ქალები ქორეომღელვარების ზღვარზე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
დავით ბუხრიკიძე
ქალები ქორეომღელვარების ზღვარზე
არისტოფანეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომედია „ლისისტრატე“, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 410-411 წელს დაიწერა, 21-ე საუკუნეში როგორც წესი, სცენაზე ფემინისტური განაცხადით, ან მკვეთრი გენდერული კონცეფციით იდგმება. რატომღაც ისე მოხდა, რომ „ქალთმოძულედ“ აღიარებული ევრიპიდეს საპირწონედ, არისტოფანეს კომედია ლამის ქალთა უფლებების უპირობო მხარდაჭერად გამოაცხადეს. თუმცა, ასეთი შედარება მაინც ძალიან პირობითია და არ გულისხმობს მაინც და მაინც არისტოფანეს გამართლებასა და პროგრესულობას.
„ლისისტრატე“ დღეს შეიძლება წავიკითხოთ და აღვიქვათ, როგორც აბსურდული, სოციალური ან გენდერული კომედია, რომელშიც ქალები მშვიდობის დამყარების მოტივით ბოიკოტს უწყობენ ქმრებსა და საყვარლებს - ისინი უარს ამბობენ სექსზე, ვიდრე კაცები მშვიდობას არ დაამყარებენ. ალბათ, ამას გულისხმობს მთავარი თეზისიც, რომელსაც ლოგიკურად მიჰყვება არისტოფანეს კომედიის სხვადასხვა თემებიც.
თუმცა ომისგან დაქანცული ათენელი ქალები, რომლებიც კაცებისგან განმარტოვდნენ და მშვიდობისათვის დაირაზმნენ, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე სრულიად სხვაგვარად წარმოგვიდგინა ახალგაზრდა რეჟისორმა თათა თავდიშვილმა. დრამის ფაკულტეტის დრამისა და კინოს მსახიობთა სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებთან მუშაობისას იგი მთლიანად არავერბალურ თეატრს, ან თუ გნებავთ, „ფიზიკური თეატრის“ ენას დაეყრდნო. შესაბამისად, ტექსტთან ერთად დაიკარგა სოციალური თუ პოლიტიკური სიმწვავე, ირონია და ხალასი იუმორიც.
როგორც ჩანს, არავერბალური თეატრი რეჟისორის ინტერესის სფეროცაა და გრძელვადიანი ვნებაც, რაც კარგად გამოჩნდა ამ ჟანრის ხერხების ცოდნაში. ასევე მსახიობებთან ან ჟანრში მუშაობის სურვილში.
დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, რაც სპექტაკლი გრძელდება, არავერბალური თეატრის „ანბანს“ არა მარტო ამოიცნობთ, არამედ „წაიკითხავთ“ კიდეც. სცენაზე ქორეომღელვარების ზღვარზე მყოფი ცხრა ქალია - მარი ენგურელი, თამარა ვანიშვილი, მანუ თავაძე, ბაია კერესელიძე, ნინო ნოზაძე, ქეთევან ჯავახიშვილი, ანუკი ბუბუტეიშვილი, ანიკო ეზიაშვილი, მარიამ ყიფიანი.
ისინი ხან პინა ბაუშის საფირმო „გამეორებებს“ სავარჯიშოსავით იმეორებენ, ხან ექსტრემალურ მდგომარეობამდე მიყვანილი სხეულების სიმძაფრესა და ემოციურობას გვაგრძნობინებენ, ხანაც კონტრაპუნქტზე აგებული ე. წ. ასინქრონული სინქრონულობით (როდესაც მოძრაობები რაღაც დროის ინტერვალში აცდენილია და პირიქით, გარკვეული დროის მერე - თანხვედრაშია ერთმანეთთან) ცდილობენ თავი დაგვამახსოვრონ.
