top of page

მაია გელიაშვილის შემოქმედება

გელიაშვილი.jpg

გუბაზ მეგრელიძე

მაია გელიაშვილის შემოქმედება

მაია გელიაშვილმა ბავშვობიდანვე გამოავლინა ვოკალური და სამსახიობო მონაცემები. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში სიმღერა ქეთევან სინდაგორიძის კაპელაში დაიწყო, შემდეგ კომპოზიტორ დავით ტურიაშვილის ხელმძღვანელობით არსებულ ანსამბლ „ნანა“-ში მღეროდა. იყო გასტროლებზე ბულგარეთში, ხოლო მინსკის სიმღერის ფესტივალზე ლაურეატობა მოიპოვა. პარალელურად, უყვარდა ლიტერატურა, თავისუფალი თემების წერა და მისმა მასწავლებელმა ჟურნალისტთა სახლთან ახლად დაარსებულ ჟურნალისტთა სკოლაში მიიყვანა. სასწავლებლის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სწავლა თეატრალური ინსტიტუტის კულტ-განმანათლებლო ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე განაგრძო. მალე, 1991 წელს, მუსკომედიის თეატრში საკონკურსო მოსმენა გაიმართა და გუნდის მსახიობად ჩარიცხეს. პარალელურად, აქ მონაწილეობდა სპექტაკლებში: „ბაბაჯანას ქოშები“ (გლახო), „კურკას ქორწილი“ (სოფო), „კომბლე“, „მეტეხის ჩრდილში“ (მოსწავლე), „მეჩექმე გაბო“ (წიწილა ქეთო), „მევიოლინე სახურავზე“ (შპრინცე), „ტყის ზღაპარი“ (ციყვი), „წითელქუდა“ (წითელქუდა)  და სხვა.

  

დამწყები მსახიობის გამორჩეული მონაცემები შეამჩნია თეატრის მსახიობმა თინა მერკვილაძემ, რომელმაც ზურაბ ანჯაფარიძეს მისი მოსმენა სთხოვა. ბატონმა ზურაბმა იგი მუსკომედიის ფაკულტეტზე გადაიყვანა. მართალია, ერთი წლით უკან დაბრუნება მოუწია, მაგრამ ორივე ფაკულტეტის ლექციებს ისმენდა. 

  

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით შესძლო თავისი ადგილის დამკვიდრება. სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი მუსკომედიის, რუსთავის საბავშვო, თუ რუსთავის დრამატულ თეატრებში, ყოველთვის გამოირჩეოდა როლებისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომაში, რამაც განაპირობა ინდივიდუალური სამსახიობო სტილის შექმნა _ გარდასახვით, პლასტიკით, მუსიკალურობითა და ფართე დიაპაზონით. ამიტომაც, ახალგაზრდა მსახიობი როლიდან როლში იზრდებოდა, სრულყოფდა ოსტატობასა და მაყურებლისთვის დასამახსოვრებელ და საყვარელ გმირებს ქმნიდა.

  

დამწყები მსახიობის მონაცემები კარგად გამოჩნდა პედაგოგ მაია გაჩეჩილაძის სადიპლომო სპექტაკლსი „რეპეტიცია“, რომელიც ბომარშეს „ფიგაროს ქორწინების“ მიხედვით და მოცარტის მუსიკის შერწყმით განხორციელდა. მაია იუმორით ქმნიდა ქალების მოყვარულ და ფრთხილ ქერუბინოს სახეს, რომელსაც მოულოდნელი ფათერაკები თანსდევდა და ავსებდა კარგი მუსიკალური მონაცემებით სცენაზე კომედიისთვის დამახასიათებელ ხალისიან განწყობას ქმნიდა.  

 

მუსკომედიის თეატრის ახალგაზრდა მსახიობი, რუსთავის საბავშვო თეატრში თ. მეტრეველის პიესა-ზღაპრის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში „დაკარგული გრძნობების მღვიმე“ სათამაშოდ რეჟისორმა ვაჟა ძიგუამ მიიწვია. მსახიობმა შექმნა პლასტიკურად გამომსახველი და ვოკლაურად გამორჩეული ობობას მთავარი როლი. ამიტომაც იგი თავიდანვე იმსახურებდა მაყურებლის სიყვარულს. მსახიობი პოეტური აღმაფრენითა და რომანტიკით აღსავსე ბოროტებათან მებრძოლ სახეს, რომელიც ქსელს ქსოვდა არა მწერების გასაბმელად, არამედ ტყის გასახმიარულებლად უნდოდა მუსიკალური ინსტრუმენტის შექმნა. ამაში მსახიობს ეხმარებოდა კომპოზიტორ ნ. გაბუნიას შესანიშნავი მუსიკა და სიმღერები. მსახიობი ცოცხლად და დინამიკურად ერწყმოდა მუსიკალურ სცენებსა და კომედიურ ეპიზოდებს, რომლებიც მ. გელიაშვილის შესრულებით ნორჩ მაყურებელში მხიარულ და ამაღლებულ, სიკეთის, სიყვარულის გამარჯვების, მეგობრობის თავგანწირვის განწყობას ბადებდა.

