top of page

Liberté ანუ შემდეგი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.​დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტისსამინისტროს მიერ.​

 

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.fDK_p8P2MKyIfcjKHhOuMq7XZdhJ7xtpJ0htDDpE3cg.jpg

ვალერი ოთხოზორია

Liberté ანუ შემდეგი

 

გაფრთხილება ყოველი შემთხვევისთვის:

სპექტაკლში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს თქვენს მოსაზრებებს;

სპექტაკლში განხორციელებული მოქმედებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს თქვენ მოქმედებებს;

სპექტაკლის ჟესტები შესაძლოა არ ემთხვეოდეს თქვენს ჟესტებს;

ან სულაც პირიქით.

 

P.S. სპექტაკლის განწყობა შესაძლოა ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს თქვენს განწყობას.

 

ამ ყოველივეს გამო არ ღირს შფოთვა, აურზაური. ისედაც მთელი სპექტაკლი ასეთია, ოღონდ ლამის ზებუნებრივი. თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ (გამოიმუშავოთ) მხოლოდ პირადი (რომელიც არასდროსაა ბოლომდე პირადი) სევდა ან სიხარული (და აზრები, და შეგრძნებები...).

 

[გაფრთხილების დასასრული.]

 

 

 

„და რა იქნება ამგვარი სპექტაკლების საგანი? შეიძლება ითქვას არაფერი... მოედნის შუაში ჩაარჭვეთ სარი ყვავილების გვირგვინით, შეკრიბეთ ხალხი და ზეიმი იქნება. ან მთლად უკეთესი: შეიყვანეთ მაყურებლები სპექტაკლში, თავად აქციეთ მსახიობებად.“

 

ჟან-ჟაკ რუსო

 

 

„არტოს სურდა გაეუქმებინა გამეორება ზოგადად. გამეორება მისთვის იყო ბოროტება და მისი ტექსტების კითხვის ორგანიზება შეიძლება ამ ცენტრის გარშემო. გამეორება ჰყოფს თავის თავში ძალას, პრეზენსს, სიცოცხლეს. ეს სეპარაცია ეკონომიკური და კალკულატორული ჟესტია იმისა, ვინც თავს ისხვავებს თვითგადარჩენისთვის, იმისა, ვინც ლიმიტირებს ხარჯვას და ემორჩილება შიშს. ეს გამეორების ძალაუფლება მართავდა ყველაფერს, რისი დესტრუქციაც არტოს სურდა და რასაც მრავალი სახელი აქვს: ღმერთი, ყოფნა, დიალექტიკა.“

 

ჟაკ დერიდა

 

 

„მხოლოდ თეატრი ასწავლის ერთხელ ჩადენილი მოქმედების გამოუსადეგარობას მეორედ ჩასადენად, და მოქმედებაში გამოუყენებელი მდგომარეობის უმაღლეს ღირებულებას, რომელიც როცა ბრუნდება, იწვევს ტრანსფორმაციას.

 

ცხადია, იქ, სადაც წესრიგი და სიმარტივეა, ვერც თეატრი იარსებებს და ვერც დრამა, და ნამდვილი თეატრი, ისევე, როგორც პოეზია, თუმცაკი სხვა გზებით, იბადება ორგანიზებული ანარქიიდან...

 

თეატრი პასიონარული ამოფრქვევაა,

შემაზარი გადაცემა ძალებისა სხეულიდან სხეულში.“

 

ანტონენ არტო

 

