top of page

მაგიური „ოპერის ფანტომი“ ბროდვეიზე

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

160247676_10157811077687051_2686228181573259974_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

მაგიური „ოპერის ფანტომი“ ბროდვეიზე

 

ბროდვეის თეატრების მრავალფეროვან რეპერტუარში, რომელიც სხვადასხვა ასაკის, მსოფლმხედველობის, ინტერესებისა და გემოვნების მაყურებელზეა მორგებული, საკულტო წარმოდგენებს შორის ერთ-ერთი საპატიო ადგილი ენდრიუ ლოიდ ვებერისა და კამერონ მაკინტოშის „ოპერის ფანტომს“ უჭირავს, რომელიც ბროდვეის (ნიუ-იორკი) გარდა დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად განსაკუთრებული წარმატებით მიდის ლონდონში, ტოკიოში, სიდნეიში, ჰელსინკიში, პრაღაში და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში საგასტროლო ტურის ფარგლებში. ამ ლეგენდარული მხატვრული პროდუქტის შემქმნელები დიდი რუდუნებითა და სიფაქიზით არჩევენ შემსრულებლებს, რომლებიც ერთადერთი კრიტერიუმით - მაღალი პროფესიონალიზმითა და უნივერსალური მსახიობისთვის საჭირო თვისებების მიხედვით ირჩევიან. სწორედ, ასეთია ნიუ-იორკის, Majestic theatre - ში წარმოდგენილი მაგიური სანახაობის შემსრულებლები.

 

„ოპერის ფანტომზე“ პროფესიონალების დიდი ჯგუფი მუშაობს, რომლებსაც ყურადღების მიღმა არ რჩებათ არც ერთი დეტალი და ეს დეტალები ქმნის სწორედ ფანტასტიკურ სანახაობას, რომელიც მაყურებელს არ აძლევს მოდუნების საშუალებას და პუბლიკა მთლიანად ჩართულია იმ გმირების თავგადასავალში, რომლითაც მსახიობები სცენაზე ცოცხლობენ.

 

„ოპერის ფანტომი“ წარმოდგენილი Majesic Theatre - ში ეფექტური, დღევანდელი გადასახედიდან ოდნავ პათეტიკური, მაგრამ ეპოქის საუბრის სპეციფიკის ავთენტური წარმოდგენაა, რომელიც გულგრილს დარბაზში არავის ტოვებს.

 

ძნელია გამოარჩიო ეპიზოდი, რომელიც აღტაცებას არ იწვევს, თუმცა განსაკუთრებით შთამბეჭდავია „სარდაფის სცენა“, რომელიც ჯოჯოხეთის (მისტიკურობის თვალსაზრისით) ასოციაციასაც იწვევს და ამავდროულად ეს სივრცე გაჟღენთილია სინათლის სხივითა და სიყვარულით (სცენოგრაფი მარია ბირშუნი, მხატვრული განათება ანდრე ბრიჯი). დაუვიწყარია ქალაქის ხედის სცენა, ეპიზოდი ოპერის სახურავზე. ამ ეფექტურ სანახაობას სწორედ სცენოგრაფი და მხატვრული განათების ოსტატი ქმნის. ასევე ეფექტურია ოპერის ფანტომის ხმის ჟღერადობა დარბაზში, რომელიც ტოვებს განცდას, რომ მოჩვენება შენს ზურგს უკან დგას და ყურში ჩაგჩურჩულებს (ხმის დიზაინერები: მარტინ ლივიანი და მიკ პოტერი).

 

სანახაობას, რომელიც მრავალი ტექნიკური ფოკუსითა და მხატვრული ეფექტით არის დატვირთული მთავარი როლების შემსრულებლები ავსებენ, რომლებიც მოგვითხრობენ და აცოცხლებენ ამბავს მარადიულ და შესაბამისად, აქტუალურ თემებზე.

 

ქრისტინას როლის შემსრულებელი მეგან პისერნო გვიხატავს სათნო და კეთილსინდისიერი ახალგაზრდა ქალის მხატვრულ სახეს, რომელიც პირველივე წუთიდანვე დადებითად განაწყობს მის მიმართ მაყურებელს. პოზიტივი, რომელსაც ასე უხვად აფრქვევს მსახიობი პუბლიკისთვის, არ არის მოჩვენებითი და შეფარული. მსახიობ მეგან პისერნო არის მთელი წარმოდგენის ღერძი, რომლის გარშემოც ვითარდება მოქმედებები და რომელიც ამოძრავებს სრულ წარმოდგენას. მას დიდი ფიზიკური და ემოციური დატვირთვა აქვს სპექტაკლში, რომელიც დამაჯერებლად, უშუალოდ და სცენური სიმართლით გვიხატავს ქრისტინას პერსონაჟს. ოპერის ფანტომის როლის შემსრულებელი ბენ კროფერდი სცენის ნამდვილი ოსტატი და ჯადოქარია. მსახიობი ფლობს ყველა ტექნიკას და პროფესიულ უნარს გმირის ხასიათის ზუსტად გამოსახატად. მის მიერ წარმოდგენილი ოპერის ფანტომი უარყოფითი პერსონაჟი კი არ არის, არამედ სიყვარულისთვის მებრძოლი ტრაგიკული პერსონა. განსაკუთრებით ამაღელვებელია ბენ კროფერდი ვოკალური მონოლოგების - Music of the Night და All I Ask of You დროს, როდესაც მისი გმირის პორტრეტი (ლირიკული და მგრძნობიარე კაცისა) სრულად იხატება, რაც მაყურებელში მის მიმართ თანაგრძნობას იწვევს. მსახიობი გარდა შესანიშნავი ვოკალური შესაძლებლობებისა და დახვეწილი პლასტიკისა, ფლობს გარდასახვის განსაკუთრებულ უნარებს. ფინალში კი ოპერის მოჩვენება შექსპირის „მაკბეტისეულ“ ფრაზას „ბნელში ნათელია, ნათელში ბნელა“ გახსენებს. სამსახიობო გუნდიდან ძნელია გამოარჩიო მთავარი და ეპიზოდური როლების შემსრულებლები, რადგან თითოეული მათგანი წარმოდგენის მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო მსახიობი მარი ჯონსონი, რომელმაც არა მხოლოდ შესრულების ტექნიკით და გარდასახვის განსაკუთრებული უნარით გამაოცა, არამედ დახვეწილი სცენური კულტურით და პერსონაჟის ხასიათის დეტალური გამოკვეთით.

 

„ოპერის მოჩვენება“ მდიდარი და მრავალფეროვანია მასობრივი სცენებით, ფერადი კოსტიუმებით, თვითმყოფადი სცენოგრაფიით, თავბრუდამხვევი ქორეოგრაფიული პარტიტურითა და შესრულებით, მთელი სამყაროსთვის ახლობელი და სასიამოვნო მუსიკით,  მსახიობების მაღალი საშემსრულებლო ტექნიკითა და შესაძლებლობების პრეზენტირებით.

 

photo taken by Johan Persson; Murphy Made Photography (Matthew Murphy)

bottom of page