top of page

პირველი სვანი „თეატრალურში“

ლეო ფილფანი - 90

449735256_1186564062776709_5560752287192866107_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

პირველი სვანი „თეატრალურში“

ლეო ფილფანი - 90

 

 

9-12 ივლისს, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი კინოსა და თეატრის ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ფილფანის საიუბილეო კვირეულს მასპინძლობდა.

 

კვირეულის ფარგლებში მოეწყო ლეო ფილფანის მონაწილეობით ფილმების და სპექტაკლების ჩვენება, კვირეულის დამაგვირგვინებელი აკორდი იყო საიუბილეო საღამო და ლეო ფილფანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია.

 

გამოჩენილი მსახიობის შვილიშვილის, ასევე მსახიობისა და მხატვრული კითხვის ოსტატის  ნინო ფილფანის ინიციატივით, უკვე მესამე წელია მესტიაში აღინიშნება ლეო ფილფანის დაბადების დღე. წელს მას 90 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო კვირეულის ორგანიზებაში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, ჩაერთო მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.

 

საიუბილეო კვირეული შოთა მანაგაძის ფილმის „ხევსურული ბალადა“ ჩვენებით გაიხსნა, ფილმის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და პროფესორი ქეთევან ტრაპაიძე, დისკუსიაში ასევე მონაწილეობდა თეატროლოგი, ქართული თეატრის მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და პროფესორი გიორგი ცქიტიშვილი. მეორე დღეს მაყურებელს უჩვენეს ალეკო ნინუას ფილმი „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“ და პავლე ჩარკვიანის „ზოგი ჭირი მარგებელია“. დისკუსიას ამჯერადაც მოდერირებას კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე უწევდა, ხოლო დისკუსიაში მონაწილეობდა კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი, ახმეტელის თეატრის დირექტორი გია ჯაფარიძე.

 

ფილმების ჩვენებები სპექტაკლებმა ჩაანაცვლა. 10 ივლისს, მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრმა წარმოადგინა ბახვა წერედიანის თოჯინური სპექტაკლი „უშბა და თეთნულდი“, რომელმაც წელს, სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე II ადგილი მოიპოვა. 11 ივლისს, მესტიას სტუმრობდა ქუთაისის თოჯინების თეატრი ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლით „იავნანამ რა ჰქმნა?!“ (იაკობ გოგებაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით), იმავე დღეს დმანისის დრამატულმა თეატრმა, გახმაურებული სპექტაკლი ნინია სადღობელაშვილის „ხალდე“ წარმოადგინა (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე). დმანისის თეატრის ახალგაზრდა მსახიობებმა: კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა, ანა ბერელაშვილმა, ანანო ლომიძემ, დათო ჩოგოვაძემ, გიორგი გიორგიძემ, ნანუკი მაკრახიძემ, ანა ბანძელაძემ და მოწვეულმა მსახიობებმა, ქართული სცენის ოსტატებმა ლილი ხურითმა და გია აბესალაშვილმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვეს მესტიელ მაყურებელზე.

 

12 ივლისს, საიუბილეო კვირეულის დასკვნით დღეს, სცენა დაეთმო მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს. წარმოდგენილი იყო მონო სპექტაკლი „ყველაფერი ნამდვილად იყო“ მზია არაბულის მონაწილეობით. რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა აღნიშნული წარმოდგენა ბესიკ ხარანაულის პოეზიის მიხედვით შექმნა. სპექტაკლმა, რომელიც მედიტაცია-რიტუალის ხასიათს ატარებს, კიდევ ერთხელ აზიარა მაყურებელი ბესიკ ხარანაულის მისტიკურ პოეზიას.

 

საიუბილეო საღამოს დაწყებამდე მაყურებელს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ლეო ფილფანის შემოქმედებისადმი მიძღვნილ ახალ გამოცემას. წიგნი-ალბომი აერთიანებს გამოჩენილ ხელოვანთა მოგონებებს და შეხედულებებს ლეო ფილფანის კინო თუ სათეატრო როლებზე. გამოცემაში ასევე შეხვდებით მსახიობის ოჯახის წევრთა და მემკვიდრეთა მოგონებებს. აღნიშნული წიგნი სრულად ხატავს ლეო ფილფანის როგორც შემოქმედებით, ისე პიროვნულ პორტრეტს. წინასიტყვაობის ავტორია საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც მკითხველს წარუდგენს მსახიობს, რომელიც თავისი ქვეყნისა და მშობლიური კუთხის ერთგული და ღირსეული შვილი იყო.

