„მაკბეტი.ილუზია“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ნერონ აბულაძე
ჩანაწერები ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალიდან
ნაწილი მეორე - „მაკბეტი.ილუზია“
წერილი მეორე
როგორც წინა წერილში აღვნიშნეთ ბათუმის თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს გარდა ქართული წარმოდგენებისა, საერთაშორისო პროგრამასაც მოიცავდა. ექვსი ქვეყნის თოჯინების თეატრების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლები ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის მიერ კარგად იყო შერჩეული, რადგან ექვსივე წარმოდგენა მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან როგორც მხატვრული ფორმის, ისე იდეურ - თემატური თვალსაზრისით.
ამათგან ყაზახეთის, ალმატის თოჯინების სახელმწიფო თეატრის სპექტაკლმა - ,,მაკბეტი - ილუზია“ ფესტივალის ერთ - ერთი მთავარი ჯილდო - საუკეთესო რეჟისურა დაიმსახურა. თუკი თვალსა გადავავლებთ მთლიან საფესტივალო პროგრამას, რთულია საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებების ობიექტურობაში ეჭვი შევიტანოთ. რასაკვირველია რიგ ნომინაციებში შესაძლოა გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მათი ,,ვერდიქტი“ ჩემთვის დამაკმაყოფილებელი იყო.
კლასიკა რომ ყველგან კლასიკაა და ყველა დროში აქტუალური, ამაზე არავინ კამათობს. კლასიკური ნაწარმოები თავისი თვითმყოფადობით არსებობს ყველა კონტინენტზე, ნებისმიერი ერი საკუთარს პოულობს მასში და საკუთარი სულის ნაწილს დებს პერსონაჟებში. რა ფორმითაც არ უნდა წარმოადგინონ, მაგალითად, დონ კიხოტი მარტო ესპანური ვერ იქნება, ისევე როგორც ვერ იქნება რომეო და ჯულიეტა მხოლოდ ვერონას საკუთრება... არც ფაუსტია მარტოოდენ გერმანული მოვლენა. ამის დადასტურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ალმატის ეროვნული თოჯინების თეატრის სპექტაკლი - ,,მაკბეტი - ილუზია“. რა თქმა უნდა, ენობრივი ფაქტორი არსებობდა, მაგრამ როდესაც მსოფლიო კლასიკასთან გვაქვს საქმე, სადაც ყველამ ყველა დეტალი იცის, იქ ენობრივი ბარიერი იმთავითვე მოხსნილია და მაყურებლის ყურადღებაც სპექტაკლზეა აქცენტირებული. საერთოდ, კლასიკა მარად მოდერნიზებადი ,,მასალაა“ და ნებისმიერ „იზმს“ ემორჩილება, ან უკეთ თუ ვიტყვით, იმორჩილებს. გამომსახველობის ნებისმიერი საშუალება მისთვის ღიაა, ოღონდ კი გონივრულად გაიხსნას არსი და იდეა. მთავარი სათქმელიც არ დააყოვნებს ლოდინს. ყველაფერს იტყვის, მთავარ აქცენტებსაც დასვამს და სიუჟეტურ მიმდინარეობასაც განსხვავებული რაკურსით დაგვანახებს.
უილიამ შექსპირის „მაკბეტი“ ნამდვილად გამორჩეული სპექტაკლი იყო უპირველესად ორიგინალური რეჟისორული ხედვის თვალსაზრისით და ლიტერატურულ პირველწყაროსთან მრავალწახნაგოვანი დამოკიდებულებით, რაც ასევე ორიგინალურად აისახა დასის პროფესიულ შესაძლებლობებზე. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია საკუთრივ სამსახიობო შემადგენლობის - ( მაკბეტი - შოხან კულნაზაროვი, ლედი მაკბეტი - არაილმ ბაირბეკოვა, მეფე დუნკანი - ალთაი ტაუკელოვი, ბანქო - აიდინ ჟაკიპბაევი, ჰეკატე - მარალ ტაუკელოვა, დონალბეინი - მეირხან ბატირხანოვი, მალკოლმი - ალიარ ნურადილი, მაკდაფი - რუსლან აბუ, 1 ჯადოქარი - ელვირა სულეიმანოვა, 2 ჯადოქარი - გულნაზ აბსატარი, 3 ჯადოქარი - ასემ აბდიმაულენოვა) არტისტული პოტენციალი, დახვეწილი ქორეოგრაფიული მონაცემები.
