მარინა რევია
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ანა ბენიძე
მარინა რევია
ალექს ჩიღვინაძის სოციალურ-ფსიქოლოგიურ პიესაში ,,მარინა რევია,’’ ოჯახური დრამის ფონზე წარმოჩენილია მოქმედ გმირთა ფსიქოემოციური მდგომარეობა. 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ, დედის შინ დაბრუნება ყველაფერს თავდაყირა აყენებს და მეტად ამძიმებს ისედაც აუტანელ ყოფას. საინტერესოა, რით დაიმსახურა რეჟისორთა მხრიდან დაინტერესება აღნიშნულმა პიესამ?! მასში წამოჭრილი თემები - გაჭირვება, გაუცხოება, ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობათა ჭიდილი, ნაადრევი ქორწინება, ძალადობა, სექსუალური შევიწროება, განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირთა უფლებების შელახვა და ა.შ. - დღემდე აქტუალურია. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ სამმა რეჟისორმა ისურვა მისი დადგმა ერთმანეთისგან განსხვავებული ვარიაციებით. პირველად სამეფო უბნის თეატრის სცენაზე დაიდგა გურამ ღონღაძის მიერ. შემდგომ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე). მოგვიანებით კი მარნეულის თეატრმა დადგა გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით. იმედს ვიტოვებ, ხვიჩიასეული ,,მარინა რევია’’ მალევე არ გაქრება რეპერტუარიდან და მაყურებელი კვლავ შეძლებს სპექტაკლის ნახვას როგორც მარნეულში, ისე სხვა თეატრთა სცენებზეც. (დედაქალაქის მაყურებელს ოთხჯერ ჰქონდა შესაძლებლობა მისი ნახვის - მოძრაობის თეატრსა და ხორავას მსახიობთა სახლში).
მარნეულის თეატრის დადგმაში რეჟისორი საინტერესო გადაწყვეტას გვთავაზობს. მაყურებელი პირდაპირ სამოქმედო სივრცეში ხვდება და იქიდან ადევნებს თვალს სპექტაკლის მსვლელობას. მოქმედება ჭადრების ჩიხი #8-ში მდებარე საბჭოთა პერიოდის სახლში ვითარდება, რომელში შესვლამდეც აუცილებლად მოკრავთ თვალს სახლის პატრონს, მარინა რევიას, რომელიც 15 წელია მონატრებულია საკუთარ კერასა და ყველანაირად ცდილობს ძალების მოკრებას მასთან შესახვედრად.
კარის ზღურბლზე გადაბიჯებისთანავე იგრძნობა სახლური ატმოსფერო, რაც სცენოგრაფიის დამსახურებაა (მხატვარი ტატო გელიაშვილი). უდავოა, რომ სპექტაკლის დეკორაცია ძალზე მეტყველია. თითოეულ ნივთს თავისი დატვირთა და მნიშვნელობა აქვს, რისთვისაც, ვფიქრობ, ცალკე აპლოდისმენტებს იმსახურებს ახალგაზრდა, საინტერესო ხედვის მქონე მხატვარი - ტატო გელიაშვილი. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს ახურავს თეთრი ჩასასვენებელი. (თეთრ ფერში გარდაცვლილი ჩვილი მოიაზრება თავისი სპეტაკი სულით, ჩასასვენებელი კი წარსულის მოუშუშებელ იარასთან ასოცირდება. თითქოს ჯერაც არ გაუსვენებიათ მიცვალებული). ასევე სიმბოლურია საძინებლის კედელზე ჩამოკიდებული ლეონარდო და ვინჩის ,,მადონა ლიტას’’ რეპროდუქცია, რომელიც სახე ჩამოხეული ფორმითაა წარმოდგენილი და მარინა რევიას მიერ შეთხზულ (დედის მიერ საკუთარი შვილის ძუძუთი მოგუდვის) ამბავს უკავშირდება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ქმედება მართლა სრულდება - ყავის მოდუღება და ყიყლიყოს შეწვა, რა დროსაც, კარგი იქნება, თუ ცეცხლი მაღალზე არ იქნება დაყენებული ან მაყურებლისთვის განკუთვნილი სკამი მეტად მოშორებით იდგება გაზის ბალონისგან.
