ყველამ რომ გაიგოს
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლელა ოჩიაური
ყველამ რომ გაიგოს
ხელოვნების ნაწარმოები ყოველთვის ატარებს დროის ნიშნებს, როდესაც იქმნება, ფაქტებისა და მოვლენების ანარეკლს, ავტორის მოქალაქეობრივ პოზიციას, სათქმელსა და მხატვრული გადაწყვეტის თავისებურებებს. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც დრო და მოვლენები გავლენას ახდენენ ქვეყნის ცხოვრებაზე, ადამიანების ცხოვრების წესზე, საზოგადოების ბედზე და მისი თუ პიროვნებების შეხედულებებს, მოქმედების ფორმებსა თუ არჩევანს განსაზღვრავენ.
დრომ და რუსეთის წარმოებულმა ომებმა, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან, მნიშვნელოვნად შეცვალეს ჩვენი (და არა მხოლოდ, ცხოვრება). აფხაზეთისას სხვა - ჩეჩნეთის, შემდეგ 2008 წლის აგვისტოს, შემდეგ უკრაინის მიმდინარე ომები მოჰყვა. პირველ რიგში ბოროტების დაუსჯელობიდან გამომდინარე, დაუსჯელი ბოროტების უწყვეტობის მიზეზით.
ამ ტრაგედიისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შეხსენებისა და საზოგადოებების, სახელმწიფოების მორიგი გაფრთხილების, მათი ყურადღების მიპყრობის მცდელობაა მარი ბექაურის ცნობილი რომანი „ანას მომენტი“ და მისი მთავარი გმირის ამბავი, რომლის მიხედვითაც, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, სამხატვრო ხელმძღვანელმა, საბა ასლამაზიშვილმა მორიგი სპექტაკლი დადგა, თავისივე ინსცენირებითა და მანანა ანთაძის რედაქტირებით.
მარი ბექაურის რომანი (ლიტერატურული კონკურსის - „საბა“, 2018 წლის ლაურეატი) 2017 წელს გამოქვეყნდა და თანადროულობით, ახალი მხატვრული ენით, ფორმითა და თავისთავადი საავტორო ხელწერით, საზოგადოების ცოცხალი ყურადღება დაიმსახურა. ტექსტი დღეს კიდევ უფრო მწვავედ და განახლებულად აჟღერდა, დროსთან კავშირში, ახალი ძალადობებისა და სისასტიკის ფონზე, და თუნდაც, იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ არც პრობლემების მხრივ შეიცვალა რამე და არც მათზე მსოფლიოს რეაგირებიდან.
რომანში ამბავი იმით იწყება, რომ ანა ნაკაშიძე, ახალგაზრდა, 32 წლის წარმატებული მწერალი ქალი (რომელიც მალევე საერთაშორისო და საყოველთაოდ ცნობილ ტერორისტად იქცევა) - ნინო გოშაძის შესრულებით - მეხსიერებას კარგავს („პარკში ბურთს დადევნებული პატარა გოგოს შემხედვარემ, აღმოაჩინა, რომ განვლილი ცხოვრებიდან აღარაფერი ახსოვდა“) და არ იცის - ვინაა, როგორ ცხოვრობდა და ცხოვრობს. მის ხსოვნას თითქოს არარსებული, არმომხდარი ფაქტები, გამონაგონი ტრაგიკული ამბები „შემორჩა“, უცნაური და მძიმე ფანტაზიის ნაყოფი, რაც, ერთი მხრივ, თითქოს ქვეცნობიერის გამომხატველია და მეორეც, აბსურდად აქცევს ცხოვრების „ტრადიციულ“ მსვლელობას.
საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში კი ამბავი და მოქმედება მანამდე, ქუჩაში იწყება. სანამ მაყურებელი გროვდება და დარბაზში შევა. მათ რიგებში ახალგაზრდა ლამაზი, თეთრკაბიანი ქალი დადის. თითქოს ისიც ვიღაცასა და სპექტაკლის დაწყებას ელოდება. შემდეგ, თეატრის შენობის მიმდებარე ბაღში მდგომ პატარა როიალთან ჯდება და დაკვრას იწყებს. ესაა ანა. და ახლა მისი მომენტის დრო ახლოვდება. შემდეგ ქალი დგება და პარკის ხეივანში შედის. შენც მზერით მიჰყვები მიმავალს და დიდხანს უყურებ, სანამ თვალს საბოლოოდ არ მიეფარება. მის დაბრუნებასაც დიდხანს ელოდები. მაგრამ ანა არ ბრუნდება. უჩინარდება. სხვა სივრცესა და განზომილებაში უნდა აღმოჩნდეს. იქ, სადაც მისი ცხოვრების სხვა ეტაპი იწყება, როდესაც შენც, მასთან ერთად ელოდები მისი ბრძოლის შედეგს - სასამართლოს განაჩენს.