„და ამგვარად, როგორც ბავშვი და ხელოვანი, მარადცოცხალი ცეცხლი თამაშობს, აშენებს და ანგრევს, უმანკოებაში - და ეს თამაში ეონის თამაშია თავის თავთან... ხშირად, ბავშვი სათამაშოს გადააგდებს: მაგრამ მალევე უკან იბრუნებს უმანკო კაპრიზით. მაგრამ როგორც კი შენებას იწყებს, აბამს, აერთებს და ფორმას აძლევს შინაგანი კანონითა და მოწოდებით. მხოლოდ ესთეტიკურ ადამიანს აქვს სამყაროს მსგავსი ხედვა, მხოლოდ ის იღებს ხელოვანისგან და ხელოვნების ქმნილების შექმნისგან მრავალფეროვნების პოლემიკურ გამოცდილებას, რომელსაც ამავე დროს შეუძლია თავის თავში ატაროს კანონი და სამართალი; ხელოვანის გამოცდილება, რამდენადაც ხელოვნების ქმნილებაზე მაღლა და ამავე დროს მასშია, მისი ჭვრეტითა და მისი განკარგვით: გამოცდილება აუცილებლობისა და თამაშისა, ჰარმონიის კონფლიქტი, რომლებიც უნდა შეუღლდნენ, რათა ხელოვნების ქმნილება იშვას“

 

ფრიდრიხ ნიცშე

 

 

გონებამახვილური სისულელეა ნამდვილად ყველაფერი.

 

იოანე ხუციშვილი

 

 

 

ჩემთვის, Liberté შედევრია: თავად ეს მოვლენაც, და სპექტაკლიც სამეფო უბნის თეატრში, რომელიც დათა თავაძემ დადგა (და ტექსტიც თავად შექმნა, რამდენადაც ცნობილია). მასში ოთხი მსახიობი მონაწილეობს: განუმეორებელი ნატუკა კახიძე, შესანიშნავი გაგა შიშინაშვილი, დაუვიწყარი მაგდა ლებანიძე და თავბრუდამხვევი სანდრო სამხარაძე. ესაა ბრწყინვალე ოთხეული. რომელი რომელს სჯობს ვერ იტყვი. ყველანი ერთმანეთზე უკეთესები არიან. ისინი სასწაულს ახდენენ, ოღონდ „ფრანგულად“: უბრალოებითა და დიდი რაოდენობით შარმით.

სამყაროდან სამშობლომდე, რეკლამიდან რელიგიამდე, ერთიდან მრავლამდე და პირუკუ, სახელმწიფოდან ინდვიდამდე და პირუკუ, ენიდან ენამდე და პირუკუ; ერთი სიტყვით, ყოველგვარი დიალექტიკა წაღმა-უკუღმა - ამგვარია ამ სპექტაკლის ორბიტა, სტრუქტურა, ფორმა და შინაარსი; და კიდევ, მაპატიეთ, - სულისკვეთება. „ყურადღება!... ასე ვთქვათ.“  

ჩემი მიზანია არ დამცდეს სპოილერი, თუნდაც უმცირესი ოდენობით (თუკი არ ჩავთვლით ერთ ფრაზას...). რადგან ესაა სპექტაკლი-საიდუმლო, და მისი იდუმალება გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გასტანს მისი არარეპროდუცირებადობა ტექნიკური საშუალებებით, და მერე ფოტოებისა და ვიდოების გამოფენა სოციალურ ქსელში. თავი შევიკავოთ ამისგან, აუცილებლად! - თუ გვინდა, რომ არ მოვკლათ „ბავშვი“... რადგან „ბავშვი“ (ბრჭყალებში) ესატყვისება ჩემთვის ამ სპექტაკლის სახეს, მის სიმბოლოს. „რა ეშველება ორ მილიარდ ბავშვს?!...“ მაპატიეთ მეორე ფრაზისთვის... „ყურადღება!... ასე ვთქვათ.“ 

არის ასეთი შემთხვევა, ანუ ხდება ასეთი რაღაც: როცა, თურმე, წლებია უცდი რაღაცას, უცდი, უცდი... და მერე, ის, რაც წლების განმავლობაში უნდა დაგროვილიყო და ამოეხეთქა - შადრევანი, სინამდვილეში, წლობით ნაგროვები წყლის სულია გამდინარ წყლებიდან - ამოხეთქავს... სწორედ ასეთი სპექტაკლია, ჩემი მოკრძალებული აზრით, Liberté.