სპექტაკლის დასაწყისში ნატას პერსონაჟი (ქეთევან აბაშიძე) თურქული სერიალის ყურებითაა გართული და ემოციურ რეპლიკებს ისვრის. პირადად ჩემთვის აღნიშნული მიზანსცენა ოდნავ გაწელილია და სადღაც დამღლელიც. ახალგაზრდა მსახიობი ტრაგი-კომიკურ გმირს ქმნის, რომელიც ერთადერთი ნათელი სხივია სპექტაკლში - გარკვეულწილად ანეიტრალებს დაძაბულობას და ღიმილს გვრის მაყურებელს. იგი მეგობრული, ემოციური, თანამგრძნობი და ცოტა დაუფიქრებელი პერსონაჟია, რომელსაც მცირედითაც კი შეუძლია გაიხაროს და მადლიერი დარჩეს. გამოირჩევა ბავშვური გულწრფელობითა და გულუბრყვილობით, რის მიღმაც ბედისგან ჩაგრული ქალის სახე დგას. ნატას ძალიან არ გაუმართლა ცხოვრებაში. გაჭირვებაში გაიზარდა, ადრე გათხოვდა, უსწავლელი დარჩა, ოცნების კოშკები თავზე ჩამოემსხვრა, სახლში ჩაჯდა, გამომდინარე იქიდან, რომ ტვირთად ბავშვი აეკიდა, რომელზე პასუხისმგებლობასაც ნაკლებად იღებს და ჩამოყალიბებულ მხეცად იხსენიებს. ქმრად კი უსაქმური და მოძალადე კაცი შეხვდა, რომელსაც წესიერად არ იცნობს და მუდამ უპატივცემულო დამოკიდებულებას იღებს მისგან. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ რეჟისორი სწორედ ნატას პირით აჟღერებს თეატრალებისთვის, ალბათ, ყველაზე გამაღიზიანებელ ფრაზას: ,,რა თეატრი დადგით?’’, რითაც ხაზი ესმება როგორც პერსონაჟის, ისე საზოგადოების გარკვეული ნაწილის უცოდინარობას. უთუოა, რომ ქეთევან აბაშიძეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული დაკისრებული ამოცანა, თუმცა ისევე კარგად ვერ ახორციელებს - მომენტებში პათეტიკურია.
მსახიობ ზურა ხაფთანის მიერ შესრულებული შოთა (ნატას მეუღლე) ბავშვობა დაკარგული, უინტელექტო, კომპლექსიანი, ხელმოცარული, შეუმდგარი, საზოგადოების მხრიდან შეურაცხყოფილი, ემოციურად გაუწონასწორებელი, მოძალადე, ჩაკეტილი და არამეგობრული ახალგაზრდაა, რომელშიც ერთი-ორი დადებითიც შეგვიძლია დავინახოთ. მაგ: მოქმედი გმირი პატარაობიდანვე იცავს ოჯახის ღირსებას. სკოლიდან იმის გამო გამოაგდეს, რომ დირექტორის შვილს სცემა, რომელმაც დედა შეაგინა მის დას. ასევე, თავის ცოლზე მეტ პასუხისმგებლობას იღებს შვილთან მიმართებაში და მეტ მზრუნველობას იჩენს მის მიმართ. შოთა გახლავთ ის პერსონაჟი, რომელიც თავისი წარუმატებლობისა და უინტერესო, ერთფეროვანი ცხოვრების მიზეზად ყველას და ყველაფერს მოიაზრებს, გარდა საკუთარი თავისა. მთავარი დამნაშავე კი მაინც დედაა - ,,შემომხედე ერთი, შემომხედე, ნახე რა მაგრად ვცხოვრობ. შენი ბრალია ყველაფერი.’’ როგორც პერსონაჟმა იცის, დედამისი მკვლელია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ვფიქრობ, მსახიობის მიმიკები მეტად მეტყველი და ემოციურია, ვიდრე სიტყვა. ჩემი მოკრძალებული აზრით, მან ბოლომდე ვერ გაითავისა როლი - გარკვეულწილად არადამაჯერებელია და ჩემზე, როგორც მაყურებელზე, მისი განცდა იმდენად ვერ გადმოდის.
