top of page

„ლელას“ დაბრუნება

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

463020196_618076667212842_6133808618049902403_n.jpg
463480076_618083457212163_2509323366001948337_n.jpg
462764313_618075777212931_8974317811135545062_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

„ლელას“ დაბრუნება

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბათუმელ (და არა მხოლოდ) მაყურებელს საოპერო პრემიერა - რევაზ ლაღიძის „ლელა“ შესთავაზა. ეს ოპერა განსაკუთრებულად უყვართ ბათუმში, რადგან 1993 წელს გახსნილი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეპერტუარის გამორჩეული დადგმა იყო. ამიტომ, დარბაზში მსხდომთაგან და ახალ დადგმაში მონაწილეთაგან, უნებურად და სავსებით ლოგიკურად, ბევრს გაახსენდა გიზო ჟორდანიას სპექტაკლი („ლელას“ პრემიერა 1994 წელს შედგა), რომელიც ამჯერად, მისმა მოწაფემ, რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ დადგა. გარკვეული ლოგიკა ამ ფაქტშიც არის. გოჩა კაპანაძემ უკვე მეხუთე საოპერო სპექტაკლი განახორციელა, თბილისის საოპერო და კატანიის ბელინის თეატრების შემდეგ. რეჟისორისთვის ეს მეორე შეხვედრაა ბათუმის საოპერო დასთან ზაქარია ფალიაშვილის „დაისზე“ მუშაობის შემდეგ. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ გოჩა კაპანაძის მიერ რევაზ ლაღიძის „ლელა“ დადგმულია იტალიური ოპერის სტილში და მისი კონცეპტუალურ - ვიზუალური გადაწყვეტა (სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე) ტრენდად ქცეული უახლესი საოპერო დადგმების სტილს მისდევს, სადაც სცენა მაქსიმალურად განტვირთულია დეკორაციისგან და სივრცეს მსახიობი ავსებს.

 

გასული საუკუნის 90-იანი წლებში გახსნილი საოპერო თეატრი და მისი მართლაც უნიკალური დადგმები შემთხვევით არ ვახსენე. დღეს საოპერო ხელოვნების ტრადიციას ბათუმში მაშინდელი ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის ნამდვილი მარგალიტი, წამყვანი სოლისტი, რომელიც მართლაც ბრწყინავდა მის მიერ შესრულებული წამყვანი პარტიებით სპექტაკლებში, მარინა ჯახუტაშვილი აგრძელებს, რომლის ძალისხმევითაც (ცხადია მუსიკალური ცენტრის ხელმძღვანელობის, აჭარის კულტურის სამინისტროს დახმარებით) ბათუმში რამდენიმე ცნობილი ოპერის დადგმა გახდა შესაძლებელი.

 

რევაზ ლაღიძის „ლელა“ კაცობრიობის მარადიულ თემებს ეფუძნება - სიყვარულის,  თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეას. გოჩა კაპანაძის დადგმა კი აქცენტს ბედისწერასა და ემიგრაციაში იძულებით გადახვეწილი ადამიანების სულიერ მდგომარეობაზე აკეთებს. აქ კონფლიქტს სწორედ ბედისწერასთან ბრძოლა წარმოშობს, რომელიც კერძო პრობლემას სცდება და სამშობლოს ინტერესებს კვეთს - ბრძოლა თავისუფლებისთვის სამშობლოს დასაცავად აერთიანებს დაპირისპირებულ, კონფლიქტში მყოფ ადამიანებს. სწორედ ამ იდეას ემყარება „ლელას“ ახალი დადგმა, რითაც ჟანრობრივად ოპტიმისტურ ტრაგედიას უტოლდება.

 

ჩემი შთაბეჭდილებით, ვერ ვიტყვი, რომ ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის დადგმის ყველა კომპონენტი თანაბარ მხატვრულ დონესა და სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან - თქო, თუმცა სპექტაკლი „ლელა“ მკვეთრად გამოხატავს პროცესის ერთ ეტაპს, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს ინტენსიური, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაწეული შრომა იმ ეფექტს დაკარგავს, რა მიზანსაც ემსახურება ბათუმში საოპერო დასის არსებობა.

