top of page

ნიღბიანი მზე(ები)

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

Lapis_Lazuli_Evripidis_Laskaridis__Pinelopi_Gerasimou_for_Onassis_Stegi_High-225.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

ნიღბიანი მზე(ები)

 

წლევანდელი მიხეილ თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ საერთაშორისო პროგრამის მეორე წარმოდგენა „ლაპის ლაზული“  გახლდათ, რომელიც კომპანია OSMOSIS EURIPIDES LASKARIDIS -ის პროდუქციაა. დადგმის იდეა და რეჟისურა ევრიპიდის ლასკარიდისს ეკუთვნის. ეს არის წარმოდგენა, რომელიც შეიქმნა ხუთი შემსრულებლისთვის - ანგელოს ალაფოგიანისი, მარია ბრეგიანისი, ეფტიცია სტეფანუსი, დიმიტრი მაცუკასი და სპიროს ნტოგოსი თავბრუდამხვევ სანახაობას ქმნიან ნიღბებით, რომლებიც მუდმივად იცვლება. ისინი იმდენს მოძრაობენ, ხმაურობენ, ლაპარაკობენ, რომ მართლაც თავბრუს გახვევენ და გქანცავენ, როგორც ქუჩის მოხეტიალე მსახიობები.  

 

სპექტაკლის შემქმნელებმა სახელწოდება - ლაპის ლაზული ალბათ სხვა მოტივით დაარქვეს, თუმცა ის არსობრივად ზუსტად მიესადაგება ჩემს შთაბეჭდილებას სანახაობაზე, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ვნახე. ლაპის ლაზული ნახევრადძვირფასი ქვაა, სწორედ ასეთივე ღირებულებისაა ევრიპიდის ლასკარიდისის სპექტაკლი. შემოქმედებითმა ჯგუფმა, განსაკუთრებით: მსახიობებმა, მხატვრებმა და ხმის რეჟისორმა არაერთი დაუვიწყარი, ეფექტური მიზანსცენა შექმნეს. დამოუკიდებლად ეს ეპიზოდები მაყურებლის გაოცებას იწვევს კრეატიულობითა და ავტორთა ფანტაზიით, თუმცა ისინი ერთიან, თანმიმდევრულ სიუჟეტს, ჩემი აზრით, ვერ ქმნიან, ისინი ერთმანეთს თითქოს არ ებმიან, არ აგრძელებენ თხრობას.

 

ლაპის ლაზული, როგორც ნახევრადძვირფასი ქვა, შეიცავს მინერალებს, რაც მას უნიკალურ ვიზუალს აძლევს. წარმოდგენაც თავისი ვიზუალით ხიბლავს მაყურებელს და აიძულებს სპექტაკლის ბოლომდე მსახიობებთან ერთად დარჩენას. დადგმის ავტორი იუმორითა და სარკაზმით ცდილობს გვიჩვენოს ადამიანები და სამყარო, მათი თანაარსებობა, იგი თვალსაჩინოდ ამხელს კოლექტიურ აზროვნებას და მის მანკიერ მხარეებს. რეჟისორი, სიუჟეტის თხრობისას (რომელიც დანაწევრებულია დამოუკიდებელ მცირე ეპიზოდებად) იყენებს კონტრასტის პრინციპს და გვიჩვენებს: ტერორს იუმორით, დაუნდობლობას შემწყნარებლობით, გაუცხოება ურთიერთთანამშრომლობით. შესაბამისად, თხრობის ასეთ სტილში დარღვეულია საზღვრები დროსა და სივრცეში, რეალობასა და წარმოსახვაში, მატერიალურსა და სულიერს, ცნობიერსა და არაცნობიერს შორის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლაპის ლაზული, როგორც წესი, ასოცირდება სულიერ ზრდასთან, ინტუიციასთან და კომუნიკაციის უნარის განვითარებასთან, მეტაფორულად ზედმეტად ხმაურიანი წარმოდგენა თავისი მიზნითა და სათქმელით უკავშირდება მაყურებლის სულიერ გაკეთილშობილებას და კომუნიკაციის უნარის განვითარებას.