აქამდე, დათა თავაძეს ვიცნობდით, როგორც ძალიან ნიჭიერს, როგორც უნიჭიერესს, როგორც ინოვატორს და ა.შ. ამიერიდან ის ხდება, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მეტრი - და ტოვებს ადგილს სხვებისთვისაც - თანამედროვე ქართული თეატრისა. რადგან „ტროელი ქალების“ შემდეგ, მსგავსი არაფერი შექმნილა მის მიერ თეატრის სცენაზე, და ეს სპექტაკლი, ასევე, „ტროელებს“ მიღმაა, რადგან ყველაფრის მიღმაა, როგორც მთავარი ქმნილება დათა თავაძის შემოქმედებაში. მე ასე მგონია. რომ დავკონკრეტდე, მე ის მაგონებს, ფუნქციის თვალსაზრისით, კვენტინ ტარანტინოს ფილმს „ერთხელ ჰოლივუდში“, სადაც ის აჯამებს, ჩემი აზრით, მანამდელ მთელს თავის შემოქმედებას, და ცალკე ეპოქას; რომელიც ნარატიული, რეფლექსური, ანალიტიკური და ამავე დროს ესთეტიკური ტილოა. ასეთივეა - ვიმეორებ „ფუნქციის თვალსაზრისით“ – Liberté.

იმისთვის, რომ არ დამცდეს სპოილერი, მსურს ვისაუბრო სპექტაკლის სტრუქტურასა და სტილზე, ანუ მის ზედაპირსა და სიღრმეზე, რადგან სპექტაკლს ორივე აქვს, და ორივე მისთვის აბსოლუტურად ორგანულია, ანუ საჭირო და აუცილებელი.

საერთოდ, ამ სპექტაკლში აქვს მაყურებელს ის მაგიური განცდა, რომ რაღაც ხდება აუცილებლობით, რაღაც ხდება ობიექტურად, მიუხედავად იმისა, რომ ამას სუბიექტები აკეთებენ. ამ „თავისთავადის“ განცდა, განცდა მოწესრიგებული, თავის თავში ქაოსური - „ქაოსის მატარებელი უნდა იყო, რომ შვა ვარსკვლავი“ (ნიცშე.) - სტიქიურობისა, რაც ახასიათებს ნამდვილ ხელოვნებას, რადგან ხელოვნება მეტია ხელოვანზეც და ამის გამო იწოდება ის ხელოვანად, ამ სპექტაკლში იმდენად იგრძნობა, იმდენად მოცემულია, რომ შენც, მაყურებელიც, ხდები დაქვემდებარებული ამ პროცესს, და ვერც ეწინააღმდეგები მას, და ვერც ეთანხმები, არამედ თავად ხდები თანხმობა, აფირმაციის ელემენტი, მაგიის მსხვერპლი. ერთი სიტყვით, თუკი რამ შეიძლება იყოს ანტონენ არტოსეული, თუკი რამ შეიძლება იყოს სასტიკის, სისასტიკის თეატრის თვალსაზრისით, ჩვენს რეალობაში ეს არის Liberté; მიუხედავად იმისა, რომ კანსაც არავის უსერავენ, მეტიც, თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება ვინმეს ვინმესგან ძალადობით. მაგრამ ეს სპექტაკლი ძალადობრივი სპექტაკლია, ესაა სპექტაკლი ძალის, და ძალადობის. რადგან აქ ძალადობს უფრო მჭრელი, ვიდრე დანაა, და უფრო სახიფათო, ვიდრე ბომბია: ენა, სიტყვა, მეტყველება. და აქაც, ცხადია, ანტონენ არტო გვახსენდება… უცნაურია! Liberté ძალიან უცნაური მოვლენაა… ანუ „ყურადღება!... ასე ვთქვათ.“ 

და ისევ, ანტონენ არტო; რადგან მთავარი: Liberté-მ შეძლო მთავარი, ის, რაც ასე აკლდა ამდენი წლის განმავლობაში ქართულ სცენას - მოქმედება, ჟესტი და სიტყვა აქცია ერთად! და ესეც არტოს ფორმულაა სისასტიკის თეატრისათვის.