 

რეჟისურასთან ერთად, დადგმას გამოარჩევს სცენოგრაფია და ქორეოგრაფიული გადაწყვეტა, სადაც ოპერაში ცეკვები კი არ არის ჩართული, როგორც ცალკეული ნომრები, არამედ ის ერთიანი დადგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ქორეოგრაფმა ბაჩანა ჭანტურიამ შექმნა ერთგვარი ქორეოგრაფიული პარტიტურა, რომელიც ეფუძნება ოპერის კონცეფციას და ერწყმის რეჟისურას. მოძრაობები, რომელსაც აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ხორუმი“ მოცეკვავეები ასრულებენ, ეფუძნება გეომეტრიულ წყობას, რომლის ჰარმონიულობა და სიზუსტე შემსრულებლების მიერ წარმოდგენის მსვლელობისას, რამდენიმე შემთხვევაში დაირღვა. ქორეოგრაფია სპექტაკლში, რომელიც უცნაურად  (თვალისთვის მიუჩვევლად) იცქირება ეფუძნება იდეას, გამოხატოს წარმართული ეპოქის ქართველ ტომთა ხალხის რიტუალები, რითაც დადგმას შესძინოს მისტიკური ელემენტები. ამიტომაც იყენებს ქორეოგრაფი ქართული ხალხური ცეკვებიდან გარკვეულ ელემენტებს, რომელიც აქა-იქ გამოჩნდება საერთო ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში. გარკვეულ ეპიზოდებში ცოცხლდება „თრიალეთის ვერცხლის თასზე“ გამოსახული ნიღბოსანთა ფერხულის ელემენტები. ქორეოგრაფმა ბაჩანა ჭანტურიამ მოახდინა ქართული ხალხური ცეკვების დეკონსტრუქცია, რითაც ის მიუახლოვდა ოპერის სიუჟეტის ეპოქას და იქცა სპექტაკლის მნიშვნელოვან კომპონენტად, რომელიც არსებობს არა დამოუკიდებლად, არამედ ნაწილად, როგორც გამომსახველობითი საშუალების ერთ-ერთი ხერხი, რომელიც ერთი მხრივ, მუსიკის ვიზუალიზაციას ახდენს, ხოლო მეორე მხრივ, ილუსტრირებს ოპერის სიუჟეტს.

 

ლომგულ მურუსიძის სცენოგრაფია, ქეთევან ციციშვილის კოსტიუმები და ეკატერინე ჯავახიშვილის მხატვრობა  შესაძლოა, მაყურებლის გარკვეულ ნაწილს უჩვეულოდ მოეჩვენოს, ვინაიდან ის არ ჰგავს ტრადიციულ, დამკვიდრებულ სტილს, არამედ მისდევს უახლესი ევროპული საოპერო დადგმების ტრენდს, სადაც სცენა მაქსიმალურადაა განტვირთული დეკორაციისგან და კოსტიუმები აღარ გამოხატავს კონკრეტულ ეპოქას. სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება მხატვართა გუნდის ნამუშევარიც. ლომგულ მურუსიძე არ კარგავს საოპერო დადგმისთვის დამახასიათებელ მონუმენტურობას, ის ქმნის სივრცის საზღვრებს, რომელიც სარკისებურია და მასში ირეკლებიან ოპერის პერსონაჟები, მათი ქმედებები, ემოციები, სარკეები შუბის წვერებითაა გახეთქილი. სამყარო, რომელიც სცენაზეა წარმოდგენილი (მცირე ტომიც და იმპერიაც), ომშია, შესაბამისად, საფრთხეში, როგორც დღეს. სცენის ფონზე კი ცის პეიზაჟი მოჩანს, რომელიც განათების საშუალებით იცვლება მუქ და ღია ტონებში სიუჟეტის შესაბამისად (ისე მკვეთრად წითელი ფერი ჭარბობს, რომელიც თვალსაც ჭრის და სიუჟეტსაც ზედმეტ დრამატულობას სძენს). ქეთევან ციციშვილის კოსტიუმები არ გამოხატავს ერთ რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, არც ეროვნებას. სოლისტების, გუნდის მსახიობების თუ მოცეკვავეთა კოსტიუმები სადადაა გადაწყვეტილი, ეპოქის, პერსონაჟთა სოციალური სტატუსისა თუ წარმომავლობის გათვალისწინებით, თუ არ ჩავთვლით, ე.წ. რომის სცენაში მოცეკვავეთა იგივე კოსტიუმებს, რაც პირველ მოქმედებაში (საქართველოს ეპიზოდებში) ემოსათ.