   

ამ წარმატების შემდეგ. მ. გელიაშვილი კვლავ მიიწვიეს რეჟისორებმა ლ. თაბაგარმა და ვ. ძიგუამ სპექტაკლში „კონკია“ მთავარი როლის შესასრულებლად. მსახიობმა აქაც ზღაპრის ცნობილი გმირი განასახიერა, ოღონდაც უფრო რეალური გმირი. მ. გელიაშვილი სიმღერითა და ცეკვით (კომპოზიტორი ნ. გაბუნია), სამსახიობო შესრულებით კარგად გადმოსცემდა დედინაცვლისგან არა დაბეჩავებულ, არამედ სიცოცხლის სიყვარულით აღსავსე გოგონას, რომელსაც ბედნიერი მომავლი  ასულდგმულებდა. გმირის გულწრფელი გრძნობები გამოხარავდნენ საყვარელ ადამიანთან შეხვედრის განცდას, იმედის აღსრულებას და საკუთარი ცხოვრების მოპოვებისთვის ბრძოლას. მსახიობი მაყურებლის ნდობას აღწევდა სათნოებით, სასცენო ხიბლითა დანიჭიერებით. 

  

მიუზიკლის ჟანრის მესამე სპექტაკლში „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ (რეჟისორი ვ. ძიგუა, კომპოზიტორი ნ. გაბუნია) მაია გელიაშვილმა ფიფქიას საინტერესო სახე შექმნა. იგი ამბობდა: „ფიფქია ჩემს ბუნებაში ზის, მისი თვისებების ტექსტუალური მხარე ჩემთვის ყალბი არ არის. მინდა ისეთივე თბილი ვიყო, როგორც ფიფქიაა _ სუფთა, წმინდა,  ვცდილობ ჩემს ახლო მყოფთათვის ვიყო მიამიტი, მეოცნებე“. ამ როლს კომპოზიტორი ნ. გაბუნია ასე აფასებდა: `მაია გელიაშვილს ლამაზი ტემბრის ხმა აქვს, ძალიან მუსიკალურია. მუსიკალურ ადამიანთან მუშაობა ადვილია, ნიჭთან ერთად შრომისმოყვარეცაა. ის ერთად-ერთი იყო, ვინც სპექტაკლის მუსიკა თავიდან ბოლომდე იცოდა. სცენაზეც ბავშვური აღტაცებითაა.” (მ. ბალანჩივაძე „მაია გელიაშვილი _ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პერსპექტიული”. გაზ. „სამყარო”. 1998 წ. მაისი. 32. გვ. 6). წარმატება იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მსახიობს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, 1997 წლის საახალწლო პროგრამაში, ნ. კვაშალთან და ვ. ტატიშვილთან ერთად მოუწია „ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას” საკონცერტო ვარიანტში მონაწილეობა. 

 