ვიღაცებს სისასტიკე მუცლის გამოფატვრა და შიშველი გულის ღეჭვა ჰგონიათ; ვიღაცებს კი გარყვნილება ჰგონიათ აუცილებლად პორნოგრაფიული; სინამდვილეში, ნამდვილი სისასტიკე აბსტრაქტულია, რადგან აბსტრაქტულად აუტანელი ტკივილია სისასტიკე, და არა ტკივილი, რომელსაც თეორიულად გააყუჩებ; და ნამდვილი გარყვნილება პორნოგრაფიის მიღმაა, ის ლინგვისტურია, რადგან ნამდვილი გარყვნილება წმინდაა (და გარყვნილების უარმყოფელია!), და ასეთია Liberté.

ნამდვილი გარყვნილება - ესაა პროტესტი გარყვნილების წინააღმდეგ; ესაა წმინდა აქტი, უნიკალური, წრფელი, ურეზერვო, აბსოლუტურად მხარჯველი, ბოლომდე უანგარო. უანგარობის ამ ზღვართან სიახლოვე შეინიშნება Liberté-ს ჰორიზონტზე: როგორც სურათი, რეალური თუ წარმოსახული, როგორც სურვილი, ან როგორც სინანული… შეუძლებელზე. შეუძლებლის კატეგორიული იმპერატივი.

ზედაპირზე, კანზე, სპექტაკლი მხიარულია, უკიდურესად კომიკური კომედია, კომედია, რომელიც სხეულს გიჭრის და ამაზე გაცინებს. ჭრის შენს სამყაროს. თეატრს საყასბოდ აქცევს. და ამაზე გაცინებს. ჭეშმარიტად გაცინებს ჭეშმარიტებაზე.

და კიდევ ერთი უცნაურობა, როგორც ჩანს საჭირო და აუცილებელი, ჩემი აზრით. „ყურადღება!... ასე ვთქვათ.“ Liberté-ს პრემიერებს დაემთხვა, ჩემი აზრით, მისი წაკითხვისთვის მნიშვნელოვანი ტექსტი, გასაღები-ტექსტი ჟაკ დერიდასი ანტონენ არტოზე - „სისასტიკის თეატრი და რეპრეზენტაციის ჩაკეტვა“, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ „თეატრის“ 2024 წლის #5 ნომერში (პირველი ნაწილი) და (მეორე ნაწილი) შემდეგ ნომერში დაიბეჭდება. ვისაც Liberté-ს გაგება სურს, ვისაც მასში წვდომა სურს, აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს ტექსტი. რადგან Liberté-ს განმარტება პირდაპირ ამ ტექსტიდან ამოკრებილი ფრაზებით შეიძლება, ლამის დაუსრულებლად. აი, მაგალითად:

Liberté-ზე თანაბრად ითქმის ის, რასაც დერიდა ამბობს არტოზე: „არ ემხრობა დესტრუქციას, ნეგატიურობას, ახალ მანიფესტაციას. მიუხედავად იმისა, რაც მან უნდა გააცამტვეროს თავის გზაზე, […] ის აფირმირებს, ის პროდუცირებს თავის აფირმაციას თავის სრულ და აუცილებელ სიმკაცრეში. […] მთელი თავისი „გარდაუვალობით“ ამ აფირმაციას „ჯერ კიდევ არ დაუწყია არსებობა“.“

ან კიდევ: „უდავოდ, ხელახლა შობა […] ორგანოთა ხელახლა დასწავლით.“ ესეც Liberté-ა. და ესეც: „უპირველეს ყოვლისა, საქმე ეხება იმას, რომ არ მოკვდე სიკვდილით, არ დაანებო ქურდ ღმერთს სიცოცხლე აგაცალოს.“ თითქოს, დათა თავაძე და მისი თეატრალური ჯგუფი დერიდას და არტოს ერთად შტუდირებდნენ, ვიდრე Liberté-ს შექმნიდნენ.