 

ცნობილია, რომ დღეს, მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში ტოტალური რეჟისურის ხანა დგას, ამ დინებას მუსიკოსთა  წინააღმდეგობის დიდი ტალღაც ვერ აჩერებს. ჩვენში ამ ტენდენციამ ჯერჯერობით მძლავრად ვერ მოიკიდა ფეხი, რადგან ტრადიცია ჯერ კიდევ მეინსტრიმშია. გოჩა კაპანაძის რეჟისურაში გამოიკვეთა რევაზ ლაღიძის ოპერის გარკვეული კონცეპტუალური წახნაგები, რომელიც დღეს გაცილებით აქტუალურად ჟღერს, ვიდრე ოპერის შექმნის პერიოდში იდგა დღის წესრიგში. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ოპერის ცენტრში გელა - ემიგრაციაში იძულებით წასული (მოტაცებული) უსამშობლო კაცის ტრაგედია და ეგზისტენციური კრიზისი დგას, რომელმაც უცხოეთში დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ დიდების მიუხედავად მას უსამშობლობა და უსიყვარულობა ტანჯავს. შესაძლოა გელაზე გამოკვეთილი ფოკუსი მისმა შემსრულებლებმაც (ალუდა თოდუა, ზაზა ხამათაშვილი, ოთარ ნაკაშიძე) თავიანთი პროფესიონალიზმითა და არტისტულობით განაპირობეს. გოჩა კაპანაძე სამშობლოდან გატაცებული, ტყვედ ჩავარდნილი ემიგრანტის პრობლემასთან ერთად, წინა პლანზე ბედისწერის თემასაც წამოსწევს, რომელსაც ებრძვისოპერის უკლებლივ ყველა მთავარი გმირი - ბერდო, ლელა და გელა. ამიტომაც, სპექტაკლში კონფლიქტს ბედისწერა და შექმნილი მოცემულობა, სიტუაცია წარმოშობს. აქამდე არსებულ დადგმებში არ ჩანდა თვითმკვლელობის მცდელობამდე მისული ბერდო და გელა. გოჩა კაპანაძე მათ უკიდურეს სასოწარკვეთილებას გვიჩვენებს (უიმედობით მოცულ საზოგადოებას) და ბოლო მომენტში აჩენს იმედის ნაპერწკალს, სიცოცხლის გაგრძელების აუცილებლობის იდეას. თუ უფრო დავაკვირდებით, უიმედო აწმყოს გადამრჩენელი, უკეთესი მომავლისთვის, წარსულია. გელას თვითმკვლელობას მისი წარსულის მოგონება, კერძოდ, ზმანებად ქცეული ლელა (ამ როლს მოცეკვავე ქეთევან სურმანიძე ასრულებს, რომელიც სპექტაკლის მნიშვნელოვან პერსონაჟად იქცა) აჩერებს, ხოლო ბერდოს თვითმკვლელობას შერგილი, ბერდოს მამა „აღკვეთს“, ამიტომაც სავსებით ლოგიკურად ჟღერს შერგილის არია, რომელიც ამ ეპიზოდს მოსდევს. პირველი აქტის ბოლოს, როცა ლელა ტოვებს სამშობლოს, ხელში რიტუალიდან გამოყოლილი დანები უჭირავს, რომელიც მეორე მოქმედებაშიც გადმოჰყვება მას, მისთვის ჯერ უცნობ უცხოელ დამპყრობელთან შეხვედრისას, რომლითაც ის მის მოკვლას აპირებს. ამ ეპიზოდში შემოდის ზღაპრის, ერთგვარი ფანტასტიკის ჟანრი, რადგან ლოგიკით რომაელ სარდალთან ლელას იარაღით არავინ შეუშვებდა. ეს პასაჟიც, რითაც ლელას სულიერი და ფიზიკური სიძლიერე, მისი გაუტეხელობა ვლინდება (და რითაც ის მედეას მხატვრულ სახესაც ემსგავსება) არ გვხდება ოპერის ადრინდელ დადგმებში. რეჟისორმა ამით ხაზი გაუსვა (გაგვახსენა კიდეც) ქართველი ქალის განსაკუთრებულობას და მის უტეხ ხასიათს, სიმამაცესა და მნიშვნელობას.  