სპექტაკლის პროლოგი, თითქოს ანას დაბრუნებაა. იქიდან, იმ მოვლენებიდან, რაც შემდეგ მოხდება. დაბრუნება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო და რომელიც განუსაზღვრელ დროში მოქმედების განვითარების პროცესის შემდგომ დატოვა. სიუჟეტისა და პროცესების ასეთ წყობას, პირობითად, ფლეშბექი შეიძლება ვუწოდოთ, რის შემდეგაც დრო და რეალობა (თუ შეიძლება, რაც ხდება, რეალობა ვუწოდოთ) უკუსვლას იწყებს და მიდის წერტილში, როდესაც ყველაფერი - აღწერილი მთავარი ამბავი - დაიწყო.
სიუჟეტი უცნაურად ვითარდება და ასევე მოულოდნელად და უცნაურად ტრიალდება. მოვლენების ნაკადის მიმართულება ამ მხრივაც იცვლება და ზუსტი „მისამართები“ იკარგება. ჩნდება კითხვა - რაც ხდება, რაც მოხდა, რაც უნდა ან შეიძლება მოხდეს - რეალობაა, ილუზიაა, გამონაგონია, თუ ყველაფერი „თამაშია“ (ალბათ, თამაშიცაა, შედეგის მისაღწევად), კარგად დაგეგმილი, გათვლილი, მოხაზული? სპექტაკლიც სწორედ ასეთ „მერყევ“ განზომილებებსა და პირობებში იშლება და „რეალურ“ განზომილებებსა და ჩარჩოებს კარგავს. ამიტომ, მასში ზოგადად და პერსონაჟებში ჩადებული კოდები ადვილი ამოსახსნელი არაა და გარკვეულ მიდგომას, ამოცნობას, „გასაღების მორგებას“ საჭიროებს.
ექსპერტიზა აბათილებს ანას წარმოსახვაში არსებულ, მისი პირადი ცხოვრების მომცველი ფაქტების ნამდვილობას, თუმცა, ბოლომდე და სრულად ვერც მისი ამნეზიისა და რეალობის გამონაგონით ჩანაცვლების მიზეზს არკვევს და ვერც იმას - ვინ, რა, როგორ, რატომ?
ამ და სხვა კითხვებზე პასუხს საზოგადოება - მაყურებელი - სპექტაკლის მსვლელობისას ნელ-ნელა მიიღებს, თუმცა შემდგომ სხვა, სხვა ტიპის კითხვები და ახალი ასოციაციები, ახალი ისტორიული და თანამედროვე რეალობასთან პარალელებზე ფიქრები ჩნდება. ბუნებრივად და ლოგიკურად იბადება სხვა ძალადობაზე, სხვა მკვლელობებზე, სხვა სისასტიკეზე, სხვა ბოროტებაზე პასუხის მიღების, დამნაშავის გაუვნებელყოფის, დანაშაულის შეჩერებისა და პასუხისგებაში მიცემის, დასჯის სამართლიანი სურვილი.
„ანას მომენტი“ ორმოქმედებიანია. თითოეულსა და ორივე ნაწილში სხვადასხვა და განსხვავებული სარეჟისორო ხერხების სინთეზია გამოყენებული. ვითარების, მოვლენების ცვლილების, მოქმედების ადგილების შეცვლის, დროის ცვლილების, თვით ჟანრში ჟანრის ცვლილებიდანაც კი, გამომდინარე.
სპექტაკლის სტრუქტურა აწყობილია მოგონებების, თხრობისა და რეპლიკა-კომენტარების პრინციპზე. ერთ-ერთი და მთავარი მთხრობელი თვითონ ანაა, რომელიც თხრობას იმით იწყებს, რომ ერთ დღესაც მეხსიერება დაკარგა. აი, ეს უნდა მივიღოთ გაფრთხილებად და ერთ-ერთ პირველ ნიშნად, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც თავიდან, თუ ერთი შეხედვით ჩანს და რომ წინ რაღაც ამოუცნობი, ბოლომდე გაუხსნელი და სრულად გაუგებარი გველოდება. ჩვენც - მაყურებელს და უფრო დიდ მასშტაბში - სამყაროს.