ლიტერატურულ პირველწყაროსთან მიმართებაში რეჟისორის ფამილარული ჩარევები მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტების შეკვეცით არ შემოფარგლულა. დინა ჟუმაბაევა იოლად შეელია როგორც ტექსტის მნიშვნელოვან ნაწილს, ისე მხატვრულ პერსონაჟებს. მისთვის მთავარი ძირითადი იდეის - ძალაუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვის საბედისწერო შედეგების წარმოჩენა იყო, რომელიც ერთიანად ანადგურებს სახელმწიფოს. „მაკბეტი“ შეიძლება ითქვას ყველაზე სისხლიანი პიესაა შექსპირის ნაწარმოებებს შორის. რეჟისორმაც მთავარი აქცენტი სისხლზე გააკეთა. თითოეული წიაღსვლა მაინც დაკავშირებულია ტახტის მიტაცების მარადიულ თემასთან, რომელიც უხვადაა დიდი ინგლისელი დრამატურგის შემოქმედებაში. ამ მხრივ იოლია დაიჭირო ავტორისეული ტონუსი, როდესაც ყველა ტრიალებს სიკვდილთან, ღალატთან, რომლის მიზანია ტახტის მიტაცება. იოლია ასევე მუშაობა გარდასახვაზეც იმის მიუხედავად, როცა წარმოადგენ რადიკალურად განსხვავებული კულტურის პლასტს. თემა იმდენად ზოგადსაკაცობრიოა, რომ ყაზახეთისთვისაც უცხო არაა მკვლელობები და ღალატთა სერია ტახტის მიტაცების მიზნით.
რეჟისორმა ლოგიკური პრინციპით გადაალაგა სიუჟეტი, დასვა მთავარი აქცენტები და მახვილი გააკეთა სისხლის მდინარებაზე, თუნდაც საკეისრო კვეთის მეშვეობით ბავშვის დაბადებაზე. სისხლს თავისი კანონები აქვს და ამ მხრივაც გაამყარა ინსცენირება შექსპირული წიაღსვლებით: სისხლში განბანა, სამი ჯადოქრის წინასწარმეტყველება, მათი ასრულების ეტაპები. ყველაფერი ეს არის თანმიმდევრობით. ფაქტობრივად ეს წინასწარმეტყველება ხერხემალია მთელი სპექტაკლის. დასიც შესაბამისად ასრულებს რეჟისორის დავალებას. დახვეწილი პლასტიკა, ორიგინალური მიზანსცენა და შერეული სტილი (თოჯინები და ცოცხალი ნატურა) მიმზიდველს ხდის მთელს წარმოდგენას. ძნელი სათქმელია, რომ ამ დასმა ახალი სიტყვა თქვა შექსპირიანაში, მაგრამ არის ორიგინალური წიაღსვლები. თემატიკასაც ისე ავითარებენ, რომ არ გჭირდება ენის ცოდნა, მიჰყვები მხოლოდ სპექტაკლის მსვლელობას. მასში არის პანტომიმური ელემენტები და დახვეწილი სხეულები გვიყვებიან ამ ტრაგედიას მოძრაობებში და მთელი ექსტაზით ჩართულნი არიან სიტუაციაში. ვერ გრძნობ თამაშს, არის მოცემულობაში ცხოვრება... შიგადაშიგ დიალოგები, კონტრასტი თოჯინასა და ადამიანს შორის ლოგიკურად არის შერწყმული. ქორეოგრაფიულ მონახაზის დონეზეა შესრულებული თითოეული მოძრაობა. დასი ახალგაზრდულია და მას ეს არ გაუჭირდებოდა, თუმცა გამოცდილება იმდენად მნიშვნელოვანია შექსპირის შემთხვევაში, რომ მარტო არტისტული ნიჭით ფონს ვერ გახვალ. დარწმუნებული ვარ, რომ სცენებზე მუშაობისას მსახიობები მიიღებდნენ გამოცდილი კოლეგების რჩევებს და უნდა ითქვას, რომ რჩევებიც სათანადოა მიცემული და ასევე გათვალისწინებული, რადგან რთულ მოცემულობათა ფონზე, სადაც მაკბეტისა და ბანქოს კატაკლიზმები ხდება, მეფე დუნკანის მკვლელობა, მეფის შვილების გადახვეწა და მოძრავ ტყესთან ომი, სამ ჯადოქართან ხელახალი შეხვედრა, სულაც მაკბეტის მოკვდინება - ეს იმდენად დამაჯერებლად არის შესრულებული, რომ აშკარად ეტყობა გამოცდილი ხელი. სცენა აგებულია ორმხრივი სიბრტყის პრინციპით, ანუ პოდიუმის სტილშია გამართული. ამას თავისი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები გააჩნია. გარდა ორიგინალური ხედვისა, მას გააჩნია ძველეგვიპტური იეროგლიფების წაკითხვის ეფექტი, მაგრამ იმისათვის, რომ სპექტაკლი სრულყოფილი გამოვიდეს, საჭიროა ზოგიერთი მიზანსცენის გადაწყობა, რათა ხილვადი გახდეს ყოველი მონაკვეთი ნებისმიერი წერტილიდან. სხვაგვარად წარმოდგენა გამართულია.