგმულთა რაოდენობაა. ამ ჩამონათვალით ხვდები, რომ რეჟისორი არ ღალატობს თავის ძირითად რეჟისორულ მიმართულებას და სტილს: - გიორგი ტოვსტონოგოვის მოწაფე მიხეილ თუმანიშვილთან ერთად ერთგულია ფსიქოლოგიური, განცდის თეატრის.

ეს პროექტი (პროექტის მენეჯერი სოფო-მარიამ ქორიძე), რომლის მზადება სხვადასხვა მიზეზების გამო სამიოდე წელი გაგრძელდა ჩემი აზრით, სრულიად ესადაგება იმ ჩანაფიქრს, რომელიც ლილი იოსელიან ჰქონდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ პრემიერით იწყება მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ახალი ცხოვრება, მას შემდეგ რაც ამ თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი იოანე (ვანო) ხუციშვილი ჰყავს. კოლექტივს დიდი გეგმები აქვს, ერთდროულად მიმდინარეობს რამდენიმე სპექტაკლზე მუშაობა და სექტემბრისთვის სავარაუდოდ საინტერესო თეატრალური სეზონი გველოდება.

ჰენრიკ იბსენის პიესები იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებმაც დიდი კატაკლიზმები გადაიტანეს. დრამატურგის ინტერესებში არაა მათი ე.წ. წინა ცხოვრება - ოსვალდის ახალგაზრდობა, რომელიც მან სახლის გარეთ გაატარა, ან ჰედა გაბლერის ცხოვრება მამამისის სიცოცხლეში, ან ჯონ გაბრიელ ბორკმანის კარიერა და ელასთან რომანის ისტორია, ან თუნდაც ექიმი სტოკმანის სტუდენტობა და ახალგაზრდობის წლები, ნორას ბავშვობა და ქორწინება. მისი თითქმის ყველა პიესა იწყება მაშინ, როცა დიდი ცხოვრებისეული გზა უკვე გავლილია და ეს მრავალ განცდილი ადამიანები პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს და ბოლოსდაბოლოს აცნობიერებენ, რომ მათი ის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდათ ან წინ ელოდებათ წარსულის გამოძახილია და ამ წარსულში ჩადენილ ქმედებებზე უნდა აგონ პასუხი. მის თითქმის ყველა პიესაში სიკვდილის ანგელოზი „დაფრინავს“ და მთავარი გმირები ან კვდებიან ან ფატალურად ამთავრებენ ცხოვრებას. ეს მათი ბედისწერაა!

ნორვეგიელი დრამატურგის ცნობილი ხერხია „სასიყვარულო სამკუთხედი“, რომელიც მის ბევრ პიესებში ფიგურირებს: ჰეგა გაბლერი, იორგენ ტესმანი და ეილერტ ლევბორგი: გუნჰილდ ბორკმანი, ელა რენტჰაიმი და ჯონ გაბრიელ ბორკმანი და ამ სამკუთხედში, როგორც წესი ქალები ლიდერობენ. ჩემი აზრით ჰენრიკ იბსენი ერთადერთი დრამატურგია, ვისთანაც მამაკაცი და ქალი პერსონაჟები თავის მსოფლმხედველობით, ქმედებათა ჯაჭვით და საქციელით სრულიად განსხვავებულნი ერთმანეთისგან. როგორც ბორის ზინგერმანი, „ახალი დრამის“ მკვლევარი აღნიშნავს: „იბსენის კაცები, მიუხედავად ყველა მათი ზეადამიანური პრეტენზიისა, გაუსაძლისნი აღმოჩნდებიან ქალთან შედარებით. ქალი მიმართავს თავის რჩეულს, როგორც მთლიან და თავისუფალ ადამიანს, მაგრამ მათ - იქნება ეს ბრანტი, მშენებელი სოლნესი თუ მოქანდაკე რუბეკი - არ შესწევთ უნარი უპასუხონ მასზე დაკისრებულ მოთხოვნებს, მოკლებულნი არიან ხასიათის სისავსეს, შეკრული აქვთ ხელი და ფეხი. იბსენის ბოლო სპექტაკლებში ქალებიც უკვე ჩათრეულნი არიან ინდივიდისთვის უხერხულ სოციალურ ურთიერთობებში და მოსაწყენი დესპოტური რუტინა მათამდეც აღწევს“. (ბ. ზინგერმანი, „20 საუკუნის დრამის ნარკვევები, მ. 1979 წ. გვ. 190).