ანას დიალოგებს, რეპლიკებს, მონოლოგებსა და „გახმოვანებულ“ ფიქრებს ავსებს ჩანართები - ანასვე განსახიერებით, ფსიქოლოგიური მოცემულობისა და მეტყველების მანერის შეცვლითა და საშემსრულებლო ხერხების კიდევ უფრო პირობითობით, ფსიქიატრ ქალთან სცენაში და კიდევ უფრო განტევებულად - იგავებში ღმერთისა და მშიერი და მაძღარი კაცის შესახებ, როგორც სპექტაკლის ჩანაფიქრის პარაბოლა და შეიძლება, მთავარი ფილოსოფიური კითხვა, სამყაროში არსებულ სამართლიანობასა და უსამართლობაზე, ადამიანის არჩევანსა და ღმერთის ნებაზე.
„ანას ცხოვრებაში“, ანას გარდა, შვიდი მოქმედი პირია, ანას ქმარი - ირაკლი კვერღელიძე, პოლიციელი - გია სურმავა, ფსიქოლოგი ქალი - ნინო სებისკვერაძე - თამარ აბშილავა-კობახიძე), ფსიქოლოგი მამაკაცი - ვაჟა ფოფხაძე - რამინ კილასონია, ჯეინ სმიტი - BNC ჟურნალისტი - ნიარა ჭიჭინაძე, ნათან სოიერი - პროკურორი - გუჯა ქარაია, ლობგტომი - ბრიტანელი ფსიქოლოგი - გენა შონია.
ამბავს სწორედ ისინი ადევნებენ თვალს, მოვლენების სხვადასხვა მონაკვეთიდან, მათში უშუალო ჩართულობიდან და ინტერესებიდან გამომდინარე ყვებიან და აფასებენ. აქცენტებს იმ პუნქტებსა და საკითხებზე (მონოლოგებითა და დიალოგებით) აკეთებენ, რომლების ერთიანობითაც, ამბის სხვადასხვა ასპექტი ჩნდება და შედეგად, ერთ ამბად იკვრება.
თითოეულის მონათხრობი პრობლების მიმართ და ზოგადი შეხედულებებიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულებიდან, პროფესიული მოთხოვნილებიდან, ეთიკიდან, ამოცანიდან და მიზნიდან გამომდინარეობს და საზოგადოების სახეს ამგვარად ქმნის.
მსახიობები - მთავარ და მეორე როლებში (სულ უმცირესშიც კი) - ზუსტად გრძნობენ პერსონაჟების ხასიათების ამგვარობასა და ფუნქციას, სპექტაკლის სტილისტიკას, ატმოსფეროსა და მოქნილად იცვლებიან.
ისინი სამ პლანზე მუშაობენ - უშუალოდ მოქმედებაში ჩართულობით, შემდეგ - ამბების თხრობითა და შემდეგ - ფაქტების კომენტირებით, რისი მიხედვითაც, ცვლიან საშემსრულებლო ხერხებს, ინტონაციებს, ცვლიან მოქმედების სივრცესა და მისი არაერთგვაროვნების პირობას. მათი ხასიათების ამგვარობას, პირობითობას პლასტიკური მონახაზი, სპეციფიკური მოძრაობები და ჟესტიკულაციაც, პოზების გარდასახვაც უწყობს ხელს, ირინა კუპრავას ქორეოგრაფიით.
დრო, თან კონკრეტულია და თან არაფერს ამტკიცებს. მაგრამ ამტკიცებს მთავარს - რაც ბოლოს, მეორე მოქმედებაში ცხადდება, როდესაც იცვლება მოქმედების გეოგრაფიაც, ადგილმდებარეობაც, სივრცეც და სარეჟისორო გადაწყვეტის ხერხიც.
პირველი მოქმედება, მეორეზე ორჯერ გრძელია. მოქმედების ადგილი მუდმივად და ფაზლივით იცვლება. სცენის ერთი კუთხე - ხან პარკია, ხან პოლიციის ოთახი, ხან - ფსიქოლოგი მამაკაცისა და ხან ფსიქოლოგი ქალის კაბინეტები და ხან - ანას საცხოვრებელი, სადაც ის ქმართან ერთად ბინადრობს. და ხან, რაღაც მიღმიერი, აბსტრაქტული სივრცე.