 

ბათუმში უკვე მეორედ დადგმულ ოპერაში „ლელა“ ვარსკვლავებთან და ცნობილ საოპერო მომღერლებთან ერთად, ნაკლებად ცნობილი შემსრულებლებიც მონაწილეობენ. ამ პროცესში კიდეც უფრო იკვეთება საოპერო დასის ხელმძღვანელის მარინა ჯახუტაშვილის გაწეული შრომა და ძალისხმევა, აღზარდოს ადგილობრივი კადრები, რომელთაც უკვე აქვთ კიდეც გარკვეული საერთაშორისო აღიარება და წარმატება. მათ ვოკალურ მონაცემებს, ისე როგორც სპექტაკლის მუსიკალურ - საშემსრულებლო ნაწილს მე მიზანმიმართულად არ შევეხები, ეს მუსიკოლოგების პრეროგატივაა. აქ ჩემს აზრს, მსახიობთა შესრულების კულტურაზე მოგახსენებთ მხოლოდ.

 

მცდარია და უკვე კარგა ხანია დრომოჭმული ის შეხედულება, რომ თანამედროვე ოპერაში ვოკალისტს არ მოეთხოვება სამსახიობო მონაცემები. დღევანდელ საოპერო დადგმებს თუ გადავავლებთ თვალს დავრწმუნდებით, რომ ისინი დრამატული თეატრის მსახიობებივით, ან სულაც აკრობატებივით მუშაობენ (თავდაყირაც კი მღერიან), ფაქტობრივად ისინი, როგორც პერსონაჟები ცხოვრობენ სცენაზე. საბედნიეროდ, ამ დადგმაშიც გამოვლინდა ასეთი არტისტებიც, რომლებსაც ჰქონდათ გააზრებული როლი, ჩანდა პარტნიორობის შეგრძნება. გიორგი ონიანი, ზაზა ხამათაშვილი, სულხან ჯაიანი, ალუდა თოდუა, ლელა ვაშაყმაძე, ინგა ჯახუტაშვილი კი არ ასრულებდნენ მხოლოდ თავიანთ პარტიებს, არამედ ცხოვრობდნენ სცენაზე როგორც პერსონაჟები. სამივე მსახიობს აქვს შესაბამისი გამოცდილება, სცენური ქარიზმა და ისინი მიყვებიან არა მხოლოდ მუსიკას ტექნიკურად, არამედ არსობრივადაც, მათ გააზრებული აქვთ მათი პერსონაჟების ტიპაჟები და სცენაზე შექმნილ ვითარებაზე ადეკვატურად რეაგირებენ, რასაც ვერ ვიტყვი ყველა შემსრულებელზე. იგრძნობოდა, რომ გარკვეულ შემსრულებელთა კონცენტრაცია მიმართული იყო მუსიკალურ-ტექნიკურ საკითხებზე, ვიდრე მხატვრული სახის გამომსახველობით საშუალებებზე. ვფიქრობ, საპრემიერო ღელვის შემდეგ ისინი მეტ გამოცდილებას შეიძენენ და სამსახიობო უნარებსაც გააუმჯობესებენ. სოლისტთაგან აღსანიშნავია ლელა სიხარულიძის, ოთარ ნაკაშიძის, მირანდა კონცელიძის, ედუარდ გორგილაძის, ნონა კორიფაძის, ლევან მაკარიძის, ლელა კახიძის შესრულება. მათი პერსპექტივა და დიდი წარმატება კარიერაში მხოლოდ მათ შრომისმოყვარეობასა და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვაზეა დამოკიდებული. ცალკე აღნიშვნის ღირსია ოთარ ნაკაშიძე (გელა), ლელა სიხარულიძე (ლელა), ედუარდ გორგილაძე (მლოცველი კაცი), მირანდა კონცელიძე (მოზარე ქალი).