ერჰანტის მიერ გამოზრდილი ფრიდა ფილდალის (ნატალია გოგოთიძე) სიმღერით იწყება წარმოდგენა, თეთრი გრიმით სახეზე, ნიღაბივით, თეთრებში გამოწყობილი მენესტრელივით გვიწვევს სცენაზე. თეთრი გამჭირვალე ფარდის გაწევით, რომელზედაც ვიდეო ინსტალაციით (დანიელ ნოქსი, კაროლინა ორტიზი, იანა ბირუკოვა) მთავარი პერსონაჟები წარმოგვიდგებიან ბორკმანების სახლში აღმოვჩნდებით.

გარემო ჩრდილოეთისებური სუსხიანი და თოვლიანია. ავეჯს სიძველე შეჰპარვია (სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე), სახლიც უფრო ნანგრევებს ჰგავს, ვერც გაარკვევს სახლში ვართ თუ ეზოში.

ეს ფრუ გუნჰილდ ბორკმანის (ნინელი ჭანკვეტაძე) მისაღები ოთახია, პირველ სართულზე განთავსებული, მეორეზე კი მისი ყოფილი ქმარი ჯონ გაბრიელ ბორკმანია (მალხაზ აბულაძე) ჩაკეტილი, თითქმის რვა წელი, მას შემდეგ, რაც საპატიმრო დატოვა, სადაც ხუთი წელი გაატარა. ფეხის ხმა და მისი გაუთავებელი ბოლთას ცემა ძალიან აწუხებს და ნარვებს უშლის ფრუ ბორკმანს. მას თმაში ჭაღარა შერევია, სამოსიც ძველი მოსავს, ნაცრისფერი, სევდისფერი. განცდილი წარსულისა და გადატანილი უბედურების გამო ასაკთან შედარებით ძალზე დაბერებულად გამოიყურება. ის რაც მის ცხოვრებაში მოხდა და თავს გადახდა მასში გაკვირვებას აღარ უნდა იწვევდეს, მაგრამ საკუთარი დის ფრეკენ ელა რენტჰაიმის (თამარ მამულაშვილი) ჩამოსვლა კი ნამდვილი სიურპრიზია მისთვის და არც თუ სასიამოვნო. ტყუპი დების შეხვედრა თავიდანვე მძიმედ მიმდინარეობს. ელა გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება, თავზე პარიკი ახურავს ჯინსები და შავი მოკლე ტყავის ლაბადა აცვია. სახეზე ავადმყოფური იერის დაკრავს, თუმცა ოსტატურად მალავს საკუთარ შინაგან სამყაროს. წლების წინ დაწყებული კონფლიქტი დებს შორის, რომლის მიზეზიც ჯონ გაბრიელ ბორკმანია იყო დღესაც არ განელებულია. არა მხოლოდ ამ კონფლიქტში, არამედ ყველაფერში, რაც ამ მათ თავს გადახდა ისინი ოჯახის უფროსს ადანაშაულებენ - თუმცა ორივე მათგან თავის სიმართლე აქვთ. რვა წელია ტყუპ დებს ერთმანეთთან არ უსაუბრიათ და თითქოს ახლა დადგა დრო ყველაფერი გაარკვიონ. ყოველ შემთხვევაში ასე თვლის ელა, მაგრამ მისი აქ ჩამოსვლის მიზანი სულ სხვაა. ნინელი ჭანკვეტაძის გუნჰილდ ბორკმანმა თითქმის ყველაფერი დაკარგა - ქმარი, სახლი, მხოლოდ ერთი შვილიღა დარჩა და მის შესანარჩუნებლად „ძუ ლომივით“ იბრძვის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიბრუნა. ერჰანტი შესაძლებელია კვლავ ელასთან აღმოჩნდეს, ყოველ შემთხვევაში მისი და ელა ამ მიზნითაა ჩამოსული.