ეს ყველაფერი ანას ცხოვრებაა. მისი ცხოვრების სხვადასხვა და სხვადასხვაგვარი ეპიზოდი, რომლებიც მთლიანად გამსჭვალულია, გაჟღენთილია კომპოზიტორ კონსტანტინე ეჯიბაშვილის ორიგინალური მუსიკით და კლასიკური მუსიკის ფრაგმენტებით. მუსიკა ქმნის სპექტაკლის კიდევ ერთ მხატვრულ შრეს, მისტიკურს, ასინქრონულს, ჰარმონიულს, დრამატულს, ლირიკულს და სიღრმეს მატებს მხატვრულ სახეებსა და მოვლენებს.
სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი მთელ სამყაროს ერთ და პატარა სცენურ - ნაცრისფერ, შავ ყავისფერ და თეთრი ტონებში შეფერილ სივრცეში აქცევს, დეკორაციის სულ რამდენიმე, ყოფითი, თუმცა, განზოგადებულად ქცეული ობიექტებით (ტახტი, მაგიდა, სავარძლები, პიანინო - რომელზეც ანა დროდადრო უკრავს და ქუჩაში მდგომი როიალის სცენას „ეხმიანება“), რამდენიმე ელემენტისა და რეკვიზიტის მწირი გამოყენებით - პირველ მოქმედებაში, რომელიც მინის, ქვემოდან განათებული იატაკითაა დაფარული (რაც მოქმედებასა და მოვლენებს უცნაურ ნათებას სძენს). მეორე მოქმედებაში - როდესაც მოქმედების გეოგრაფიაც და ადგილიც იცვლება და სცენის სივრცე კიდევ უფრო იზღუდება, ზოგადდება, განათებაც კლებულობს და მოქმედებაში პროექცია ერთვება, სინათლის წყარო კიდევ უფრო პირობითი და მისტიკურიც კი ხდება. პროექციას კი სასცენო ჩარჩოში სხვა, სადღაც არსებული სივრცე შემოაქვს.
მთელი, არც თუ ხანგრძლივი მეორე მოქმედება, სხვადასხვა მხატვრული ფორმის ერთიანობით აწყობილი სასამართლო პროცესია, როდესაც თითოეულ მონაწილეს თავისი უწყებრივი ფუქცია, ტექსტი თუ ხმის „მომენტი“ აქვს. ისინი მოკლე რეპლიკებით, სხარტი წინადადებებით, სპეციფიკური (ოდნავ პათეტიკური თუ „დასწავლილი“) ხაზგასმული ინტონაციებითა და ფრაზებით საუბრობენ. და მეტყველად და ზუსტი აქცენტებით ქმნიან პერსონაჟების სახეებს. სხვადასხვა ვითარებასა და ფსიქო-ემოციურ ფონზე ადამიანების ქცევის მახასიათებელ თავისებურებებს უყრიან თავს და აერთიანებენ.
მეორე მოქმედების მეორე შრე, ის პერსონაჟი - „მთხრობელები“ არიან და მათი კომენტარებია, რომლებიც პირველ მოქმედებაში იყვნენ მთავარი მოქმედი გმირები და რომლებიც ახალმა პერსონაჟებმა შეცვალეს. ისინი, როგორც გარედამკვირვებლები და დაინტერესებული პირები, აფასებენ და მსჯელობენ ანას პროცესზე, სამაყურებლო დარბაზის სხვადასხვა კუთხეში გადაადგილდებიან და მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების წარმომადგენლების მსგავსად, მაყურებელს - „მსოფლიოს“ - ამცნობენ განვითარებული მოვლენების შესახებ.
მესამე და ცენტრალური „ფენა“, „ჩანართი“ - სცენაზე მოთავსებული ეკრანია, რომელზეც მაჯებშეხვეული ანას სახე მთელი მეორე მოქმედების განმავლობაში ახლო ხედით ჩანს. ნინო გოშაძე მხოლოდ თვალებით, გამომეტყველების ნიუნსების ცვლილებითა და გულწრფელი ემოციის უწყვეტობით, გამოხატავს ანას შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესებს, დაძაბულ მოლოდინსა და მიღწეული შედეგით განცდილ სიხარულსა და შვებას.
ანას ამბავი, რომელიც მოქმედების მთავარი ღერძი და მიმართულებაა, რეალური ან იდენტურად რეალური ამბების გახსენებას ან ასოციაციებს იწვევს, რომლებიც, ერთი მხრივ, თითქოს არ გამოხატავენ უშუალოდ მომხდარ ამბებს და მათი (ამბების) ემოციური აღქმაა და მეორე მხრივ, მათ გამაერთიანებელ, ზოგად, ომ(ებ)თან დაკავშირებული სისასტიკის გარშემო კონცენტრირებულ ფაქტებს უკავშირდებიან.