შოთასგან განსხვავებით, მისი და, ნათია, (თათია თათარაშვილი - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი) მეტად გახსნილი, შრომისმოყვარე, მზრუნველი და პასუხისმგებლიანია, ვისაც პატარა ასაკიდანვე მოუწია ოჯახური ტვირთის ზიდვა. იმის მაგივრად, თავს მიხედოს და პირადი ცხოვრება აიწყოს, შოთას, თავის ,,პატარა’’ ძმას დედის მაგივრობას უწევს. ცალსახაა, რომ ძმის მსგავსად, მასაც მძიმე დაღი დაასვა წარსულმა, რომელიც მუდამ სდევს აჩრდილივით. იგი შინ დაბრუნებულ დედას ყველანაირად გაურბის და მის მიერ დასმულ კითხვას: ,,შენ არ იცი სად ვიყავი?’’ თავს არიდებს, რადგან დეტალურად ახსოვს, რაც მოხდა. ცალსახაა, რომ ისიც დედას ადანაშაულებს, რაც ნათლად იკვეთება სიტყვებში: ,,ახლა ზრუნავ? დაგაგვიანდა.’’ მაგრამ საბოლოოდ, მაინც პატივობს, რადგან აღარ სურს დედის დაკარგვა - ,,არსადაც არ წახვალ!’’ და ხსნის კვანძს - ,,ჩვენი და ჩვენ მოვკალით“, რის შემდეგაც მთავარი კითხვით გადადის დედასთან: ,,შენ რატომ არ თქვი, შენ რატომ არ თქვი?’’ თუმცა რამდენად შეამცირებდა პერსონაჟთა ტანჯვას და შეამსუბუქებდა მათ მძიმე ცხოვრებას სიმართლის თქმა, საკითხავი, აი, ეს არის. აღსანიშნავია, რომ თათია თათარაშვილმა ზუსტად დაიჭირა პერსონაჟის ხასიათი და კულმინაციურ მომენტში ხმაში არსებული ოდნავი არადამაჯერებლობა, მიმიკით გადაფარა, რითაც ნამდვილად შექმნა სპექტაკლის მაღალი ემოციური დაძაბულობა.
,,დამნაშავე’’ მარინა რევია, ვის როლსაც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი, მარინა ჯოხაძე, ასრულებს, შვილებისათვის მსხვერპლგაღებული ქალი გახლავთ. იმისათვის, რომ შვილებს მკვლელის სტატუსით არ ეცხოვრათ, საკუთარ თავზე აიღო დანაშაული და 15 წელი ოთხკედელ შუა გაატარა, მაგრამ მკვლელის შვილობა უკეთესი სტატუსია, ვითომ?! აწ უკვე შინ დაბრუნებულ, შვილმკვდარ და ქმრისგან მიტოვებულ მარინა რევიაში თავს იყრის ყველანაირი ტიპის ემოცია, რომელთაგან განსაკუთრებით ჭარბობს შიში - თუ რამდენად მიიღებენ შვილები, შეძლებს თუ არა მათთან საერთო ენის გამონახვასა და არსებული სიცარიელის ამოვსებას, რომელიც სულს უფორიაქებს. უნდა ითქვას, რომ მარინა რევია გამოირჩევა მაღალი ღირებულებებითა და ფასეულობებით. მისთვის მატერიალურ რაღაცებზე მეტად სხვა რამაა პრიორიტეტული, რაც ვლინდება შოთასთან საუბარში: ,, კარგი რა, შოთა, ფული ხომ არ არის შვილო ყველაფერი, არა?’’ მსახიობი ძალზე თანმიმდევრულად და დამაჯერებლად ახერხებს პერსონაჟის მხატვრული სახის შექმნას. თავისი გულწრფელობითა და მაღალი საშემსრულებლო ტექნიკით ხიბლავს მაყურებელს და ახდენს დიდ ემოციურ გავლენას.
და მაინც, რის გამო უნდა ნახოთ გოჩა ხვიჩიას სპექტაკლი?! გარდა არაჩვეულებრივი სცენოგრაფიისა, იხილავთ, თუ რაოდენ გრძნობენ მსახიობები ერთმანეთს და რამდენად კარგად არიან შეთამაშებულნი. ამასთანავე, სათქმელი მკვეთრადაა ჩამოყალიბებული და რეჟისორი საინტერესო გადაწყვეტებს გვთავაზობს. სპექტაკლის ფინალი მთავრდება კითხვის ნიშნით. შესაბამისად, მაყურებელი საკუთარ თავში ასრულებს დადგმას და წყვეტს მარინა რევიას ბედს - რჩება თუ მიდის.