დების დაპირისპირებას გრძელი ისტორია აქვს. ჯონ გაბრიელ ბორკმანი (მალხაზ აბულაძე) იმდენად იყო შეყვარებული ელა რენტჰაიმზე რომ ყველაზე უკიდურეს მომენტშიც კი, როცა თითქმის საკუთარი ბანკის ყველა აქტივი და ყველა მეანაბრის თანხები გაანიავა, ელას ქონებისთვის ხელია არ უხლია. თუმცა ცოლად მაინც მეორე და აირჩია რათა გზა გახსნოდა ბანკირობისკენ. ელა რენტჰაიმი - თამარ მამულაშვილი ამ ოჯახში ყველაზე შეძლებულია, სახლიც მის სახელზეა და ყველა ხარჯს ის იხდის, ერჰანტის განათლების და ცხოვრების თანხასაც. მას შურისძიების გრძნობა ნაკლებად ამოძრავებს. ამძიმე ავადმყოფობის გამო სიკვდილამდე ძალიან ცოტა დრო დარჩენია, ამიტომ ცდილობს კვლავ დაეხმაროს ერჰანტს, რომლის მიმართ მშობლიური გრძნობები ჯერ არ დალევია. არც ჯონ გაბრიელ ბორკმანთან ცდილობს ანგარიშის გასწორებას, უფრო მეტიც, მადლიერია მისი და მის უკანასკნელ წუთებში მასთანაა და მზრუნველობით ცდილობს გაუხანგრძლივოს სიცოცხლე. მკაცრია, მაგრამ სამართლიანი და კეთილშობილი. ერთადერთი პრეტენზია მასთან ის აქვს, რომ ამ მამაკაცმა, რომელშიც შეყვარებული იყო, მოისპო მას სიყვარულის გრძნობა და სული მოუკლა - თავისუფალი სული.

ერჰანტს (ირინა გიუნაშვილი) მოხდენილად აცვია, თანამედროვე სტილში. ახალგაზრდაა, თამამი, მაგრამ არაა განებივრებული. მისი იმპულსური ქცევები ასაკითაა გამოწვეული, ერთნაირად უყვარს და პატივს სცემს დედასაც და დეიდასაც, თუმცა „არ ცნობს“ და არ თანაუგრძნობს მამას. მასთან შეხვედრაც ამის დასტურია. ერჰანტის სულერთია ვის გვარს ატარებს მომავალში, მამის თუ დეიდის, მისი მთავარი მიზანი აქედან წასვლაა და თავისუფლება. ამისათვის აირჩია მეგობრად ულამაზესი და თავის ასაკზე უფროსი ფანი უილტონი (ლიკა ქობულაძე). ირინა გიუნაშვილის ერჰანტი (ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა, როცა რეჟისორმა ადრიან გიურგეამ მას ანდო ახალგაზრდა ყმაწვილის როლის განსახიერება) დამჯერია, მოსიყვარულე და ამავე დროს მიზანდასახული და მომავლის იმედით აღსავსე. ლიკა ქობულაძის ქალბატონი ფანი უილტონი შეძლებული, მოსიყვარულე და თავისუფალი ქალია კომპლექსების გარეშე. მისი ყოველ საუბარსა და ქცევაში იხატება პიროვნება, რომელმაც ზუსტად იცის რა სურს და როგორ მიაღწიოს მას. ცხოვრებისეული გამოცდილება კარნახობს, რომ მხოლოდ ტკბილი სიტყვით, ზომიერებით და მოთმინებითაა შესაძლებელი სასურველი შედეგის დადგომა. იგი არც „ქალი-ვამპია“ და არც მტაცებელი. შეყვარებულია, კეთილგანწყობილი, დამაჯერებელი და მომხიბლავი - მხოლოდ ამ დადებითი თვისებებით იმსახურებს ყველას პატივისცემას. მისი პირველი სტუმრობა გუნჰილდ ბორკმანთან დებს ეჭვებს აღუძრავს, რომ ერჰანტზე მას ცუდი გავლენა უნდა ჰქონდეს, თუმცა ფინალში როცა ირკვევა, რომ ერჰანტი და ფანი უილტონი ერთად აპირებენ ცხოვრებას, ორივე მშობელი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე თანხმდებიან ერჰანტის გადაწყვეტილებას.

ჯონ გაბრიელ ბორკმანი (მალხაზ აბულაძე), რომელმაც წარმატებული ფინანსისტისა და ბანკირის კარიერის გამო უარი თქვა სიყვარულზე ეგოისტი და საკუთარ თავში დაჯერებულია. სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვების შემდეგ თავი ყოვლისშემძლედ და ზეადამიანად მიიჩნია. მას შემდეგ რაც ყველაფერი დაკარგა და ციხეში აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულები მხოლოდ შეცდომებად მიაჩნია და სულაც არ გრძნობს სინდისის ქენჯნას. პირიქით, მთელი სულითა და ხორცით ცდილობს რევანშის აღებას და თავის ოთახში გამომწყვდეული, სავარძელზე დაბმული გეგმებს აწყობს, რომ ყველაფერს თავიდან დაიწყებს. მალხაზ აბულაძის ბორკმანი სინამდვილეში ძალამიხდილი მოხუცია (არა მხოლოდ ასაკით) არამედ აზროვნებით, თუმცა მისი მონოლოგი იმაზე, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ რვა წელი უქმად დაკარგა, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საერთოდ დაკარგა დროისა და მიმდინარე მოვლენების შეგრძნება.