და ესეც 100%-ით ითქმის Liberté-ზე: „მისი გარდაუვალი აუცილებლობა ოპერირებს, როგორც პერმანენტული ძალა. სისასტიკე მუდამ ხორცშესხმულია. […] ამ ნაპრალის [ჩემი აზრით ხორცის, სისავსის ნაპრალის - ვ.ო.] უნიკალურ გახსნილობაშია მისი ენიგმა, რომლის სისასტიკის სცენა ჩვენ წინაშე აჩენს.“ Liberté ესაა სხეულის ხორცშესხმა, სხეულის დაბრუნება, რაც ასევე ვერბალურად ხორცშესხმულია სპექტაკლში, გარდა ფიზიკურისა - ქმედებისა, და გარდა ჟესტუალურისა (ჟესტებზე ქვევით). სხეული და სიბნელე, როგორც მისი შექმნის, მისი დაბადების, და მისი ნამდვილი, შიშველი პრეზენსის დღემდე დაცული ადგილი! Liberté ეს სისასტიკეა. არასოდეს არ ყოფილა ხორცი ასე მწარე, მწველი და მიმზიდველი, სურვილის ნაყოფი (სხეული, როგორც სურვილის ხე). ეს ყოველივე არის Liberté.

და კიდევ, Liberté „არ არის რეპრეზენტაცია. ის თავად სიცოცხლეა, ის, რაც მასში არარპრეზენტაბელურია.“

და კიდევ, Liberté „თეატრიდან ღმერთს აძევებს. მაგრამ სცენაზე არ ქმნის ახალ ათეისტურ დისკურსს, ის არ აძლევს სიტყვას ათეიზმს, არ უთმობს სიტყვას ფილოსოფიურ ლოგიკას, კიდევ ერთხელ, ჩვენს კიდევ უფრო დასაქანცად, ღმერთის სიკვდილს რომ აცხადებს.“ პირიქით, Liberté-ს ღმერთის სცენიდან გაძევებით შემოჰყავს, ყოველ შემთვევაში იწვევს და ეპატიჟება ღვთაებრივზე წვდომას, ნამდვილ საკრალურ ზიარებას, რომლის ფსკერზეც არაფერი რჩება, რამდენადაც სრულად გაზიარდა (გაზიარების ბოლო აქტზე სიტყვას არ დავძრავთ ზემოთ დადებული აღთქმის შესაბამისად).

ერთი სიტყვით, Liberté ეს არის Liberté და არა „თავისუფლება“, ეს საშინლად კონტამინირებული ცნება, რომელიც თანაბრად შეიცავს ღმერთს, უღმერთობას, სურვილს, გაქცევას, ძალმომრეობას, უსამართლობასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას. Liberté, მაშასადამე, ესაა თარგმანება, და თარგმანში დაკარგვის, სრულად დაკარგვის პროცესი, რადგან ამის მიღმა და გარეშე ვერ გავექცევით ძალადობას.

და ბოლოს, Liberté-ს ღირსებაა ასევე ის, რომ ქართულ სცენაზე გაჟღერდა მარკიზ დე სადი… ფრაგმენტები მისი „ფილოსოფიიდან…“. სასიხარულოა ის, რომ Liberté-მ დაასწრო სადის გათეატრალურების ვულგარულ მცდელობებს და ის ზუსტად ისე დადგა, როგორც იმსახურებდა: რომ არ მოკლებოდა ძალა, არ გაყალბებოდა სულისკვეთება… სადი ჭეშმარიტად, როგორც თვით ჭეშმარიტება უკუღმართათ, ესე სავსებით სათანადოდ.