ასეთი მიდგომა და მხატვრული გადაწყვეტის ამგვარი ხერხი, მეტაფორებისა და სიმბოლიკის (რელიგიურ თუ ზოგადსაზოგადოებრივ მარადიულ სისტემაში) თავისთავადი სისტემა აქცევს საბა ასლამაზიშვილის „ანას მომენტს“ “ იგავად. თანამედროვე იგავის ახალ ფორმად და თანამედროვე თეატრის მიმართულების ერთ-ერთ განშტოებად.
ძალადობა შობს ძალადობას. ძალადობა წინააღმდეგობას იწვევს და ანას „ამბავიც“ ანას თამამი პასუხია ძალადობაზე, თუნდაც მრავალი წლის შემდეგ. პასუხი და პასუხის მიღების სურვილია დანაშაულზე. ტვირთია, რისთვისაც ანას მსხვერპლის გაღება უწევს - ბედნიერი პირადი ცხოვრების, წარმატებული პროფესიის დაკარგვიდან დაწყებული, ცხოვრების წესის სრულიად შეცვლასა და ნაწილობრივ, საკუთარი თავის დაკარგვამდე. თუმცა, პროცესი დამნაშავეების წინააღმდეგ იწყება.
„და მივხვდი, რომ ვიღაცას უნდა დაედგა და დაეთმინა მის მაგივრად, რათა შეგემჩნია და იმ უბედურს ბოლოს და ბოლოს პასუხი მიეღოო“ - ეს ანას იგავის ფრაგმენტია. ეს ანას ხმაა, რომელიც მდუმარებაშიც ისმის, რომელიც ათასობით ადამიანის, სახელმწიფო(ები)ს ნაცვლად, ხმამაღლა და რადიკალური ქმედების ფორმით გამოხატა. და ყურადღება მიაპყრო - თანამედროვე რუსული ფაშიზმისკენ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი სამხედრო და სამოქალაქო დანაშაულისკენ, უწყვეტი და შეუჩერებელი რუსული ტერორისკენ, მასობრივი ძალადობის ფაქტებისკენ, რომელზეც პასუხი რუსეთს არასდროს უგია. მით უმეტეს, რომ ეს ჩვენი პირადი ტრაგიკული და დაუსრულებელი ისტორიაცაა, ჩვენი აწმყოცაა და საშიში მომავალიც, თუ „ანას“ ბრძოლა ისევ უშედეგოდ გაგრძელდება.
თუმცა, რადგან ძალადობისა და სისასტიკის, ადამიანების დევნისა და სისხლისღვრის წინააღმდეგ გულგრილობა და დუმილი დანაშაულია, რადგან „სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის“, აუცილებლად მოვა დღე, აუცილებლად დადგება „ანას“ მომენტი, როდესაც მისი ხმა ყველას მისწვდება, ძლიერ ექოსაც გამოსცემს და მძლავრი რეზონანსიც ექნება. რადგან, თუ შესძლებ, ღმერთს თვალი გაუსწორო, მაშინ ღმერთიც აუცილებლად შეგხედავს, გვერდით იქნება და თვალს არც შენს ტვირთს მოაშორებს.
P.S. „ანას მომენტი“ ფოთის თეატრის, 2023-2024 წლების სეზონის მეექვსე და ზუსტად ერთი წლის წინათ, სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშნულ საბა ასლამაზიშვილის მესამე სპექტაკლია - პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარესა“ და უილიამ შექსპირის „ქარიშხალის“ შემდეგ. მათ გარდა, თეატრის რეპერტუარში, წინამორბედებთან ერთადაა - ნიკა ჩიკვაიძის „ჯაყოს ხიზნები“, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ინსცენირება; ირაკლი გურგენიძის „გაუმარჯოს ბუშონს“, ჟერალდ სიბლეირასისა და ჟან დელის პიესაზე; მარიამ სიხარულიძის „საშობაო სიმღერა“, ჩარლზ დიკენსის წიგნზე. მზადებაა სეზონის მეშვიდე პრემიერისთვის - მიხეილ ბულგაკოვის მოთხრობის „ძაღლის გული“, მიხედვით, რომელზეც ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი მუშაობს.
ბექა ცირეკიძის ფოტოები