ლ. თაბულაშვილის პიესაში „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი” მაია გელიაშვილის თეა უფრო ემოციურ საწყისს გამოჰყოფს, მას გამოჯანმრთელების რწმენა და იმედი აქვს, ამიტომ მ. გელიაშვილის პერსონაჟი ყვავილებსა და კატას უვლის. იგი სცენაზე სიმღერით შემოდის, რითაც განკურნების ოპტიმისტურ განწყობას იქმნის, ფეხის თითების ამოძრავებისას ემოციას აჰყვება, მაგრამ იმავდროულად რეალობასაც აცნობიერებს და სევდა იპყრობს. დაბადების დღის აღნიშვნისას კარგ ხასიათზეა, მაგრამ განიცდის, ბიჭებს მეზობლებმა არ უჩივლონ წამლის მოხარშვისთვის. მორიდებით იწყებს საუბარს, თუ როგორ გადაიტანა ტკივილები ნარკოტიკების გარეშე. გულწრფელი საუბრით უნდა ბიჭებსაც უარი ათქმევინოს მავნე ჩვევაზე და სიკეთით გადაუხადოს მისდამი გამოჩენილი ყურადღება მათ ხომ ოპერაციისთვის საჭირო თანხა მისცეს. თეას თავისი სიტყვების ზემოქმედების სჯერა, ამიტომაც ტორტიდან სანთელს იღებს და იმედის ნიშნად მიაქვს. მ. გელაშვილი თეას ფეხზე წამოგომის პლასტიკურ ნახაზს ქმნის. მისი გმირი წარსულში მოცეკვავე იყო, რასაც მისთვის ურთულეს მომენტში იყენებს და საბალეტო ილეთებით გმირის ემოციასა და რწმენას გამოხატავს, რომ ის მომავალში ცეკვას კვლავაც აუცილებლად შესძლებს. ამ რთულ გარდასახვას მსახიობი ბუნებრივად აღწევს და თავისი ოპტიმისტური განწყობით კოსტას მისთვის მიცემულ საოპერაციოდ განკუთვნილ თანხას უბრუნებს. იგი ბედნიერია, რომ კოსტასთან სიყვარული და ბედნიერება იპოვა. ფინალშიც თეას განსხვავებული გადაწყვეტას ვხედავთ. თუ მ. კვიტაიშვილის გმირს ამ ბიჭებთან ყოფნა და პირადი ბედნიერება უნდა, მ. გელიაშვილის პერსონაჟი მათთან ერთად სამხედრო ჟილეტის ჩაცმითა და იარაღს აღებით საბრძოლო მზადყოფნას გამოხატავს.

სპექტაკლ „ჭინჭრაქაში” მეფის ასულის მზიას როლში მსახიობმა თავისი ვოკალური და პლასტიკური მონაცემები სრულად გამოავლინა, რამაც როლს განუმეორებელი ელფერი შესძინა. ტყეში მარტოდ დარჩენილი განებივრებული, უდარდელი და მშიშარა გოგო, თანდათან გარდაიქმნება მოხერხებულ, გამბედავ, უშიშარ და მებრძოლად, რომლისთვისაც მთავარ მიზნად დევის განადგურება, თავისი სამეფოს განთავისუფლება და ქვეყნად სიკეთის დამკვიდრება გამხდარა. ამ მიზანს მაია გელიაშვილი აღწევს თავისი უშუალობით, სცენური მომხიბვლელობითა და ნიჭიერებით. იგი ზომიერად უთავსებს ვოკალურ-პლასტიკური მონაცემებისა და შინაგანი განწყობის გადმოცემას, რითაც მაყურებლამდე სრულიად ბუნებრივად, ლაღად მიაქვს სპექტაკლის მთავარი სათქმელი _ პიროვნული ბრძოლის მნიშვნელობა და აუცილებლობა ქვეყნად სიკეთის დასამკვიდრებლად. ამიტომაც, წარმოდგენის სამახავად მოსული ბავშვები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს მოქმედების განვითარებას, ლოგიკურად რეაგირებენ კეთილი და ბოროტი ძალების დაპირისპირებაზე, თანაუგრძნობენ ჭინჭარაქასა და მზიას ამ ბრძლაში და კეთილი განწყობით, დადებითი ემოციებით ტოვებენ დარბაზს.

მსახიობის დრამატული მონაცემები კარგად გამოჩნდა დედის სახეში „საბრალდებო დასკვნა”. იგი თანაუგრძნობს უსამართლოდ დაჭერილ შვილს და ამავე დროს სულიერ სიძლიერეს ამჟღავნებს, ვინაიდან პირველად ხედავს ასე აღელვებულ შვილს. განიცდის, რომ იგი ააფორიაქა მისი მისვლით, მაგრამ ცდილობს შინაგანად დაარწმუნოს ზაზა საქმის კარგად დამთავრებაში, რისთვისაც შეუძლებლის გაკეთებასაც ირწმუნებს. მისი პიროვნული თვისებები, დედობრივი სიყვარულის ძალა ზაზას მორალურ მდგომარეობაზე მოქმედებს და ოპტიმიზმით განაწყობს. 

ასეთია ახალგაზრდა მსხიობის შემოქმედებითი, ძიებებით აღსავსე გზა, რომელსაც წინ არაერთი საინტერესო სახის შექმნდა, ინდივიდუალური ხელწერის დამკვიდრება და მაყურებლის გახრება და საყოველთაო სიყვარული ელის. 

bottom of page