აქვე, უნდა ითქვას სადზე… ამ სპექტაკლმა თითქოს გამიხსნა ის, რასაც აქამდე ვერ ვხსნიდი, გამოუთქმელი, ართქმული, ჩუმი, მუნჯი ფილოსოფია სადისა, რომელიც სიტყვებში ვერასოდეს და ვერაფრით ვერ გამოიხატება, ვერ გამოითქმის, რამდენის არ უნდა ეწერა სადს… ამას აჩენს სწორედ ის ჟესტიკულაცია, „ფრანგული“, ან „დაფრანგული“, ოთხი საოცარი მსახიობისა, ოთხი სასტიკი შემსრულებლისა… დაუვიწყარია თითოეულის ხმა, თითოეულის ბგერა, ვნება, იმპულსი: მათში ყველაფერი კრისტალურად სუფთა და ზუსტია. ესაა ბრწყინვალება, როგორც ვერსალი, მაგრამ უფრო, ცხადია, ანტი-ვერსალი.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, მსახიობებთან - ნამდვილ ცით მოვლენილ და ქვესკნელიდან ამოსულ გენიებთან ერთად, სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე, კოსტუმების ავტორი - სიმონ მაჩაბელი და კომპოზიტორი - ნიკა ფასური. იმ დღეს ქეთი ნადიბაიძეს ვეუბნებოდი, რომ სცენოგრაფია ამ სპექტაკლის ძლიერი მხარე არ არის და რომ ის გენიალურია სულ სხვა სპექტაკლებში. მაგრამ ეს შეხედულება, ცხადია, უკან მიმაქვს. საქმე ისაა, რომ Liberté თითქოს ფეროშენადნობთა ქარხანაში გაკეთდა, იმდენად გამდნარია მასში ეს ნაწილები, ეს ასპექტები და არ ჩანს. სცენოგრაფია არ ყვირის, მაგრამ უზუსტესი და ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს (აღწერისაგან თავს ვიკავებ). კოსტიუმები თავლში საცემად ხარისხიანი და გრაციოზულია. საოცარი ნამუშევარია დიზაინერ-მკერავისა. ხოლო იშვიათად მისიამოვნია მუსიკით ისე, როგორც ნიკა ფასურის ნაწარმოებით ვისიამოვნე Liberté-ზე. ასე ერთარსად ედებოდეს ყველაფერი ერთმანეთს, თითქმის შოკის მომგვრელია. და სცენები, ცალკეული შთამბეჭდავი სცენები, რომლებსაც ვერ წყვეტ თვალს, ყურს, გრძნობა-გონებას, თუმცა ყველაფერი ირევა და არაფერია სტაბილური; და მაინც, კაშკაში, კაშკაში რაღაცისა, რაც არც მხოლოდ სიტყვისაა, არც მოქმედების, არც სხეულის, არც განათების, არც დეკორაციის, არც კოსტიუმების, არც მუსიკის; ყველაფრისა ერთად; და კიდევ რაღაც სხვის, რაც შესაძლოა სწორედ ის შუქი იყო, გამოქვაბულიდან გამოსულს, რომ დაბრმავებამდე თავლს მოჭრიდა ფილოსოფოსს, მანამდე ჯაჭვებით დაბმულს, უკან დაბრუნება რომ აღარ სურს, რომ ეს აქტი ძალიან საშიშია, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაიდინოს, სხვა გზა არა აქვს… Liberté, უდავოდ, ამგვარი უკან დაბრუნების ჟესტია. „ყურადღება!... ასე ვთქვათ.“ ანუ „შემდეგი...“ 

 

 

N. B. ფუი ეშმაკს! მგონი სტალინი დაგვცინის! რეპრესია კვლავ ბადებს ნამდვილ ხელოვნებას (?!).

ფოტო: გიკა მიქაბერიძე

bottom of page