 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის დადგმაზე იმუშავეს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა და გუნდმა, აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ხორუმი“, მთავარმა დირიჟორმა დავით მუქერიამ (რომელიც 1994 წელს დადგმულ სპექტაკლსაც დირიჟორობდა) და დირიჟორმა მამუკა ალაფიშვილმა, ქორმაისტერმა  რუსუდან ბერიძემ, კონცერტმაისტერებმა: ნანა კვირიკაძემ, ეკატერინე ხომერიკმა, მარინა ქიქავამ, თეონა წულუკიძემ, ციური დუმბაძემ, მხატვრულ განათებაზე კახაბერ გიგინეიშვილმა და გახმოვანებაზე ვერა ქებულაძემ. დეკორაციის რულყოფილად გამართვაზე სცენის დეკორატორ-მემონტაჟეება დავით გოგიტიძის ხელმძღვანელობით.  

 

ტრადიციულად აჭარას გამორჩეული კაპელა და გუნდი ჰყავს. ამ დადგმაშიც გუნდი განსაკუთრებულად ჟღერდა, თუმცა არ შემიძლია არ აღვნიშნო, თვალშისაცემი გარემოება - გუნდი ვერ გახდა სპექტაკლის მოქმედი პირი. სამივე წარმოდგენის დროს, იგრძნობოდა გუნდის მსახიობთა ზერელე დამოკიდებულება და ჩართულობა სპექტაკლის სიუჟეტურ განვითარებაში. მათი უმრავლესობა ამოცანის გარეშე შემოდიოდა და გადიოდა სცენიდან. გარდა ამისა, მოქმედების მსვლელობის დროს, განსაკუთრებით საკვანძო დრამატულ ეპიზოდებში, იყო შემთხვევები სცენაზე გუნდის მსახიობთა ერთმანეთში გადალაპარაკების, ოხუნჯობის, სიცილისაც კი, სამკაულის სახეზე და არა გულ-მკერდზე მორგების... გელა საფინალო არიის დროს თავის ხალხს შენდობას სთხოვს, ხალხი (გუნდი) კი სცენაზე არ დგას. ვფიქრობ, გუნდის მსახიობებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

 

საპრემიერო ჩვენებები 17, 18 და 20 ოქტომბერს გაიმართა სამი შემადგენლობით (ბერდოსა  (გიორგი ონიანი) და მლოცველი კაცის (ედუარდ გორგილაძე) პარტიის შემსრულებლების გარდა). სამივე წარმოდგენას დავესწარი და ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ მესამე წარმოდგენამ რადიკალურად შეცვალა ჩემი პირველადი შთაბეჭდილებები. სპექტაკლი უფრო ემოციური, დახვეწილი და ყველა კომპონენტი ორგანული გახდა, შესრულების ხარისხში იგრძნობოდა დინამიკა. ეს მოცემულობა კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინტენსიური, შეუფერხებელი პროცესი სასურველ შედეგზე გადის, ვიდრე  ფრაგმენტული. მესამე წარმოდგენის მონაწილეებმა: ლელა ვაშაყმაძემ, ალუდა თოდუამ, გიორგი ონიანმა, სულხან ჯაიანმა, ინგა ჯახუტაშვილმა და ედუარდ გორგილაძემ შექმნეს ანსამბლურობა, აჩვენეს სცენური პარტნიორობის მაღალი დონე, არტისტულობა. ამ დღეს ჯანსაღი ხმები ისმოდა ბათუმის მუსიკალური ცენტრის დარბაზში ორკესტრიდან, გუნდიდან, სოლისტებიდან... მესამე საპრემიერო ჩვენებაზე გუნდი ბოლომდე იყო ჩართული წარმოდგენაში, როგორც მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორც ქორო, რომელიც ხალხს, საზოაგდოებას განასახიერებდა.

 

და ბოლოს, ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის „ლელას“ თუ რეგიონული მასშტაბით შევაფასებთ, ის მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ თუ მას საერთაშორისო სტანდარტების კრიტერიუმებით განვიხილავთ, ის გარკვეული შემოქმედებითი პროცესის ერთ ეტაპად გამოიყურება. ფაქტია, რომ რესურსი არსებობს და ეს თვალშისაცემია, სამუშაო კი ძალიან ბევრი, რაც ინტენსიური მუშაობით მიიღწევა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე კი ამ პროცესის ერთგვარი გარანტია, რომელსაც, როგორც შემოქმედს, თავდადებული შრომა, კრეატიულობა და თვითმყოფადობა გამოარჩევს.

bottom of page