რეჟისორ თათა თავდიშვილს მრავალფუნქციურ ამხანაგობას უწევს სცენოგრაფი, კოსტიუმების მხატვარი და ასევე ქორეოგრაფიაში მეტ-ნაკლებად გაწაფული, ტატო გელიაშვილი, რომელმაც თეატრალურ კრიტიკოსებს თავი ჯერ კიდევ გასულ წელს, რეჟისორ გოჩა ხვიჩიას მიერ დადგმული „მარია რევიათი“ დაამახსოვრა. ალექს ჩიღვინაძის ფსიქოდრამაში მან ისეთი შთამბეჭდავი სცენოგრაფია შექმნა, რომ მაყურებელი ლამის ტექსტის გარეშეც მოაქცია ფსიქოლოგიური შოკის მდგომარეობაში.
დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო სცენის კოლონები თუ თეთრ-რძისფერი თაღები ტატო გელიაშვილს არა მარტო სცენიურ გადაწყვეტაში ეხმარება, არამედ კოსტიუმების პასტელურ ფერსა და ხაზებს კარნახობს - ტუნიკის ელემენტებისა, ფარდებისა და ოდნავ სახეცვლილი კლასიკური ბერძნული კაბების გამოყენებით. აქვე დავძენთ, რომ „ლისიტრატეს“ ქორეოგრაფიაზე სტაჟირებაზე თბილისში მყოფი იტალიელი ახალგაზრდების ტრიომაც იმუშავა (ფრანჩესკა გრიმიერი, იდე იოანი, ერიკა ჩიკონე).
ჭრელ მუსიკალურ ვიბრაციას, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში არ წყდება (ისე კი საინტერესო იქნებოდა სიჩუმის, როგორც კონტრაპუნქტის გამოყენების მცდელობაც)კომპოზიტორი სანდრო მიშელაშვილი ქმნის. ცოცხლად აჟღერებული ელექტრო მუსიკის დირიჟორია თორნიკე მანწკავა.
მიუხედავად არავერბალური თეატრისადმი პერსონალური და დაუფარავი სიმპათიისა და ასევე, სპექტაკლისადმი დიდი ინტერესისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს უმთავრესი ხარვეზი - მთავარი დრამატურგიული ხაზი, ქალები ომის წინააღმდეგ, ჩაკარგულია უფრო მეორეხარისხოვან თემებს შორის და საერთოდ, სპექტაკლში დრამატურგიული სტრუქტურა მკაფიოდ არ იკითხება.
ერთი და იგივე მოძრაობები ზედმეტად ბევრია, ისევე როგორც, აქეთ-იქით ჯგუფური და უაზრო სრბოლა...არც მუსიკალური დრამატურგიაა გამართული ბოლომდე, რომელიც საკმაოდ ქაოსური და ჭრელია - აღმოსავლური მოტივებიდან ნეო-დისკომდე, ელექტრონული მუსიკის თემებიდან საცეკვავო რიტმებამდე. ხოლო ფინალში, გამარჯვების ქალღმერთ ნიკეას ჭრელი ფრთის ძირას შეკრებილი ქალების ზეაღმართული ხელები ბახის არიის - Erbarme dich, mein Gott („შემიწყალე ღმერთო“) თანხლებით, უბრალოდ კომედიის ჟანრიდან ამოვარდნა და ანაქრონიზმია.
საერთოდ, სპექტაკლს აკლია სიმწვავე, სოციალური ქვეტექსტი და თანამედროვე ირონიული მზერა, რას ძალიან მოუხდებოდა უკაცოდ დარჩენილი ქალების სოციალურ თუ სექსუალურ ამბოხს. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ რეჟისორ გოგი მარგველაშვილის კურსის მსახიობთა გარჯამ, რეჟისორის, ქორეოგრაფისა და სცენოგრაფის ერთობლივმა მუშაობამ, არისტოფანეს ცნობილ კომედიას არავერბალური ფორმა შესძინა.
ფოტო: ლაშა ჩხარტიშვილი