 

საიუბილეო კვირეულის დასასრულს, კოლეგებმა, ექსპერტებმა, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებმა გაიხსენეს ლეო ფილფანი. საღამო მიყავდა კინოვარსკვლავის შვილიშვილს, მსახიობ ნინო ფილფანს, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას გაუზიარა პირადი განცდები და დამოკიდებულება ბაბუისადმი. მან, ასევე ხაზგასმით მადლობა გადაუხადა მისი ინიციატივის რეალობად ქცევისთვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, საიუბილეო კვირეულის პარტნიორს - კინომსახიობთა თეატრს და  მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს ღირსეული მასპინძლობისთვის.

 

ნინო ფილფანი სცენაზე იწვევდა ლეო ფილფანის თანამედროვეებს - მეგობრებსა თუ კოლეგებს, მისი ნიჭის შემფასებლებსა და დამფასებლებს. ივერი ჭელიძემ აღნიშნა, რომ ლეო ფილფანი „თეატრალურის“ პირველი სტუდენტია სვანეთიდან, მსახიობმა გია ჯაფარიძემ გაიხსენა ლეო ფილფანთან შემოქმედებითი თანამშრომლობის და მისდამი მზრუნველობის ეპიზოდები, კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძემ ლეო ფილფანს ფენომენის - ქართული კინოს უღირსეულესი ნაწილი უწოდა, თეატრმცოდნე გიორგი ცქიტიშვილმა მსახიობის ქართულ თეატრში მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მომენტები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ლეო ფილფანი კინოში თეატრიდან მოვიდა და ხაზი გაუსვა მსახიობის უნიკალურობას, მის ბუნებრიობას და აღნიშნა: „ვერც თეატრი და მით უმეტეს კინო ვერ იტანს სიყალბეს. ლეო ფილფანი არასდროს ყოფილა ყალბი, არც სცენაზე და არც ეკრანზე...“, ცნობილმა მსახიობმა, ლილი ხურითმა, რომელიც ლეო ფილფანის მშობლიურ - სოხუმის თეატრს წარმოადგენს, საზოგადოებას გააცნო არაერთი ნაამბობი ლეო ფილფანის შესახებ, რომელიც მას სმენოდა. ლეო ფილფანის შემოქმედებაზე და მის სახასიათო შტრიხებზე ისაუბრა კინომცოდნემ, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და პროფესორმა ლელა ოჩიაურმა. კრიტიკოსმა გაიხსენა მსახიობის პორტრეტზე მუშაობის ხანა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ნარგიზა ნიგურიანმა, რამაზ ფილფანმა, მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელმა გუგა ჯაჯვანმა.

 

საღამოს დასასრულს, ნინო ფილფანმა სცენაზე იხმო კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ვანო ხუციშვილი, რომელმაც საზოგადოებას გააცნო მისი და ფილფანების ოჯახის ინიციატივით - საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ ლეო ფილფანის სახელობის ჯილდოს დაარსების შესახებ. ლეო ფილფანის სახელობის ჯილდო პირველად გადაეცა მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელს, მსახიობსა და რეჟისორს გეგი ფალიანს. ვანო ხუციშვილმა მოკლედ ისაუბრა გეგი ფალიანის იმ ძალისხმევის შესახებ, რაც ის ახორციელებს რეგიონში, კერძოდ, მესტიაში სათეატრო კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის.

 

საიუბილეო საღამოს განსაკუთრებულ კოლორიტს და პეწს სძენდა ფოლკლორული ანსამბლის „რიჰოს“ (ხელმძღვანელი ვახო ფილფანი) მიერ შესრულებული სვანური ფოლკლორის განსაკუთრებული ნიმუშები და დები ჩამგელიანების მიერ შესრულებული სვანური სიმღერები. გამომსვლელთა შორის, ფართო ეკრანზე მაყურებელი უცქერდა ეპიზოდებს ფილმებიდან ლეო ფილფანის მონაწილეობით. დარბაზი სავსე იყო ახალგაზრდებით, რომელთაც შესაძლოა სმენიათ ლეო ფილფანის შესახებ, მაგრამ მათ არ უნახავთ ფილმები მისი მონაწილეობით. ამ საღამომ კი მომავალ თაობას გააცნო არა მხოლოდ მათი კუთხის გამორჩეული და საამაყო ფიგურა - ლეო ფილფანი, არამედ გაუღვიძა ინტერესი ქართული ფილმის მიმართ. მსგავსი ღონისძიებები არა მხოლოდ პატივს მიაგებს კონკრეტული ხელოვანების ხსოვნას, არამედ აცნობს მომავალ თაობებს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და უღვიძებს ინტერესს მის მიმართ.

bottom of page