 

წარმოდგენა ჟანრობრივ-სტილისტურად ჩაფიქრებულია როგორც კლოუნადა. მსახიობებთან ერთად, არანაკლებ ეფექტს ახდენს და წარმოდგენის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ხმა (მუსიკალურ-ხმოვანი რიგი) და ვიზუალური გადაწყვეტა - სცენოგრაფია და კოსტიუმები. სპეციალური აკუსტიკურ და ელექტრონული ხმის ეფექტებზე იორგოს სტენოსმა იმუშავა. ხმა ამ წარმოდგენაში გადამწყვეტ როლს ასრულებს, გარდა იმისა, რომ თითქმის არავერბალურ სპექტაკლში მელოდია და ხმები მუდმივად ისმის და ქმნის ფონს, აქვს აზრობრივი დატვირთვა, ის ლოგიკურად ერწყმის სპექტაკლის სტილისტურ გადაწყვეტას და სრულ ჰარმონიაშია მსახიობთა უკლებლივ ყველა ქმედებასა და მოძრაობასთან. მსახიობები რთული ამოცანის წინაშე დგანან, გარდა იმისა, რომ ისინი მაყურებლის თვალწინ ქმნიან სახე-ტიპაჟებს, ისინი კონცენტრირებული არიან ზუსტ მოძრაობაზე, რომელიც ჰარმონიაში უნდა იყოს ხმებთან, ქორეოგრაფიულ პარტიტურასთან, მუდმივად ცვალებად და ქმედით დეკორაციასთან. ამიტომ სიზუსტე ამ დადგმაში მსახიობისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია.

 

სცენოგრაფი სოტორის მელანოსი ნამდვილ გამომგონებლად გვევლინება, რომელსაც უსაზღვრო ფანტაზია აქვს და ცოდნა, როგორც კრეატორს, მარტივი აქციოს გენიალურად, მომნუსხველად, მომაჯადოებლად. არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვა ამ სპექტაკლში აქვს კოსტიუმს და ნიღაბს, რომელიც ქრისტოს დელიდიმოსმა და ელეგია პაპაგეორგუმ შექმნეს, რეკვიზიტებისა და სპეციალური კონსტრუქციების ავტორ კონსტანტინოს ხალდაიოსთან ერთად, რომელიც საოცრად დახვეწილია, ზუსტი და მულტიპლიკაციური. საერთოდ სპექტაკლს აქვს მულტიპლიკაციური იერი როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივი. აღნიშნულ მანერას მიმართავენ მსახიობებიც, ისინი გამოიყურებიან და მოქმედებენ როგორც ნახატი ფილმების გმირები.

 

მთლიანობაში სპექტაკლი კარნავალს გავს, ამიტომაც არის რიტმული, ხმაურიანი, ქაოსური, რომელიც მოდუნების, სიმშვიდის, მოწყენის საშუალებას არ გაძლევს, რაც ნაწილობრივ გღლის კიდეც. ერთდროულად იმდენი რამ ხდება სცენაზე, რომ კონცენტრირება ერთ კონკრეტულ მსახიობზე ძნელია, ამიტომაც სიუჟეტი არ არის ბოლომდე გასაგები, ცხადი, რადგან ყველაფერზე თვალყურის მიდევნება სჭირს. აქა-იქ გვესმის სიტყვები, ფრაზები, წინადადებები, დანარჩენი ტექსტები კი გადაფარულია ე.წ. აბრაკადაბრა ლექსიკით, ისე როგორც გასაგებია სპექტაკლის კონკრეტული მესიჯები.

 

სანახაობას, რომელსაც ევრიპიდის ლასკარიდისმა „ლაპის ლაზული“ უწოდა წარმოდგენილია ემოციური და ვიზუალური ექსპერიმენტები, რომელიც გამოვლენილია სცენოგრაფიაში, რომელიც ინტენსიურად ეფექტურია, ჯადოსნური. მსახიობთა გრიმი და მუდმივი ვიზუალური ცვლა კიდევ უფრო აოცებს მაყურებელს. ლასკარიდისის გამორჩეული და ინოვაციური სტილი ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდის მეინსტრიმულ დრამატულ თეატრთან, რომელიც ნასაზრდოებია სწორედ ტრადიციული სათეატრო ფორმებით.

bottom of page