რეჟისორმა აქ ჯონ გაბრიელ ბორკმანის იბსენისეული ტექსტი გაათანამედროვოს და სხვა ტექსტი მისცა: „ევროპაში ყველას აქვს უფლება სწამდეს და რისიც უნდა იმის სწამდეს, ეს არის ევროპა, ქრისტიანობა ასწლეულების განმავლობაში ჩამოაყალიბა მისი ისტორია და გამოჭედა და გამობრძმედა, მერე კი წინ აღუდგა, ხელოვნება, მეცნიერება, სიბეჯითე, ინდუსტრია, კვლევა, გავლენა, წარმატება, ევროპა, შეგიძლიათ გჯეროდეთ ამის, ან არ გჯეროდეთ, ჩვენზე ეს არ მოქმედებს“ („იულიკ-უხუცესთა ქორო“, თარგმანი ნონო ბერდული). ერთგვარი მინიშნება ქვეყნების ევროპული ოჯახისკენ სწრაფვის.

ბორკმანს მხოლოდ ერთი ვილჰელმ ფოლდალი (პაატა ბარათაშვილი) ფრიდას მამა თუ მიაკითხავს ხოლმე და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი უნიჭო პიესები წაუკითხოს. ფოლდალი ყავისფერ შინელს ატარებს და კანცელარიის ტიპური მუშაკია, ყოველთვის დამოკიდებული სხვაზე, სხვის აზრებზე და შეხედულებებზე, მლიქვნელი და ფარისეველია, რომლის ქცევებიც სულ მალე ბორმანსაც მოსწყინდება და საკუთარი სახლიდან აძევებს. მხოლოდ ერთი მისი ქალიშვილი ფრიდა (ნატალია გოგოთიძე) და მისი მუსიკა ამშვიდებს და ადამიანურ სახესა და განწყობას უბრუნებს მას.

სპექტაკლის თითქმის ყველა მოქმედ გმირს ერთ რამ აერთიანებს - მესაკუთრეობის ჟინი: ბორკმანი ყველას ფულს ხელში რომ ჩაიგდებს და თავი ღმერთი ჰგონია; გუნჰილდ ბორკმანი თავიდანვე შეძლებული ოჯახის შვილი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა ერთადერთ ნუგეშს შვილის ჩაბღაუჭებია და ცდილობს მისი მეშვეობით ყოფილი სიმდიდრისა და დიდების დაბრუნებას; ელა რენჰაიმი - ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ერჰანტზე ამყარებს იმედებს, რადგან სხვა არავინ დარჩენია: ფანი უილტონი - თავის მომავალ მხოლოდ ერჰანტთან ერთად ხედავს და გრძნობს საკუთარ გავლენას მოზარდ ყმაწვილზე. მხოლოდ ერჰანტია ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის, რომლისთვისაც სულერთია ვისი გვარისაა, რადგან მისი აზრით იმ სამყაროში, საითაც ის მიისწრაფვის ამას მნიშვნელობა არა აქვს. ელას დაჟინებული თხოვნით ბორკმანი პირველ სართულზე ჩამოდის, თუმცა არა იმიტომ რომ გუნჰილდთან შერიგებისკენ ნაბიჯი გადადგას. ეს უფრო შვილთან დაახლოების მცდელობაა. აქ კიდევ ერთხელ ხვდებიან და „ეჯახებიან“ ელას, გუნჰილდის და მამის ინტერესები - ფანი უილტონი და ერჰანტის გამგზავრება წერტილს დაუსვამს ამ ჭიდილს. ბორკმანი კი კვდება სიტყვებით: „გამიშვით!.. თითქოს ვიღაცა ყინულიანი ხელით გულზე მაწვება...“

სამივე ავანსცენაზე გართხმული (ქორეოგრაფი თინათინ ქოიავა), დები ერთად აღიარებენ ბორკმანის სიკვდილს, ელა ემშვიდობება, ხოლო გუნჰილდი უარს აცხადებს შეხედოს ყოფილ ქმარს.

თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - კონფლიქტი ამოწურულია, მაგრამ რას უმზადებს მათ მემკვიდრეს ერჰანტს ცხოვრება?

ფოტო: კახაბერ შარტავა

bottom of page